განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2019
საქმის ნომერი
330100117001922966
ინსტანცია
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100117001922966, №1/ბ-1076-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ---- კ-----–--ე

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ბ------- გ-----ა, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: დ-----–------ი, დ-----------–-----–-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–---------------------------------;

 

ადვოკატი - გ------- გ------ა.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).

 

სასჯელი:

 

განაჩენთა ერთობლიობით 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენის გაუქმება და ბ------- გ-----ას უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;

▪ ბ------- გ-----ა მიდიოდა პრობაციის ბიუროში და თან გაიყოლა გადასაყრელად გამზადებული ნაგავი, ლიფტით ჩავიდა პირველ სართულზე, სადაც შენიშნა უცხო პირები, რომლებიც აკვირდებოდნენ მას, თუმცა განაგრძო გზა და საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ ბუნკერში ჩააგდო ნაგვის პარკი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება;

▪ ბ------- გ-----ას ჯიბეში შპრიცები არ ჰქონდა, რადგან მიდიოდა პრობაციის ბიუროში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ხშირად მოძრაობენ ოპერატიული მუშაკები. ეს იყო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია. ბ------- გ-----ას მიერ ნაგვის გადაყრის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა გაიკეთა თეთრი ფერის ხელთათმანი, ჩახტა ბუნკერში, საიდანაც ამოიღო გახვეული სამი ცალი შპრიცი, თუმცა ეს შპრიცები ბ------- გ-----ას არ ეკუთვნოდა;

▪ ბ------- გ-----ამ დაადასტურა, რომ დაკავებისა და ჩხრეკის ოქმზე მოაწერა ხელი, თუმცა ოქმის შინაარსი სრულად არ წაუკითხავს;

▪ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შპრიცებში მოთავსებული იყო 0,000006 გრამი ,,მეტამფეტამინი“ და 0,000027 გრამი ,,ამფეტამინი“. ბ------- გ-----ას კი დაუდგინდა მხოლოდ ,,მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი, რაც საეჭვოს ხდის აღნიშნულ შპრიცებთან ბ------- გ-----ას კავშირს;

▪ არ ჩატარებულა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა, რითაც გაირკვეოდა ბ------- გ-----ას ჰქონდა თუ არა მოცემულ შპრიცებთან შემხებლობა;

▪ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ბ------- გ-----ას ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში;

▪ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება ნარკოტიკულ საშუალება დეზომორფინს, თუმცა, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ამფეტამინის და მეტამფეტამინის ის ოდენობა, რომელიც მოხმარების შემდეგ რჩება შპრიცში და რომლის გამოცალკავებაც არის შეუძლებელი, ასევე არ მიანიშნებს პირის განზრახვაზე და არ წარმოშობს მისი მოხმარების ობიექტურ შესაძლებლობას. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ბ------- გ-----ას მიერ ,,ამფეტამინის“ და ,,მეტამფეტამინის“ მიკროსკოპული ოდენობის შესაძლო შენახვის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა. მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე“. ბ------- გ-----ას მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების შემთხვევაშიც კი, სასამართლოს უნდა ემსჯელა ბ------- გ-----ას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

ბრალდების მხარის მოთხოვნა - დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით, ბ------- გ-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბ------- გ-----ამ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები 0,000006 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) და 0,000027 გრამი ამფეტამინი, რაც 2017 წლის 18 აპრილს, ქ------–-----------------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით ბ------- გ-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბ------- გ-----ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ბ------- გ-----ას, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. ბ------- გ-----ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. ასევე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 18 აპრილიდან 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით - 18 (თვრამეტი) დღე.

 

ბ------- გ-----ას, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ------ მ---–--ემ დაადასტურა მის მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღების და ხელმძღვანელობისთვის პატაკით მიმართვის ფაქტი. მოწმის ჩვენებით, 2017 წლის 18 აპრილს, მუშაობდა ვ---------------–--ს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილედ, რა დროსაც მასთან ახლო ურთიერთობაში მყოფი პირისგან, რომელმაც არაერთხელ მიაწოდა სანდო ინფორმაცია, ცნობილი გახდა, რომ ქ------–-----------------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო 1----–--–ს დაბადებული, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ბ------- გ-----ა, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. ინფორმაციაში მითითებული იყო ბ------- გ-----ას აღწერილობაც. აღნიშნულის შესახებ მან პატაკით აცნობა განყოფილების უფროსს და დაიკითხა მოწმის სახით.

 

ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 18 აპრილს, 14:07 საათიდან 14:30 საათამდე დროის შუალედში, ქ------–--–---------------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარდა ბ------- გ-----ას პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის დაწყებამდე, ბ------- გ-----ას წარედგინა გამომძიებელ გ------- ს--------ის დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, რომელსაც იგი გაეცნო და თანხმობა განაცხადა პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე. პირადი ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რაიმე სახის იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. პირადი ჩხრეკის შედეგად, ბ------- გ-----ას შავი ფერის ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო, ე.წ. ,,ინსულინის“ შპრიცი, რომელსაც მომწვარი აქვს ძირი. შპრიცში მოთავსებულია სითხე. ასევე, ამოღებული იქნა ერთი ცალი ერთჯერადი მოხმარების 2 მლ-იანი სამედიცინო შპრიცი, თავზე ნემსით. შპრიცში და ნემსის თავსახურში მოთავსებულია სითხე და ნივთიერება ნალექის სახით. გარდა ამისა ამოღებული იქნა ერთი ცალი ერთჯერადი მოხმარების 2 მლ-იანი სამედიცინო შპრიცი, რომლის ძირში და ნემსის გასაკეთებელ მილაკში მოთავსებულია ნივთიერება ნალექის სახით. ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს მე-3 განყოფილების N------- ლუქით. ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებაში ასევე მონაწილეობდა ე-–------- თ------ე. პირადი ჩხრეკის ოქმის, ასევე დალუქული ნივთმტკიცების სისწორე ხელმოწერით იქნა დადასტურებული მასში მონაწილე ყველა პირის, მათ შორის ბ------- გ-----ას ხელმოწერებით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი მოსამართლის განჩინებით.

მოწმეებმა ე-–------- თ------ემ და გ------- ს--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ 2017 წლის 18 აპრილს, ვ---------------–--ს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილის - გ------ მ---–--ის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქ------–---------------–----------------თან უნდა ყოფილიყო ბ------- გ-----ა, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. დაახლოებით ორ საათზე გავიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც მივიდნენ გასვლიდან დაახლოებით 10 წუთში. ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ ეზოში ნამდვილად იდგა ბ------- გ-----ა. იგი ამოიცნეს ჩაცმულობის და აღწერილობის მიხედვით. წარუდგნენ მას, აუხსნეს რომ ჰქონდათ ინფორმაცია და თხოვეს წარედგინა მათთვის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც ბ------- გ-----ამ განაცხადა უარი. ამის შემდეგ ჩაატარეს ბ------- გ-----ას პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ე-–------- თ------ის მიერ, ბ------- გ-----ას ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა სამი ცალი შპრიცი, რომელთაგან ერთი ცალი იყო ინსულინის და მასში მოთავსებული იყო სითხე, ხოლო ორ ცალში მოთავსებული იყო გარკვეული მასა. ამოღებული შპრიცებიდან ერთ-ერთს მომწვარი ჰქონდა თავი, უკანა ნაწილი ეხურებოდა ჩვეულებრივ დგუშით. მათ მანქანიდან გადმოიტანეს ე.წ. ფაილის პოლიეთილენის პარკი და ამოღებული ნივთები დალუქეს ადგილზე, რასაც მათთან ერთად ხელი მოაწერა ბ------- გ-----ამაც. ამის შემდეგ მათ დააკავეს ბ------- გ-----ა და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გადასცეს ოქმების ასლები, დალუქული ნივთიერი მტკიცებულებები კი გადასცეს გამომძიებელს. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ არ შეუნიშნავთ ადგილზე იყო თუ არა სანაგვე ურნა.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა დ----- ყ--------–---–მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ მას ე-–------- თ------ემ და გ------- ს--------ემ წარუდგინეს ე.წ. ,,ფაილში“ დალუქული ნივთიერი მტკიცებულება - სამი ცალი შპრიცი. მოწმის განმარტებით, ბ------- გ-----ამ აირჩია დუმილის უფლება, თუმცა ნარკოლოგიური შემოწმებისთვის გადაყვანაზე განაცხადა თანხმობა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 19 აპრილის ექსპერტიზის N-------------- დასკვნით, ბრალდებულ ბ------- გ-----ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული:

▪ 2 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე აღინიშნება ფსიქოტროპული ნივთიერება დიაზეპამი, წონით 0,000001 გრამი;

▪ 2,5 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული 0,1 მლ მოწითალო მღვრიე ხსნარი შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება დიაზეპამს, წონით 0,00002 გრამს, ნარკოტიკულ საშუალებებს - მეტამფეტამინს (მარილი), წონით 0,000006 გრამს და ამფეტამინს წონით 0,000027 გრამს;

▪ 1 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცში მოთავსებული 0,02 მლ გამჭვირვალე, მოყვითალო ხსნარი წარმოადგენს მარილმჟავას, რომელიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–---------- დ--------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ექსპერტს შეკითხვა დაესვა წარდგენილ სამ ცალ შპრიცში მოთავსებულ ნივთიერებებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მის მიერ ჩატარდა ინსტრუმენტული კვლევა, კერძოდ, იმის დასადგენად, თუ რა ნივთიერებას შეიცავდა აღნიშნული, დამუშავდა შპრიცში არსებული შიდა ზედაპირი. მან კვლევა აწარმოა თანამედროვე ქრომატომასსპეტრომეტრის საშუალებით, რითაც ხდება სითხის ნარევის დაყოფა, სათითაო კომპონენტების იდენტიფიცირება და რაოდენობრივი განსაზღვრა. ქრომატოგრაფის მიხედვით მოხდა იმის გადათვლა, თუ რა კონცენტრაცია იყო ხსნარში და მოხდა საბოლოო გადაანგარიშება. მოწმის განმარტებით, სუფთა ამფეტამინი და მეტამფეტამინი ზოგადად არის სუფთა, გამჭვირვალე ნივთიერება, არის არა სითხე, არამედ - მყარი ნივთიერება. რაც შეეხება დოზებს, ნარკოტიკული საშუალების რა ოდენობა იწვევს ნარკოტიკულ თრობას, პასუხის გაცემა არ შეუძლია, რადგან პროფესიით არის ქიმიკოსი. აღნიშნულზე პასუხის გაცემა შეუძლია ექიმ ნარკოლოგს. მანვე აღნიშნა, რომ იმის თქმა მოწითალო ფერი ნარკოტიკის ფერია თუ კუსტარული წარმოების, არის შეუძლებელი. შესაძლოა, ტექნოლოგიის ეტაპზე ჰქონდეს ისეთი მინარევი, რაც განსაზღვრავს ფერს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- უ---–---მ და განმარტა, რომ ამფეტამინი და მეტამფეტამინი არის თეთრი ფხვნილი და გააჩნია რაში გაიხსნება იგი, რადგან კუსტარულად დამზადებული იცვლის შეფერილობას. ისევე, როგორც ყველა ქარხნულ აბს, მასაც აწერია ვარგისიანობის ვადა და ვადასთან ერთად, შეიძლება შეიცვალოს მისი ფერი, ვიზუალი და შემადგენლობა. ანალოგიურად იცვლება კუსტარულად დამზადების შემთხვევაშიც. მოწმის განმარტებით, შპრიცში მოთავსებულ მოწითალო სითხეში იყო თუ არა სისხლის შემცველობა, ამის დასადგენად საჭიროა სხვა, სპეციალური ქიმიური გამოკვლევის ჩატარება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 18 აპრილის გამოკვლევის N------- დასკვნით, ბ------- გ-----ას კლინიკური გამოკვლევით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ ყოფნა, ხოლო ლაბორატორიული გამოკვლევისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - მეტადონისა და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი, ასევე, ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ლ---- ე-–--–---–მა და თ----- ბ------–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტეს, რომ 2017 წლის 18 აპრილს ბ------- გ-----ა შემოწმებულ იქნა იმუნოქრომტესტით და ლაბორატორიული მეთოდით. იმუნოქრომტესტიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება, საბოლოოდ კი, ბ------- გ-----ას დაუდგინდა მეტადონის და მეტამფეტამინის, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების - ბენზოდიაზეპინების ჯგუფის შემცველობა ორგანიზმში. მოწმეთა განმარტებით, ხშირი მოხმარების დროს მეტადონი (როდესაც პროგრამაშია ადამიანი) ორგანიზმში რჩება დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, ამფეტამინი და მეტამფეტამინი კი - შვიდი დღე, მაგრამ ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია ორგანიზმზეც. მე-8 დღეს აპარატმა ორგანიზმში ამ ნივთიერების არსებობა არ უნდა დააფიქსიროს. კლინიკურ გამოკვლევისას ხდება სხვადასხვა სიმპტომებზე დაკვირვება. მოცემულ შემთხვევაში, ბ------- გ-----ას აღენიშნებოდა თრობის ნიშნები, სავარაუდოდ მეტადონის. კლინიკური ნიშნებით შესაძლებელია იმის თქმა, თუ რომელი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო ადამიანი, თუმცა რა დოზას რა თრობის გამოწვევა შეუძლია ინდივიდუალურადაა დამოკიდებული ორგანიზმზე. როდესაც აღნიშნული ზუსტად ვერ დგინდება ექსპრეს მეთოდით (იმუნოქრომტესტით), მაშინ მასალა კვლევისთვის იგზავნება ლაბორატორიულ შემოწმებაზე. მასალა ასევე შეიძლება გაიგზავნოს, როცა ექსპრეს მეთოდი აჩვენებს დადებით შედეგს, თუმცა პირი უარყოფს მოხმარების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში მასალის ლაბორატორიულ კვლევაზე გაგზავნა განაპირობა ექსპრეს მეთოდის შედეგმა. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ დიაზეპამი შედის ბენზოდიაზეპინების ჯგუფში. ბიოლოგიურ მასალაში ნივთიერება რამდენ ხანში დაფიქსირდება, დამოკიდებულია ორგანიზმში არსებულ მეტაბოლურ პროცესებზე, შესაძლოა რომ 30-40 წუთში არ დაფიქსირდეს. ექსპერტმა ლ---- ე-–--–---–მა კატეგორიულად გამორიცხა ამ საქმესთან დაკავშირებით მასთან რაიმე სახის სატელეფონო ზარების განხორციელება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბ------- გ-----ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მიდიოდა სახლიდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარე პრობაციის ბიუროში, რადგან იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და ევალებოდა ყოველი კვირის სამშაბათ დღეს გამოცხადება. სახლიდან გასვლისას, გადასაყრელად გაიყოლა ნაგავი. ლიფტიდან გასვლისას შეხვდა რამდენიმე მამაკაცი, რომლებსაც იმ დროს არაფერი უთქვამთ. მან ნაგავი ჩაყარა ურნაში, რა დროსაც მივარდნენ აღნიშნული მამაკაცები, რომელთაგან ერთ-ერთი, რომელსაც ეკეთა რეზინის თეთრი ხელთათმანები, ჩახტა სანაგვე ურნაში, საიდანაც ამოიღო ორი პარკი და ჰკითხა, იყო თუ არა მისი, რაზეც განუცხადა თანხმობა, თუმცა ამ პარკებიდან არაფერი ამოუღიათ. ამის შემდეგ ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს მხოლოდ 10 ლარი, სხვა არაფერი ჰქონდა თან, მათ შორის არც ტელეფონი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ მას მიაწოდეს ოქმი, რომელშიც მათივე განმარტებით დაფიქსირებული იყო ის, რაც ამოიღეს და უთხრეს, რომ მასზე მოეწერა ხელი. მან ისე მოაწერა ოქმზე ხელი, რომ შინაარსს არ გაცნობია. გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც უთხრეს, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული შპრიცები ეკუთვნოდა მას, თუმცა მის მიერ გადაყრილი ნაგვის ცელოფნებში შპრიცები მოთავსებული არ ყოფილა. მისივე განმარტებით, თავიდან მიიტანეს ორი შპრიცი, რომელთაგან ერთში მოთავსებული იყო წითელი ფერის სითხე, შემდეგ კი ეს შპრიცები გახდა სამი ცალი. იზოლატორში ყოფნისას გაიგო, რომ ემუქრებოდა 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. მას ეუბნებოდნენ, რომ არ მისცემდნენ წელიწადნახევარზე მეტს, თუმცა აღნიშნულზე იყო უარზე, რადგან იყო უდანაშაულო. ნარკოლოგიურ თრობაზე შემოწმებისას ტესტერით მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა, რის შემდეგაც მასალა გადააგზავნეს სხვა ანალიზის ჩასატარებლად. დაკავებისას მოხმარებული ჰქონდა მეტადონი, რასაც იღებდა პროგრამის ფარგლებში, ასევე დანიშნული ჰქონდა დიაზეპამის მოხმარებაც, თუმცა მეტამფეტამინი მოხმარებული არ ჰქონდა. დაკავების ოქმში არასწორად არის მითითებული, თითქოს იგი დააკავეს ოთხ საათზე, რეალურად იგი დაკავებული იქნა დღის ორ საათამდე პერიოდში. მას დაკავებისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები მოექცნენ უხეშად. მას იზოლატორში მიაკითხა გამომძიებელმა, მაგრამ მისთვის არაფერი გადაუცია და არც ხელი მოუწერია რამეზე, მათ შორის არც მასალების ასლების გადაცემაზე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ბ------- გ-----ა დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით, ამასთან, ჩხრეკის ოქმის კანონიერება შემოწმებული აქვს სასამართლოს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ პირადი ჩხრეკის თითოეული გვერდი ხელმოწერით აქვს დადასტურებული თავად ბ------- გ-----ას და ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა დაფიქსირებული არ აქვს. ანალოგიური ხელმოწერა ფიქსირდება ლუქზე, რომლითაც დაილუქა ამოღებული შპრიცები, რომლის ფოტოასლიც დაფიქსირებული აქვს ექსპერტს დასკვნაზე თანდართულ ფოტოცხრილში. ამ პირობებში, პალატა ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ ბ------- გ-----ას ჩვენებას, რომ თითქოს მას არ წაუკითხავს ოქმი, რაზეც ხელს აწერდა და გარდა ამისა, შპრიცები აჩვენეს განყოფილებაში, რაც წინააღმდეგობაშია წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. ჩხრეკის ოქმში საერთოდ არაა მითითება 10 ლარზე, რაც თითქოს ბ------- გ-----ას ჩვენებით ამოიღეს მისგან, ასევე დაუსაბუთებელია თუ როგორ უნდა გაჩენილიყო ლუქზე ხელმოწერა მაშინ, თუ ჯერ კიდევ დაულუქავი შპრიცები აჩვენეს ბრალდებულს განყოფილებაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა. საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებები, მათ მიერ გაცემული დასკვნების ირგვლივ, სასამართლოს აძლევს საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა დარწმუნდეს საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის სისრულესა და ობიექტურობაში.

 

პალატას ასევე არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დეტალურად აღწერეს პოლიციის თანამშრომლებმა. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მისი შინაარსის, ჩხრეკის მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებები შესაბამისობაშია როგორც საგამოძიებო მოქმედების ოქმებთან, ისე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნასთან და ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის უზუსტობები არ არსებობს. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ პოლიციის თანამშრომელმა ურნაში იპოვა აღნიშნული შპრიცები და ფაქტობრივად ოქმის გაყალბება მოხდა იმის დაფიქსირებით, რომ ისინი ამოღებული იქნა ქურთუკის ჯიბიდან, პალატის მიერ ასევე ვერ იქნება გაზიარებული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს. თუ პოლიციის თანამშრომლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იჩენდნენ მისდამი დაინტერესებას და რაიმე ფორმით განახორციელეს მისი უფლებების დარღვევა ან შეზღუდვა, მას ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა ეცნობებინა სამართალდამცავი ან სხვა ორგანოებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც მას არ გაუკეთებია და მხოლოდ მისი სასამართლოში მიცემული განმარტება ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელ----ტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს უნდა ჩაეტარებინა სხვა საექსპერტო კვლევები (ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა), რაც აღმოჩნდებოდა მყარი მტკიცებულება ბ------- გ-----ას დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პალატა არ უარყოფს სხვა მტკიცებულებების მნიშვნელობას საქმისთვის და მიაჩნია, რომ გამოძიებამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებების მოპოვება. თუმცა, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე ადასტურებენ ბ------- გ-----ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. თუ დაცვის მხარემ თავად ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, საქმის მასალების მიხედვით ასევე არ დგინდება, რომ მიმართეს გამოძიებას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ექსპერტიზის ჩატარების ან სხვა მტკიცებულებების მოპოვების მოთხოვნით. ამ პირობებში დაცვის მხარის მიერ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძველს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს“ (ვრცლად იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 14).

 

პალატას ბ------- გ-----ას მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტი დადასტურებულად მიაჩნია, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ბ------- გ-----ას პოზიცია, რომ ჩხრეკის ოქმში მითითებული შპრიცები მას არ ჰქონია და ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა, წარმოადგენს მსჯავრდებულის მცდელობას, თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები უშუალოდ და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდების საფუძვლიანობასა და სისწორეზე. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ბ------- გ-----ას ლაბორატორიული შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტიც და მსჯავრდებულის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება საერთოდ არ ჰქონდა მოხმარებული, არადამაჯერებელია. ის ფაქტი, რომ ბ------- გ-----ას არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის მოხმარება, უპირობოდ არ გამორიცხავს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ფლობას, რასთან დაკავშირებით დეტალურად აქვს პასუხი გაცემული სასამართლოს. პალატას მიაჩნია, რომ დასაბუთებულია განაჩენში მითითებული თითოეული მსჯელობა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი მსჯავრებულის გამართლების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დაცვის მხარე ასევე უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალების ოდენობებიდან გამომდინარე, ბ------- გ-----ას მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საერთო სასამართლო არაა უფლებამოსილი არაკონსტიტუციურად ცნოს ესა თუ ის ნორმა. პალატას არც იმის უფლებამოსილება გააჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუსადაგოს ბ------- გ-----ას ბრალდების საქმეს, სადაც სახეზეა სულ სხვა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტი.

 

პალატა განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ტერმინის - “ზიანის” მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი მასში მოიაზრებს როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ ზიანს. ასევე აღსანიშნავია, რომ ზიანის მიხედვით ქმედების კრიმინალიზება მიბმულია ქმედების ხასიათზე, და სწორედ აქედან გამომდინარე ზიანის ოდენობით მისი კრიმინალიზაციის ლიმიტირებაზე, ზოგადად კი დევიაციური ქმედების საშიშროების ხარისხზე, რისი უგულებელყოფაც საკითხის ზედაპირულ შეფასებამდე მიგვიყვანდა და კანონმდებლის ნამდვილ ნებას დათრგუნავდა არაპროპორციული მიდგომის დანერგვით. ამ თვალსაზრისით ყურადღება სწორედ ქმედების ხასიათსა და მასში გამოხატულ მართლსაწინააღმდეგო ნებას უნდა მიექცეს და არა მხოლოდ ზიანის მათემატიკურ გამოსახულებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონით, განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა. ნუსხის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების „ამფეტამინის“ და „მეტამფეტამინის“ ნებისმიერი ოდენობა 1 გრამამდე წარმოადგენს დიდ ოდენობას, ხოლო 1 გრამიდან განეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას. შესაბამისად, ბ------- გ-----ას მიერ, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა წარმოადგენს დიდი ოდენობით - მეტამფეტამინს (მარილი), წონით 0,000006 გრამს და ამფეტამინს წონით 0,000027 გრამს. პალატას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და მტკიცებულებები კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების საშიშროების, საკმარისობის და სხვა გარემოებების თაობაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის გამოსაყენებლად განზრახი დანაშაულის დროს უნდა დადგინდეს, რომ დამნაშავე პირის (სუბიექტის) განზრახვა მიმართული იყო ისეთი მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედების ჩადენაზე, რომელიც უმნიშვნელო ზიანს აყენებს (ან ქმნის ასეთი ზიანის საფრთხეს) სამართლით დაცულ სიკეთეს. პალატას მიაჩნია, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდება, ქმედებაში მასში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების ხასიათის და ხერხის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მცირე მნიშვნელობის მქონეს. შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის აპელირება ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ ბ------- გ-----ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეციდივის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი სამართლიანია. პალატას მიაჩნია, რომ განაჩენში ცვლილების შეტანის გზით უნდა გასწორდეს სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის ნაწილში, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ბ------- გ-----ას მოსახდელი აქვს 5 თვით და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ბ------- გ-----ას და მისი ადვოკატის გ------- გ------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ბ------- გ-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ბ------- გ-----ას მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით და საბოლოოდ, ბ------- გ-----ას, სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის ვადის ათვლა ბ------- გ-----ას დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 მაისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 18 აპრილიდან 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით - 18 (თვრამეტი) დღე.

 

ბ------- გ-----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი დაუბრუნდება გირაოს შემტან პირს.

 

ბ------- გ-----ას, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობება შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

ბ------- გ-----ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შპრიცები, მათში არსებული ხსნარით - განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე