განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100119002935806
საქმე №1/ბ-398-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი ბექა გიორგაძე
ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ------–-–--–--ე
მსჯავრდებული: ს------–----–--ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №5----------), დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ჭიათურა, სოფელი ხ---------------–ი V ჩიხი, N9;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს------–----–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განაჩენით: ს--------------------–----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით, რაც, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 4 მარტამდე პერიოდის გათვალისწინებით - შეუმსუბუქდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ს------–----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და დადგინდა, რომ გირაოს სახით გადახდილი თანხა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, პ------------ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს------–----–--ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 20:55 საათზე, ქ.ბათუმში, ლ.ასათიანის ქუჩა N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს------–----–--ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახისა და თავის არეში ხელების რამდენჯერმე დარტყმით, ასევე, მუშტის თავის არეში დარტყმით, ნ-----------–-–---–ს მიაყენა სხეულის დაზიანება, რამაც ნ-----------–-–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ------–-–--–--ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ ს------–----–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა პ------–-–--–--ემ მხარი დაუჭირა ბათუმის რაიონული პროკურატურის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა; მოწინააღმდეგე მხარემ, მსჯავრდებულმა ს------–----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ------------ემ მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც მართლსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა, სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ------–-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ბრალდებულ ს------–----–--ის გამოკითხვის ოქმით; დაზარალებულ ნ-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით; სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით; შემაკავებელი ორდერით, მოწმეების: ე--------------------–---–ის, პ------–---–-----ის, რ----–---------ის, ჯ----–-------ის ჩვენებებით, დაზარალებულ ნ-----------–-–---–ის გარეგნული დათვალიერების შესახებ ოქმითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ს------–----–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ს------–----–--ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
გამამტყუნებელი განაჩენის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, პირველ რიგში, უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ს------–----–--ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ს------–----–--ე ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა ქმედების ჩადენის შემდგომ, მისი სოციალური მდგომარეობა და ისე განუსაზღვრა სასჯელი.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ს------–----–--ის მიმართ, დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ------–-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი, ს------–----–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ------–-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი, ს------–----–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.ს------–----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1200 (ათასორასი) ლარის ოდენობით, რაც, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 4 მარტამდე პერიოდის -გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ს------–----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო _ გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს სახით გადახდილი თანხა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის შემტანს - პ------------ეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/