განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
010100119002802547
ინსტანცია
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119002802547

საქმე №1/ბ-631-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე - მარინა სირაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---- ნ--------ს ძე ჯ--------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, მცხოვრები ქ. ბათუმი, ა----–-----–-------------------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით, რ---- ჯ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა 36-ში მდებარე ბინა N1-ში ყოფნისას, რ---- ჯ--------ემ ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი უთანხმოების გამო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას (ოჯახის წევრს) - მ--------- ჯ--------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენით რ---- ჯ--------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

3. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გამამართლებელი განაჩენი რ---- ჯ--------ის მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, კერძოდ, რ---- ჯ--------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და განესაზღვროს კანონიერი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ რ----ჯ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად დგინდება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

გამართლებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, რ---- ჯიჭარაძის საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ--------- ჯ--------ემ განმარტა, რომ რ---- ჯ--------ე არის მისი შვილი, რომელთანაც 2018 წლის 16 დეკემბერს ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო პრობლემების ფონზე მოუვიდა შეკამათება. კამათის დროს რ---- ჯ--------ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მიიჩნია რეალურად და მუქარის შეეშინდა.

 

მოწმე ნ------- ჯ--------ემ უარი განაცხადა შვილის (რ---- ჯ--------ის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.პ

 

რ---- ჯ--------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულ მ--------- ჯ--------ის სასამართლოში მიცემული ჩვენება, მასში ასახული გარემოებები კი არ დასტურდება სხვა არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებითაც კი, მოწმე ნ------- ჯ--------ემ უარი განაცხადა შვილის (რ---- ჯ--------ის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო რ---- ჯ--------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.

 

პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების (დაზარალებულის ჩვენება) არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა რ---- ჯ--------ე საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან რ---- ჯ--------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე, 270-ე მუხლებით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

რ---- ჯ--------ე საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

რ---- ჯ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ზ---- ჯ--------ეს დაუბრუნდეს სს ,,ს----------–--------–ი’’ 2018 წლის 18 დეკემბერს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.

 

გამართლებულ რ---- ჯ--------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე