განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210016001569174
საქმე №2ბ/7850-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაია სულხანიძვილი
სხდომის მდივანი – მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - ი-----–--- გ--–-----ე
წარმომადგენელი - გ------- ნ-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა---------– ღ-------ე
წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი, ნ-------------–---–ი
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, ა---------– ღ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ი-----–--- გ--–-----ის მხრიდან აღკვეთილ იქნა ხელშეშლა იმდაგვარად, რომ ი-----–--- გ--–-----ეს დაევალა: ა) საკუთარი ხარჯებით მოახდინოს მის სახელზე, ქ. გ----–--------------------ში, N6------------------ საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული სახურავის დემონატაჟი იმ ნაწილში, რომელიც გადადის მოსარჩელე ა---------– ღ-------ის N6------------------ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობის ნაწილზე (დაახლოებით 0.30 მ.), ბ) მშენებლობისთვის განკუთვნილი რკინის ბოძების დემონტაჟი, გ) დაევალა აღადგინოს საკანალიზაციო მილი და მოსარჩელეს მისცეს უფლება ისარგებლოს საკანალიზაციო ჭით, დ) ასევე დაევალა უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომების მიღება მასთან მყოფ შინაურ ცხოველებთან (ძაღლები) მიმართებაში ისე, რომ მათი ყოლით არ დაირღვეს მოსარჩელის ინტერესები (უზრუნველყოს ძაღლების ეზოში გაყვანა სპეციალური დამცავის (ალიკაპის) მეშვეობით და კონტროლი განახორციელოს მათზე უსაფრთხოების მიზნით).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ-----------------------, ს/კ: №6-----------, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი 178.00 კვ.მ, შენობა N01 და N02 დამხმარე ნაგებობები, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა---------– ღ-------ისა და ი-----–--- გ--–-----ის სახელზე.
2.2. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ---------------------- ს/კ: №6------------------, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 284.00 კვ.მ, თანასაკუთრების უფლებით, ხოლო შენობა- ნაგებობა N01, სართული I-II-III, ფართი - 216.28 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა---------– ღ-------ის სახელზე.
2.3. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ-----------------------ს/კ: №6------------------, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 284.00 კვ.მ, თანასაკუთრების უფლებით, ხოლო შენობა N01, სართული I-II, ფართი - 102.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი-----–--- გ--–-----ის სახელზე.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერთა კავშირის N2----- დასკვნის თანახმად, ი-----–--- გ--–-----ის მიერ გაკეთებული სახურავი სცდება თანასაკუთრებაში არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო მნიშვნელობით აგებულ კედელს და გადადის ა---------– ღ-------ის მხარეს, დაახლოებით 0.30 მეტრით, რაც შემდგომ დაბრკოლებას შეუქმნის ა---------– ღ-------ეს სახურავზე სამუშაოების ჩატარებას და ამიტომ საჭიროებს ი. გ--–-----ის სახურავის ისეთ მდგომარეობაში მოყვანას, რათა არცერთ მესაკუთრეს არ შეექმნას დაბრკოლება სახურავზე სამუშაოების ჩატარებისას. ქ. გ------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (ს.კ 6-----------) ეზოს მხრიდან ი. გ--–-----ის მიერ ჩასმული რკინის ბოძები და ჟოლოპი დამონტაჟებულია საჯარო რეესტრში (ს.კ. 6-----------) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რამაც გამოიწვია თანასაკუთრებაში მყოფი ეზოს შევიწროვება.
2.5. სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ი-----–--- გ--–-----ე საკადასტრო კოდზე №6------------------ რეგისტრირებულ მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს იმდაგვარად, რომ არღვევს საკადასტრო კოდზე №6------------------ მესაკუთრედ რეგისტრირებულ ა---------– ღ-------ის უფლებებს;
მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე ი-----–--- გ--–-----ე ქ. გ------------------------ში თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში უნებართვო რეკონსტრუქციების ჩატარების გამო დაჯარიმდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 26 სექტემბრის N1---- ბრძანებით. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებად მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა გორის რაიონული სასმართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული ბრძანება დაჯარიმების შესახებ. მითითებული მტკიცებულებით მოპასუხეს სურს დაადასტუროს, რომ მის მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაობი არ საჭიროებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნებართვას. აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს მიერ ვერ იქნა გაზიარებული, ვინაიდან გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება გაბათილდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მითითებულ ორგანოს დაევალა საკითხის ხელახლა გამოკვლევის შემდგომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და ამდენად, ამ ეტაპზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად ვერ მიიჩნია.
2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივ გარემოებას მასზედაც, რომ მხარეებს ქ. გ------------------------ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში საერთო საკუთრებაში გააჩნიათ საკანალიზაციო ჭა. მოპასუხე ი-----–--- გ--–-----ის მხრიდან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გაუქმდა საკანალიზაციო მილი და დაილუქა საკანალიზაციო ჭა, რითაც მოსარჩელეს არ ეძლევა მისით სარგებლობის საშუალება და აღნიშნულის გამო ექმნება გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მას არ აძლევს საშუალებას გამოიყენოს საერთო სარგებლობისათვის განკუთვნილი საკანალიზაციო ჭა იმ მოტივით, რომ ა---------– ღ-------ეს შეუძლია მოაწესრიგოს თავისი საკანალიზაციო ქსელი ცენტრალურ საქალაქო მაგისტრალზე დაერთების გზით. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხის მიერ მითითებულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა სასამართლომ ყურადღება მიაქცია, რომ ექსპერტის წინაშე არ არის დასმული შესაბამისი კითხვა, რომელიც გამორიცხავდა ა---------– ღ-------ის მიერ აღნიშნული საკანალიზაციო ჭით სარგებლობის უფლებას. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილია მშენებლობის დამთავრებაზე და ინდივიდუალური სახლთმფლობელობის ექსპლოატაციაში გადაცემაზე შემდგარი აქტები და გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ორდერიNN29, რომლითაც დასტურდება, რომ ჯერ კიდევ ქ. გ------------------------ში მდებარე უძრავი ქონების ა---------– ღ-------ისა და ი-----–--- გ--–-----ის თანამესაკუთრეებად აღრიცხვამდე არსებობდა წყალსადენი და კანალიზაცია, რომელიც იქ მაცხოვრებლებს გადაცემული ჰქონდათ საერთო სარგებლობაში.
2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნევიას, რომ მოპასუხე ი-----–--- გ--–-----ეს ქ. გ------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჰყავს ძაღლები (ორი ძაღლი), რომლებიც გადაადგილდებიან სპეციალური დამცავის (ალიკაპი) გარეშე და მათი აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარეს, ასევე მასთან მისულ გარეშე პირებს ექმნებათ გადაადგილების საფრთხე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალ- წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანა- ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადას- ტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხა- რეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარემ დაამტკიცა მოპასუხეების მხრიდან მისი საკუთრების ხელყოფის ფაქტი, თუმცა მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება აღნიშნული გარემოების გასაქარწყლებლად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლომ მიუთითა, რომ საკუთრების უფლება ნიშნავს იმას, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. თუ არ ექნება ადგილი აღნიშნულ დარღვევას, მესაკუთრე შეძლებს ნივთთან თავისუფალი ურთიერთობის განხორციელებას. მესაკუთრის მოქმედებით ასევე არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების შინაარსი მდგომარეობს მასში, რომ მესაკუთრეს თავისუფლად უნდა შეეძლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ-----------------------, ს/კ: №6-----------, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი 178.00 კვ.მ, შენობა N01 და N02 დამხმარე ნაგებობები, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა---------– ღ-------ისა და ი-----–--- გ--–-----ის სახელზე, ამასთან იმავე მისამართზე მდებარე საკადასტო კოდზე №6------------------ რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ა---------– ღ-------ის ინდივდუალი საკუთრებას, ხოლო საკადასტო კოდზე №6------------------ რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ი-----–--- გ--–-----ის ინდივიდუალურ საკუთრებას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. 2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გრძელდება, მესაკუთერს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლომ განმარტა, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესი გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ა---------– ღ-------ე მიუთითებდა, რომ ი-----–--- გ--–-----ის მიერ გაკეთებული სახურავი სცდება ხანძარსაწინააღმდეგო მნიშვნელობით აგებულ კედელს და გადადის მის მხარეს, აგრეთვე საერთო მფლობელობის ეზოში მოპასუხე მხარის მიერ ლითონის მილების დაყენებამ გამოიწვია სამანქანო გზის დავიწროვება, რითაც მხარეს ხელი ეშლება ქონებით სრულფასოვან სარგებლობაში. ამასთან მოპასუხე მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლების საზიანოდ არ იცავს უსაფრთხოების ზომებს შინაურ ცხოველებთან - ძაღლებთან მიმართებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ააიპ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის N2----- ექსპერტიზის დასკვნის შეინაარზე, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხე ი-----–--- გ--–-----ის (ს.კ№6------------------) საცხოვრებელი სახლის სახურავი სცდება თანასაკუთრებაში არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო მნიშვნელობით აგებულ კედელს და გადადის ა---------– ღ-------ის (ს.კ. №6------------------) მხარეს, რაც შემდგომში დაბრკოლებას შეუქმნის ა. ღ-------ეს სახურავზე სამუშაოების ჩატარებისას. ასევე ქ. გ------------------------ში მდებარე საერთო სარგებლობის ეზოში (ს/კ: №6-----------) ი-----–--- გ--–-----ის მიერ დამონტაჟებულმა რკინის ბოძებმა და ჟოლოპმა გამოიწვია თანასაკუთრებაში არსებული ეზოს შევიწროვება, რითაც ხელი ეშლება მოსარჩელეს ავტომანქანის ფარეხში შეყვანაზე.
მოსარჩელე სარჩელით ასევე ითხოვდა თანასაკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე საკანალიზაციო ჭით სარგებლობის უფლების ხელშეშლის აღკვეთას. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ჯერ კიდევ ქ. გ------------------------ში ა---------– ღ-------ისა და ი-----–--- გ--–-----ის მესაკუთრეებად აღრიცხვამდე აღნიშნულ მისამართზე არსებობდა წყალსადენი და კანალიზაცია, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული საკანალიზაციო ჭა განკუთვნილი იყო საერთო სარგებლობისთვის და ამდენად, ა---------– ღ-------ეს უფლება აქვს ისარგებლოს აღნიშნული საკანალიზაციო ჭითა და შესაბამისად მასზე საკანალიზაციო მილის დაერთების უფლებით.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს შეფასებით, რადგან დადგენილია უძრავი ნივთის მესაკუთრე და ასევე დადგენილია პირი, რომელიც მესაკუთრის ნების გარეშე, კანონისმიერი და სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე ახორციელებს აღნიშნული უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლას, რითაც ლახავს მოსარჩელის უფლებას, ამიტომ მოსარჩელე ა---------– ღ-------ეს აქვს უფლება მოითხოვოს სახურავის, რკინის ბოძების დემონტაჟი, საკანალიზაციო ჭისა და ეზოს მიწის ნაკვეთის შეუზღუდავად სარგებლობის უფლება, რის გამოც სარჩელი ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და სრულად დააკმაყოფილა იგი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს მხრიდან იგნორირებული იქნა მტკიცებულების ყოველგვარი სტანდარტი, კერძოდ სასამართლო დაეყრდნო წარმოუდგენლად დაბალი კვალიფიკაციით და ხარისხით შედგენილ ე.წ. ,,ექსპერტიზის დასკვნას“, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანაში, სამაგიეროდ უგულვებელყოფილი იქნა მოპასუხის ინტერესები და უფლებები სრულად და მიღებული იქნა არაობიექტური გადაწყვეტილება.
აპელანტის შეფასებით, ექსპერტის მსჯელობისათვის სრულიად მიუღებელი და აბსურდული, გრამატიკულად გაუმართავი და პარალელურად გაურკვეველი წინადადებების წაკითხვის ფონზე, შეუძლებელი ხდება იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რა შეისწავლა და რა გამოიკვლია ,,ექსპერტმა“ და რა დასკვნები და რა მტკიცებულებები დაუდო მან საფუძვლად საკუთარ დასკვნებს, ზედმეტია საუბარი მასზედ, რომ სასამართლომ მსგავსი არასანდო და კვლევისთვის სრულიად გამოუსადეგარი დასკვნა, რომელშიც მხოლოდ დამკვეთის, კერძოდ მოსარჩელე ა---------– ღ-------ის სასარგებლო და თანაც იმგვარად სასარგებლო მოსაზრებები იყო წარმოდგენილი, რომელიც მოსარჩელის პოზიციას სიტყვასიტყვით ემთხვეოდა, მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად. არანაირი კვლევითი სტადია ე.წ. ექსპერტ ,,თამაზ კოპაძეს“ წარმოდგენილ დასკვნაში არ წარმოუდგენია იმ სტანდარტით, რომელიც აუცილებელი იყო და რომელზე დაყრდნობის საფუძელზეც შესაძლებელი იქნებოდა მოსამართლეს ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული იმ ფაქტობრივ-ემოციური წანამძღვრებით, რომელსაც კონკრეტული ხასიათის და შინაარსის მტკიცებულება უნდა იძლეოდეს, კონკრეტულ შემთხვევაში აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ ე.წ. ,,ექსპერტიზის დასკვნამ“ შეძლო და სასამართლოს ჩამოუყალიბა შინაგანი რწმენა, ამ რწმენის შექმნა კონკრეტული მტკიცებულების შინაარსის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი გაიგივება საერთოდ ისეთი მაღალი სტანდარტის დოკუმენტთან, როგორც ექსპერტიზის დასკვნაა და წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისათვის შეუძლებელი ხასიათის მსჯელობის საგანს. ამასთან, ,,ექსპერტის დასკვნაში“ მოყვანილი ფაქტები არათუ შესწავლილია, არამედ მოკლებულია სინამდვილესა და რეალობას, ასე მაგალითად: “ექსპერტიზის დასკვნის“ კვლევაში აღნიშნულია, რომ ხანძარსაწინააღმდეგო კედელი წარმოადგენს თანასაკუთრებაში არსებულ კედელს, მაშინ როდესაც საქმეში წარმოდგენილ ლ. სამხარულის ექსპერტისი ეროვნული ბიუროს 2017 წლის 09 ნოემბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამყოფი კედელი წარმოადგენს მოქალაქე ი-----–--- გ--–-----ის სახლის განუყოფელ ნაწილს. ე.წ. ,,ექსპერტიზის დასკვნა“ შეხამებულია და სრულ ჰარმონიაშია მოსარჩელის მიერ დასმულ კითხვებთან, ფაქტიურად ის კითხვები, რომელიც ვითომდა დასმულია ,,ექსპერტიზის“ წინაშე ავტომატურად გადმოწერილი, პასუხგაცემული და დათანხმებულია ყოველგვარი კვლევის და ანალიზის გარეშე. აპელანტის შეფასებით, ასევე აღსანიშნავია ,,ექსპერტიზის“ დასკვნით ნაწილის არაკანონზომიერებანი, კერძოდ: ,,დასკვნის“ 1-ლ პუნქტში ნათქვამია, რომ საკანალიზაციო სისტემა ა---------– ღ-------ის მხარე მოშლილია და ფეკალიები იღვრება ეზოში, მიერთების ადგილი საჭიროებს აღდგენას. თუმცა, სასამართლომ გვერდი აუარა კვალიფიციურ და დეტალურ კვლევას, რომელიც წარმოდგენილია საქმეში, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 03 ოქტომბრის დასკვნაში, სადაც მითითებულია კონკრეტული მოქმედებები, რომელიც ამ შემთხვევაშია ჩასატარებელი. ამ მსჯელობიდან გამომდინარე საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რატომ არ გააჩნია ა---------– ღ-------ეს კანალიზაციის ქსელი, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ა---------– ღ-------ეს სურს მოაწესრიგოს საკუთარი კანალიზაციის ქსელი, ხოლო მოპასუხე ი-----–--- გ--–-----ე ხელს უშლის მას ამ მოქმედების ჩატარებაში, ასევე არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება და კვლევა იმის შესახებ, რომ კანალიზაციის ჭა, რომლითაც ი-----–--- გ--–-----ე სარგებლობს, მასზე ა---------– ღ-------ის ქსელი არა დროებითი, არამედ მუდმივი დაერთების წერტილს წარმოადგენდა. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ როგორ არის შესაძლებელი ა---------– ღ-------ის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. ამასთან, ,,ექსპერტიზის დასკვნის“ მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ ა. ღ-------ის საცხოვრებელ ბინაში სამზარეულოს კედელი დაზიანებულია მეზობელ ი. გ--–-----ის მხრიდან მილგაყვანილობის გაუმართაობის გამო. წარმოდგენილ მასალებით აღნიშნული ფაქტი ასევე არ არის დადასტურებული რაიმე სახის კვლევით, არ მომხდარა ი. გ--–-----ის მხარის ჩართვა ამ კვლევის განხორციელებაში და მხოლოდ ფოტოსურათის მეშვეობით ამ ფაქტის აღიარება და დადასტურება, შეუძლებელი და წარმოუდგენელია. აპელანტი აგრეთვე მიუთითებს, რომ ,,ექსპერტიზის დასკვნის“ მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ ა. ღ-------ის ავტოფარეხში ავტომანქანის შესვლას ხელს უშლის ი. გ--–-----ის მიერ ახლად მოწყობილი ლითონის მილები და მასზედ დამაგრებული ატმოსფერული ნალექების გამტარი ჟოლოპები, ასევე ბორდიურის სიმაღლით - 0,15 მ, ხელს უშლის ა.ღ-------ის ავტოფარეხის მარჯვენა კარების ბოლომდე გაღებას, რომლებმაც გამოიწვიეს მანქანის შესასვლელი მანძილის დავიწროვება, ასევე გართულებულია მანქანის ავტოფარეხში შეყვანა, რაც მოითხოვს მანძილის გაფართოებას და კარების ბოლომდე გაღების მიზნით შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. აპელანტის შეფასებით, ამ შემთხვევაშიც აღწერილი გარემოებებით არ დასტურდება ი. გ--–-----ის მხრიდან ხელშეშლის ფაქტი, მეტიც, კონკრეტულად გაურკვეველია, განახორციელა თუ არა ი. გ--–-----ემ კანონით აკრძალული მოქმედებები ან რა აუცილებლობით იქნა დამონტაჟებული ლითონის მილები თუ სხვა მოწყობილობები, შესაძლებელია თუ არა მათი გადაადგილება, მოხსნა და სხვა. ასევე უცნობია, რომელი სტანდარტების და რომელ მონაცემებზე დაყრდნობით დაადგინა ,,ექსპერტმა“, რომ კონკრეტული მოცემულობა ხელს უშლის ავტომანქანას ავტოფარეხში შესვლაში, თუ ეს ყოველივე მისი მხოლოდ სუბიექტური შეფასებაა. ამავე დასკვნის მე-5 მუხლში აღნიშნულია, რომ სახურავი სცდება ხანძარსაწინააღმდეგო მნიშვნელობით აგებულ კედელს და გადადის ა. ღ-------ის მხარეს 30 სანტიმეტრით, რაც შემდგომში დაბრკოლებას შეუქმნის ა. ღ-------ეს სახურავზე სამუშაოების ჩატარებაში, რაც ასევე გამოუკვლეველია და ბუნდოვანია, მართლა სცდება თუ არა სახურავი კედელს, ან თუ სცდება რამდენით, სად და რომელი მტკიცებულება გვაძლევს ამაზე ინფორმაციას, გარდა თავად ,,ექსეპრტისა“, რომელიც მშენებელ - ინჟინერია და მის სპეციალობას სულაც არ წარმოადგენს საამზომველო სამუშაოები, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც არსებული სახურავის არსებობა არ წარმოადგენს ხელშემშლელ ფაქტორს მეზობლისათვის, ხოლო მსჯელობა ეხება მომავალში ჰიპოთეტურ დაშვებას, რომ ა. ღ-------ეს ხელი შეიძლება შეეშალოს, ან შეიძლება არ შეეშალოს რაიმე ქმედებების განხორციელებაში, უცნობია, სახურავის კონფიგურაციის შეცვლას ხომ არ შეუძლია გაცილებით მეტი ზიანი გამოიწვიოს ორივე მოდავე მხარისთვის ვიდრე იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა. ასევე, გაურკვეველია, რომელი სამშენებლო ნორმები დაარღვია ი. გ--–-----ემ, რამდენადაც ზოგადად მშენებლობის ნომრების, წესების და რეგულაციების დარღვევა წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განსჯად საკითხს, საქმეში წარმოდგენილი გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის მშენებლობის წესის და რეგულაციების დარღვევა, შესაბამისად, დასკვნაში აღნიშნულ მოვლენების არაკვალიფიციური და არასრულყოფილი ხასიათი გამორიცხავს ამ მსჯელობაზე დაყრდნობას და მასზე დაყრდნობით მართლმსაჯულების საკითხის გადაწყვეტას.
3.2. აპელანტი ასევე არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილ მსჯელობას, რომლის თანახმადაც, სასამართლომ მოახდინა გორის რაიონული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ საქმეზე 2017 წლის 05 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასება, კერძოდ, ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ი-----–--- გ--–-----ე ქ. გ------------------------ში თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში უნებართვო რეკონსტრუქციების ჩატარების გამო დაჯარიმდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 26 სექტემბრის N1---- ბრძანებით. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებად წარმოდგენილ იქნა გორის რაიონული სასმართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული ბრძანება დაჯარიმების შესახებ. მითითებული მტკიცებულებით მოპასუხეს სურდა დაედასტურებინა, რომ მის მიერ ადგილი არ ჰქონია უკანონო მშენებლობის ფაქტს. თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება გაბათილდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მითითებულ ორგანოს დაევალა საკითხის ხელახლა გამოკვლევის შემდგომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და ამდენად, ამ ეტაპზე მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად ვერ მიიჩნევს. აპელანტის შეფასებით, აღნიშნულ გარემოებაზე მსჯელობისას სასამართლომ იმგვარად მოახდინა მტკიცებულების ინტერპრეტაცია, როგორც ეს უფრო სასარგებლო იქნებოდა მოსარჩელე მხარისათვის, კერძოდ ა---------– ღ-------ის სარჩელში აღნიშნულია, ი. გ--–-----ე დაჯარიმებულია უკანონო მშენებლობის გამო, რაც წარმოადგენს სარჩელის წარდგენის ერთ - ერთ მოტივაციას და მტკიცებულებას, რომ ი. გ--–-----ე ახორციელებს უფლების ბოროტად გამოყენებას. 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის პოზიცია გაქარწყლდა მაღალი ხარისხის სტანდარტით, ანუ არანაირი უკანონო მშენებლობა ი. გ--–-----ეს არ უწარმოებია, ზემოაღნიშნულის გარდა, ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი არ გამოსცემს მშენებლობის ნებართვას წერილობითი ფორმით, არ ნიშნავს, რომ ამგვარი ნებართვა არ მოქმედებს, აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “პ“ ქვეპუნქტით რეგულირებულ სფეროს, რომლის მიხედვითაც 1-ლი კლასის მშენებლობას ნებართვა არ ესაჭიროება, კერძოდ 1-ლი კლასია მათ შორის სახრავის სარემონტო სამუშაოები. შესაბამისად, ამ პირობებში გორის რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ მან არ იცის კანონსაწინააღმდეგოდ თუ კანონის ფარგლებში განახორციელა ი-----–--- გ--–-----ემ სახურავის რემონტი, ან განახორციელა თუ არა ი-----–--- გ--–-----ემ სარემონტო სამუშაოები თუ სხვა კატეგორიის სამშენებლო სამუშაოები, სწორედ რომ დასტურდება 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი უტყუარად დგინდება, რომ ი-----–--- გ--–-----ემ 2016 წლის 22 სექტემბერს განცხადებით მიმართა გორის მერიას და მოითხოვა სარემონტო სამუშაოების ჩატარების ნებართვა. ფაქტია ისიც, რომ გორის მერიას ამ განცხადებაზე არ განუხორციელებია არანაირი ზემოქმედება, მას არ გამოუცია არანაირი აქტი, არც თავისი ადმინისტრაციული წარმოების და არც 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანოს ეს ქმედება /უმოქმედობა გულისხმობს და ადასტურებს ორ მნიშვნელოვან ფაქტს, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და ამ სამუშაოების კანონიერებას.
3.3. საკანალიზაციო ჭით სარგებლობის თაობაზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლომ სრულიად წარმოდგენლად უგულებელყო ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვლევა და ყურადღება დაუთმო მოსარჩელის ზეპირ-ახსნა-განმარტებას. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამ ფაქტის საწინააღმდეგო მტკიცებულების შესწავლა-გამოკვლევის ნაცვლად აღნიშნულია, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 03.10.2017 წლის დასკვნა, თუმცა სასამართლომ ყურადღება მიაქცია, რომ ექსპერტის წინაშე არ არის დასმული შესაბამის კითხვა, რომელიც გამორიცხავდა ა---------– ღ-------ის მიერ აღნიშნული საკანალიზაციო ჭით სარგებლობის უფლებას. აპელანტის განმარტებით, ამგვარი მსჯელობა არის აბსოლუტურად მიუღებელი, ვინაიდან ლ. სამხარაულის ექსპერტიზის მიერ მომზადებულ დასკვნის კვლევაში გადმოცემულია ყველა ის წინაპირობა, რომლის საფუძველზე უნდა ემოქმედა პირველ რიგში მოსარჩელეს, თუმცა მას საკუთარი უფლების რეალიზებისათვის არ განუხორციელებია არანაირი მოქმედება, შესაბამისად ამ ფაქტის კვლევის გარეშე მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების დავალება ან აკრძალვა სცილდება კანონმდებლობის ფარგლებს და წარმოადგენს როგორც მატერიალური, ასევე ტექნიკური კანონმდებლობის და მისი უფლებების უგულვებელყოფას.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას ასევე მასზედ, რომ მოპასუხე ი-----–--- გ--–-----ეს საცხოვრებელ სახლში ჰყავს ძაღლები (ორი ძაღლი), რომლებიც გადაადგილდებიან სპეციალური დამცავის (ალიკაპი) გარეშე და მათი აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარეს, ასევე მასთან მისულ გარეშე პირებს ექმნებათ გადაადგილების საფრთხე. იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი არ არის არანაირი იურიდიული საფუძველი, რომელიც რამენაირად ადასტურებენ ძაღლების აგრესიულ ქმედებებს, ამ საკითხზე მსჯელობა და მით უმეტეს გადაწყვეტილებაში მისი ასახვა ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
3.4. აპელანტის შეფასებით, გარდა იმისა, რომ გორის რაიონული სასამართლო იყენებს კანონის არასწორ განმარტებასა და ინტეპრეტაციებს, ასევე აცხადებს, რომ იგი არ იცნობს მშენებლობის იმგვარ რეგულაციას, რომლის თანახმადაც მოქალაქის მიმართვის მიუხედავად, არ ხდება მატერიალური სახით მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამგვარად, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან უხეშად იქნა ხელყოფილი და დარღვეული საპროცესო კანონმდებლობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება, რომელიც ასევე მიმართული ჰქონდა ე.წ. ,,ექსპერტისათვის“ და ასევე სწორედ ეს დასკვნა, რომლიც შინაარსობრივად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, საპირწონედ მოპასუხემ წარადგინა არაერთი მაღალი კატეგორიის და პასუხისმგებლობით შედგენილი ექპსერტიზის დასკვნები და სხვა მყარი მტკიცებულებები, როგორიცაა კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება და სხვა მტკიცებულებები, რითაც მან დაძლია მოპასუხისათვის დაწესებული მტკიცების ტვირთის სტანდარტი, თუმცა სასამართლომ აღნიშნული უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). მოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს შეაფასებს მასში მითითებული ძირითადი ასპექტების ფარგლებში:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ-----------------------, ს/კ: №6-----------, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი 178.00 კვ.მ, შენობა N01 და N02 დამხმარე ნაგებობები, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა---------– ღ-------ისა და ი-----–--- გ--–-----ის სახელზე.
უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ---------------------- ს/კ: №6------------------, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 284.00 კვ.მ, თანასაკუთრების უფლებით, ხოლო შენობა- ნაგებობა N01, სართული I-II-III, ფართი - 216.28 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა---------– ღ-------ის სახელზე.
უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ-----------------------ს/კ: №6------------------, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 284.00 კვ.მ, თანასაკუთრების უფლებით, ხოლო შენობა N01, სართული I-II, ფართი - 102.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი-----–--- გ--–-----ის სახელზე.
დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის N2----- დასკვნის თანახმად, ი-----–--- გ--–-----ის მიერ გაკეთებული სახურავი სცდება თანასაკუთრებაში არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო მნიშვნელობით აგებულ კედელს და გადადის ა---------– ღ-------ის მხარეს, დაახლოებით 0.30 მეტრით, რაც შემდგომ დაბრკოლებას შეუქმნის ა---------– ღ-------ეს სახურავზე სამუშაოების ჩატარებას და ამიტომ საჭიროებს ი. გ--–-----ის სახურავის ისეთ მდგომარეობაში მოყვანას, რათა არცერთ მესაკუთრეს არ შეექმნას დაბრკოლება სახურავზე სამუშაოების ჩატარებისას. ქ. გ------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (ს.კ 6-----------) ეზოს მხრიდან ი. გ--–-----ის მიერ ჩასმული რკინის ბოძები და ჟოლოპი დამონტაჟებულია საჯარო რეესტრში (ს.კ. 6-----------) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რამაც გამოიწვია თანასაკუთრებაში მყოფი ეზოს შევიწროვება.
ი-----–--- გ--–-----ე საკადასტრო კოდზე №6------------------ რეგისტრირებულ მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს იმდაგვარად, რომ არღვევს საკადასტრო კოდზე №6------------------ მესაკუთრედ რეგისტრირებულ ა---------– ღ-------ის უფლებებს;
მხარეებს ქ. გ------------------------ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში საერთო საკუთრებაში გააჩნიათ საკანალიზაციო ჭა. მოპასუხე ი-----–--- გ--–-----ის მხრიდან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გაუქმდა საკანალიზაციო მილი და დაილუქა საკანალიზაციო ჭა, რითაც მოსარჩელეს არ ეძლევა მისით სარგებლობის საშუალება და აღნიშნულის გამო ექმნება გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები.
ი-----–--- გ--–-----ეს ქ. გ------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჰყავს ძაღლები (ორი ძაღლი), რომლებიც გადაადგილდებიან სპეციალური დამცავის (ალიკაპი) გარეშე და მათი აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარეს, ასევე მასთან მისულ გარეშე პირებს ექმნებათ გადაადგილების საფრთხე.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
პალატა შენიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. დასახლებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, რომელიც მხოლოდ სპეციალური ცოდნის გამოყენებით შეიძლება დადგინდეს, სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნოს ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების მართლზომიერებას.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაითვალისწინებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა და მის შესაბამისად არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (შდრ: სუსგ ას-1051-991-2015, 29.12.2015). წინამდებარე შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად და უტყუარად დასტურდება წარმოადგენილი ექსპერტიზის დასკვნით, თავად დასკვნის შეფასების თვალსაზრისით კი პალატა განმარტავს, რომ მასში მითითებული კვლევითი ნაწილის განხილვაში სასამართლო ვერ შევა, რამდენადაც სასამართლოს არ გააჩნია აღნიშნულის სპეციალური ცოდნა და არც უფლებამოსილება, სწორედ ამის გამო აქვს მინიჭებული ექსპერტიზის დასკვნას მტკიცებულების ძალა მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარი ექსპერტის კვალიფიკაცია ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, რამდენადაც, საქმის მასალებით დგინდება, რომ დასკვნა მიღებულია შესაბამისი და სათანადო ორგანის მიერ, მასში მოხმობილი კვლევითი ნაწილი კი სრულყოფილად პასუხობს დასმულ კითხვებს და საგულისხმოა ისიც, რომ აპელანტს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში წარმოუდგენია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გამომრიცხავი და საპირისპირო მტკიცებულებები.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითბულ ფაქტობრივ გარემოებებს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველა მტკიცებულებას მისცა სათანადო შეფასება და არცერთი მათგანი გამოკვლევის გარეშე არ დაუტოვებია. პალატა შენიშნავს იმასაც, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გაუზიარებლობის არამართებულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, საკანალიზაციო ჭით სარგებლობის თაობაზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლომ სწორად იმსჯელა, რომ ვერ გაიზიარებდა ი-----–--- გ--–-----ის წარმოდგენილ 03.10.2017 წლის ხსენებულ დასკვნას იმ მოტივით, რომ მასში არ არის დასმული შესაბამისი კითხვა, რაც გამორიცხავდა ა---------– ღ-------ის მიერ აღნიშნული საკანალიზაციო ჭით სარგებლობის უფლებას, რის საპირისპიროდაც ა---------– ღ-------ის მიერ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ ჯერ კიდევ ქ. გ------------------------ში ა---------– ღ-------ისა და ი-----–--- გ--–-----ის მესაკუთრეებად აღრიცხვამდე აღნიშნულ მისამართზე არსებობდა წყალსადენი და კანალიზაცია, საკანალიზაციო ჭა კი განკუთვნილი იყო საერთო სარგებლობისთვის, ხოლო ი-----–--- გ--–-----ის მხრიდან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გაუქმდა საკანალიზაციო მილი და დაილუქა საკანალიზაციო ჭა იმ მოტივით, რომ ა---------– ღ-------ეს შეუძლია მოაწესრიგოს თავისი საკანალიზაციო ქსელი ცენტრალურ საქალაქო მაგისტრალზე დაერთების გზით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასების სისწორეს სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობის ნაწილში და პალატას უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საშუალებას, რომ აპელანტის მიერ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს ხელშეშლას.
საქმის მასალებში წარმოდგენილი არაერთი საექსპერტო დასკვნით დასტურდება ის გარემოება იმისა, რომ ი-----–--- გ--–-----ის მიერ უსაფუძვლოდ ილახება მოსარჩელის უფლებები.
4.3. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი აბზაცის თანახმად, ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია’’. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია’’. პალატა ასევე განმარტავს, რომ მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც, არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებლია. პალატა განმარტავს იმასაც, რომ კეთილსინდისიერება და მართლზომიერება აუცილებლად უნდა იქნეს დაცული პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას. ამასთან, პირის მიერ მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა არა მარტო კანონმდებლობითაა აკრძალული, არამედ მესაკუთრის ზნეობრივი მოვალეობაცაა. უფლების ბოროტად გამოყენებას უთანაბრდება ის მდგომარეობაც, როცა პირის უმოქმედობა მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად ვიღებთ ისეთ ვითარებას, როდესაც უძრავი ქონება მდებარე ქ. გ-----------------------, ს/კ: №6-----------, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა---------– ღ-------ისა და ი-----–--- გ--–-----ის სახელზე, ამასთან იმავე მისამართზე მდებარე საკადასტრო კოდზე №6------------------ რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ა---------– ღ-------ის ინდივდუალი საკუთრებას, ხოლო საკადასტო კოდზე №6------------------ რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ი-----–--- გ--–-----ის ინდივიდუალურ საკუთრებას. ამასთან, დადგენილია, რომ ა---------– ღ-------ეს აპელანტის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებებით ეზღუდება საერთო საკუთრებაში არსებული ეზოთი და მიწის ნაკვეთით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრება აბსოლუტური უფლება არ არის და მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, სამეზობლო ნორმების მბოჭავი დანაწესით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი ზოგადად ადგენს მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ურთიერთპატივისცემისა და უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას თმენის ვალდებულებებს. განსახილველ შემთხვევაში, საკითხი ეხება მოსარჩელის მიერ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას და მასზე განთავსებული ღობის დემონტაჟს. პალატა მოიშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ საკუთრების უფლების სოციალური დატვირთვის გათვალისწინებით, „მესაკუთრე საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, ინსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. საკუთრება არის კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია საკუთრების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის N 2/1-370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება, II. პ.8).
ზემოაღნიშნული მსჯელობის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ი-----–--- გოცორიძის მხრიდან ხელშეშლას არ აქვს ადგილი, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან თანასაკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და ეზოს ფარგლებში უკანონო ქმედებების განხორციელებით დარღვევა დადასტურებულია, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა აპელანტისგან ხელშეშლის აღკვეთა.
4.4. იგივე შეიძლება ითქვას, ი-----–--- გ--–-----ის მიერ ძაღლების უმეთვალყურეოდ გაშვებასთან მიმართებითაც. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე (იხ. სხდომის ოქმი) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ძაღლების არსებობის ფაქტი. ხოლო ის გარემოება, რომ ეზოში გაშვებული ძაღლი სრულიად ვერ აკონტროლოებს თავის მოქმედებას არის ფაქტობრივი პრეზუმფცია, და მის საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება მხოლოდ მას აქვს, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ასეთ ცხოველს მეთვალყურეობა ჭირდება და ესაჭიროება ამისათვის სპეციალური დამცავი საშუალებებიც, როდესაც ადგილი აქვს მისი მხრიდან აგრესიულ ქმედებას. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობა ადასტურებს მსგავს მოქმედებას. ეს მტკიცებულება უარყოფილი არ არის სხვა მტკიცებულებით. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ აღნიშნული საკითხიც სწორადაა რეგულირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
პალატა განმარტავს, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–--- გ--–-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–--- გ--–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი