განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002710243
საქმე №2ბ/2928-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაია სულხანიძვილი
სხდომის მდივანი – მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - მ------------ე
წარმომადგენელი - დ-------------ა
მოწინააღმდეგე მხარე - ა---------– ლ------
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა---------– ლ------ს სარჩელი დაკმაყოფილდა: დაევალა მ------------ეს მისი კუთვნილი რკინის ღობის მოშლა, რომელიც განთავსებულია ა---------– ლ------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 7-----------. და აეკრძალა მ------------ეს ა---------– ლ------ს კუთვნილი მიწის ნაკვეთით (საკადასტრო კოდი 7-----------) სარგებლობა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: მ–--------------–----------ა, დაზუსტებული ფართობი 600 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 7-----------, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა---------– ლ------ს სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2006 წლის 14 ნოემბერი. უფლების დამდგენი დოკუმენტი - 1997 წლის 14 აგვისტოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №1---- აქტი.
2.2. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: მ–--------------–----------ა, დაუზუსტებელი ფართობი 0,060 ჰა, საკადასტრო კოდი 7-----------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ------------ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2005 წლის 10 ოქტომბერი. უფლების დამდგენი დოკუმენტი - 2005 წლის 5 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ა---------– ლ------ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 7-----------) მდებარეობს მეზობელი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 7-----------) მესაკუთრე მ------------ის კუთვნილი ღობე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ა---------– ლ------მ არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოახდინა მის სახელზე №7----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და აღნიშნულით მან მოპასუხე მ------------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მოაქცია თავის საკუთრებაში. შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ სადაო ღობე ა---------– ლ------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოექცე თავად ამ უკანაკნელის მიერ არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა იგი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს ის, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზებს და არ იმსჯელა მასზედ, რომ სამივე ნახაზი სხვადასხვა რეალობას ასახავს და არც ერთი არ ემთხვევა ერთმანეთს, უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე გაკეთებული ნახაზი განსხვავდება ა---------– ლ------ს მიერ მოგვიანებით აზომილი მიწის ნაკვეთის ნახაზისგან და სწორედ აღნიშნულის შედეგად მოხდა აპელანტის ნაკვეთის გადაფარვა, უფრო კონკრეტულად კი, ა---------– ლ------მ იმგვარად დაახაზინა ნახაზი, რომ მის მხარეს აღმოჩნდა მ------------ის კუთვნილი ძველისძველი ღობე და საპირფარეშო, რომელიც აპელანტის კუთვნილებაშია 2005 წლიდან. აპელანტი აგრეთვე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება ბუნდოვანია, რამდენადაც არ შეიცავს ზუსტ განშლას, თუ კონკრეტულად რა მანძილზე უნდა მოხდეს მ------------ის მიერ ღობის გადატანა. ყოველივე აღნიშნული კი, აპელანტის შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). მოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს შეაფასებს მასში მითითებული ძირითადი ასპექტების ფარგლებში:
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაითვალისწინებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის მასალები არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.
პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (შდრ: სუსგ ას-1051-991-2015, 29.12.2015).
ამდენად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: მ–--------------–----------ა, დაზუსტებული ფართობი 600 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 7-----------, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა---------– ლ------ს სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2006 წლის 14 ნოემბერი. უფლების დამდგენი დოკუმენტი - 1997 წლის 14 აგვისტოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №1---- აქტი. ასევე დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: მ–--------------–----------ა, დაუზუსტებელი ფართობი 0,060 ჰა, საკადასტრო კოდი 7-----------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ------------ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2005 წლის 10 ოქტომბერი. უფლების დამდგენი დოკუმენტი - 2005 წლის 5 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება.
4.3. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი აბზაცის თანახმად, ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია’’. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია’’. პალატა ასევე განმარტავს, რომ მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც, არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებლია. პალატა განმარტავს იმასაც, რომ კეთილსინდისიერება და მართლზომიერება აუცილებლად უნდა იქნეს დაცული პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას. ამასთან, პირის მიერ მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა არა მარტო კანონმდებლობითაა აკრძალული, არამედ მესაკუთრის ზნეობრივი მოვალეობაცაა. უფლების ბოროტად გამოყენებას უთანაბრდება ის მდგომარეობაც, როცა პირის უმოქმედობა მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად დგინდება, რომ ა---------– ლ------ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 7-----------) მდებარეობს მეზობელი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 7-----------) მესაკუთრე მ------------ის კუთვნილი ღობე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრება აბსოლუტური უფლება არ არის და მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, სამეზობლო ნორმების მბოჭავი დანაწესით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი ზოგადად ადგენს მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ურთიერთპატივისცემისა და უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას თმენის ვალდებულებებს. განსახილველ შემთხვევაში, საკითხი ეხება მოსარჩელის მიერ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას და მასზე განთავსებული ღობის დემონტაჟს. პალატა მოიშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ საკუთრების უფლების სოციალური დატვირთვის გათვალისწინებით, „მესაკუთრე საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, ინსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. საკუთრება არის კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია საკუთრების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის N 2/1-370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება, II. პ.8).
ზემოაღნიშნული მსჯელობის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ა---------– ლ------მ არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოახდინა მის სახელზე №7----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და აღნიშნულით მან მოპასუხე მ------------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მოაქცია თავის საკუთრებაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან, საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევა დადასტურებულია, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა აპელანტისგან ხელშეშლის აღკვეთა.
პალატა განმარტავს, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი