განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 330100118002708378
საქმე N 1ბ/45-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17.09.2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე: მ------ ნ-----–-–--ლი
დაცვის მხარე: ა---------– ტ---------
მსჯავრდებული: პ----- ბ-------- ძე ც--------ა, დაბადებული - 1--- წლის 0- ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს-----, რ-------- ქუჩა №--, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, დ-------------, გ--------------ს ქუჩა, კორპუსი №-6, ბინა №--./არ გამოცხადდა/
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სასჯელი: (დანაშაულთა ერთობლიობით) თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი, ხოლო დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნა - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:
პ----- ც--------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ----- ც--------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი, ხოლო დამატებით სასჯელის სახით - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
პ----- ც--------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 01 სექტემბრიდან 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ პ----- ც--------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა---------– ტ---------მ და ითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა როგორც კვალიფიკაციის ნაწილში, ისე სასჯელის ნაწილში. აპელანტის პოზიციით პ----- ც--------ას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რადგან პ----- ც--------ას მიერ ოჯახის წევრის მიმართ არ არის ჩადენილი ქმედება, დაზარალებულ მ----- გ----ას, პ----- ც--------ას ოჯახის წევრობაზე რაიმე სახის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის საქმეში, ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, არ ეწევიან ერთობლივ საოჯახო მეურნეობას და არც დოკუმენტურად დასტურდება მათი საერთო შვილის ყოლის ფაქტი, შესაბამისად სახეზე არ არის საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული გარემოებები, რადგან მსჯავრდებულს დაზარალებულთან აკავშირებდა მხოლოდ პერიოდული თანაცხოვრება სხვადასხვა სასტუმროსა და ნაქირავებ ბინაში დაზარალებულის საქართველოში ყოფნის დროს. აპელანტს ასევე მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი სასჯელის ნაწილშიც არის უსამართლო და არაკანონიერი, ვინაიდან მოსამართლის მიერ დანიშნული სასჯელი მკაცრია, არ არის გათვალისწინებული საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოები, კერძოდ: პ----- ც--------ამ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე დიდუბე ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ ნ-----–-–--ლმა და ითხოვა სასჯელის გამკაცრება - კერძოდ მსჯავრდებულ პ----- ც--------ას მიმართ თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების (ძალადობის ინტენსივობის, მისი სიმწვავის და სხვა) გათვალისწინებით - პ----- ც--------ას მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაული, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით უნდა დაისაჯოს მძიმე სასჯელით - თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასამართლომ დაადგინა: პ----- ც--------ამ ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 01 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ე------–--ის ქუჩისა და ბ. პ------- ქუჩების კვეთაზე, სასტუმრო ,,4---ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,ნისან ვერსას’’ ფირმის ავტომანქანაში, პ----- ც--------ამ მ----- გ----ას, რომელთანაც ჰქონდა პარტნიორული ურთიერთობები თანაცხოვრების სახით და წარმოადგენდა მისი ოჯახის წევრს , დანის გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ავტომანქანის წინა სავარძლიდან უკანა სავარძელზე მჯდომ მ----- გ----ას, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი ბავშვი ეჭირა, მუშტი არაერთხელ ჩაარტყა თავის არეში, ამასთანავე ყელში მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. პ----- ც--------ა დანის დემონსტრირებით დაემუქრა მ----- გ----ას ენის ამოჭრით და სცადა დანის პირში ჩარჭობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანება ტუჩის არეში. ასევე, დანის გამოყენებით, პ----- ც--------ამ მ----- გ----ას მიაყენა დაზიანებები მარცხენა ფეხზე, ხოლო მანქანიდან გადასულს სასტუმროს წინაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ორჯერ გაარტყა ხელი სახის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულის შემდეგ, ამავე სასტუმროს №- ნომერში, პ----- ც--------ამ კვლავ განაგრძო მ----- გ----ას ცემა, რა დროსაც მ----- გ----ამ განიცადა ძლერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის სხვადასხვა ადგილას დაზიანებები.
2018 წლის 01 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.თბილისში, ე------–--ის ქუჩისა და ბ.პ------- ქუჩების კვეთაზე მდებარე სასტუმრო ,,4---ის’’ მიმდებარედ და ამავე სასტუმროს №- ნომერში, პ----- ც--------ა თანნაქონი დანის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით და ენის ამოკვეთით დაემუქრა მ----- გ----ას. მ----- გ----ამ პ----- ც--------ასგან მომდინარე იმწუთიერი აგრესიის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და დანით დაზიანებების მიყენების გათვალისწინებით მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პ----- ც--------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად პირველი ინსტანციის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილში პ----- ც--------ას დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - პ----- ც--------ას დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას სააპელაციო პალატა ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას პ----- ც--------ას მიმართ როგორც კვალიფიკაციის ასევე სასჯელის ნაწილში. მსჯავრდებულ პ----- ც--------ას აღიარებით ჩვენებასთან ერთად, უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით (დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ,,ნისან ვერსას’’ ფირმის ავტომობილის ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, მ----- გ----ას კუთვნილი ტანსაცმელის, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმებით, დათვალიერების ოქმით, პაციენტის სამედიცინო ბარათით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-2597180 დასკვნით) დასტურდება პ----- ც--------ას მიერ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და პ----- ც--------ას მიერ ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811, 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის /რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის N 543 – IIს დადგენილებით/ მე-2 მუხლის „ბ“ ქ/პუნქტის თანახმად „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის განსაზღვრებაზე ოჯახის წევრთან მიმართებაში, ვინაიდან იგი განკუთვნილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის. შესაბამისად ფართოა მისი გამოყენების ფარგლები. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით განსაზღვრულ რეგულაციას, იგი უშუალოდ მიმართულია ოჯახური დანაშაულის სამართლებრივი ასპექტის განსაზღვრისაკენ. განსახილველ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პ----- ც--------ას და მ----- გ----ას ჰქონდათ არაერთჯერადი ურთიერთობა თანაცხოვრების სახით, რაც გვაძლევს როგორც ფაქტობრივ ისე სამართლებრივ საფუძველს, რომ მოქმედი კანონმდებლობის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის) შესაბამისად, საქმეში არსებულ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდეს პ----- ც--------ას მიერ ოჯახის წევრის - მ----- გ----ას მიმართ ძალადობის ჩადენის შემადგენლობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ასევე სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია პ----- ც--------ას მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტი (დაზარალებული მ----- გ----ას , მოწმე მა-–----------–---–იას ჩვენება, მოწმე გ------- ც--------ას ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით). რაც შეეხება მუქარის განხორციელების ფაქტს, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით პ----- ც--------ას მიმართ წარდგენილი ბრალდების კუთხით მუქარის განხორციელების დადასტურების თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულის ჩვენება, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმი და და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით) რომელებიც უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ მითითებული მუხლით წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების განახორციელებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ პ----- ც--------ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება პ----- ც--------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პ----- ც--------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
პ----- ც--------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს მიერ ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომელმაც სრულად უნდა უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ (მსავრდებული აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არ ქონა, სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელი შეწყობა) და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით (დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, სასამართლო ასევე ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს), პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მოთხოვნას სასჯელის ცვლილებასთან მიმართებაში, როგორც პირველი ინტანციის მიერ, ასევე საპელაციო პალატის მიერ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიღწევის უზრუნველსაყოფად პ----- ც--------ას უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე დამატებით სასჯელად კანონის მოთხოვნათა დაცვით დაენიშნა ჯარიმა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ პ----- ც--------ასათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
მობილური ტელეფონები, კაბა და ბავშვის ჟაკეტი, რომლებიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მიკრონაწილაკები 8 ცალ დაქტილოფირზე და მ----- გ----ას ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ორი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ----- ც--------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ა---------– ტ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დიდუბე ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ ნ-----–-–--ლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
პ----- ც--------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ----- ც--------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი, ხოლო დამატებით სასჯელის სახით - ჯარიმა
4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
პ----- ც--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
პ----- ც--------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 01 სექტემბრიდან 2018 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს ქ.თბილისის პრობაციის ბიუროს პ----- ც--------ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქ.თბილისი, დ-------------, გ--------------ს ქუჩა, კორპუსი №-6, ბინა №-- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ნივთმტკიცება:
მობილური ტელეფონები, კაბა და ბავშვის ჟაკეტი, რომლებიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მიკრონაწილაკები 8 ცალ დაქტილოფირზე და მ----- გ----ას ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ორი ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი