განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002578655
საქმე №1ბ/545-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძისა და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: გ--------------–---–---------–-------------–----
ადვოკატის: ა------------–---–--
მსჯავრდებულის: ჯ--------------–-–---–--
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ჯ--------------–-–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ჯ--------------–-–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, თ---------------------–-----------–--–---------------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით, ჯ--------------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ჯ--------------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ივნისიდან.
ჯ--------------–-–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ნოემბრის განაჩენით, ჯ--------------–-–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, ჯ--------------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ჯ--------------–-–---–- მგზავრობდა N-- ავტობუსით, რა დროსაც მგზავრობისას ქ.თბილისში, გლ------------------------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ცდილობა თ------------–--- ხელჩანთიდან დაუფლებოდა რაიმე ღირებულ ნივთს, რაც შემჩნეული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ და იგი ადგილზე იქნა დაკავებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ--------------–-–---–-- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო თუ პალატა არ გაიზიარებდა აღნიშნულ მოთხოვნას, ასეთ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირება სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა ჯ--------------–-–---–-- ნასამართლობები.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
- აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ჯ--------------–-–---–-- ბრალეულობას. ამასთან, სასამართლოში დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის, როგორც ერთმანეთთან, ისე დაზარალებულ თ------------–--- ჩვენებასთან. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დადებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ თ------------–--- ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 29 ივნისს მგზავრობდა N-- სამარშუტო ავტობუსით „ა-------–------------- მიმართულებით. ავტობუსში ავიდა უკანა კარიდან და დადგა ბარათის დასაფიქსირებელ აპარატთან. მარჯვენა ხელი ეკიდა ბოძზე, ხოლო მარცხენა მხარეს, გვერდზე ჰქონდა გადაკიდებული ჩანთა. ავტობუსში სავარძლები დაკავებული იყო, ხოლო რამდენი კაცი იდგა ფეხზე, არ ახსვს. რაც შეეხება ჩანთას, ის საშუალო ზომის იყო, რომელსაც ერთი ელვაშესაკრავი წინიდან აქვს, ხოლო ორი ჩვეულებრივ ზემოდან. უკნიდან შემოესმა მამაკაცის ხმა ,,ჩადე ეხლა უკან, რაც ამოიღეო“. ვინაიდან მის უკან იდგა ბოძი ვერ შეძლო უცებ შემოტრიალება, დაახლოებით 45 გრადუსით შემოტრიალდა და დაინახა, რომ მის უკან ორი მამაკაცი იდგა. შავებში ჩაცმულ მამაკაცს (ჯ--------------–-–---–-)მის ჩანთაში ჩაყოფილი ჰქონდა ხელის მტევანი, ხოლო მეორე მამაკაცს კი ის ხელი ეჭირა და მოუწოდებდა ჩანთიდან ხელის ამოღებისკენ, შემდეგ ამ მამაკაცს ჩანთიდან ამოაღებინა ხელი, რომელშიც არაფერი ეჭირა. ამ მამაკაცმა განუცხადა, რომ იყო პოლიციელი. მასთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა პოლიციის თანამშრომლები. შემდეგ ავტობუსიდან ჩავიდნენ თავად თ------------–--- პოლიციის თანამშრომლები და შავებში ჩაცმული პიროვნება, რომელიც დააკავეს. დაზარალებულის განმარტებით, მას ჩანთა გადაკიდებული ჰქონდა არ ზურგზე, არამედ მარცხენა მხარეს ხელზე, ხოლო შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა გაუხსნა ის ელვა შესაკრავი, რომელიც მისთვის ადვილი იყო და ვერ იგრძნო გახსნის მომენტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში პოლიციის თანამშრომელმა, მოწმე კ--------------- განმატა, რომ 2018 წლის 29 ივნისს ჯიბის ქურდობის გამოვლენის მიზნით, მის თანამშრომლებთან თ-------------------------------------–------- ერთად გადაადგილდებოდა გ-–------ რაიონის ტერიტორიაზე, რა დროსაც გ-–------ მ------------------ კორპუსთან ავიდნენ N-- ავტობუსში. თ--------------- ავიდა უკანა კარებიდან, ხოლო თავად დ----------–------- ერთად წინა კარებში, გაჩერდნენ მძღოლის უკანა მხარეს და აკვირდნებოდნენ ავტობუსის შიდა პერიმეტრს . სავარძლები ფაქტობრივად შევსებული იყო, ხოლო წინა და უკანა კარებებს შორის იდგა დაახლოებით 3-4 ადამიანი. უკანა კარიდან შემოესმა ხმა :„დააბრუნე, რაც ამოიღეო“. დ----------–------- ერთად მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც თ--------------- იდგა და დაინახა, რომ შავებში ჩაცმულ პიროვნებას, რომელიც შემდეგ ჯ--------------–-–---–- აღმოჩნდა, ახალგაზრდა გოგონას ჩანთაში ხელი ჰქონდა ჩაყოფილი და თ---------------ს მისი ხელი ეკავა. მას არ ახსოვს, თუ რომელი ხელი ჰქონდა ჯ--------------–-–---–- ჩანთაში ჩაყოფილი(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 22.10.18; 13:12:18). მოწმის განმარტებით, არ ახსოვს, გოგონას როგორ ჰქონდა გადაკიდებული ჩანთა და როგორი ელვაშესაკრავი ჰქონდა მას. მათ დაზარალებული და ჯ--------------–-–---–- ერთი გაჩერების შემდეგ ჩამოიყვანეს ავტობუსიდან და თ---------------მ შეადგინა ჩხრეკისა და დაკავების ოქმი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე დ----------–------ მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დაზარალებული და ჯ--------------–-–---–- დაახლოებით ავტობუსის შუაში იდგნენ. გოგონას ჩანთა მარცხენა მხარეს ხელზე ჰქონდა გადაკიდებული, ჩანთა იყო შავი ფერის და ელვაშესაკრავი ჰქონდა გახსნილი.
პირველი ისტანციის სასამართლოში მოწმე თ---------------მ ავტობუსში შექმნილი ვითარება აღწერა შემდეგნაირად. ის ავიდა უკანა კარებში, ხოლო დ----------–-----------------------ა წინა კარებში და იყურებოდნენ ავტობუსში მყოფი ადამიანების მიმართულებით. სავარძლები შევსებული იყო, ხოლო ფეხზე იდგა დაახლოებით 4-5 ადამიანი. წინა და უკანა კარებებს შორის დაშორება იქნებოდა დაახლოებით 2-3 მეტრი. კიბესთან იდგა გოგონა ხოლო მის უკან შავებში ჩაცმული პიროვნება, როგორც შემდგომ გაირკვა, იყო ჯ--------------–-–---–-. მოწმის განმარტებით, მსჯავრდებული დაზარალებულთან მიმართებით არც მარჯვნივ იდგა და არც მარცხნივ, ხოლო თავად მათგან დაახლოებით ერთ მეტრში იდგა. გოგონას ჩანთა მარცხენა მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. ჩანთის გახსნის მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ დაინახა,რომ ჯ--------------–-–---–-- როგორ ჩაუყო ხელი ჩანთაში, რა დროსაც დაუძახა, „რაც ხელში გაქვს, უკან ჩააბრუნეო“ და მარჯვენა ხელი მოკიდა მარჯვენა ხელზე. როდესაც ჩანთიდან ამოაღებინა ხელი, ჯ--------------–-–---–- ხელში არაფერი არ ჰქონდა, მისი თანამშრომლები ყველაფერს ამას დაინახავდნენ, რადგანაც მის ყვირილზე ისინიც მივიდნენ მათთან. აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებულიც და ჯ--------------–-–---–-ც ჩაიყვანეს ავტობუსიდან, რომელსაც პირადი ჩხრეკა ჩაუტარა და დააკავა.
აპელანტს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვი შეაქვს იმ კუთხით, რომ თუ მას ხელჩანთა გადაკიდებული ჰქონდა მარცხენა მხარეს, ჯ--------------–-–---–-, რომელიც მის უკან იდგა ვერანაირად ვერ შეძლებდა მარჯვენა ხელის მის ჩანთაში ჩაყოფას და ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებული მემარცხენეა.
პალატა აღნიშნავს, ამ თვალსაზრისით დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა, ვინაიდან ის ვერ აკონკრეტებს რომელი ხელი ჩაუყო მსჯავრდებულმა. იგივეს უთითებს თავის ჩვენებაში კ--------------- რაც შეეხება მოწმე დ----------–---- ,ის მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს, რომ ჯ--------------–-–---–- ჩანთაში მარჯვენა ხელი ჰქონდა ჩაყოფილი. ერთადერთი მოწმე რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს მარჯვენა ხელი ჰქონდა ჩაყოფილი ჩანთაში არის თ---------------. აღნიშნული მოწმისათვის არავითარი დაინტერესების საგანს არ წარმოადგენდა ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რომელი ხელი ექნებოდა ჩაყოფილი ჯ--------------–-–---–- ჩანთაში. მან თქვა ის, რაც დაინახა. ამ შემთხვევაში აპელანტის მხრიდან მტკიცებით ფორმაში იმის დასაუთება, რომ მოწმეთა ჩვენებები ამ ნაწილში არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ჯ--------------–-–---–- ვერანაირად ვერ გამოიყენებდა მარჯვენა ხელს მისი პოზიციიდან გამომდინარე და იგი ამასთან მემარცხენეა, ნაკლებად დამაჯერებელია, ვინაიდან უტყუარად არც ის არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებული მემარცხენეა და ამასთთნ, გასათვალისწინებელია მოწმე თ---------------- ჩვენების ის ნაწილიც, სადაც ის მიუთითებს, რომ მსჯავრდებული დაზარალებულთან მიმართებაში არც მარცხნივ იდგა და არც მარჯვნივ, ის თითქმის „მიტმასნილი“ იყო მასზე.
გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარე მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობებზე უთითებს იმ თვალსაზრისით , თუ რა მდგომარეობა იყო ავტობუსში ხალხის რაოდენობის კუთხით. როგორც დაზარალებულის, ისე აღნიშნული მოწმეების ჩვენებებითაც დგინდება, რომ ავტობუსში თითქმის ყველა სავარძელი დაკავებული იყო, მოწმეები აღნიშნავენ, რომ შუაში იდგა დაახლოებით 4-5 კაცი. დაზარალებული ვერ აკონკრეტებს ავტობუსის შუა ნაწილში, თუ რამდენი ადამიანი იდგა. მოწმე კ--------------- ნამდვილად განაცხადა, რომ ავტობუსში კარგი თვალთახედვის არეალი იყო, თუმცა აქ უნდა გამახვილდეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მისი ჩვენების თანახმად, მან ქურდობის ფაქტი შენიშნა არა ავტობუსის წინა ნაწილიდან, სადაც ის იდგა და რაზედაც აპელირებს აპელანტი, არამედ, როდესაც გაიგონა თ---------------- ხმა და მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც იდგა ეს უკანასკნელი დაზარალებულთან და ჯ--------------–-–---–---- ერთად.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს მოწმე დ----------–----- ჩვენების იმ ნაწილზეც, სადაც ის აღნიშნავს, რომ დაზარალებული და ჯ--------------–-–---–- იდგნენ ავტობუსის შუა ნაწილში, მაშინ, როდესაც კ---------------- თ---------------- და თავად დაზარალებულ თ------------–--- ჩვენებებით დგინდება, რომ ეს უკანასკნელი ჯ--------------–-–---–---- ერთად ავტობუსის უკანა ნაწილში იდგნენ.
პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ შემოწმდეს რამდენად საფუძვლიანია მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, უნდა შეფასდეს რამდენად ეხება ეს წინააღმდეგობები მტკიცების საგანს, რომელშიც მოიაზრება: თვითონ მომხდარი ფაქტის ნამდვილობა, დრო და ადგილი, ფაქტის მონაწილე პირები, მათი მოქმედებები და დამდგარი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა შეფასდეს მოწმე დ----------–----- ჩვენების ის ნაწილი, რაზედაც აპელირებს დაცვის მხარე. მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მოწმის განმარტება დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ავტობუსში ადგილმდებარეობის შესახებ არსებით ზეგავლენას ვერ ახდენს და ეჭვქვეშ ვერ აყენებს ავტობუსში მათი ყოფნა არ ყოფნის ფაქტს, რასაც თავის მხრივ ჯ--------------–-–---–-ც არ უარყოფს.
ამდენად ,პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ თ------------–---ა და ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეთა ჩვენებები ურთიერთავსებადია, თანმიმდევრულია, პირდაპირ მიუთითებენ ჯ--------------–-–---–---- როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და არ არსებობს მათ სანდოობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ჯ--------------–-–---–-- უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ძირითადად აგებულია ვარაუდზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს გააჩნდათ მის მიმართ გარკვეული დაინტერესება, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით და შესაბამისად, ის განაჩენის გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება.
- აპელანტის მტკიცებით, ჯ--------------–-–---–-- ქმედება არსწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ვინაიდან 2007 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ, როგორც რეალურად მოსახდელ, ისე პირობით სასჯელზე 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გავრცელებისას შემცირდა პირობითი მსჯავრის ვადაც, რაც გავლენას ახდენს ნასამართლობის გაქარწყლების ვადაზე და შესაბამისად, ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტში ჯ---------------–-–---–- ვერ ჩაითვლებოდა ნასამართლევ პირად.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ამ არგუმენტაციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ნოემბრის განაჩენით, ჯ--------------–-–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 1 წელი და 6 თვე შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ჯ--------------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან 2007 წლის 3 მაისიდან, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად, 2008 წლის 29 ოქტომბერს.
თბილისის პრობაციის ბიუროს ცნობის თანახმად, ჯ--------------––---–- საგამოცდო ვადა დაუსრულდა 2011 წლის 29 ოქტომბერს.
2011 წლის 26 ოქტომბერს ჯ--------------–-–---–- დაკავებული იქნა ცივი იარაღის უკანონოდ ტარებისათვის, ამასთან, მას ბრალი წარედგინა 2011 წლის 5 ივნისს და 2007 წლის 30 იანვარს ჩადენილი ქურდობისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, ჯ--------------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით; ჯ--------------–-–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით; ჯ--------------–-–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და ჯ----------------–-–---–- სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. მსჯავრდებულ ჯ--------------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 26 ოქტომბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე, ჯ--------------–-–---–- ¼-ით შეუმცირდა 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით(2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის გათვალისწინებით) დანიშნული სასჯელები და სასჯელთა შეკრების პრინციპით მოსახდელად განესაზღვრა 3(სამი)წელი და 9(ცხრა) თვე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 მარტის განჩინებით, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში, კერძოდ ჯ--------------–-–---–- გათავისუფლდა 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო 2007 წლის 9 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული მთლიანი(და არა მოუხდელი)სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3(სამი)წლით 4(ოთხი)თვით და 15(თხუთმეტი დღით)თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალა მოხდილად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 მარტის განჩინებებში და სასჯელთა ნაწილობრივი შკრების პრინციპის გათვალისწინებით ჯ--------------–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2(ორი)წლით და 10(ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ჯ--------------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 26 ოქტომბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
პენიცენტიური დაწესებულების ცნობის თანახმად, ჯ--------------–-–---–- პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 2011 წლის 26 ოქტომბრიდან და იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 26 აგვისტოს.
პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 მარტის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტია გავრცელდა 2007 წლის 9 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის„ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ მთლიან სასჯელზე, ანუ მოხდილზეც და მოუხდელზეც, რაც თავის მხრივ იწვევს პირობითი მსჯავრისა და შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის შემცირებას, თუმცა ეს გარემოება სამართლებრივად ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებული მეორე დანაშაულის ჩადენის მომენტში -2011 წლის 26 ოქტომბერს - იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის საგამოცდო ვადაში.
ამასთან, 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ჯ--------------–-–---–- გასამართლებული იქნა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 26 აგვისტოს, ხოლო ამჟამად ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა 2018 წლის 29 ივნისს, რაც მოწმობს, რომ ჯ--------------–-–---–-- ნასამართლობის გაქარწყლებამდე ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ჯ--------------–-–---–-- პირობით გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა მეორე დანაშაული, ხოლო მეორე ნასამართლობის გაქარწყლებამდე ჩაიდინა მესამე დანაშაულებრივი ქმედება, წარსული ნასამართლობების გამო იგი შეწყალებული არ ყოფილა, სასამართლოს მიჩნია, რომ ჯ--------------–-–---–-- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის არგუმენტაცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებისთ ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტაციის სასამართლში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმემებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ჯ--------------–-–---–-- ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ-------------–-–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ჯ--------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ჯ--------------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ივნისიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ჯ--------------–-–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია;
6. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი