განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210119001920893
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-462-2019 23 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): მოსამართლეები: ლაურა მიქავა სიმონ ჩხაიძე ინდირა მაშანეიშვილი სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - სს ,,მ------------“ - გ---------- - შპს ,,ე----“ - ა---- თ----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება -
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ”ე----ს” სასარჩელო მოთხოვნა სს “მ------------ის” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;
- მოპასუხე სს “მ------------ს“ დაეკისრა შპს ”ე----ს” სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 61601,60 ლარის ოდენობით;
- მოპასუხე სს “მ------- მ----“ დაეკისრა შპს ”ე----ს” სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1848 ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2016 წლის 11 იანვარს სს ,,მ------------ს“ (დამკვეთი) და შპს ,,ე----ს“ (შემსრულებელი) შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება.
2.2. 2016 წლის 11 იანვარს მხარეებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი შპს ,,ე----“ ვალდებული იყო უზრუნველეყო ქ---------ში, ხ--–--–---–-- ქ. N-----ში პროექტ „მ------- პ-----“ სამშენებლო ობიექტზე მექანიკური მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. „შემსრულებლის“ მიერ ხელშეკრულების შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ღირებულება შეადგენდა 240 000 ლარს დამატებული დღგ. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო თვეში ერთხელ გასულ თვეს შესრულებული სამუშაოების შესაბამისად. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად დაკვეთა უნდა შესრულებულიყო 2016 წლის 20 მაისამდე;
2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ვადის დარღვევით. სულ შემსრულებლის მიერ შესრულებული იქნა 286 504,52 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც დამკვეთის მიერ საერთო ჯამში გადახდილი იქნა 260 013,92 ლარი. დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 26 490,60 ლარი;
2.4. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხე ორგანიზაციას 2016 წლის 04 მაისს ასევე გაუწია ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ დამატებით მომსახურება. დამატებით შესულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ კი შეადგინა 39 812 ლარი, რომელიც ასევე არ იყო ანაზღაურებული მოპასუხის მხრიდან;
2.5. 2016 წლის 24 ივნისს ერთი მხრივ სს „მ------------ს“ („დამკვეთი“), მეორე მხრივ შპს „ე----ს“ („შემსრულებელი“) და მესამე მხრივ შპს „------“ შორის გაფორმებულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ შპს „ე----ს“ გააჩნდა შპს “ნ-----“ მიმართ კვების დავალიანება 4701 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანების დაფარვის ვალდებულება კი აიღო სს „მ------------მა“. ზ/აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე სს „მ------- მ----“ (დამკვეთს“) უნდა გადაეხადა „შემსრულებლის“ (შპს „ე----ს“) კვებითი დავალიანება შპს „------“ მიმართ 4701 ლარის ოდენობით, რითაც მისი მომსახურების საფასურის დავალიანება „შემსრულებლის“ მიმართ ჩაითვლებოდა ნაწილობრივ გადახდილად. ამდენად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სს „მ------------ის“ დავალიანებას, რომელიც მას გააჩნდა შპს „ე----ს“ მიმართ, უნდა გამოკლებოდა შპს „------ათვის“ გადახდილი 4701 ლარი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით;
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;
2.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებითად დადებული იქნა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემსრულებელი შპს ,,ე----“ ვალდებული იყო უზრუნველეყო ქ--------–-, ხ--–--–---–-- ქN-----ში პროექტ „მ------- პ-----“ სამშენებლო ობიექტზე მექანიკური მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. „შემსრულებლის“ მიერ ხელშეკრულების შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ღირებულება შეადგენდა 240 000 ლარს დამატებული დღგ. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო თვეში ერთხელ გასულ თვეს შესრულებული სამუშაოების შესაბამისად;
2.10. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელის მიერ ზ/აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული იქნა 286 504,52 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ შესრულებული იქნა დამატებით 39 812 ლარის ღირებლოების სამუშაო;
2.11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამკვეთის მიერ საბანკო გადარიცხვებით გადახდილი იქნა 260 013,92 ლარი, ხოლო 2016 წლის 24 ივნისის სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე შპს „------ათვის“ გადახდილი იქნა 4701 ლარი. დარჩენილმა დავალიანებამ კი შეადგინა 61 601,60 ლარი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე დავალიანების სახით 61 601,60 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანი იყო.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,მ------------მა“
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების და მხარეთა ახსნა-განმარტებების იგნორირებით მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა 286504,52 ლარის ღირებულების სამუშაოს ნაწილში, საიდანაც დამკვეთის მიერ საერთო ჯამში გადახდილი იქნა 260013,92 ლარი, შესაბამისად, დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 26490,60 ლარი. სასამართლოს არ უმსჯელია და არც მოპასუხის განმარტება გაუთვალისწინებია, იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი ვალდებულება შეასრულა პირნათლად. ფაქტია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 240000 ლარს. ასევე ფაქტია და ამას ორივე მხარეც ადასტურებს, რომ 2016 წლის 18 თებერვლიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე მოსარჩელე შპს ,,ე----"-ს მიერ მოპასუხეზე გადაგზავნილი იქნა 9 საგადასახადო ანგარიშფაქტურა, საიდანაც 8 საგადასახადო ანგარიშფაქტურა მოპასუხის მიერ დადასტურებული იქნა. უარყოფილი იქნა N-------------- საგადასახადო ანგარიშფაქტურა 4720 ლარზე, რომლის გადახდის ვალდებულებისაგან ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაათავისუფლა მოპასუხე, რაც ამჟამად შესულია კანონიერ ძალაში. რაც შეეხება დადასტურებული საგადასახადო ანგარიშსწორებით არსებულ თანხას, იგი შეადგენს 281784,52 ლარს, საიდანაც მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა 264714,92 ლარი. სხვაობა ამ ციფრებს შორის შეადგენს 17069,60 ლარს, რისი გადახდის ვალდებულება სს ,,მ------------ს" არ უნდა დაეკისროს, რადგანაც საქმეში მოპასუხის მიერ წარდგენილი იქნა მტკიცებულების სახით ხელშეკრულება სს ,,მ------------"-სა და შპს ,,ა------------------"-ს შორის, რომლითაც დგინდება, რომ სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოების (მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ვადის დარღვევით) საფუძველზე მოპასუხე იძულებული გახდა მოეწვია სხვა კომპანია, რომ საქმე დროულად შესრულებულიყო;
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ მომსახურება და დაეყრდნო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ისე, რომ საერთოდ არ იმსჯელა აღნიშნული მტკიცებულებები იყო თუ არა იურიდიულად გამართული და მხარეთა მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით შესრულებული. ასევე, იყო თუ არა ამ მტკიცებულებებზე მოპასუხე ორგანიზაციის რომელიმე დირექტორის ხელმოწერა, მაშინ როდესაც მხარეთა შორის გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებაზე ხელს აწერს ორივე მხარის დირექტორი, სასამართლოს მიერ სრულად გაზიარებულ მტკიცებულებებზე მხოლოდ ერთი მხარის, მოსარჩელის დირექტორის ხელმოწერა არსებობს და მეორე მხრიდან პროექტის დირექტორი, რომელიც არის მოპასუხე ორგანიზაციის დაქირავებული პირი და მას არანაირი უფლება არ ჰქონდა ხელი მოეწერა ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტზე;
3.3. სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე უთითებს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, ფორმა 2-ს ხელისმოწერით ამტკიცებს მხოლოდ ორგანიზაციის დირექტორი, ასევე საბოლოო შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტზე ხელისმოწერის უფლება მხოლოდ ორგანიზაციის დირექტორის პრეროგატივაა და მას სხვა თანამდებობის პირი, მათ შორის პროექტის დირექტორი ხელს ვერ მოაწერს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ 2016 წლის 24 დეკემბრით დათარიღებული ე.წ. ,,შეთანხმება" განხილული უნდა იქნეს მხოლოდ მოსარჩელის შიდა კალკულაცია, რადგან მას ოფიციალური დოკუმენტის მახასიათებელი ნიშნები არ გააჩნია, მასზე ხელს აწერს მოპასუხის მხრიდან არაუფლებემოსილი პირი, ზედ არ აქვს მოპასუხე მხარის ბეჭედი და დოკუმენტს აშკარად აქვს შპს ,,ე----"-ს სიმბოლიკა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დოკუმენტი შპს ,,ე----"-ს წარმომადგენლების მიერაა შექმნილი;
3.4. აპელანტის მითითებით, სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება, რომ დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს, რომ მასში მითითებული 36340 ლარის სამუშაოები შესრულებულია 2016 წლის 04 მაისამდე, ე.ი. მაშინ, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება მოქმედი იყო. არსებობს კიდევ ერთი უმთავრესი გარემოება, სწორედ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ დაადასტურა 281784,52 ლარის საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ხოლო ბოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურის დადასტურება მოხდა 2016 წლის 14 ნოემბერს. საინტერესოა რა ლოგიკაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ, რომ ე.წ. ,,შეთანხმება"-ში მითითებული თანხა არის ხელშეკრულებით გარეთ შესრულებული სამუშაოების საფასური;
3.5. მ------- პ----- სამშენებლო ობიექტზე ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ ზედმეტად შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი არის ორ ფურცლად, რომელსაც არც სათაური აქვს, არც არანაირი დიკუმენტის მაინდენტიფიცირებელი ნიშანი, საერთოდ რას ეხება გაუგებარია, საერთოდ არ გააჩნია არავის ხელმოწერა და ასეთი დოკუმენტი მიიჩნია სასამართლომ როგორც ფორმა 2 და მიიჩნია ერთ-ერთ მტკიცებულებად;
3.6. სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქმეში არსებობს შპს ,,ე----"-ს წარმომადგენლის 2017 წლის 17 ოქტომბრის განცხადება. საქმეზე მტკიცებულებების სახით წარდგენილია ორი დოკუმენტი. პირველი დოკუმენტის თანახმად, ს-------- ა------- განმარტავს, რომ 2016 წლის 26 ივლისით დათარიღებული წერილი, რომელსაც შპს ,,ე----"-ს მხრიდან ხელს აწერს ე------ მ-----ი, ხოლო სს ,,მ------------"-ის მხრიდან პროექტის დირექტორი ს-------- ა-------, ხელმოწერა მას ეკუთვნის. სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება რა დოკუმენტზეა საუბარი. ეს არის შპს ,,ე----"-ს დირექტორის ე------ მ-----ის წერილი ს-------- ა-------- მიმართ (ალბათ გვარის მითითების დროს მექანიკური შეცდომაა გაპარული), რომელშიც საუბარია შესასრულებელი სამუშაოების დაგვიანებით შესრულებაზე. ამ წერილის გამოყენება იმის დასამტკიცებად, რომ შესრულებულია ხელშეკრულების გარეთ სხვა სამუშაოები ვერ გამოდგება, რადგანაც თუ საქმეში ჩაიხედავდა სასამართლო ნახავდა, რომ სს ,,მ------------"-ის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ბოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურა დადასტურებული აქვს 2016 წლის 14 ნოემბერს, ანუ თუ ამ პერიოდამდე ისინი თანხას იხდიდნენ როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საფასურს, 2016 წლის ივლისში შესრულებული დოკუმენტი როგორ უნდა მივაკუთვნოთ ხელშეკრულების გარეთ შესრულებულ სამუშაოს. მეორე დოკუმენტის თანახმად, 2016 წლის 24 დეკემბრით დათარიღებული მხარეთა შეთანხმება დამატებითი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით 39 812.00 ლარზე, სს ,,მ------------"-ის მხრიდან, როგორც პროქტის დირექტორის, ხელმოწერა მას ეკუთვნის. საინტერესოა რატომ არ გაიზიარა სასამართლომ მოპასუხის პოზიცია, რომ ხსენებული შეთანხმებით შესრულებულ სამუშაოებზე არსებობს თუ არა რაიმე სახის ფინანსური დოკუმენტი - სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
3.7. აპელანტის განმარტებით, 2016 წლის 16 მაისს სს ,,მ------------"-ის დირექციას დაუკავშირდა სს ,,მ------------"-ის ყოფილი თანამშრომელი ს-------- ა-------, რომელმაც განმარტა, რომ ყველა ზემოთ მითითებულ დოკუმენტზე ხელი მიაწერა 2017 წელს, როდესაც მოსარჩელე ორგანიზაციაში აღარ მუშაობდა და მას დოკუმენტებზე ხელის მოწერა სთხოვა შპს ,,ე----"-ს დირექტორმა ე------ მ-----მა. მან კატეგორიულად უარყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გარეთ სხვა მომსახურების გაწევის ფაქტი და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს წარმოადგენდა, ხოლო საქართველოში ჩამოსვლას თავს არიდებდა შესაძლო ზეწოლის გამო, თუმცა ამ შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. 2016 წლის 11 იანვარს სს ,,მ------------სა“ (შემდგომში ,,დამკვეთი“) და შპს ,,ე----“-ს (,,შემსრულებელი“) შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც:
1.1. პუნქტი - ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო ბ-------- ხ--–--–---–-- ქუჩა №-----ში პროექტ მ------- პ----- სამშენებლო ობიექტზე მექანიკური მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების შესრულება (შემდგომში ,,სამუშაო“);
2.1. პუნქტი - შემსრულებლის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ღირებულება შეადგენდა 240 000 ლარს დამატებული დღგ (შემდგომში ,,ხელშეკრულების ფასი“);
2.2. პუნქტი - გადახდა მოხდებოდა თვეში ერთხელ გასულ თვეს შესრულებული სამუშაოების შესაბამისად ფორმა 2-ის მიხედვით;
2.3. პუნქტი - ,,ხელშეკრულების ფასი“ ფარავდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემსრულებლის ყველა ვალდებულებას და აგრეთვე ნაკლოვანებების გამოსწორებას. დამკვეთს არ დაეკისრებოდა რაიმე დამატებითი ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელს გაეზრდებოდა სამუშაოს შესრულების ხარჯები, რაც შეიძლებოდა გამოწვეული ყოფილიყო ვალუტის მერყეობით, საგასადახადო ცვლილებებით, ინფლაციით ან სხვა ნებისმიერი მიზეზით.
(იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 20-26);
4.2. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ე----“-ს პროექტის დირექტორ ს-------- ა-------ს მიერ ხელმოწერილი და შპს ,,ე----“-ს ბეჭდით დამოწმებული სათანადო წესით ნათარგმნი 24.12.2016წ. გაანგარიშების აქტით, M----------ს სამშენებლო ობიექტზე ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ შესრულებული დამატებითი ჩამოსხმის პროცესიათვის, ანუ გარე სამუშაოების შესრულებისათვის განსაზღვრულია 39 812 ლარი.
(იხ. აქტი, ს/ფ 61-63);
4.3. შპს ,,ე----“-ს წარმომადგენლის (დირექტორი და ამავდროულად, 100%-იანი წილის მფლობელი, იხ. ს/ფ 16) ე------ მ-----ის და სს ,,მ------------ი“-ს ობიექტის მექანიკური ზედამხედველის უ------ ო------------ის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით ნათარგმნი 26.07.2016წ. მ------- პ----ში შესასრულებელი სამუშაობის დაგვიანების აქტის თანახმად, სს ,,მ------------ში“ მექანიკური კონსტრუქტორის შპს ,,ე----“-ს მიერ ჩატარებულ სამუშაოებში არსებობდა გარკვეული შეფერხებები. აღნიშნული შეფერხებები გამოწვეული იყო მ------------ისაგან გამოწვეული მიზეზებით. აღნიშნული შეფერხებების გამომოწვევი ფაქტორები იყო:
- სს ,,მ------------ი’’-ს ობიექტზე მასალის გათვალისწინებულ ვადაზე დაგვიანებით მიწოდება. აღნიშნული დაგვიანების ნიადაგზე შეჩერდა ე----ს პერსონალი, რამაც გამოიწვია ზემოთ აღნიშნული სამუშაოების შეფერხება;
- 26.07.2016წ. ადგილზე, სადაც განთავსებული იყო ზეთის ფილტრაციის დანადგარის მონტაჟი დადგმული იქნა ხარაჩო, რის გამოც ვერ ხერხდებოდა ფილტრების მონტაჟი;
- 22.07.2016წ. უნდა მომხდარიყო მონიტორინგი, იყო თუ არა დაშვებული ხარვეზი გათბობის სისტემის ფაბრიკულ წარმოებაში, რომელიც მიიღეს შეფუთულ მდგომარეობაში. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ დაუდგენელი იყო საკანალიზაციო სისტემის გადაბმის წერტილები, ვერ ხერხდებოდა მათი საკანალიზაციო სისტემის გადაბმის წერტილების დაკავშირება;
- იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს ოთახებში არ იყო დამონტაჟებული საპირფარეშოებში პირსაბნის სადგამები, ვერ ხერხდებოდა ონკანების მონტაჟი;
- ვერ ხერხდებოდა სახანძრო ცეცხლსაქრობი მილების დადგმა, რადგან დადგმული იქნა ხარაჩოები;
- 21-ე სართულზე მიმდინარეობდა არსებული რესტორნის პროექტისა და ამ სივრცეში სამშენებლო სამუშაოები;
- იმის გამო, რომ ავზის მექანიკურ ოთახში არ დაწყებულა არანაირი სამუშაო, ვერ ახერხებდნენ გამათბობლის დამონტაჟებას.
(იხ. აქტი, ს/ფ 159-163);
4.4. შპს ,,ე----“-ს და სს ,,მ------------ი“-ს ობიექტის მექანიკური ზედამხედველის უ------ ო------------ის მიერ 24.12.2016წ. ხელმოწერილი და სათანადო წესით ნათარმნი მ------- პ----- სამშენებლო ობიექტზე ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ ზედმეტად შესრულებული სამუშოაების ჩამონათვალის თანახმად, დამატებით შესრულებული სამუშაოების ჯამური რაოდენობა შეადგენდა 39 812 ლარს.
(იხ აქტი, ს/ფ 164-168);
4.5. განსახილველ შემთხვევაში 2016 წლის 11 იანვარს სს ,,მ------------სა“ (შემდგომში ,,დამკვეთი“) და შპს ,,ე----“-ს (,,შემსრულებელი“) შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემსრულებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო ბ-------- ხ--–--–---–-- ქუჩა №-----ში პროექტ მ------- პ----- სამშენებლო ობიექტზე მექანიკური მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების შესრულება (შემდგომში ,,სამუშაო“). შესაბამისად, ამ ნაწილში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან, რომლის სამართლებრივი საფუძველიც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილში. აღნიშნული მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;
4.6. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ;
4.7. მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებლის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი ღირებულება შეადგენდა 240 000 ლარს დამატებული დღგ (შემდგომში ,,ხელშეკრულების ფასი“);
4.8. განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ე----“ მიუთითებს, რომ 2016 წლის 11 იანვარს დადებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მან შეასრულა 286 504,52 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც სს ,,მ------------ს“ ანაზღაურებული აქვს 260 013,92 ლარი. ამდენად, მას გადასახდელი დარჩა 26 490,60 ლარი, რის გადახდაზეც უარს აცხადებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში სს ,,მ------------ს“ შპს ,,ე----’’-სათვის ნამდვილად ანაზღაურებული აქვს 260 013,92 ლარი;
4.9. პალატა არ იზიარებს შპს ,,ე----“-ს მოსაზრებას, მასზედ რომ სს ,,მ------------ს“ გააჩნია ვალდებულება, 2016 წლის 11 იანვარს დადებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადაუხადოს მას დამატებით 26 490,60 ლარი, ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,ხელშეკრულების ფასი“ ფარავდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემსრულებლის ყველა ვალდებულებას და აგრეთვე ნაკლოვანებების გამოსწორებას. დამკვეთს არ დაეკისრებოდა რაიმე დამატებითი ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელს გაეზრდებოდა სამუშაოს შესრულების ხარჯები, რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ვალუტის მერყეობით, საგასადახადო ცვლილებებით, ინფლაციით ან სხვა ნებისმიერი მიზეზით (იხ. ხელშეკრულების 2.3. პუნქტი, ს/ფ.: 21);
4.9.1. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით;
4.9.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ხარჯთაღრიცხვა არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ნარდობის ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის რთული სამუშაოების შესრულებისას. ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს მყარი (როცა ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის) და მიახლოებითი (რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს). თუ ხარჯთაღრიცხვა მიახლოებითია და მენარდე მას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, აღნიშნულის თაობაზე მან, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემკვეთს. ასეთი ვალდებულების მენარდისათვის დაკისრების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუკი მენარდე არ შეატყობინებს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ და გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება;
4.9.3. მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდე გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნისას ვერ დაეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლს, ვინაიდან ეს ნორმა განსაზღვრავს მიახლოებითი და არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა, იგი არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი;
4.9.4. ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით;
4.9.5. ამდენად, მყარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდეს შეუძლია, შემკვეთს მოსთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ მენარდე ამ უფლებით არ ისარგებლებს და მაინც გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30/12/2013 №ას-888-834-2012 გადაწყვეტილება);
4.9.6. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 11 იანვარს, ბ-------- ხ--–--–---–-- ქუჩა №-----ში პროექტ მ------- პ----- სამშენებლო ობიექტზე მექანიკური მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა ზუსტად (მყარად) განსაზღვრეს საზღაურის ოდენობა - 240 000 ლარი, რომელიც შემკვეთს უნდა გადაეხადა მენარდისათვის, ხოლო მენარდეს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით მინიჭებული უფლებით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი) არ უსარგებლია, არც ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ დაუყოვნებლივ უცნობებია შემკვეთისათვის, რაც გამორიცხავს ზედმეტად დახარჯული სხვაობის მასზე დაკისრებას. შესაბამისად, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
4.10. მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2016 წლის 11 იანვრის ნარდობის ხელშეკრულებით ფარგლებს გარეთ გაწეული სამუშაოს 39 812 ლარის ანაზღაურება.
4.11. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 11 იანვრის ნარდობის ხელშეკრულების საგანი იყო ბ-------- ხ--–--–---–-- ქუჩა №-----ში პროექტ მ------- პ----- სამშენებლო ობიექტზე მექანიკური მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების შესრულება. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მ------- პ----- სამშენებლო ობიექტზე შესრულებული იქნა ასევე ბეტონის ჩამოსხმის სამუშოები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებით, თუმცა საჭირო იყო მათთვის. მოპასუხე სადავოდ ხდის მხოლოდ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული სამუშაოები შესრულებული არ ყოფილა შპს ,,ე----“-ს მიერ, იგი შეასრულა სხვა კომპანიამ. თუმცა კონკრეტულად თუ რომელმა კომპანიამ ვერ მიუთითა და არც რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია;
4.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
4.13. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ე----“-ს და სს ,,მ------------ი“-ს ობიექტის მექანიკური ზედამხედველის უ------ ო------------ის მიერ 24.12.2016წ. ხელმოწერილი და სათანადო წესით ნათარმნი მ------- პ----- სამშენებლო ობიექტზე ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ ზედმეტად შესრულებული სამუშოაების ჩამონათვალის თანახმად, დამატებით შესრულებული სამუშაოების ჯამური რაოდენობა შეადგენდა 39 812 ლარს. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ უ------ ო------------ის იყო სს ,,მ------------ი“-ს თანამშრომელი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სწორედ მის მიერაა ხელმოწერილი 26.07.2016წ. მ------- პ----ში შესასრულებელი სამუშაობის დაგვიანების აქტი, რომლის თანახმადაც სს ,,მ------------ში“ მექანიკური კონსტრუქტორის შპს ,,ე----“-ს მიერ ჩატარებულ სამუშაოებში არსებობდა გარკვეული შეფერხებები;
4.14. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შედეგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სწორედ შპს ,,ე----“-ს გაუწია მოპასუხე ორგანიზაციას ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ დამატებითი მომსახურება/სამუშაო, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 39 812 ლარი, რომელიც ასევე არ არის ანაზღაურებული მოპასუხის მხრიდან. საწინააღმდეგო მტკიცება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა, რაც გამორიცხავს მის მიერ მითითებული გარემოების გაზიარების შესაძლებლობას. პალატას მიაჩნია, რომ მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში ადგილი აქვს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებას, რადგან ამ სამუშაოების შესრულება მხარეთა მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა;
4.15. სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის თანახმად, პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად. ამავე კოდექსის 973-ე მუხლის თანახმად, შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული;
4.16. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 16 იანვრის ნარდობის ხელშეკრულებით ფარგლებს გარეთ გაწეული სამუშაოს 39 812 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
4.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
4.19. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.20. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,მ------------ი“-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს ,,ე----“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სს ,,მ------------ს“ შპს ,,ე----“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 39 812 ლარის გადახდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სს ,,მ------------ი“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს ,,ე----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სს ,,მ------------ს“ შპს ,,ე----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 39 812 ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
6.2. დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა 39 812 ლარის ნაწილში, შესაბამისად, სს ,,მ------------’’-ს შპს ,,ე----’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველ ინსტანციაში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 1194,36 ლარის ოდენობით; ხოლო შპს ,,ე----''-ს სს ,,მ------------’’-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მეორე ინსტანციაში აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 871,58 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,მ------------’’-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 61 601,60 ლარის და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.1.-1.2. პუნქტები) და ამ ნაწილებში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ე----’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სს ,,მ------------’’-ს შპს ,,ე----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 39 812 ლარის გადახდა;
5. სს ,,მ------------’’-ს შპს ,,ე----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირველ ინსტანციაში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 1194,36 ლარის ოდენობით;
6. შპს ,,ე----ს''-ს სს ,,მ------------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მეორე ინსტანციაში აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 871,58 ლარის ოდენობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ინდირა მაშანეიშვილი