განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.10.2019
საქმის ნომერი
330310019002881374
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/2123-19, 330310019002881374

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

მოსამართლეები: ნანა ჭიჭილეიშვილი

ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - მა----– გუ-------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

წარმომადგენელი - სა-–---ე ტყე–--–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით მა----– გუ-------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

მა----– გუ-------ამ 2018 წლის 02 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. მა----– გუ-------ამ ტესტირების შედეგად დააგროვა 73 ქულა (ს.ფ. 15).

 

მა----– გუ-------ამ ტესტირების შედეგები 4 ტესტის, მათ შორის, №26, №38, №52 და №66 ტესტების შეფასების ნაწილში, გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1, 2, 8, 9, 15 და 16 დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის №2 სხდომის ოქმით მა----– გუ-------ას საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აპლიკანტს მოემატა 1 ქულა, თუმცა ქულის მომატების მიუხედავად მა----– გუ-------ამ ვერ დააგროვა გამსვლელი (75) ქულა. შესაბამისად, მისი საბოლოო შედეგი განისაზღვრა 74 ქულით(ს.ფ. 21-24).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, აგრეთვე აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

 

ამავე კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. მითითებული მუხლის მე-3-4 პუნქტების თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით; ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სამოქალაქო სამართალი; ვ) სამოქალაქო სამართლის პროცესი. აღნიშნული მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილია, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №52 და №66 ტესტური დავალებების შეფასებას. ტესტური დავალებების შერჩევა და შეფასება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, თუმცა მსგავსი კატეგორიის დავების განხილვის პროცესში, სასამართლო კონტროლი შეეხება ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება კომისიის მხრიდან გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, შეფასების საყოველთაო მასშტაბის დარღვევას, როდესაც შეფასება ეყრდნობა საკითხის ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გამცდარ არასწორ გააზრებას, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარა შეუსაბამობას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

 

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №52 ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: ,,მუსიკოს ალიევას სასესხო ურთიერთობაში ბანკთან სოლიდარული თავდებია ქირურგი ბარდაქი. სესხის თანხა შეადგენდა 7000 ლარს, თვეში 2%-ის დარიცხვით. თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ თავდებობით უზრუნველყოფილი იყო ბანკის წინაშე წარმოშობილი ყველა დავალიანება, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით. ალიევამ თანხის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც ბანკმა მოითხოვა ალიევასა და ბარდაქისათვის არსებული დავალიანების - სესხის 7000 ლარის და პროცენტის - 2300 ლარის სოლიდარულად დაკისრება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მხოლოდ ალიევას ნაწილში.“

 

კითხვა: სწორია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბარდაქის მიმართ სარჩელის უარყოფის ნაწილში?

 

ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,გ“ ვარიანტი - დიახ, რადგან ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ბარდაქის პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განმსაზღვრელი მაქსიმალური თანხა.

 

გაცემული პასუხი: ,,ბ“ ვარიანტი - არა, რადგან ბარდაქი არის ალიევას სოლიდარული თავდები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სადავო ტესტთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია აქვს დაფიქსირებული სამართლის ექსპერტს: ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. წარმოდგენილი ტესტის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თავდებობით უზრუნველყოფილია ყველა დავალიანება, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით. ამავე კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად კი, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის მოცულობით. ტესტის შემთხვევაში ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის თანხა. ასეთად ვერ ჩაითვლება ზოგადი მითითება ყველა დავალიანებისა, პროცენტის და პირგასამტეხლოს ჩათვლით. სასამართლო თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვარს ვერ განსაზღვრავს თანხის მიუთითებლად. შესაბამისად, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო თავდებთან მიმართებაში.“

 

მოსარჩელე არ ეთანხმება ექსპერტის განმარტებებს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ტესტის პირობაში მითითებული იყო, რომ მხარეებმა გააფორმეს თავდებობის ხელშეკრულება, მისთვის მიღებულ პირობად ჩაითვალა, რომ ხელშეკრულება გაფორმებული იქნა კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, მათ შორის ივარაუდებოდა, რომ ალიევას მიერ ბანკის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა შეესაბამებოდა თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობას. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ტესტის პირობა ბუნდოვანი იყო და მისი გააზრება გონებრივი გააზრების კრიტერიუმებს ცდებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმა ცალსახად ადგენს მხარეთა შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელ ორ პირობას, რომლებიც კუმულატიურად უნდა არსებობდეს და თუნდაც ერთერთი პირობის არარსებობა იწვევს თავდებობის ხელშეკრულების არანამდვილობას/იურიდიული ძალის არქონას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ტესტის პირობაში არსად არ ყოფილა მითითება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტესტის პირობაში არსებობს მითითება თავდებობის ხელშეკრულების შინაარსის შესახებ, სადაც კონკრეტულად არის აღწერილი თუ რა იყო მითითებული ხელშეკრულებაში (თავდებობით უზრუნველყოფილი იყო ბანკის წინაშე წარმოშობილი ყველა დავალიანება, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით), რომელთა შორის არ გვხვდება ჩანაწერი თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის შესახებ. ამდენად, ცალსახაა, რომ თავდებობის ხელშეკრულება ასეთ პირობას არ ითვალისწინებდა, რაც არსებითი იყო მისი ნამდვილობის განსაზღვრისათვის.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ტესტის პირობაში აღნიშნული იყო მხარეთა შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების შესახებ, ივარაუდებოდა, რომ ხელშეკრულება გაფორმებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლომ განმარტა, რომ დავალების პირობაში მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაზე მითითება, ვერ ჩაითვლება ასეთი ხელშეკრულების ნამდვილობის დამადასტურებელ უდავო პირობად. ამასთან, მხარეთა შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის შეფასება, ტესტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სწორედ გამოსაცდელი პირის ამოცანას წარმოადგენს, ვინაიდან კონკრეტული დავალება იქმნება სწორედ იმისთვის, რომ აპლიკანტმა მასში აღწერილი ყველა გარემოების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს დავალებაში ასახულ ფაქტებს და მივიდეს სწორ პასუხამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტესტის პირობაში ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასების (ნამდვილობა/არანამდვილობის დადგენა) მითითება აზრს დაუკარგავდა დავალებას და შეუძლებელი იქნებოდა მა----– გუ-------ას ცოდნის შეფასება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ტესტი არ შეიცავდა ბუნდოვან ან რთულად აღსაქმელ პირობას და შესაბამისი ნორმის ფორმულირების ცოდნის შემთხვევაში, არ დააბრკოლებდა მოსარჩელეს სწორი ვარიანტის არჩევისას გაეთვალისწინებინა ტესტის პირობაში თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის აუცილებელი პირობის - თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითების არარსებობა, რაც არსებითი იყო ტესტის სწორი პასუხის განსაზღვრისათვის.

 

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №66 ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: ,,შეიძლება თუ არა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის გამოყენება?“

 

ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,ბ“ ვარიანტი - დიახ, როდესაც საკითხი არ წესრიგდება შრომის კოდექსით.

 

გაცემული პასუხი: ,,გ“ ვარიანტი - არა, რადგან შრომითი ურთიერთობები რეგულირდება შრომის კოდექსითა და სპეციალური კანონით.

 

სადავო ტესტთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია აქვს დაფიქსირებული სამართლის ექსპერტს: ,,საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლი ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობას. მათ შორის, ერთერთია თუ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს არ აწესრიგებს შრომის კოდექსი. შესაბამისად, სწორი პასუხია ,,ბ“.

 

მოსარჩელე არ ეთანხმება ექსპერტის განმარტებებს და აღნიშნავს, რომ სადავო ტესტზე სწორ პასუხად მიჩნეული ვარიანტი არასრულია, ვინაიდან შრომითი ურთიერთობა შეიძლება დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არამხოლოდ შრომის კოდექსში შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების არარსებობისას, არამედ ასევე სპეციალური კანონის არარსებობისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ცალსახად ადგენს შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების სამოქალაქო კოდექსის ნორმებით რეგულირების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები არ წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსით ან სხვა სპეციალური კანონით. ამდენად, მა----– გუ-------ას მიერ მოცემულ ტესტზე გაცემული პასუხი ვერ იქნება მიჩნეული სწორად, ვინაიდან მოსარჩელემ არჩეული პასუხით მთლიანად გამორიცხა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია, სადაც იგი მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობა შეიძლება დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არამხოლოდ შრომის კოდექსში შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების არარსებობისას, არამედ ასევე სპეციალური კანონის არარსებობისას (ანუ მოსარჩელე უშვებს სამოქალაქო კოდექსის გამოყენების შესაძლებლობას), წინააღმდეგობაში მოდის სადავო ტესტზე მის მიერვე გაცემულ პასუხთან, რომლითაც მა----– გუ-------ა ცალსახად გამორიცხავს შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით მოწესრიგების შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით მოწესრიგებას შესაძლებლად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ საკითხებს არ აწესრიგებს შრომის კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, ამდენად, მხოლოდ ერთი პირობის (საკითხი არ წესრიგდება შრომის კოდექსით) არსებობაც საკმარისია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებისათვის. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტაცია ტესტის სწორ პასუხად მიჩნეული ვარიანტის არასრულობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული ტესტისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა სწორედ გამოსაცდელი პირის მიერ საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ცოდნის შეფასებას, ერთადერთ რელევანტურ და სწორ პასუხს წარმოადგენს ვარიანტი ,,ბ“, რომელიც ცალსახად მიუთითებდა, რომ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის გამოყენება შეიძლება, როდესაც საკითხი არ წესრიგდება შრომის კოდექსით და სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსის ცოდნის შემთხვევაში არ გამოიწვევდა გამოსაცდელი პირის მიერ სწორ პასუხად სხვა ვარიანტის არჩევას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განურჩევლად იმისა, თუ რა სახისაა და რა მიზანს ემსახურება ტესტი, ის რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ: ინსტრუქციები და საკითხები ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სწორედ იმ ცოდნას ზომავდეს, რომლის გაზომვასაც ეს კონკრეტული ტესტი ისახავს მიზნად; მისი შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შედგენილი პასუხებით ან შეფასების სქემით; წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ქულების რაოდენობაც სწორი პასუხისთვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ტესტები არ არის ხარვეზიანი და არ იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას. ტესტების პირობები და ვარიანტები ჩამოყალიბებულია ნათლად, გარკვევით და შესაბამისი ცოდნის პირობებში გამოსაცდელ პირს აძლევს შესაძლებლობას ერთმნიშვნელოვნად განსაზღვროს სწორი პასუხი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობდა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1, 2, 8, 9, 15 და 16 დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის N2 სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და გასაჩივრებულ ტესტებში მოსარჩელისათვის ქულის მომატების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მა----– გუ-------ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის სადავოდ ქცეულ N52 ტესტურ დავალებასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. აპელანტის მითითებით, სადავო ტესტიდან გამომდინარე, ბარდაქი შეთანხმებული იყო ალიევასთან 7000 ლარის 2%-ის თავდებობაზე, რითაც განისაზღვრა ბარდაქის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა.

 

რაც შეეხება სადავო N66 ტესტურ დავალებას, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას ჯერ გამოიყენება შრომის კოდექსი და სპეციალური კანონი, ხოლო თუ საკითხს არ აწესრიგებს შრომის კოდექსი და სპეციალური კანონი, მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავალების სწორი პასუხი არის აპელანტის მიერ გაცემული „გ“ ვარიანტი. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის N3/1611-19 გადაწყვეტილებაზე, სადაც იდენტური შინაარსის ტესტზე სწორ პასუხად მიჩნეული ვარიანტი (დიახ, როდესაც საკითხი არ წესრიგდება შრომის კოდექსით) სასამართლოს მიერ არ იქნა სწორ პასუხად მიჩნეული და დავა გამოსაცდელის სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ მა----– გუ-------ას სააპელაციო მოთხოვნის ფარგლებში შეამოწმა მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, მოთხოვნის მართებულობა, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ ადასტურებს პრეტენზიის საფუძვლიანობას და თვლის, რომ მოთხოვნა ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველა ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლი ამკვიდრებს პრინციპს, რომლითაც თითოეული პირს ეძლევა საშუალება ეფექტურად მოახდინოს თავისი უფლებების განხორციელება და სასამართლოს კონტროლის გარეშე არ შეეგუოს ამ უფლებაში ჩარევის შედეგს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირის სამართლებრივი დაცვა ეფექტურია მხოლოდ ეფექტური სასამართლო კონტროლის პირობებში. აღნიშნული თვალსაზრისით საინტერესოა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში გაკეთებული მითითება იმის შესახებ, რომ ,,სასამართლოს არა აქვს უფლება უნაყოფოდ აქციოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საშუალება და ,,ტყუილად გასარჯოს“ საჩივრის ავტორი“.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კონტროლის მექანიზმი ითვლება ეფექტურად იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს, შესაბამისი სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, ეძლევა კონკრეტული, პრაქტიკული მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.

 

სასამართლო შემოწმების ფარგლების დადგენის მიზნით ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გაცნობა სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გააკეთოს შემდეგი შინაარსის დასკვნა: შეფასებებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ არის სრულ კონტროლს მოკლებული, შეფასების თავისუფლებას აქვს ფარგლები და სასამართლო კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი. სასამართლო კონტროლი უნდა შეეხოს ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება კომისიის მხრიდან გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, შეფასების საყოველთაო მასშტაბის დარღვევას, როდესაც შეფასება ეყრდნობა საკითხის ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გამცდარ არასწორ გააზრებას, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარა შეუსაბამობას.

 

მითითებული კრიტერიუმების ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, ტესტირების ეტაპზე წარმოდგენილი ტესტ-კითხვები პასუხობდა თუ არა ტესტისათვის დადგენილ ზოგად სტანდარტს. ტესტის შინაარსი, დასმული კითხვა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხი სცდება თუ არა საკითხის გააზრების გონივრულ კრიტერიუმს;

 

განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა ქცეული N52 ტესტ-კითხვა.

 

აღნიშნული ტესტი არის შემდეგი შინაარსის: „მუსიკოს ალიევას სასესხო ურთიერთობაში ბანკთან სოლიდარული თავდებია ქირურგი ბარდაქი. სესხის თანხა შეადგენდა 7000 ლარს, თვეში 2%-ის დარიცხვით. თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ თავდებობით უზრუნველყოფილი იყო ბანკის წინაშე წარმოშობილი ყველა დავალიანება, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით. ალიევამ თანხის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც ბანკმა მოითხოვა ალიევასა და ბარდაგისათვის არსებული დავალიანების - სესხის 7000 ლარის და პროცენტის 2300 ლარის სოლიდარულად დაკისრება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მხოლოდ ალიევას ნაწილში. სწორია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბარდაქის მიმართ სარჩელის უარყოფის ნაწილში?“. ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეულია „გ“ ვარიანტი - „დიახ, რადგან ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ბარდაქის პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განმსაზღვრელი მაქსიმალური თანხა.“ აპლიკანტმა სწორ პასუხად მიიჩნია „ა“ ვარიანტი - „არა, რადგან ბარდაქი არის ალიევას სოლიდარული თავდები“.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

№52 ტესტური დავალებით აპლიკანტს მიეთითა, რომ თავდებობით უზრუნველყოფილი იყო ბანკის წინაშე წარმოშობილი ყველა დავალიანება, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით. სააპელაციო პალატის შეფასებით, მითითებული პირობა წარმოადგენდა თავდების პასუხისმგებლობის ფარგლების დამდგენ ზოგადი ხასიათის ჩანაწერს და აპლიკანტს გარკვევით აწვდიდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავდებობის დოკუმენტი (ხელშეკრულება) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალურ თანხას არ ითვალისწინებდა, რაც სსკ-ის 892-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით გამორიცხავდა თავდების მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ №52 ტესტურ დავალებაზე აპლიკანტის პასუხი არასწორია და სწორ პასუხს შეიცავდა „გ“ ვარიანტი - „დიახ, რადგან ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ბარდაქის პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განმსაზღვრელი მაქსიმალური თანხა.“

 

რაც შეეხება N66 ტესტ-კითხვას. აღნიშნული ტესტი იყო შემდეგი შინაარსის: ,,შეიძლება თუ არა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის გამოყენება?“

 

ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია ,,ბ“ ვარიანტი - დიახ, როდესაც საკითხი არ წესრიგდება შრომის კოდექსით.

 

გაცემული პასუხი: ,,გ“ ვარიანტი - არა, რადგან შრომითი ურთიერთობები რეგულირდება შრომის კოდექსითა და სპეციალური კანონით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელი შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების სამოქალაქო კოდექსის ნორმებით რეგულირების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ აღნიშნული ურთიერთობა არ წესრიგდება არც შრომის კოდექსით და არც სხვა სპეციალური კანონით. ამდენად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგების წინაპირობას სწორედ ზემოაღნიშნული ორი პირობის ერთდროულად არსებობა წარმოადგენს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამოსაცდელის უფლებას წარმოადგენს – გამოცდა ჩააბაროს არაორაზროვანი, ნათლად ჩამოყალიბებული ტესტის (კითხვის) და ასევე ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი პასუხების არსებობის პირობებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს მოწინააღმდე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ №66 ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეული „ბ“ ვარიანტი - „დიახ, როდესაც საკითხი არ წესრიგდება შრომის კოდექსით“ სრულყოფილად არ ასახავდა დასმული კითხვის პასუხს, რაც დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარა შეუსაბამობაზე მიუთითებს. ამდენად, საკითხი გამოსაცდელის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში იღებს იდენტურ ტესტ-კითხვებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის N3/1611-19 კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ასახულ სამართლებრივ შეფასებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1, 2, 8, 9, 15 და 16 დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის N2 სხდომის ოქმი N66 ტესტური დავალების ნაწილში ქულის მომატებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას უნდა დაევალოს გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მა----– გუ-------ას საკვალიფიკაციო ტესტირების N66 კითხვაზე მოემატება 1 ქულა.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც სააპელაციო საჩივარი, ასევე სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 50 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მა----– გუ-------ას სასარგებლოდ; ამასთან, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან ნახევარი - 75 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მა----– გუ-------ას სასარგებლოდ, ხოლო 75 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მა----– გუ-------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. მა----– გუ-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1, 2, 8, 9, 15 და 16 დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის N2 სხდომის ოქმი N66 ტესტური დავალების ნაწილში ქულის მომატებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას დაევალოს გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მა----– გუ-------ას ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირების N66 კითხვაზე მოემატება 1 ქულა;

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მა----– გუ-------ას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 125 (50+75) ლარის ოდენობით;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი

 

ნანა ჭიჭილეიშვილი