განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 811210019002826088
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-812-2019 17 სექტემბერი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ნ----- ც----ე
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ---–- ფ--------ე
დავის საგანი - განქორწინება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 22 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეწყდა ჯ---–- ფ--------ეს პ/ნ 6---------- და ნ----- ც----ეს პ/ნ 6---------- შორის 1981 წლის 16 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის #---. გასაჩივრებული განჩინებით უარი ეთქვა მოპასუხე ნ----- ც----ეს 2019 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. მაგისტრატმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია 2.1. ჯ---–- ფ--------ემ სარჩელით მიმართა წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხე ნ----- ც----ის წინააღმდეგ იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელე 1981 წლის 16 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ნ----- ც----ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებს შორის ჩამოყალიბდა უთანხმოება. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეების ცხოვრობენ ერთ სახლში მათი თანაცხოვრება შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მასსა და მოპასუხე ნ----- ც----ეს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას. 2.1.1. წერილობით შესაგებელში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ განქორწინების წინააღმდეგია. 2.1.2. სასამართლოს მიერ მხარეებს მიეცათ შერიგების ვადა ერთი თვე. საქმე სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2019 წლის 24 აპრილს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე ნ----- ც----ეს მთავარი სხდომის უწყება ჩაბარდა 2019 წლის 20 მარტს (ხელწერილი), მაგრამ იგი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. 2.1.3. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. 2.1.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. 207-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის. 2.1.5. მოპასუხეს სასამართლო უწყება ჩაბარდა 2019 წლის 20 მარტს და მას ჰქონდა საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის. 2.1.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. მოპასუხე მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2.1.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 2.1.8. სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: 2.2. სასამართლო სხდომის თარიღი მხარეებს ეცნობათ 2019 წლის 20 მარტს. 2.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. 2.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 2.2.3. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ გამოცხადდა საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, ვინაიდან წარმოდგენილი N3676 სამედიცინო ბარათის თანახმად, მოპასუხე ნ----- ც----ემ ჯანმრთელობის პრობლემების გამო სასაწრაფო სამედიცინო სამსახური გამოიძახა 2019 წლის 22 აპრილს. საქმის განხილვა დანიშნული იყო 2019 წლის 24 აპრილს, შესაბამისად მისი გამოუცხადებლობა ვერ ჩაითვლებოდა საპატიო მიზეზად, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტი რომელიც პირდაპირ მიუთითებდა მოპასუხის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა ნ----- ც----ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. 2019 წლის 24 აპრილის სხდომის თაობაზე უწყება აპელანტს არ ჩაჰბარებია, არამედ 2019 წლის 20 მარტს ჩაჰბარდა 2019 წლის 22 მარტის სხდომის თაობაზე უწყება. 3.2. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება აპელანტის მიერ წარმოდგენილ ცნობას, რომ იგი არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, მკვეთრად გამოხატული ხარისხით და იღებს მუდმივად სოცალურ პაკეტს, თვეში 200 ლარის ოდენობით, ასევე არ მისცა სათანადო შეფასება აპელანტის მიერ წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას და უკანონოდ უთხრა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე. 3.3. მოწინააღმდეგე მხარეს განქორწინება უნდოდა იმიტომ, რომ ხელი მოეწერა რუსეთის მოქალაქე ქალთან, რათა ბინადრობის უფლება მიეღო, მაგრამ ამჟამად, ის ქალი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, რადგან ფიქტიურია და, შესაბამისად, გაჩნდა ქორწინების შენარჩუნების შესაძლებლობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ჯ---–- ფ--------ემ (მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ნ----- ც----ის (აპელანტი, მოპასუხე) წინააღმდეგ და განქორწინება მოითხოვა. 4.2. სასამართლოს სხდომა დაინიშნა 2019 წლის 24 აპრილს, რის თაობაზეც აპელანტს პირადად ეცნობა 2019 წლის 20 მარტს, თუმცა იგი სხდომაზე არ გამოცხადდა და სასამართლოსათვის არც გამოუცხადებლობის მიზეზი არ უცნობებია. 4.3. ამის გამო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 4.4.1. როგორც აღინიშნა, პირველი ინტანციის სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოასუხე, რომელიც სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული და გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე მას სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებია. 4.4.2. ამის შესაბამისად, მაგისტრატმა მოსამართლემ სავსებით სწორად დაადგინა, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელი იყო და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. 4.5. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა ავადმყოფობით იყო გამოწვეული. 4.5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი აპელანტს ეკისრებოდა, მან კი თავისი პოზიცია ვერ დაამტკიცა. 4.5.2. აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა „ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, რომლითაც დგინდება, რომ მან სამედიცინო დაწესებულებას 2018 წლის 14 დეკემბერს მიმართა და, ასევე, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის „სამედიცინო ბარათი“, რომლის მიხედვითაც, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება 2019 წლის 22 აპრილს გაეწია. 4.5.3. ეს კი 2019 წლის 24 აპრილს სასამართლოში მისი გამოცხადების შეუძლებლობას, ცხადია, არ ადასტურებს. 4.6. პალატა არ ეთანხმება აპელანტს, რომ მას სასამართლოს სხდომის თაობაზე უწყება არ ჩაბარებია. 4.6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. 4.6.2. საქმეში არსებული „სასამართლო უწყებით“ (ს.ფ. 40) დგინდება, რომ აპელანტმა იგი სასამათლოს შენობაში პირადად ჩაიბარა, რაც ხელმოწერით დაადასტურა კიდეც. უწყებაში სხდომის თარიღად კი, სწორედ, 2019 წლის 24 აპრილი იყო მითითებული. 4.7. პალატის აზრით, აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარე ხელმეორედ დაქორწინებას ვერ ახერხებს, დავის საგანთან კავშირი არა აქვს და პალატა მას ვერ შეაფასებს. 4.8. ამის გამო, პალატის აზრით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა და, ამიტომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ნ----- ც----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 22 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე