განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003013918
საქმე №1ბ/1262-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის პროკურატურის თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნო-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------- ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ. თბილისი, გ-–---------------------------------------------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით ნო-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ნო-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, გ-–--------------------------------------------------------–-, ნო-----------–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თე------------–-–---–ის მიმართ, კერძოდ, ნო-----------–---–ს მიაჩნდა, რომ თე------------–-–---–ი, როგორც ქალი და მეუღლე, ვალდებული იყო დამორჩილებოდა ქმარს და მისი მოთხოვნის შესაბამისად ემოქმედა. მას შემდგომ, რაც 2019 წლის 14 აპრილს სახლში დაბრუნებულს, მამრობითი სქესის ხელოსანი დახვდა მეუღლესთან ერთად სახლში, აღნიშნული მიიჩნია ქალის სოციალური როლისათვის შეუფერებელ ქცევად და შეკრული ხელის მტევანი დაარტყა თე------------–-–---–ს მხრისა და ბეჭის არეში და ხელი მოუჭირა ნიკაპზე, რა დროსაც თე------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა თე------------–-–---–ის არასრულწლოვანი შვილი, 4 წლის მარიამ სირბილაშვილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა-------------–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა ნო-----------–---–ის სასჯელის დამძიმების კუთხით და ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა ნო-----------–---–ის ქმედებების ხასიათი, ქმედების განხორციელების გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე. სასამართლომ შეუსაბამოდ მსუბუქი და არათანაზომიერი სასჯელი გამოიყენა მის მიმართ, რომელიც არათუ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უზრუნველყოფს, არამედ პირს შესაძლოა კვლავ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისკენ უბიძგოს. დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარი სახისა და ზომის სასჯელი, რომელსაც ექნება შემაკავებელი ეფექტი და მსჯავრდებულს განმეორებით აღარ წარმოეშობა სურვილი განახორციელოს ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ. ბრალდების მხარის მოსაზრებით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მსუბუქი სასჯელის გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც პირის მიერ ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, არათუ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, არამედ წამახალისებელიც კი იქნება მსჯავრდებულისათვის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის. აპელანტის აზრით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ ნო-----------–---–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მსგავსი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულების ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც, თავის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი და ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები. აპელანტი ასევე მიუთითებს საერთაშორისო მექანიზმებზე, რომლებიც სახელმწიფოს მოუწოდებენ განახორციელონ რიგი ღონისძიებები, რათა ქალთა მიმართ ძალადობა იქნეს სათანადოდ პასუხ გაცემული.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულებისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ნო-----------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულ ნო-----------–---–ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, იგი დასაქმებულია თ-----–-----------------–-----–---–-------------–---------–--------–---–-------------–------------–----–-- საიდანაც ხასიათდება დადებითად, ასევე, მის კმაყოფაზე არიან მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი ბებია. ამასთანავე, სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულისაგან მომდინარე საფრთხეები და მიიჩნია, რომ მისი პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, აღნიშნული საფრთხეების აღკვეთა შესაძლებელი იქნებოდა არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც და ნო-----------–---–ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ნო-----------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი ნო-----------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნო-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ნო-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 15 აპრილიდან 2019 წლის 25 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
მსჯავრდებულ ნო-----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი სამხედრო სამსახურში მუშაობის განმავლობაში, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს საქართველოს თ-----–----------------------–---–-------------–---------–-------–-–------------–-----–----–-----------------–---------–------ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, გამოსაცდელი ვადის დარჩენილ პერიოდში, ნო-----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნო-----------–---–ს დაევალოს ყოფაქცევაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნატეხები (ინახება შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანინაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე