განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002893074
საქმე №1ბ/1034-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------–---, გ-------------–-----;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - პ---------------- (დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ზ-------------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------–-);
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის;
სასჯელი: 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის N1/ბ-32--2017 განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი პ---------------- 2018 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 14:28 საათზე, ქ.თ---–-----–-----------------------------ში მდებარე შპს „ო------------“ N106-ე მაღაზიაში შევიდა, რა დროსაც მაღაზიაში სარეალიზაციოდ გამოფენილი პროდუქტებიდან ფარულად დაეუფლა 18,95 ლარად ღირებულ ერთ ცალ „იაკობს მონარქის“ ფირმის ხსნად ყავას, რის შემდეგაც ყავის სათანადო ღირებულების გადახდის გარეშე დატოვა მაღაზიის ტერიტორია. პ----------------ს ქმედების შედეგად შპს „ო------------“ მიადგა 18,95 ლარის მატერიალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განაჩენით, პ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ----------------მ და ითხოვა მისი გაუქმება.
მეორე მხარემ - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა გ--------------–---მ და გ-------------–-----მ ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განაჩენი არის უსამართლო, რადგან სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი.
მეორე მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განაჩენი არის სამართლიანი და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
4. სასამართლოს შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პ----------------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების ზ-----------–-------------------------–-----------------------------------------------------–----ა და პ----------------ს (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) გამოკითხვის ოქმებით, პ----------------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მაღაზიის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმით და გამოთხოვილი ვიდეომასალით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის N1/ბ-32-2017 განაჩენით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა პრეიუდიციად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ პ----------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლის სანქაციის ფარგლებში დაენიშნა სასჯელი პ----------------ს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს პ----------------ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დანაშაული ჩადენილია ანგარებითი მოტივითა და სხვისი ქონების დაუფლების მიზნით) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს ჩაედინა დანაშაული), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული), ასევე მის პიროვნებას (აღიარა ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებები პ----------------ს უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიიჩნევს, რომ პ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განაჩენი პ----------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განაჩენი;
პ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
პ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 20 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- 2019 წლის 4 იანვარს ჩატარებული პ----------------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი 1 ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- 2019 წლის 18 იანვარს ვიდეოკამერის ჩანაწერების დათვალიერების შედეგად მოპოვებული ვიდეომასალა ჩაწერილი 1 ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- 2019 წლის 20 თებერვალს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით მოპოვებული ვიდეომასალა ჩაწერილი 1 ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი