განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2019
საქმის ნომერი
330210018002563738
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
გადაზიდვა-გადაყვანა
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002563738

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/907-19 29 მაისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - შპს „ტ------ფ-------------“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – დ-------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა---------------------“

წარმომადგენელი – ლ---------------

 

დავის საგანი – მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. შპს „ა---------------------ს“ შპს „ტ------ფ-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2---- ლარის გადახდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ტ------ფ-------------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე, 672-ე, 673-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ელექტრონული ფოსტის ამსახველ მასალებს, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დაეთანხმა ხარჯს, ასევე გააუქმა შეკვეთა.

 

5.2. აპელანტი სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია ელექტრონული ფოსტის ამსახველი მასალების ავთენტურობა. აღნიშნულის შესახებ მოპასუხემ მიუთითა მხოლოდ მთავარ სხდომაზე, რის შემდგომაც მოსარჩელემ მოახდინა მის ოფიციალურ მეილზე არსებული მიმოწერის ფაქტის კონსტანტაცია, რაც ერთვის სააპელაციო საჩივარს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

8. სააპელაციო პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ პრინციპებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს.

 

9. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა რა სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:

 

შპს „ტ------ფ-------------“ 2----–-–----------ს მოპასუხის შპს „ა---------------------საგან“ მიიღო შეკვეთა ტვირთის (1------------------) ე----------ან გადაზიდვის თაობაზე. იმავე დღეს დაიჯავშნა აღნიშნული კონტეინერის ტიპის ტ-----პორტირება საზღვაო ხაზის E----------------- L--- წარმომადგენელთან ს----------–--–- - შპს „ბ-------------------თან“. 2----–-–-----------, მოპასუხეს ეცნობა იმ თარიღის შესახებ, რომელშიც იგეგმებოდა კონტეინერის ჩატვირთვა. მას ასევე ეცნობა იმ ფაქტის შესახებ, რომ აუცილებელი იქნებოდა L-- დეკლარაციაზე ხელის მოწერა. კონტეინერის ჩატვირთვის რეალური თარიღი იყო 2-------. მას შემდეგ, რაც გამომგზავნებმა ჩატვირთეს ტვირთი, მოპასუხემ უარი განაცხადა L-- დეკლარაციაზე ხელისმოწერაზე, რომლის გარეშეც საზღვაო ხაზი უარს აცხადებდა მოპასუხის კუთვნილი კონტეინერის გემზე განთავსებაზე, რადგან არასწორი ჩატვირთვის გამო, არსებობდა ტვირთის დაზიანების რისკი. მოპასუხე ითხოვდა, რომ L-- დეკლარაციაზე ხელისმოწერა მოსარჩელეს განეხორციელებინა. დეკლარაციაზე ხელმოწერა ტვირთზე პასუხისმგებლობის აღებას უკავშირდებოდა, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მას კონტეინერის ჩატვირთვასთან შეხება არ ჰქონია და შესაბამისად, ვერც მის უსაფრთხოებაზე აიღებდა პასუხისმგებლობას. აღნიშნულის გამო, იმავე დღეს - 2------ს დამკვეთმა გააუქმა შეკვეთა და კონტეინერის უკან - გამომგზავნის საწყობში (ე-------–ი) მიტანა მოითხოვა, რაც მოსარჩელემ შეასრულა. მოპასუხემ 2----–-–----------- და შემდგომში - 6------- ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაადასტურა კონტეინერის უკან დაბრუნების ხარჯები, რაც შეადგენდა 1-------------------–----- ეროვნულ ვალუტაში - 2---- ლარს, თუმცა მომსახურების ღირებულება დღემდე არ გადაუხდია.

 

10. პალატა კვლავ განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.

 

ამ კონტექსტში პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე ას-664-635-2016) ჩამოყალიბებულ შემდეგ განმარტებებზე: “2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება“.

 

11. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ ფორმალური შესაგებელი წარადგინა, რომელშიც მხოლოდ ისაა მითითებული, რომ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, ხოლო მის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული პრეტენზიები უარყოფილია სიტყვებით: „არ ვეთანხმები“, რაც მარტივ შედავებასაც კი არ წარმოადგენს, რადგან სსსკ 201-ე მუხლით მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითად ინსტრუმენტად კვალიფიციური შესაგებლის წარდგენაა განმტკიცებული. „თუ მოპასუხე სარჩელში მოყვანილ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმება, იგი ვალდებულია ამის მიზეზი მიუთითოს და შესაბამისი არგუმენტაციით დაასაბუთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება დაურთოს. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“. (სუსგ, საქმე ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი)

 

12. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებელი არ შეიცავს რაიმე მითითებას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ასეთი შესაგებელი კი განიხლება, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შტეფან შმიტი, ჰარალდ ჰარალდ რიჰტერი „მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში“),13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

 

14. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არც შესაგებელში და არც საქმის მოსამზადებელ სტადიაზე სადავოდ არ გაუხდია მხარეთა შორის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და ელექტრონულ მიმოწერის ამსახველი მასალების ნამდვილობა, რის გამოც მოსარჩელეს, მისი მტკიცების ფარგლებში, ელექტრონულ მიმოწერის ამსახველი მასალების ნამდვილობის დამადასტურებელი მტკიცებულებების (მაგ: კონსტანტაციის მასალების, რომელიც ერთვის სააპელაციო საჩივარს) წარმოდგენის ვალდებულება არ წარმოშობია. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ სარჩელზე თანდართულ ელექტრონული მიმოწერის მასალებს მოცემულ საქმეზე მტკიცებულებითი მნიშვნელობა გააჩნია და იგი შეფასებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით.

 

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი და დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

 

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის თანახმად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. პალატა აღნიშნავს, რომ ექსპედიციის ხელშეკრულება არ წარმოადგენს ფორმასავალდებულო გარიგებას და შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით ისე ზეპირად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე გარიგების ზეპირი ფორმით დადებაზე მიუთითებს. მოპასუხე მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას გამორიცხავს.

 

14. სააპელაციო პალატამ გამოიკვლია სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა ექსპედიციის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შემკვეთის დავალებით განეხორციელებინა ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა.

 

15. პალატა, საჯარო რეესტრის ამონაწერისა და საქმის მასალებში წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის ამსახველი მასალების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს (და არც მოპასუხე მხარე უარყოფს), რომ რ------------------–---–ი და გ--------------–-–---–- წარმოადგენენ მოპასუხე შპს „ა---------------------ს“ დ--------------. ამავე მასალების შინაარსით დგინდება, რომ შპს „ტ------ფ-------------“ 2----–-–----------ს მოპასუხის შპს „ა---------------------საგან“ მიიღო შეკვეთა მისი ტვირთის ე----------ან გადაზიდვის თაობაზე. 2----–-–----------- მოპასუხეს ეცნობა იმ თარიღის შესახებ, რომელშიც იგეგმებოდა კონტეინერის ჩატვირთვა (2-------), თუმცა მას შემდეგ, რაც გამომგზავნებმა ჩატვირთეს ტვირთი, მოპასუხემ გააუქმა შეკვეთა და ტვირთის უკან - გამომგზავნის საწყობში დაბრუნება მოითხოვა, რაც მოსარჩელემ შეასრულა. მოპასუხემ 2----–-–----------- და შემდგომში - 6------- ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაადასტურა კონტეინერის უკან დაბრუნების ხარჯები (ტ.1. ს.ფ.37-38).

 

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

17. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2---- ლარის ოდენობით შეუსრულებელი ვალდებულების არსებობა. აღნიშნული ვალდებულება დადასტურებულია შპს „ა---------------------ს“ დ--------------- მიერ. ვალდებულების ოდენობა დასტურდება ასევე საქმეში წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე (ს.ფ. 273). შესაბამისად, შპს „ტ-----ფ-------------“ მოთხოვნა საექსპედიტორო მომსახურების საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების დაფარვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

18. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

 

საპროცესო ხარჯები

 

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. ამდენად, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილი) გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 2---- ლარს. მოპასუხის მიმართ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების სახით მოთხოვნილია 1000 ლარი, რაც სააპელაციო პალატის შეფასებით არაგონივრულია - არ შეესაბამება, სასამართლო ხარჯების ანაზღაურების კონტექსტში, „მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების“ სტანდარტს. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების სახით, თითოეული ინსტანციისათვის, უნდა დაეკისროს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, რაც ჯამში, 236 ლარს (2-----ის 8%) შეადგენს.

 

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შპს „ა---------------------ს“ შპს „ტ------ფ-------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 206.43 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ტ------ფ-------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. შპს „ტ------ფ-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. შპს „ა---------------------ს“ შპს „ტ------ფ-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2---- ლარის გადახდა;

 

5. შპს „ა---------------------ს“ შპს „ტ------ფ-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 206.43 ლარის ოდენობით;

 

6. შპს „ა---------------------ს“ შპს „ტ------ფ-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 236 ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია გუჯაბიძე