განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030210017002172045
საქმე №2/ბ-759-19წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - თამარ სვანიძე
აპელანტი - თ----- დ---–----
მოწინააღმდეგე მხარე - მ----- კ-----–---–--
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
1აპელანტის მოთხოვნა
1.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 13 ნოემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ----- კ-----–---–--მ თ----- დ---–----ს და ლ---- კ-----–---–--ს მიმართ და ქ. ფ----ში, კ-----------ის ქუჩა N-----ში მდებარე ქონების (საკადასტრო კოდი: 0------------------.) მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა. (იხ.ს.ფ. 2-1-).
2.1.სარჩელის საფუძვლები
2.1.1.მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 12 სექტემბერს შეიძინა ქ. ფ----ში, კ-----------ის ქ. 7----ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. ბინაში არასრულწლოვან შვილთან ლ---- კ-----–---–--სთან ერთად ცხოვრობს მოპასუხე თ----- დ---–----. მოსარჩელემ თ----- დ---–---- გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ გამოენთავისუფლებია ბინა, ვადაც კი განუსაზღვრა თუმცა მოპასუხე არ აპირებს ბინიდან გამოსვლას. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა, რომ აღეძრა სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.
2.2.მოპასუხის პოზიცია
2.2.1. მოპასუხეებმა თ----- დ---–----მ და ლ---- კ-----–---–--მ შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელეს ბინა არ შეუძენია შესაბამისად არ არის მისი საკუთრება. ეს ბინა თ----- დ---–----მ და მისმა მეუღლემ შეიძინეს ქორწინების პერიოდში. იგი რეესტრის ამონაწერით 2016 წლის პერიოდით იყო მესაკუთრე, დღეს მოსარჩელე სადაო ბინის მესაკუთრე არ არის. სადაო ბინა ფიქტიურადაა გადაფორმებული მოსარჩელეზე. (იხ. შესაგებელი ს.ფ. 30-38).
2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ფ----ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით:
1. დაკმაყოფილდა მ----- კ-----–---–-- (პ.ნ. 4----------) წარმომადგენლის ა--- ბ-----ს სარჩელი, თ----- დ---–----ს და ლ---- კ-----–---–--ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. თ----- დ---–----ს (პ.ნ. 5----------) და ლ---- კ-----–---–--ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფ----ი, ვ. კ-----------ის ქუჩა N-, სართული მ---, ბინა 1-, ფართი 26 მ2 კვ., საკადასტრო კოდი 0------------------ და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე მ----- კ-----–---–--ს.
3. მოპასუხეებს თ----- დ---–----ს და ლ---- კ-----–---–--ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
2.4.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტებობრივი გარემოებები:
2.4.1. ქ. ფ----ში, კ-----------ის ქუჩა 7----ში მდებარე ბინის მესაკუთრეა მოსარჩელე მ----- კ-----–---–--.
2.4.2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქ. ფ----ში, კ-----------ის ქუჩა N-----ში მდებარე უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები თ----- დ---–---- და მისი არასრულწლოვანი შვილი მოპასუხე ლ---- კ-----–---–--.
2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლებზე და განმარტა შემდეგი:
2.5.1. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ანუ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
2.5.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეს (იხ. ამონაწერი რეესტრიდან ს.ფ. 16), ხოლო მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ გააჩნია სადავო ნივთის ფლობის უფლება. მოპასუხე სადავო უძრავ ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რითაც ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის განმსაზღვრელი ყველა გარემოება, შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ფ----ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ----- დ---–----მ და მისი გაუქმება მოითხოვა. სახელდობრ, აპელანტმა მიუთითა, რომ:
3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ ის გარემოება რომ თ----- დ---–----ს ფაქტიურად სხვა საცხოვრებველი ფართი არ გააჩია. საცხოვრებელი ბინა ფ----ი, კ-----------ის №7----ში საკუთრების უფლებით ირიცხება მ----- კ-----–---–--ს სახელზე. ბინაში ცხოვრობს თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად.
2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა პ----- კ-----–---–--სთან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ერთი შვილი: კ-----–---–-- ლ---- პ-----ს ასული დაბადებული - 2008 წლის 11 დეკემბერს. დაქორწინების შემდეგ 2008 წლის 25 ივნისს შეიძინეს საცხოვრებელი ბინა ფ----ში კ-----------ის 7----ში რომელიც ურთიერთშეთანხმებით საჯარო რეესტრში გატარდა მეუღლის სახელზე. ბინა იყიდეს ფაქტიური ქორწინების პერიოდში, მაგრამ ხელი ბინის ნასყიდობის შემდეგ მოაწერეს. ჩაატარეს ბინაში რემონტი და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. დღემდე იხდის კომუნალური მომსახურების გადასახადებს. გაზი მის მიერაა შეყვანილი ბინაში მისივე სახსრებით. 2015 წლის დეკემბრის თვეში მეუღლემ გადაწყვიტა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა და უთხრა, რომ ესაჭიროებოდა განქორწინების საბუთი. ფ----ის საქალაქო სასამართლოდან მიიღო სარჩელი „საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების თობაზე“ და გაარკვია, რომ თურმე მის ყოფილ მეუღლეს ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმებია დედამისზე მადონა კ-----–---–--ზე უძრავი ქონება 2016 წლის 16 აგვისტოს. ხოლო მან კი ბინა გადაუფორმა მ----- კ-----–---–--ს 2017 წლის 11 სექტემბერს. სარჩელის მიღების შემდეგ დაუკავშირდა მ----- კ-----–---–--ს, რომელმაც სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, რომ მას რეალურად ბინა არ უყიდია და სთხოვა ამის შესახებ მ----- კ-----–---–--მ და რომ არ იცოდა საქმის რეალური გარემოებები რომ თ----- დ---–----ს გამოსახლებას უპირებდნენ მის შვილთან ერთად. მ----- კ-----–---–-- ბინაში ნასყიდობის გაფორმებისას და არც შემდგომ არ მოსულა.
წინააღმდეგია უძრავი ქონების გამოთავისუფლებაზე, რადგან სხვა საცხოვრებველი ფართი აპელანტს არ გააჩია. მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
პალატა სრულად იზიარებს წინამდებარე გადაწყვეტილების პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2.4.1.-2.4.2. პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ამავე განჩინების 2.5.1-2.5.2. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა განსახილველი სამართაურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.
4.2.სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა-შეფასება აპელანტს(მოპასუხეს) თ----- დ---–----ს გააჩნია თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის - მ----- კ-----–---–--ს ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.
4.3. პალატის მოსაზრებით, სრულიად მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. როგორც ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით ხდება. მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
ამდენად, დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე.
4.4.განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.4.1 მოსარჩელე მ----- კ-----–---–--მ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფ----ი, ვიქტორ კ-----------ის ქ. 7---, საკადასტრო კოდი: 0------------------, - შეიძინა 2017 წლის 12 სექტემბერს ნასყიდობის საფუძველზე და საჯარო რეესტრში ირიცხება მის საკუთრებად;(ს.ფ. 16)
4.4.2. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მ----- კ-----–---–--ს საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფ----ი, ვიქტორ კ-----------ის ქ. 7---, საკადასტრო კოდი: 0------------------. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2017 წლის 12 სექტემბრიდან. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია ხელშეკრულება უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ, დამოწმების თარიღი: 11/09/2017 (ს.ფ. 16)
4.4.3. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება თავად აპელანტის მიერ მ----- კ-----–---–--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობის ფაქტობრივი გარემოება, აპელანტი აცხადებს, რომ სადაო ბინა არა მარტო მისი, არამედ მისი ოჯახის და შვილის ლ---- კ-----–---–--ს თანასაკუთრებაშია, ამდენად არა მარტო მისი გამოსახლება ხდება ამ ფართიდან, არამედ მისი ოჯახის წევრებისაც.
4.4.4.პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს/აპელანტს არ აქვს მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ფართის ფლობის უფლება, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლად საქმის განხილვის დროისათვის შეიძლება განხილულიყო.
ის ფაქტი, რომ მანამ მ----- კ-----–---–-- ამ სადაო უძრავ ნივთს შეიძენდა იგი მას ეკუთვნოდა, არ არის მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი გარემოება.
4. 5.სააპელაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასების მიზნით უპირველესად მიუთითებს იმაზე, რომ ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.
4.5.1 განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად უტყუარად დადგენილია, რომ ქ. ფ----ი, ვიქტორ კ-----------ის ქ. 7----ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდი: 0------------------ - საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე მ----- კ-----–---–--ს სახელზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ არის და ამ მიმართებით არც ადმინისტრაციული და არც სხვა სახის წარმოება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას ეჭვქვეშ დააყენებდა, არ მიმდინარეობს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია შედავებული არ არის. დავა არ მიმდინარეობს არც ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის კუთხით. კერძოდ ამ საკითხთან მიმართებით სასამართლო დამატებით მიუთითებს,რომ მოპასუხე თ----- დ---–----მ მართალია შეგებეული სარჩელი აღძრა ამ დავასთან ერთად თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით (იხ. შეგებებული სარჩელი ს.ფ. 48-60) თუმცა მანვე 2019 წლის 26 მარტს სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა და სსსკ 831-ე მუხლის თანახმად გამოიხმო შეგებებული სარჩელი, რაც კანონიერ ძალაშია შესული.
შესაბამისად, სასამართლო საქმის მასალების შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ნივთი, რომლის გამოთხოვასაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნამდვილად იმყოფება მოპასუხე/აპელანტის თ----- დ---–----ს მფლობელობაში (თავადვე ადასტურებს რომ აგრძელებს ცხოვრებას ამ ბინაში შვილთან ერთად).
4.5.2.სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის- თ----- დ---–----ს მიერ ვერ იქნა დადასტურებული მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების - უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.სახელდობრ, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლება შეცილებულ და სადავოდ გამხდარი არ არის (მოპასუხე მხარემ სცადა დავა ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებაზე, თუმცა მანვე უკან გამოიხმო მისი მოთხოვნა), უძრავ ქონებას ვალდებულებით-სამართლებრივი შეზღუდვა არ გააჩნია.
4.5.3. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილებისა და მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ქონების არამართლზომიერად ფლობის ფაქტს.
4.6. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას, რადგან პირის ქმედება ობიექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად, თუ მის ქმედებას სხვა მიზანი არ ჰქონდა, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა და მისი განხორციელება მესაკუთრის ინტერესში არ შედიოდა. ამდენად, უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს უფლებით ისეთ სარგებლობას, როდესაც უფლების გამოყენება მხოლოდ სხვა პირებისათვის არის ზიანის მომტანი, ხოლო მესაკუთრის კანონიერი ინტერესებისათვის არ არის სარგებლის მომტანი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა, სახელდობრ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტი უკანონოდ ფლობს მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) უძრავ ქონებას, რადგან მხარეთა შორის არ არსებობს კანონშესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან (აპელანტთან) მიმართებაში, იგი არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს, შესაბამისად, არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი.
4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, ასევე დავის განხილვისას საპროცესო ნორმათა მოთხოვნები არ დაურღვევია და მ----- კ-----–---–--ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თ----- დ---–----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 53-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი, ამასთან აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 70 (სამოცდაათი) ლარი შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემული დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 (ოთხი ათასი) ლარით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუქტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ამდენად, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე წინამდებარე დავა განეკუთვნა მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეთა კატეგორიას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150(ასორმოცდაათი) ლარისა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის საქმეზე სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 4000-ის 4%-ის ნახევარს, ანუ 160 (ასსამოცი) ლარის ნახევარს-80 (ოთხმოცი)ლარს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტ თ----- დ---–----ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150 (ასორმოცდაათი) ლარი, მან დავა წააგო, შესაბამისად მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 80 (ოთხმოცი) ლარი კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----- დ---–----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტ თ----- დ---–----ს (პ/ნ №5----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 10 მაისს №7921318389 საგადახდო დავალებით სს ,,საქართველოს ბანკში“ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით. მიმღების ბანკი-ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 300183150
4. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 (ოთხმოცი)ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
6.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ სვანიძე