განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100118002561488
საქმე №1ბ/438-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - გ-------------–---–ის,ადვოკატ - ო-–----------ის,მსჯავრდებულ - პ------------–------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ პ------------–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
პ-------------------------–------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი - 5----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: წ---–--------------------------–------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ------–-------------------------–----–-----ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით:
პ------------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით პ------------–------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, წინამდებარე განაჩენით პ------------–------ის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და პ------------–------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
პ------------–------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 16 ივნისიდან.
პ------------–------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ნასამართლევია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6 ივნისს, დილით, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 თებერვლისა და 2006 წლის 1 დეკემბრის განაჩენებით ქურდობის ჩადენისათვის ორჯერ ნასამართლევმა პ------------–------ემ მავთულბადის მოხსნისა და ფანჯრის მინის ამოღების გზით, ფანჯრიდან შეაღწია თეთრიწყაროს რაიონის სო----–---–-----–----------------------------–---–-ს კუთვნილ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი---------------–---–ის კუთვნილ თოფს, დანას, ვაზნებს და მათ შესანახ ჟილეტს, რითაც დაზარალებულს მიადგა 1420 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ------------–------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით არის ზედმეტად მკაცრი.
სააპაელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა პ------------–------ემ და მისმა ადვოკატმა ო-–----------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება; კერძოდ, დაცვის მხარემ მოითხოვა პ------------–------ის მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება ჩადენილი დანაშაულის სანქციის ფარგლებში.
პროკურორმა გ-------------–---–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ პ------------–------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ი---------------–---–ის გამოკითხვის ოქმს; მოწმეების: ნ-----–--------–--------------------------------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს; ამოღების ოქმს; ნივთის ამოცნობის ოქმებს; წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 თებერვლის განაჩენს; წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 დეკემბრის განაჩენს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პ------------–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ პ------------–------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, პ------------–------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარების, გამოძიებასთან თანამშრომლობის, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობის და ახალი დანაშაულის პირობით გამოსაცდელ ვადაში ჩადენის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის პროპორციული და ადეკვატური სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
მოცემულ შემთხვევაში, პ------------–------ე ნასამართლობის მქონეა არა მხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, რომელმაც ასახვა ჰპოვა მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ამდენად, მას განსახილველი დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2018 წლის 6 ივნისის მდგომარეობით, წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელი მოხდილი არ ჰქონია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59 ? ????? გათვალისწინებული წესით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათალისწინებით, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი შეამციროს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ვადის მინიმუმამდე - 6 წლამდე. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ საშეღავათო გარემოებას, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. თუმცა მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ თავისუფლებაში ყოფნის პირობებში, პ------------–------ემ ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობისას, იმ პირობებში კი, როდესაც თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, მის მიმართ დამატებით, რაიმე სახის შეღავათის გამოყენება პალატას არ მიაჩნია მიზანშეწონილად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაცო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პ------------–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი;
პ------------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით პ------------–------ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, წინამდებარე განაჩენით პ------------–------ის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და პ------------–------ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
პ------------–------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 16 ივნისიდან.
პ------------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- დანა, ქარქაში, თოფი, ვაზნები, ვაზნების ჩასადები ჟილეტი, ზურგჩანთა, 2 საწვიმარი ლაბადა და დაზარალებულის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ი---------------–---–ს;
- 4 ცალი დაქტილოფირი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.კაპანაძე