განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119002996274
საქმე #1ბ/1274-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), დ------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებელის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა-------------------------–--------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 მარტს, ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე, ა-------------------------–--------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დ------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - მ---------------–---–ს. კერძოდ, დ------------–---–მა ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში მ---------------–---–ს, ხოლო შემდეგ ფეხი დაარტყა ერთხელ ზურგის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 4 აპრილს, ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე, ა-------------------------–--------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დ------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - მ---------------–---–ს. კერძოდ, დ------------–---–მა ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში მ---------------–---–ს, ხოლო შემდეგ ფეხი დაარტყა ერთხელ სხეულზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით:
დ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 27 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
დ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–მა. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ დ------------–---–ის მიმართ, დაუსაბუთებელი და უსამართლოა. აქედან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ------------–---–ისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ დ------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ---------------–---–ის და მოწმეების: ა-–---------–---–ის, ლ--------------ის, თ--------–---–----ის გამოკითხვის ოქმებით, დ------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით და მის მიერ დანაშაულის აღიარებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, პაციენტ მ---------------–---–ის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დ------------–---–ის მიმართ, არის დაუსაბუთებელი. აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა დ------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, კერძოდ, ის გარემოება, რომ დ------------–---–მა განახორციელა განზრახი ძალადობრივი ქმედებები მამის - მ---------------–---–ის მიმართ, კერძოდ, ფიზიკურად იძალადა მასზე ორჯერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ დ------------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დ------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ დ------------–---–მა განზრახი ძალადობრივი დანაშაულები ჩაიდინა მამის მიმართ (ფიზიკურად იძალადა მასზე). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ მოსაზრებას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტები აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ დ------------–---–ის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი დანაშაულები მამის მიმართ - ვერ იქნება გაზიარებული სასჯელის გასამკაცრებლად სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს დ------------–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას სასჯელის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. როგორც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდებას რეალურად პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულ დ------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ითხოვს მის გამკაცრებას (იხ. სააპელაციო საჩივარი), რაც, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, დაკავშირებულია განაჩენის სამართლიანობასთან და არა განაჩენის დასაბუთებულობასთან. განაჩენის დასაბუთებულობა ფასდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილში. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დ------------–---–ის მიმართ გამოტანილი, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, ვინაიდან იგი ემყარება მოცემულ საქმეზე შეკრებილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და განაჩენი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია პროკურორის პრეტენზია განაჩენის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.
პალატა ასევე განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში არასაპატიმრო ალტერნატიული სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ დ------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია დ------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო სასჯელის განსაზღვრისას დ------------–---–ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც პალატის აზრით, სამართლიანია, ვინაიდან დ------------–---–ის მიერ ბრალის აღიარება, ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება, დაზარალებულის შემრიგებლური პოზიცია, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - სწორედაც წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებებს. პალატა მიიჩნევს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება სწორედაც რომ გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტის დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ------------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ დ------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ დ------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
დ------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით;
დ------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ დ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე