განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
150100118002755661
ინსტანცია
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002755661

საქმე №1ბ/1281-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ---------------------ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ს----------------ი (სომხეთის მოქალაქის პასპორტი №----------, საქართველოში ბინადრობის პ/ნ 0----------, დაბადებული 19---–-–-----------, სომხეთის მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ახ--–---–----------–----–----------------–-----------);

 

ადვოკატი - კ---------------ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თაღლითობის ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, დიდი ოდენობით;

 

თარჯიმანი - თინათინ სარქისიანი;

 

სასჯელი: ჯარიმა - 3500 ლარის ოდენობით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ს----------------ი 03.05.1990 წლიდან 15.04.1992 წლამდე ქორწინებაში იმყოფებოდა ს---------------თან. ს----------------თან განქორწინების შემდეგ, რომელსაც საფუძვლად დაედო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 21.01.1992 წლის გადაწყვეტილება, ს---------------ი 01.03.1994 წლიდან გარდაცვალებამდე, კერძოდ 29.05.2017 წლამდე ქორწინებაში იმყოფებოდა ა----------------თან. 29.05.2017 წელს გარდაიცვალა ს---------------ი. აღნიშნულის შემდეგ, ს----------------მა იცოდა რა იმის შესახებ, რომ ს---------------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო ამ უკანასკნელის დანაშთ ქონებაზე, მიუხედავად 15.04.1992 წელს მასთან განქორწინების ფაქტისა, განიზრახა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი პირის შეცდომაში შეყვანის გზით, ს---------------ის მეუღლის და კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრის - ა----------------ის მემკვიდრეთა წრიდან ამორიცხვა და ს---------------ის დანაშთ სამკვიდროში შემავალი ქონების მიღება. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 17.07.2017 წელს ს----------------მა N------------ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ნინოწმინდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მასსა და ს---------------ს შორის ქორწინების ფაქტის დამადასტურებელი განმეორებითი მოწმობის გაცემის შესახებ, საიდანაც მოთხოვნის შესაბამისად მიიღო ქორწინების განმეორებითი მოწმობა N----------- არასწორი მონაცემებით, რაც 20.10.2017 წელს, ს---------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, განცხადებასთან ერთად წარადგინა ნოტარიუსთან იმის დასადასტურებლად, რომ იგი წარმოადგენდა ს---------------ის მეუღლეს და კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეს და რომ ს---------------თან მისი ქორწინება შეწყდა გარდაცვალებით და არა განქორწინებით. მიუხედვად აღნიშნულისა, ს----------------მა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, მისი ს---------------თან ქორწინების შეწყვეტის ფაქტის ნოტარიუსის მიერ გადამოწმების გამო. ს----------------ის ზემოაღნიშნული ქმედებით, გარდაცვლილ ს---------------ის მეუღლეს და პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - ა----------------ს შესაძლოა მისდგომოდა დაახლოებით 95 531,25 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენით:

 

ს----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით;

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ და ითხოვა მსჯავრდებულის სასჯელის დამძიმება.

 

დაცვის მხარემ ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით: ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი სასჯელის ნაწილში უსამართლოა, რადგან როგორც სასამართლოს წინაშე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, ს----------------ი მისი დანაშაულებრივი ქმედებით ცდილობდა დაზარალებულის კუთვნილი დაახლოებით 95531 ლარის ღირებულების ქონებრივი უფლების მოტყუების დაუფლებას. შესაბამისად ზიანი, რომელიც შესაძლოა დაზარალებულს მსჯავრდებულის მოქმედების შედეგად მისდგომოდა არის დიდი ოდენობის. გამდინარე აქედან, სასამართლოს მიერ სასჯელის სახით მსჯავრდებულის მიმართ ჯარიმის 3500 ლარის ოდენობით გამოყენება, აბსოლუტურად შეუსაბამოა ამ უკანასკნელის ქმედების ხასიათთან და იმ საფრთხესთან, რომელიც მსჯავრდებულის ქმედებამ შექმნა. სასჯელის გამოყენებისას მხედველობაშია მისაღები ასევე ის ფაქტიც, რომ ს----------------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო, რომელიც არ გადაუხდია. გარდა ამისა, როგოც სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულს დღემდე არ აქვს უზრუნველყოფილი მისთვის 27.11.2006 წლის განაჩენით დაკისრებული ჯარიმაც, რის გამოც დღემდე მიმდინარეობს შესაბამისი წარმოება. გარდა აღნიშნულისა, სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული მსჯავრდებულის ნასამართლობის საკითხი, იგი 27.11.2006 წელს ნასამართლევია ასევე განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა, როგორც ზემოთ აღინიშნა დღემდე არ აქვს მოხდილი. შესაბამისად იგი ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის წარმოადგენდა ნასამართლევ პირს და მისი ბოლო ქმედება წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს. ამასთანავე, როგორც საქმის მასალებით დგინდება, მსჯავრდებულს წარსულში არაერთხელ აქვს დადებული ადმინისტრაციული სახდელი ასევე ძალადობრივი ხასიათის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის. ფაქტია, რომ წინა განაჩენით დანიშნულმა ანალოგიურმა სახის სასჯელმა მასზე ვერ იქონია შესაბამისი ზეგავლენა და ვერ უზრუნველყო პიროვნების სათანადო ქცევა. გამომდინარე აქედან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მისი პიროვნება და სხვა ზემოაღნიშნული გარემოებები საჭიროებს სათანადო შეფასებას და სასჯელის უფრო სამართლიანი და მკაცრი სახის გამოყენებას, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ამსჯავრდებულს განაწყობს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით და უზრუნველყოფს კანონით დადგენილი ყველა მიზნის მიღწევას.

 

დაცვის მხარის პოზიციით: ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი სამართლიანია, დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4. სასამართლოს შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ს----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ეთ----------------------------------------------------------------------------–---ის ჩვენებები, ასევე მოწმეების: დ---------–-----------------------------------------------------–---–------------–--------------–--–------------------–--–--------------------------------------------------------------------------------------------------–------–--------ის, დაზარალებულის ა----------------ის გამოკითხვის ოქმები; ასევე მათ მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედები - ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმები და ფოტოსურათები, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა პრეიუდიციად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ს----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ს----------------ს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ს----------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა სახისა და ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, სააპელაციო საჩივარში შესაძლო ზიანის დიდ ოდენობაზე მითითება ვერ გახდება სასჯელის უფრო მკაცრი სახის გამოყენების საფუძველი, რადგან სწორედ ჩადენილი დანაშაულის სანქციის ფარგლებში მოხდა საასმართლოს მიერ ინდივიდუალურად სასჯელების განსაზღვრა და სავსებით სამართლიანად პრიორიტეტი მიენიჭა სანქციით გათვალისწინებულ ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელების გამოყენებას. ასევე არასწორია მითითება დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის უპირობოდ დამძიმების თაობაზე, ვინაიდან რეციდივის შემთხვევაში კანონისმიერი მოთხოვნა სასჯელის უპირობოდ დამძიმების თაობაზე ვრცელდება მხოლოდ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გაოყენებისას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი გარემოებების - მსჯავრდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების განხორციელებას, მტკიცებულებების ნაწილი გახადა უდავოდ, ზიანი ფაქტობრივად არ გვაქვს, რადგან სახეზეა დანაშაულის მცდელობა) და დაუნიშნა მას სამართლიანი სასჯელის სახე - ჯარიმა, თუმცა მიაჩნია, რომ სასჯელის ზომა - 3500 ლარი არის არაგონივრულად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს მისი მიზნების რეალურად შესრულებას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ს----------------ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელიდან ს----------------ს არ მოუხდია 500 ლარი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ს----------------ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი ს----------------ის მიმართ უნდა შეიცვალოს.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ნივთიერი მტკიცებულებები: ს----------------ის და ს---------------ის განმეორებითი ქორწინების მოწმობა დალუქული პაკეტში FCD741862 - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ს----------------ის 17.07.2017 წლის განცხადება დალუქული პაკეტში FCD730155 - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ს----------------ის და ს---------------ის განქორწინების აქტის ჩანაწერი N14, ს----------------ის 11.02.2015 წლის განცხადება და სამახსოვრო ბარათი, დალუქული პაკეტში FCD730153 - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ცვლილება შევიდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განაჩენში;

 

ს----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების გამოყენებით, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;

ს----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

ნივთიერი მტკიცებულებები:

ს----------------ის და ს---------------ის განმეორებითი ქორწინების მოწმობა დალუქული პაკეტში FCD741862 - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ს----------------ის 17.07.2017 წლის განცხადება დალუქული პაკეტში FCD730155 - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ს----------------ის და ს---------------ის განქორწინების აქტის ჩანაწერი N14, ს----------------ის 11.02.2015 წლის განცხადება და სამახსოვრო ბარათი, დალუქული პაკეტში FCD730153 - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი