განაჩენი

სისხლის სამართლის 17.09.2019
საქმის ნომერი
330100117002207821
ინსტანცია
თარიღი
17.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002207821

საქმე №1ბ/662-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - მა--------------ის

ადვოკატ - ლა--------------–---–ის

გამართლებულ - გი------------–---–ის

მონაწილეობით,თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გი------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 24 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, გ-–-------------------------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განაჩენით გი------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გი------------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

გი------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ქ. თბილისში, გ-–----------------------------------–- მცხოვრები გი------------–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის შვილს - თა----------–---–ს, რაც გამოიხატებოდა მის მიმართ ლანძღვა-გინებაში, რა დროსაც შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, თა----------–---–ი განიცდიდა ტანჯვას. 2017 წლის 06 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 სთ-დან 22:30 სთ-მდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, გ-–----------------------------------–- გი------------–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი შვილის, თა----------–---–ის მიმართ, კერძოდ, თა----------–---–ის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, გი------------–---–მა დაუწყო გინება თა----------–---–ს, რის შემდგომაც სიგარეტის კოლოფი ხელის მოძრაობით მიასრისა სახეზე, ცხვირის არეში, ხოლო აღნიშნულის შემდგომ სახეში ესროლა სანთებელა. თა----------–---–მა მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებისათვის გი------------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდა გი------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა. შესაბამისად, ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, ვინაიდან, სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს გი------------–---–ის ბრალეულობაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა-------------–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გი------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე მოითხოვა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა გი------------–---–ის მიერ მისი შვილის - თა----------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. კერძოდ, ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ან--------–---ის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი თა----------–---–ი სცემა მამამ, რის შემდეგაც გამოიკითხა დაზარალებული თა----------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მამის მხრიდან მის მიმართ სანთებელას სროლისა და სიგარეტის კოლოფის სახეში მიჭმუჭვნის ფაქტი. გი------------–---–ის ბრალის დამადასტურებლად აპელანტმა ასევე მიუთითა გამომძიებლების და დაზარალებულის ნათესავების მიერ მიცემულ ჩვენებებზე, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დადასტურდა მოწმეთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაზარალებულის სხეულზე ჩვენებებთან შესაბამისი დაზიანებების არსებობის თაობაზე. ბრალდების მხარემ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ოჯახურ ძალადობასთან, რაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაშაულის ლატენტური ბუნებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კლასიკური ქცევის გათვალისწინებით, მსხვერპლები მოძალადეების წინაშე დაუცველნი რჩებიან.

აპელანტმა აღნიშნა, მართალია პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, თუმცა გვერდი აუარა ამავე გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას პირდაპირი მტკიცებულების თანაბარმნიშვნელოვნად. ბრალდების მხარე სწორედ ასეთ საგამონაკლისო შემთხვევად მიიჩნევს მოცემულ საქმეს და განმარტავს, რომ დაზარალებულის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას, რაც უბიძგებს მათ მოძალადისაგან მომავალი საფრთხის განეიტრალებისკენ და აღნიშნულის გამოსავალს მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა მსხვერპლის პირვანდელი ნების - მართლმსაჯულების ხელშეწყობის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმით პოზიციის რადიკალური ცვლილება. აპელანტს ასევე მიაჩნია, რომ ირიბი ჩვენების გამოყენების თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ დაზარალებულ თა----------–---–ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ცალსახად ქმნის საქმეში არსებული ირიბი ჩვენებებისათვის პირდაპირის თანაბარმნიშვნელოვნად გაზიარების საფუძველს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, გამომძიებლების, ან--------–---ისა და ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს ნამდვილად ანიჭებს პირველწყაროს მნიშვნელობას, ვინაიდან, მათ ინციდენტიდან მყისიერად ნახეს დაზარალებული, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მსხვერპლს ეტყობოდა ძალადობის ემოციური და ფიზიკური შეურაცხყოფის კვალი, იყო აღელვებული და შეშინებული.

აპელანტმა ასევე მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლზე, მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და განმარტა, რომ ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, აპელანტმა დაასკვნა, რომ დაზარალებულის მიერ ექსპერტთან გაცხადებული ინფორმაცია, რომელიც აშკარად მიუთითებს თა----------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტზე, განხილულ უნდა იქნეს დამოუკიდებელ მტკიცებულებად. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, სადაც ექსპერტის მიერ მიცემულია წერილობითი ოფიციალური ინფორმაცია, ნამდვილად განეკუთვნება სანდო წყაროდან მომავალ ინფომრაციას, რითაც პირდაპირი მტკიცებულებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ფაქტს, რომ თა----------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანება, ასევე, ის ფაქტი, დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით მსხვერპლმა ექსპერტს განუმარტა, რომ მამამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამდენად, ბრალდების მხარის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა და ფაქტის გარკვეული ნაწილის შემსწრე მოწმეებმა არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები სასამართლოში დადასტურდა სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის/მტკიცებულებების საფუძველზე. სწორედ მოძალადის დასჯა და მის მიმართ სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ოჯახური ძალადობის როგორც სოციალური პრობლემის აღმოფხვრის გზა და ოჯახში მყოფი მსხვერპლის დაცვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა გი------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლა--------------–---–მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატის აზრით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას გი------------–---–ის მიერ არასრულწლოვან თა----------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენაში.

 

უპირველეს ყოვლისა, პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

აპელანტი მიუთითებს ამავე გადაწყვეტილების შინაარსში განვითარებულ მსჯელობაზე, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრლადებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს.

 

პალატა განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საგამონაკლისო შემთხვევას გი------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეში ადგილი არ აქვს, ვინაიდან დაზარალებულმა თა----------–---–მა, ასევე მოწმეებმა - მეუღლემ სუ------–------ემ და შვილმა ლა–-------–---–მა გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ნათესავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

პალატა განმარტავს, საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ ეს უფლება მოწმეთა მიერ გამოყენებულ იქნა რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო. ასევე არ დასტურდება გი------------–---–ის მხრიდან ოჯახის წევრების დაშინების ან სხვაგვარი გავლენის ნიშნები, რაც დაზარალებულსა და მოწმეებს აიძულებდა დასახელებული პროცესუალური უფლებით სარგებლობას. აღნიშნულს ვერც აპელანტი მიუთითებს. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ასახული საგამონაკლისო შემთხვევა, ირიბ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, სახეზე არ გვაქვს.

 

ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას მოწმე ან--------–---ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, იგი გადმოსცემს 2017 წლის 6 ნოემბრის საღამოს მოვლენებს არასრულწლოვანი დაზარალებულის ნაამბობის მიხედვით, ხოლო ფაქტის თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ის გარემოება, რომ მას დაზარალებულის სახლში მისვლისას თა----------–---–ი დახვდა აკანკალებული და სახეზე ემჩნეოდა სიწითლეები, ვერ ადასტურებს გი------------–---–ის მხრიდან ძალადობის განხორციელების ფაქტს. მით უფრო, რომ დასახელებული მოწმის ჩვენება არ არის გამყარებული სხვა მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ, მოწმეები სა-–----------–-----ი და სო-----------–-----ი განმარტავენ, რომ შემთხვევის დღეს გი------------–---–მა შენიშვნა მისცა თავის შვილს თა----------–---–ს სწავლასთან დაკავშირებით, რადგან ეს უკანასკნელი ხშირად აცდენდა სკოლას და არ დადიოდა მოსამზადებელ გაკვეთილებზე. თა----------–---–ს აღნიშნულზე ჰქონდა ცუდი რეაქცია და იყო აგრესიულად განწყობილი, რა დროსაც მამამისს უთხრა „გაეთრიე ოთახიდანო“, რის შემდეგაც გი------------–---–ის წავიდა სახლიდან. მათი განმარტებით, რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ან კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. მოწმე ირ----------–-–---–მა ასევე მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულს პ----–---–---- სახლში დახვდა სასწრაფო, ასევე ან--------–---ი, რომელსაც თა----------–---–ი მიჰყავდა. თამარი იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ ჰქონია რაიმე დაზიანება, თუმცა იყო ნამტირალევი. გასათვალისწინებელია, რომ თავად გი------------–---–ი არ უარყოფს რომ მას შვილთან მოუხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც მოისროლა სანთებელა, რომელიც ხელში ეჭირა. მას შვილთან ფიზიკური დაპირისპირება არ ჰქონია.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს გამომძიებლებზე: ილ-------------ზე, მა-----------სა და სე-----------–---–ზე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, თუმცა ისინიც არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არის გადმოცემული არასრულწლოვნის მონათხრობის მიხედვით.

 

ბრალდების მხარე აქცენტს აკეთებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, როგორც ირკვევა შპს „უ---------------“ - ბავშვთა ახალი კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1-----დან, თა----------–---–ი კლინიკაში მოუთავსებიათ 2017 წლის 07 ნოემბერს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ცხვირის ზედაპირული ტრავმა. თა----------–---–ს პირადი შემოწმებისას (ტანსაცმლის დაუფარავ მიდამოებში) აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით ცხვირის მიდამოში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც ასევე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გი------------–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანი შვილის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე შეკრებილი ირიბი მტკიცებულებები საკმარისია გი------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გი------------–---–ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გი------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გი------------–---–ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის განაჩენი გი------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

გი------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ გი------------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე