განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
330100119002998498
ინსტანცია
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002998498

საქმე №1ბ/1356-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გრ-----–---–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

შა-–-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 07 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, დ-----------------------------------------------------------–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 ივლისის განაჩენით შა-–-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შა-–-----------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

შა-–-----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 26 მარტს, 21:25 საათზე, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ შა-–-----------–---–ის მიმართ გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მას 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან, ი---------–---სთან მიახლოება, მის სახლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება და ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, შა-–-----------–---–ი 2019 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, თბილისში, დიდ დიღომში, მ------------------------- კორპუსთან მიუახლოვდა მეუღლეს - ი---------–---ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, მობილური ტელეფონის მეშვეობით გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

 

აღნიშნული ქმედებისათვის შა-–-----------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა შა-–-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრ-----–---–------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, შა-–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა სასამართლოში. ბრალდების მხარემ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, საქმეში მაინც არსებობდა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, სასამართლოში გამოკვლეულ იქნა შა-–-----------–---–სა და დაზარალებულს შორის არსებული მიმოწერები, რომლითაც დგინდება, რომ ი---------–---ს ყოფილი მეუღლე წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მიმოწერის დათვალიერების შემდეგ, ი---------–---მ განმარტა, რომ აღნიშნული მიმოწერები განხორციელებულია მისი მეუღლის - შა-–-----------–---–ის მიერ მას შემდეგ, რაც მის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. დათვალიერების დასრულების შემდეგ ოქმზე გაკეთდა ხელმოწერები და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. გარდა ამისა, სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა საქმის მწარმოებელი გამომძიებლები და გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად ადასტურებს, რომ შა-–-----------–---–ის მიერ ჩადენილია მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული.

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე გამართლებული შა-–-----------–---–ის ადვოკატმა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატის აზრით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას შა-–-----------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ გამოტანილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას. კერძოდ:

შა-–-----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, როგორიცაა დაზარალებულ ი---------–---ს გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმი, რომელიც შა-–-----------–---–ის ამხელდა მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, მაგრამ, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის − შა-–-----------–---–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ შა-–-----------–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული, კერძოდ, მიმოწერების დათვალიერების ოქმი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები. აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებებთან მიმართებით, პალატა მიუთითებს, რომ მათში მითითებული ინფორმაცია არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, მათ შორის, სახეზე არ არის დაზარალებულის მხრიდან მტკიცებულებებში ასახული ფაქტების დამადასტურებელი ჩვენება მიწოდებული სასამართლოსათვის, რის გამოც მათი მტკიცებულებითი ძალა ვერ აღწევს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

აპელანტი ასევე მოიხმობს გამომძიებლების ჩვენებებს, როგორც შა-–-----------–---–ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. გამომძიებლებმა მი----–------------–---–მა და კო-------–---ამ თავიანთ ჩვენებებში დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა ავთენტიკურობა და კანონიერება. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული პირები და მათ მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები ვერ გახდება იმ ხარისხის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შა-–-----------–---–ის ბრალს, რადგან არაა გამყარებული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით.

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მოცემულ საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ი---------–---ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის ავთენტიკურობა სასამართლოსთვის არ დაუდასტურებია მასში მონაწილე ი---------–---ს. გარდა ამისა, საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურებულა, რომ 2019 წლის 13 აპრილს, მობილური ტელეფონის ნომერს - 5---------- ფლობდა შა-–-----------–---–ი. პიროვნების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება შა-–-----------–---–ის მიერ ხსენებული მობილური ტელეფონის ფლობა, დათარიღებულია 2019 წლის 27 მარტით, შესაბამისად ეჭვი, რომ 2019 წლის 13 აპრილს იგივე ტელეფონის ნომერს ფლობდა შა-–-----------–---–ი, გაქარწყლებული არ არის, ხოლო მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ შა-–-----------–---–მა განახორციელა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია შა-–-----------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა შა-–-----------–---–ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება შა-–-----------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი შა-–-----------–---–ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გრ-----–---–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 ივლისი განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

შა-–-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

შა-–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

შა-–-----------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე