განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.07.2019
საქმის ნომერი
120210018002616850
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120210018002616850

საქმე №2ბ/1579-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 ივლისი, 2019 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი – ლ---- მ-------ი

წარმომადგენელი - ე-–---------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ------- მ-------ი

წარმომადგენელი - ე--------------–---

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, მოშლილი სასაზღვრო მიჯნის აღდგენა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით, ზ------- მ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ლ---- მ-------ს (პ/ნ1----------) აღეკვეთა ზ------- მ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ბ-------------------–-----–---ში ს.კ. 6----------- უკანონო სარგებლობა და ლ---- მ-------ს დაევალა მოშლილი სასაზღვრე მიჯნის აღდგენა. ამავე გადაწყვეტილებით, ზ------- მ-------ის სარჩელი ზიანის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 2315.00 კვ.მ. მდებარე: ბ-------------------–------–---- ს.კ. 6-----------, 24.08.2017 წლიდან წარმოადგენს ზ------- მ-------ის საკუთრებას.

 

2.2. ზ------- მ-------ის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი 6--------------. ნაწილს, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს და სარგებლობს მოპასუხე ლ---- მ-------ი, რაც მესაკუთრეების ნებას ეწინააღმდეგება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.3. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთს იყენებდა მოსავლისათვის, კარტოფილის დასათესად.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ლ---- მ-------მა სადავოდ გახადა, ზ------- მ-------მა კი ვერ შეძლო რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენა. ლ---- მ-------მა განმარტა, რომ აღნიშნულ სადავო მიწაზე მოსავლის მოყვანა შეუძლებელია, ვინაიდან იგი არის ჭაობიანი ადგილი. ზ------- მ-------მა კი საქმეში წარმოადგინა ინდივიდუალური აუდიტორის - გ-------–--------–-–---–ის მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნა სადაც მითითებულია, რომ ზ------- მ-------ის კუთვნილ 2315 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე კარტოფილის მოსავალი 2018 წლის 09 აგვისტოს მდგომარეობით სამი წლის მოსავალი განისაზღვრა 8300 კილოგრამით, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 5800 ლარს.

 

სასამართლომ შენიშნა, რომ ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლომ ორივე მხარის განმარტება შეაფასა თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად და საბოლოოდ გაიზიარა მხოლოდ იმ მხარის განმარტება, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურა თავის არგუმენტები, ასევე განმარტა, რომ მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა ზიანის მიყენების ფაქტის და მისი ოდენობის დადასტურება.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მხარემ მართალია წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა, მაგრამ დასკვნაში გამოკვლეული არ ყოფილა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გადის საკანალიზაციო მილი, რომელსაც ორივე მხარე ადასტურებს, და აღნიშნულ პირობებში რამდენად ვარგისიანია მიწის ნაკვეთი მასზე მოსავლის მოსაყვანად, ასევე მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება (მოწმეები) რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ იგი აღნიშნულ მიწის ნაკვეთს იყენებდა მოსავლის მოსაყვანად და მხოლოდ ბოლო პერიოდში მოპასუხის მიერ არამართლზომიერი ქმედების შედეგად შეწყვიტა მოსავლის მოყვანა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დადასტურდა ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ დაედასტურებინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. იგი ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა, ეს უფლება დაცულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტით - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამდენად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულია პირთა საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები სხვათა ხელყოფისაგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება).

 

გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პიტივისცემით მოპყრობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.

 

აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 2315.00 კვ.მ. მდებარე ბ-------------------–------–---- ს.კ. 6--------------.08.2017 წლიდან წარმოადგენს ზ------- მ-------ის საკუთრებას. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ახორციელებს უკანონო ხელშეშლას, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამ გარემოების არსებობა ცხადყოფს, მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას. მოპასუხე უკანონოდ უშლის ხელს მოსარჩელეს ისარგებლოს მიწის ნაკვეთით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მოპასუხის მხრიდან მომდინარე უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ფართს ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა იგი.

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დასახელებული ნორმის შესაბამისად იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, მოცემული უნდა იყოს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად, ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე დაყრდნობით, დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ, არ დგინდება კონკრეტულად მოპასუხის ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზიანის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრებოდა მოსარჩელეს. მოსარჩელე მხარემ კი ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც უზრუნველყოფდა მის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურებას. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში ვერ გაართვა თავი მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ლ---- მ-------ის მიერ მოსარჩელე ზ------- მ-------ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არ შეაფასა მტკიცებულებები სათანადოდ. ამასთან, არ გაიზიარა ის არსებითი ფაქტობრივი გარემოება, რომ საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე ზ------- მ-------ის მიერ დარეგისტრირდა ფარულად და კანონსაწინააღმდეგოდ და აპელანტს ჰქონდა არათუ მისი ფლობის და სარგებლობის მართლზომიერი უფლება, არამედ მიწის ნაკვეთი მას უკანონოდ არ დაუკავებია და საკუთრების უპირატესი უფლება გააჩნდა მასზე. ამავდროულად, აპელანტი მიუთითებს, რომ ზ------- მ-------მა სწორედ მის მიერ გაკეთებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაირეგისტრირა სადავო ფართი და მის საკუთრებად იგი მხოლოდ ერთი წელია რაც ირიცხება, მის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ნაკვეთი არასოდეს გამოუყენებია, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო მიჯნას, საქმის გარემოებებით არ დასტურდება, რომ მოშალა სწორედ ლ---- მ-------მა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არის გამოუკვლეველი და სრულიად შეუსწავლელ გარემოებებზე დაფუძნებული, დაუსაბუთებელი და უკანონო და შესაბამისად უნდა გაუქმდეს, ხოლო ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). მოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს შეაფასებს მასში მითითებული ძირითადი ასპექტების ფარგლებში.

 

4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მასზედ, რომ უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 2315.00 კვ.მ. მდებარე: ბ-------------------–------–---- ს.კ. 6-----------, 24.08.2017 წლიდან წარმოადგენს ზ------- მ-------ის საკუთრებას, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე ლ---- მ-------ი და სარგებლობს მისით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელ----ნი გარემოებების არსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაითვალისწინებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის მასალები არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, პალატა მიუთითებს იმასაც, რომ სააპელაციო საჩივარში გაჟღერებული გარემოება სასაზღვრო მიჯნის მოშლასთან დაკავშირებით შესაგებლით სადავოდ არ არის გამხდარი, შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ აპელანტი ახორციელებს უკანონო ხელშეშლას, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამ გარემოების არსებობა კი ცხადყოფს, მოწინააღმდეგე მხარის საკუთრების უფლების ხელყოფას, კერძოდ, ლ---- მ-------ი უკანონოდ უშლის ხელს ზ------- მ-------ს ისარგებლოს მიწის ნაკვეთით.

 

4.4. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (შდრ: სუსგ ას-1051-991-2015, 29.12.2015).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზ------- მ-------ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტი ფლობს და სარგებლობს სადავო უძრავი ქონებით და მის მიერ სათანადო წესით არ არის გასაჩივრებული ზ------- მ-------ის საკუთრებაში სადავო ქონების აღრიცხვის საფუძვლის - 2016 წლის 11 აგვისტოს N69/26717 საარქივო დოკუმენტაციის, აზომვითი ნახაზისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 აგვისტოს N 02/6295 ადგილზე დათვალიერების ოქმის კანონიერება. ამავდროულად, პალატა შენიშნავს იმასაც, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც აპელანტის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული.

 

რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ გააჩნია სადავო ქონებაზე საკუთრების უპირატესი უფლება, ვერ იქნა დასაბუთებული შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნულის საპირისპიროდ კი დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სადავო ქონებას მოცემული მდგომარეობით ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს აპელანტის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას და ხელშეშლის აღკვეთას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მოხმობილი გარემოებები ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. პალატა განმარტავს იმასაც, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები - (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ზ------- მ-------ის სარჩელი იყო საფუძვლიანი და სწორად დააკმაყოფილა იგი.

 

რაც შეეხება სასაზღვრო მიჯნას, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სასაზღვრო მიჯნა დღეისათვის არ არსებობს. არც ის გამხდარა სადავოდ, რომ ეს მიჯნა არსებობდა წლების წინ. აქ სადავოდ არის გამხდარი ის გარემოება, თუ ვინ მოშალა იგი. აპელანტი სარჩელის წინააღმდეგ შეტანილ შესაგებელში აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მიჯნის მოშლის ფაქტი აბსურდულია და მიუთითებს იმაზე, რომ ეს ნაკვეთი შერწყმულია მის მიწის ნაკვეთთან (ს.ფ. 45) აღნიშნული განმარტებიდან შესაძლებელია იმ დასკვნის გამოტანა, რომ მოპასუხე მოსარჩელის ნაკვეთსაც მისი მიწის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ასეთ დროს კი სასაზღვრო მიჯნის არსებობა ყოველგვარ აზრს კარგავს. მისი აზრით, სადავო მიწა მისია და შესაბამისად, შეუძლებელია მას ჰქონდეს სასაზღვრო მიჯნა მისავე მიწის ნაკვეთთან. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სასაზღვრო მიჯნის მოშლა შედიოდა მხოლოდ აპელანტის ინტერესში, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გაერთიანებინა მისივე მიწის ნაკვეთთან. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს მოსარჩელის ინტერესს, რადგან მას სურს სადავო მიწის ნაკვეთი დაიბრუნოს მის საკუთრებაში, რა სახითაც არსებობდა რეგისტრაციის დროს. შესაბამისად, შესაგებელში მითითებული ჩვენს მიერ მოყვანილი ფრაზა ადასტურებს მის მიერ სასაზღვრო მიჯნის მოშლის ფაქტს.

 

პალატა თვლის, რომ აპელანტი ვერ უთითებს იმ გარემოებაზე, რომელიც გააბათილებდა სასაზღვრო მიჯნის მის მიერ მოშლის ფაქტს, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ დასაბუთებულია, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, რის გამოც, პალატის შეფასებით, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ზუხრა ჯიქიას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი