განაჩენი

სისხლის სამართლის 30.09.2019
საქმის ნომერი
330100119002915544
ინსტანცია
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002915544

საქმე #1ბ/1254-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), დ-----------------ს, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, საშუალო ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონის, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–---------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-----------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 24 თებერვალს, ღამის საათებში, ქ-------–--–---–-----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომობილში, დ-----------------მ, თავის არასრულწლოვან შვილს, ა-------------ს, მასთან ერთად ცხოვრებაზე უარის თქმის გამო გაბრაზებულმა, თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენჯერმე მუშტის დარტყმით სცემა და მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის აპრილში, ქ-------–--–-----------–----------ზე, ავტომობილში მჯდომმა დ-----------------მ, იქვე მყოფ თავის არასრულწლოვან შვილს, ა-------------ს, ამ უკანასკნელის მიერ სკოლაში გაკვეთილების გაცდენის გამო, თავის არეში რამდენჯერმე მუშტის დარტყმით სცემა და მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენით:

 

დ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმით, დ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, დ-----------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 25 თებერვლიდან 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით) შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 185 (ას ოთხმოცდა ხუთი) საათის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----–----–---–--ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს დ-----------------ს მიმართ გამოტანილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ დ-----------------სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის მიზნით.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ დ-----------------ს მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ-----------------ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების - ა-------------ს, ჟ--------------ის, თ-----------–--–---–ის, ზ--------------–---–ისა და ხ--------------------ას გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ დ-----------------ს გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, N0----- შემაკავებელი ორდერის, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების (თანდართული ფოტოცხრილით) და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ-----------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები (ორი ეპიზოდი).

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დ-----------------ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას და ვერ გახდება შემაკავებელი იმისათვის, რომ დ-----------------მ მომავალშიც არ ჩაიდინოს ძალადობრივი ხასიათის დანაშაული. სააპელაციო საჩივრის ავტორი სასჯელის დამძიმების არგუმენტად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დ-----------------მ დანაშაული ჩაიდინა მისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ, რაც აპელანტის მოსაზრებით სასჯელის დამამძიმებელი გარემოებაა და მიიჩნევს, რომ დ-----------------სთვის დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შესაძლოა მისთვის წამახალისებელიც კი აღმოჩნდეს ახალი დანაშაულის ჩასადენად (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ დ-----------------სთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სააპელაციო პალატას მიაჩნია, ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ, აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნებია, რომლის გარეშეც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დ-----------------სთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა მსუბუქი სასჯელის მიღების განცდა, მომავალშიც ჩაიდენს ანალოგიური ხასიათის დანაშაულს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ დ-----------------ს პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. სააპელაციო პალატისთვის ასევე გაუგებარია, ზოგადად, დანიშნული სასჯელი როგორ შეიძლება იყოს წამახალისებელი ახალი დანაშაულის ჩასადენად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ დ-----------------სთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს დ-----------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ. დ-----------------მ გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, დ----------------- თვითონ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში ბრალის აღიარებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, სამსახურში თანამშრომლების მიერ ხასიათდება დადებითად, აგრეთვე, დ-----------------მ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ-----------------სთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ დ-----------------ს მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ-----------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ დ-----------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

დ----------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ვადით;

 

დ----------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, დ-----------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 25 თებერვლიდან 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით) შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 185 (ას ოთხმოცდა ხუთი) საათის ვადით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ დ-----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და კონტროლი განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად და ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე