განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
150100118002568895
ინსტანცია
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002568895

საქმე №1ბ/1319-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი--------------------ისა და მსჯავრდებულ სო--------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პა-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

სო--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 10 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №3----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ნინოწმინდის რაიონი, ს------–-–-----------–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენით სო-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

სო--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2017 წლიდან ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, სო--------------ი ყოფილ მეუღლეს რა---------------ს, ნინოწმინდის რაიონის ს------–-–-----------–-- მათივე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის - ან-----------ის თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, კერძოდ, აგინებდა, ეუბნებოდა, რომ იყო არაკაცი, ნაბიჭვარი, წყევლიდა მას და მის გარდაცვლილ მშობლებს, რის შედეგადაც რა---------------ი განიცდიდა მორალურ ტანჯვას და იძულებული იყო აღნიშნული შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით აღარ მისულიყო სახლში და ღამე გაეთენებინა სოფლის ქუჩებში, მანქანაში, რის გამოც დაზარალებული მუდმივად განიცდიდა მორალურ ტანჯვას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი--------------------ემ და მსჯავრდებულმა სო--------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პა-----------–-–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება სასჯელის ნაწილში და სო--------------ისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ სო--------------ისათვის დანიშნული სასჯელის არის მსუბუქი და არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. სო--------------ს ბრალი ედებოდა ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რაც ლახავს ოჯახში მყუდრო გარემოს და ოჯახის წევრებში იწვევს მუდმივ სტრესს, რაც თავის მხრივ ოჯახის თითოეული წევრის ფსიქოლოგიურ განწყობაზე ნეგატიურად მოქმედებს, არ ყოფილა შერიგებული დაზარალებულთან, პირიქით, დაზარალებულს გააჩნია პრეტენზია სო--------------ის მიმართ. ბრალდების მხარის მითითებით, სო--------------ს არც კი გაუაზრებია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, ადანაშაულებდა დაზარალებულს, უარყოფდა დაზარალებულისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, არასოდეს ჰქონია მცდელობა და არც მზაობა გამოუხატავს, რომ აენაზღაურებინა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და მოენანიებინა მის მიერ ჩადენილი ქმედება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მისი აგრესიულობა არ ყოფილა იმწუთიერი და მეუღლესთან დაპირისპირება დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც დაზარალებულის ფისქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია. აპელანტის აზრით, გასათვალისწინებელია, რომ ის მიერ ჩადენილ ქმედებებს შეესწრო არასრულწლოვანი შვილი, რომლის ფსიქიკაზეც განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ძალადობრივი ქცევა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოძალადე ამართლებს ამ ძალადობრივ ქცევას.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლომ მსჯავრდებულ სო--------------ს დაუნიშნა ზედმეტად მსუბუქი და არასამართლიანი სასჯელი, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი ვერ შეასრულებს სასჯელის მიზნებს.

 

მსჯავრდებულმა სო--------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თავიანთი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად სო--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში მოწმეების დაკითხვის დროს სო--------------ს არ დაასმევინეს კითხვები მისი შვილისთვის, დებისთვის, ასევე გამოძიების მიმდინარეობისას, მოთხოვნის მიუხედავად, არ ჩაუტარეს ექსპერტიზა მათ საცხოვრებელ სახლს, რითაც დადასტურდებოდა, თუ რა მდგომარეობაში აყენებდა და რა უკანონობას ჩადიოდა რა---------------ი სო--------------ის და მისი შვილის მიმართ; არ დანიშნეს ექსპერტიზა რა---------------ის მიმართ, რითაც დადასტურდებოდა, რომ იგი არის სასმელის ხშირი მომხმარებელი, ხოლო სიმთვრალის დროს სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებს მათ; გამოძიების მხრიდან ასევე უყურადღებოდ დარჩა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები. სო--------------ი სათანადოდ არ დაკითხულა სასამართლოში, მისი ჩვენებები არ იქნა გათვალისწინებული, ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა მათ მიერ წარდგენილი დისკები, სადაც აღწერილი იყო, რომ რა---------------ი სო--------------ს და მის დებს აბრალებს ყველაფერს და ყოველ დღე თავის სახლში ძინავს. პოლიციამ არ შეამოწმა სატელეფონო ზარები და კომპიუტერი, არ დააზუსტეს, თუ რომელი მეზობლის სახლში ეძინა ან ვინ ნახა, რომ მას მანქანაში ეძინა.

აპელანტმა განმარტა, რომ ქმედებას, რომელსაც ბრალდების მხარე ედავებოდა სო--------------ს, შეესწრო თავად სო--------------ი, დაზარალებული რა---------------ი და შვილი ან-----------ი. აღნიშნული მოწმეებიდან სასამართლომ დაკითხა მხოლოდ მსჯავრდებული და დაზარალებული. მათი შვილი, ან-----------ი კი სასამართლომ დაკითხა არსებითი დარღვევებით, კერძოდ, ის იყო დაცვის მხარის მოწმე, თუმცა მისი დაკითხვის საშუალება არ მიეცათ, რის გამოც, შუამდგომლობენ ან-----------ის სააპელაციო სასამართლოში დაკითხვას.

დაცვის მხარის განმარტებით, სასამართლომ არასათანდოდ შეაფასა რა---------------ის ჩვენების სანდოობის საკითხი, კერძოდ, მის ჩვენებას და მოწმეების - ზი--------------ის, ვა--------–----------ის და ან--------------ის ჩვენებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობა. სასამართლომ არასწორად შეაფასა სო--------------ის ჩვენება, რომელიც სრულ თანხვედრაშია დაცვის მხარის მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებასთან. აპელანტის აზრით, სასამართლომ კანონის დარღვევით გაიზიარა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა რა---------------ის მიმართ, ვინაიდან ექსპერტიზის დროს არ ესწრებოდა შესაბამისი ენის მცოდნე თარჯიმანი, ამასთან, ხსენებული დასკვნა ძირითადად აგებულია დაზარალებულის - რა---------------ის ჩვენებაზე, რომელიც დაინტერესებული და მიკერძოებულია. ამასთან, ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები არ წარმოადგენენ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს სო--------------ისათვის ბრალად წარდგენილ ქმედებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ სო--------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ სო--------------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ:

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ფაქტის თვითმხილველ მოწმეთაგან სასამართლოს მიერ დაიკითხა მხოლოდ დაზარალებული და მსჯავრდებული, ხოლო არასრულწლოვანი ან-----------ი არასათანადოდ დაიკითხა. სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების აღწერას, დაცვის მხარის მსჯელობის ნათლად წარმოჩენის მიზნით, კერძოდ:

 

დაზარალებულ რა---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი და სო--------------ი დაქორწინდნენ 1--- წლის 06 თებერვალს. ქორწინების პერიოდში მათ ოთხი შვილი შეეძინათ. მუდამ კონფლიქტები ჰქონდათ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. 2--- წლის 08 სექტემბერს, როცა ან-----------ი დაიბადა, მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, ვინაიდან სო--------------ს არ სურდა საქართელოში ცხოვრება. დაზარალებულის განმარტებით ის მარტო ზრდიდა ბავშვებს, მარტო უვლიდა საქონელს და ალაგებდა სახლს. 2--- წელს, რა---------------ი დარჩა საქართველოში ბავშვებთან ერთად, ხოლო ს------ პატარა ან-----------თან ერთად წავიდა საცხოვრებლად სომხეთში. 2--- წელს მათ შორის ქორწინება შეწყდა. ს------ ხშირად ტოვებდა ბავშვებს და მიდიოდა სახლიდან. ა--------------- წლის იყო და მამას ძალიან უჭირდა მისი მოვლა, დანარჩენები შედარებით წამოზრდილები იყვნენ. რა---------------ი სოფლის მეურნეობით და დაბალი ხელფასით ცხოვრობდა. ს------ ბავშვებთან ხშირად კონფლიქტობდა. ამჟამად მათი საცხოვრებელი სახლი გაყოფილია - ის ცხოვრობს სამზარეულოში, ხოლო სო--------------ი ბავშვთან ერთად ოთახებში. თანაცხოვრების პერიოდში სო--------------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სო--------------ის მხრიდან გამოიხატებოდა თითქმის ყოველდღიურ ლანძღვასა და გინებაში, რასაც დაბადებიდან ესწრებოდნენ მათი შვილები. სიტყვიერი შეურაცხყოფის სისტემატურობიდან გამომდინარე რა---------------ი განიცდიდა ტანჯვასა და სულიერ ტკივილს. სიტყვიერი კონფლიქტის დროს, რაც გამოწვეული იყო ძირითადად ფინანსური პრობლემებით, სო--------------ი მას ლანძავდა და უწოდებდა ,,არაკაცს, დებილს, ავადმყოფს, ჭლექიანს''. დაზარალებული ყოველი კონფლიქტის დროს სო--------------ის წინაშე გამოთქვამდა პროტესტს მის მიმართ გამოთქმულ სიტყვებზე, თუმცა სო--------------ი მაინც ამ სიტყვით აყენებდა შეურაცხყოფას. რა---------------ის განმარტებით ამ სიტყვების გამო ნერვიულობდა, სახლიდან მიდიოდა მერე უკან ბრუნდებოდა.

 

არასრულწლოვანმა მოწმემ ან-----------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა რომ, იგი 9 წლისაა და სკოლაში დადის, კარგად სწავლობს, ათიანებზე. მოწმემ დაახასიათა თავისი მშობლები და განმარტა, რომ ამჟამად ცხოვრობს დედასთან და როცა ერთად ცხოვრობდნენ მამა სისტემატურად ლანძღავდა და სცემდა დედას. ასევე განმარტა, რომ რა---------------ს ფული არ მიჰქონდა სახლში, თუმცა მათ უჭირდათ. დედა მას საერთოდ არ სცემს, ისინი ახლა ნინოწმინდაში ცხოვრობენ. იგი მამას საერთოდ ვერ ხედავს. ან-----------ის განმარტებით, მამამისს მანქანაში არ სძინებია, ისინი როცა ერთად ცხოვრობდნენ მამამისს სამზარეულოში ეძინა და კარიც შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი. ასევე განმარტა, რომ მათთან სახლში არც ერთი და-ძმან არ მიდიოდნენ. მან ასევე განმარტა, რომ არც იგი და არც მისი და-ძმა მამამისს - რა---------------ს არ უყვარს.

 

მსჯავრდებულ სო--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1--- წელს ის და რა---------------ი დაოჯახდნენ. მათი ქორწინების პირველივე დღიდან რა---------------ს სახლი არ ჰქონდა. ქორწინების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ რა---------------ის მამის ოჯახში. შემდეგ გადავიდნენ რა---------------ის ძმის სახლში. 1--- წელს ს------ს მშობლების დახმარებით იყიდეს სახლი და გადავიდნენ საცხოვრებლად. ზემოაღნიშნულ სახლში დაიბადა ოთხივე შვილი. რა---------------ი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს, მიჰყავდა სახლში მეგობრები და აძალებდა სო--------------ს სუფრის გაშლას, აგინებდა, შეურაცხყოფას აყენებდა მას. 2017 წლის 17 აგვისტოს, ძალადობის მსხვერპლი გახდა. რ------ა ნასვამ მდგომარეობაში მივიდა სახლში და არასრულწლოვან ბავშვთან ერთად კამათი დაიწყო, ს------ საღამოს 7 საათისკენ თავის უმცროს შვილთან ერთად ბოსელში შევიდა, ბავშვს ტელევიზორის ყურება უნდოდა, ნება დართო და ბოსელში გააგრძელა თავისი საქმე. როდესაც დაამთავრა ბოსელში საქმე და სახლში შევიდა, მაშინ გაიგო, რომ მამა ბავშვს ატირებდა, რადგან ს------ს მისამართით უწმაწური სიტყვებით საუბრობდა. ს------ს არაფერი უთქვამს, პატარა ბავშვი აიყვანა, გავიდა მეორე ოთახში და ოთახის კარი დაკეტა, ვინაიდან იცოდა თუ რა გინებას იკადრებდა არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით. მათ ელემენტარული პირობები არ ჰქონდათ. არც აბაზანა, არც საპირფარეშო და ასე გრძელდებოდა 2015 წლიდან.

 

დასახელებულ პირთა ჩვენებების ანალიზით ნათელია, რომ დასახელებული პირები აღწერენ მათ ოჯახში არსებულ მდგომარეობას თანმიმდევრული პერიოდულობით, თავიანთი აღქმის შესაბამისად, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია, საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების საგანს წარმოადგენს. ამასთან, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი მოწმის - ან-----------ის დაკითხვის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს რაიმე სახის წინააღმდეგობებს, საქმის მასალებიდან არ იკვეთება მისი დაკითხვისას კანონდარღვევა, პირიქით, მითითებულია, რომ დაკითხვის დროს ბავშვის აღელვებასთან დაკავშირებით აღარ გაგრძელდა არასრულწლოვნის დაკითხვა, ვინაიდან მას უჭირდა საუბარი. ხოლო, რა ახალი ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე ითხოვს დაცვის მხარე მის დაკითხვას, შუამდგომლობაში დასაბუთებული არ არის.

 

მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ასევე მიუთითებენ რა---------------ისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებით წინააღმდეგობაზე, კერძოდ, ზი--------------ის, ვა--------–----------ის და ან--------------ის ჩვენებებთან მიმართებით. აღნიშნული მოწმეები არიან მსჯავრდებულ სო--------------ის დები, რომლებსაც ხანრძლივი დროით აქვთ შეწყვეტილი ურთიერთობა თავიანთი დის ოჯახთან და სასამართლოს აწვდიან ზოგად ინფორმაციას რა---------------ის სტუმრიანობასა და ალკოჰოლისადმი მიდრეკილებაზე, შესაბამისად, რაიმე არსებით წინააღმდეგობას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რაც საქმის შედეგზე გავლენას მოახდენდა.

 

პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, კონფლიქტის მონაწილე და სხვა მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის არსებით აცდენას ადგილი არ ჰქონია.

 

დაცვის მხარე ასევე ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, რა---------------ი, თავისი მეუღლის სო--------------ის მხრიდან მასზე განხორციელებული შეურაცხყოფის გამო, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. აღნიშნული ფსიქოლოგიური დასკვნის აღწერილობით ნაწილში ასახულია დაზარალებულ რა---------------ის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმად, სო--------------ი 2017 წლიდან ხშირად ახორციელებდა მასზე ძალადობას, კერძოდ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გამოხატავდა აგრესიას მის მიმართ. ამასთან, რა---------------ის მხრიდან მეუღლისადმი გამხორციელებულ ქმედებას არ გამოუწვევია სო--------------ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას მა------------–---–მა. პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად მიუთითებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მისი მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო, რაც თანხვედრაში მოდის საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან.

 

ზემოთ დასახელებული და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სო--------------ს არ ჩაუდენია მეუღლის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება და რომ გასაჩივრებული განაჩენი ემყარება მიკერძოებული დაზარალებულის ჩვენებასა და არასათანადოდ გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც გაზიარებული არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები ურთიერთშეთანხმებულია და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არ არსებობს რაიმე არსებითი წინააღმდეგობა.

 

ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ, მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს მსჯავრდებულ სო--------------ის მიერ განხორციელებული დანაშულის ხასიათი და მისი საზოგადოებრივი საშიშროება, გამომდინარე იქედან, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოჯახში ძალადობა აღიარებულია, როგორც ძალადობის გამოვლინების ყველაზე ფარული და საშიში ფორმა, რადგან ხდება ოჯახში, ჩაკეტილ წრეში, რომლის გარღვევა ხშირად სახელმწიფოსთვისაც შეუძლებელია.

 

პალატა განმარტავს, რომ სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც ჩადენილია სამჯერ მაინც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით, ხოლო დამცირების დროს ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა.

ამდენად, ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვისა და მათი ობიექტური გაანალიზების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი დაცვის მხარის იმ პოზიციის გასაზიარებლად, რომ სო--------------ს არ განუხორციელებია ძალადობა მეუღლის მიმართ. პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, სო--------------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება სო--------------ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტები.

 

ამასთან, პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას სო--------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ სო--------------ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ასევე იმ გარემოებებს, რომ არ არის ნასამართლევი, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სო--------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენი სო--------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი--------------------ისა და მსჯავრდებულ სო--------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პა-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

სო-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

სო--------------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელიადგილის მიხედვით.

 

ნინოწმინდის მაგისტრატ სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება ყადაღის დადების თაობაზე, გაუქმებულია. სო--------------ის მიმართ შეფარდებული 3000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას. მოქ. სო--------------ის (პირადი #3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ნინოწმინდის რაიონის ს------–-–-----------–-- საერთო ფართი 3596.0------------------------------------------ იმ წილზე, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის ეკვივალენტურია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე