განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119003105479
საქმე №1/ბ-591-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
პროკურორის - ი-–-- ტ-------ს,მსჯავრდებულის - პ------ ე--------ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ------ ჯ----–-ს ძე ე--------ს მიმართ, დაბადებული 198- წლის 07 ა-----–ს, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ზუგდიდის რაიონი სოფელი ა---–-------–ი, ფაქტობრივად მცხოვრები ქ.ბათუმი, ს---–-------ის ქუჩა #28.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ პ------ ე--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 ივნისს დღის მეორე ნახევარში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ა---–------ში პ------ ე-------- დაემუქრა არასრულწლოვან შვილს 13 წლის მ------ ე--------ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, კერძოდ უთხრა, რომ „მოკლავდა და მის სისხლს დალევდა“, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენით პ------ ე-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით პ------ ე--------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ პ------ ე--------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ პ------ ე--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2019 წლის 21 ივნისიდან;
პ------ ე--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ--- ჯ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენში და პ------ ე--------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლოს მიერ გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს არ შეესაბამება, ვინადან პ------ ე-------- ნასამართლევია ძალადობის ფაქტზე და პირობითი მსჯავრის ვადის გასვლამდე ჩაიდინა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ მუქარა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს ადამიანის პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ განზრახ დანაშაულს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს ი-–-- ტ-------ს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ პ------ ე--------ს, რომელმაც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ პ------ ე--------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ა------------- განცხადებით, არასრულწლოვანი დაზარალებულის მ------ ე--------ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ა-------------------------–--–---------–----------–-----------------------------------------------------------------------------–--------------- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ პ------ ე--------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებულ პ------ ე--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ პ------ ე--------ს უნდა ამოერიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილზე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის შესახებ, ვინაიდან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მხრიდან განაჩენის დადგენისას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი უკვე გასაჩივრებული ჰქონდა სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო წესით.
შესაბამისად პალატა მოკლებული შესაძლებლობას მოცემულ საქმეზე განხილვის დროს, იმსჯელოს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე, მაშინ როცა სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი(2019 წლის 14 მაისი) ასევე განხილვის რეჟიმშია სააპელაციო სასამართლოში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--- ჯ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
პ------ ე-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
პ------ ე--------ს ამოერიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილზე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის შესახებ.
პ------ ე-------- გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
პ------ ე--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე