განაჩენი

სისხლის სამართლის 17.09.2019
საქმის ნომერი
330100118002724554
ინსტანცია
თარიღი
17.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002724554

საქმე №1ბ/494-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - დ-------------ის,ადვოკატ - ა----–-–---–---–ის,მსჯავრდებულ - გ-------–-----------ის მონაწილეობით,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ-------–--------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ--------–-----–----–----–-----, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით:

 

გ-------–-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სადიტრიბუციო საქმიანობის უფლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ გ-------–-----------ემ ჩაიდინა: მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის აგვისტოში, შპს „---------“-ის მძღოლმა (შეკვეთის მიმწოდებელი) გ-------–-----------ემ, რომელსაც ევალებოდა საწარმოო საქმიანობისათვის კეთილსინდისიერად გაძღოლა, საზოგადოების პროდუქციის მიტანა მყიდველამდე და შემდეგ პროდუქციის სანაცვლოდ გადახდილი თანხის შეტანა შპს „---------“-ის საბანკო ანგარიშზე - არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა 3205,5 ლარის ოდენობით, რითაც შპს „---------“-ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა დ-------------ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, პროკურორმა ითხოვა გ-------–-----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ბრალდების მხარის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია სასჯელის ნაწილში, ვინაიდან მოსამართლემ, განაჩენის გამოტანისას, არ გაითვალისწინა გ-------–-----------ის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მისი მხრიდან არაერთი მცდარი პოზიცია დაზარალებულისთვის ზიანის შესაძლო ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ასევე დაზარალებულის პოზიცია ამ საკითხის ირგვლივ და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელები. პროკურორის განმარტებით, მართალია, გ-------–-----------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და პრეიუდიციული ძალის მქონედ მიიჩნია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მაგრამ ჩადენილი ქმედების შეფასებისას, მხედველობაში უნდა მიღებულიყო არა მხოლოდ დანაშაულის მონანიება, არამედ ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია და კატეგორია, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხერხი და ობიექტური ვითარება, კერძოდ ის ფაქტი, რომ გ-------–-----------ემ ზიანი არ აუნაზღაურა დაზარალებულს. გამომდინარე იქიდან, რომ გ-------–-----------ეს დაახლოებით ექვსი თვე ჰქონდა, აენაზღაურებინა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი - 3 205,5 ლარი, სასჯელის სახედ 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გამოყენება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სამართლიანად, რადგან აღნიშნული სასჯელი ყოველთვის იქნება აღუსრულებელი და იგი ვერ იქნება მსჯავრდებულის რესოციალიზაციის გარანტი.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დ-------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა გ-------–-----------ემ და მისმა ადვოკატმა ა----–-–---–---–მა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. გ-------–-----------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: შ-----------–------------------–--------------–--------------------------------------------------–------------------------------–-–---–---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; რევიზიის ცნობით; ბანკებიდან და შპს „---------“-დან გამოთხოვილი ინფორმაციით; საბუღალტრო დოკუმენტაციით; დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ-------–-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ-------–-----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება - აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მონანიება და გულწრფელი სურვილი - აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი; მისი ოჯახური პირობები და მოხუცი მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა; ასევე ის ფაქტი, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები გ-------–-----------ის მიმართ არ არის გამოვლენილი და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, დაენიშნა ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების შედეგად დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომელიც არ არის განსაკუთრებული სიმძიმის, ასევე იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით მსჯავრდებულის მიერ ანაზღაურებულია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ნაწილი და იგი კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, სრულად დააკამყოფილოს დაზარალებული კომპანიის ინტერესები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, ხოლო მსგავსი ხასიათის მაპრივილეგირებელი ფაქტის არარსებობამ დაუშვებელია უპირობოდ გამოიწვიოს პირის პასუხისმგებლობის დამძიმება. სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობაზეც და მიუთითებს, რომ როგორც საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დადასტურდა, მას ჰყავს ავადმყოფი მშობლები და ორსული მეუღლე. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით კი პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლა გ-------–-----------ის საუარესოდ და მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას გამოყენებული სასჯელის ლოიალურობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მხედველობაში მიღებით, გ-------–-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, დამატებით სასჯელთან ერთად, არის მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი გ-------–-----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ დ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი;

 

გ-------–-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით; მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სადიტრიბუციო საქმიანობის უფლება.

 

გ-------–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულები:

 

საქართველოს კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ჩაწერილია 5 ცალ CD დისკზე, ასევე „---------“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ჩაწერილია ერთ ცალ მეხსიერების ბარათზე და ერთ ცალ DVD დისკზე და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე