განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2019
საქმის ნომერი
110100119003071039
ინსტანცია
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119003071039

საქმე №1/ბ-557-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--–- ა-------ს ძე ტ--–----ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 23 დ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი:3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: საჩხერის რაიონი სოფელი ა--------.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ--–- ტ--–----ემ ჩაიდინა: ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 9 ივნისს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-------ში მცხოვრები გ--–- ტ--–----ე, დაახლოებით 20:00 საათზე, სახლში დაბრუნდა მძიმე ხარისხის ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რა დროსაც დედას - ლ--–- ტ--–----ეს, რომელიც მის მიმართ გამოხატავდა უკმაყოფილებას ალკოჰოლური სასმელის სისტემატურად მიღების გამო, დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდეგაც, დაახლოებით 22:30 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში, აიღო სამზარეულოში არსებული დანა და ლ--–- ტ--–----ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენით გ--–- ტ--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, გ--–- ტ--–----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

გ--–- ტ--–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 9 ივნისიდან, 2019 წლის 8 ივლისის ჩათვლით;

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, გ--–- ტ--–----ეს დაეკისრა მოვალეობა: 1) პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; 2) ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–-- გ--–------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ--–- ტ--–----ის მიმართ ისეთი სასჯელის დანიშვნას რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ--–- ტ--–----ე ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, რის გამოც არსებობს მაღალი ალბათობა მის მიერ ჩადენილ ქმედებას უფრო მძიმე და გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ სიმთვრალეში. ამდენად, დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას, მსჯავრდებულის პიროვნებას და ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა.

 

მსჯავრდებულ გ--–- ტ--–----ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--–- ტ--–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ--–- ტ--–----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - ლ--–- ტ--–----ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების: ა-----------–--------------–--–---–--------------------------- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ--–- ტ--–----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ--–- ტ--–----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ--–- ტ--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, გ--–- ტ--–----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

გ--–- ტ--–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 9 ივნისიდან, 2019 წლის 8 ივლისის ჩათვლით;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, გ--–- ტ--–----ეს დაეკისროს მოვალეობა: 1) პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; 2) ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

 

საქართველო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს

პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ასევე, დამატებით სასჯელზე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამზარეულოს დანა, რომელიც ინახება საჩხერის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე