განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/483-19, 120310018002581213
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გელა ბადრიაშვილი
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ს-------- +“
წარმომადგენლები - ი------------, ნ-----–-------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ს--–--------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ-----------------
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ს-------- +“ -ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
შპს ,,ს--------+“ ფლობს ციფრული მიწიზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს და მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას აწვდის სამაუწყებლო სიგნალს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მეტი რეგიონის დაფარვის მიზნით, შპს ,,ს--------+“-ს მიენიჭა დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიო სარელე სიხშირეები, რომელთაგან ერთ-ერთი პუნქტი არის ასპინძის რაიონის სოფელ დ----–-–ი (კორდინატეები: 4----------" N4----------"E) კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოხდა 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების დაზუსტება/დაკორექტირება კონკრეტულ პუნქტებთან მიმართებაში (იხ.სფ.26-68).
შპს. ,,ს--------+“-მა 2017 წლის 30 იანვარს N1------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ დ----–-–ი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება (იხ. ს.ფ. 18, 112-114).
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრში შესულია განცხადება, რომელიც შეეხება ასპინძის მუნიციპალიტეტში ,,სახელმწიფო მარაგის მიწები“ მდებარე, 500 კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ. 6----------- დანიშნულების შეცვლისა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით პრივატიზების საკითხს, სატელეკომუნიკაციო ანძის მოწყობის მიზნით (იხ.სფ.118).
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსი სპეციალისტის სამსახურეობითი ბარათით დაევალა ამავე სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----–-–ი მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ადგილზე შესწავლა/დათვალიერება, სიტუაციური ნახაზის, ფოტო მასალის და დათვალიერების ოქმის მომზადება (იხ.სფ.119).
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის შტატგარეშე თანამშრომლის ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მის მიერ 2018 წლის 02 თებერვალს დათვალიერებული იქნა ასპინძის მუნიციპალიტეტში ,,სახელმწიფო მარაგის“ 500კვ.მ. ფართობის მიწა ს/კ 6-----------. აღნიშნული უძრავი ქონება არ არის შემოღობილი, არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე ხვდება საკომუნიკაციო ანძა, რომელზეც განთავსებულია გადამცემი ანტენები (oხ.სფ.132-134, 160-162).
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 500 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ასპინძის რაიონი, სახელმწიფო მარაგის მიწები, ს/კ 6----------- (წინა ნომერი: 6-----------) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. უფლების დამდგენი დოკუმენტია: სსიპ. ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ბრძანება N1-----, დამოწმების თარიღი 14/03/2017, სსიპ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება N5----- (იხ.სფ.165-166).
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 იანვრის დასკვნის თანახმად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი ასპინძის რაიონში, სახელმწიფო მარაგის მიწებზე 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 6-----------, საბაზრო ღირებულება 2018 წლის იანვრის თვის მდგომარეობით შეადგენს 2500 ლარს (იხ.სფ.170-176).
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის უფროსის 2018 წლის 12 თებერვლის N------- გადაწყვეტილებით, შპს ,,ს--------+“ დირექტორს განემარტა, რომ მისი განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა ასპინძის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო მარაგის მიწებზე მდებარე 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N6-----------) პრივატიზებას, სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ მიზანშეუწონლად მიიჩნია დაინტრესებაში არსებული ქონების პრივატიზება. ამასთანავე, დაინტერესების შემთხვევაში სააგენტო განიხილავს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარის) უფლებით გადაცემის საკითხს (იხ.სფ.19; 131).
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის N------- გადაწყვეტილება შპს ,,ს-------- +“ მიერ 2018 წლის 13 მარტს გასაჩივრებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (იხ.სფ.20-22).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის N1------ ბრძანების თანახმად ,,დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია, ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. შეუძლებელია ცალკე აღებული რომელიმე საჯარო ან კერძო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულია, რომ კომპანიას მოთხოვნილი უძრავი ქონება ესაჭიროება ციფრული მაუწყებლობის გასავრცელებლად, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ ზეპირი მოსმენის ღია სხდომაზე საჩივრის ავტორის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ ხსენებულ მიწის ნაკვეთზე კომპანიას სურს სატელევიზიო მაუწყებლობის გადამცემი ანძის განთავსება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სააგენტომ გამოთქვა მზაობა, კომპანიის დაინტერესების შემთხვევაში, განიხილოს მოთხოვნილი უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარა) უფლებით გადაცემის საკითხი. აქვე, სამინისტრო ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ კომპანიის მიზანი (სატელევიზიო სიგნალის გავრცელებისათვის ანძის განთავსება) დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით შესაძლებელია მიღწეულ იქნეს ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შემთხვევაშიც, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაცემა გრძელვადიანი პერიოდითაც“. შესაბამისად, შპს ,,ს--------+“-ის 2018 წლის 13 მარტის N------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ.სფ.23-25).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
ამავე კანონის მეორე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონების განკარგვა ხდება სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ამავე მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად პრივატიზება გულისხმობს ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით;
ამავე კანონის 18-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმას წარმოადგენს აუქციონი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მეექვსე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
პირველი ინსტანციის სასამაღტლოს მითითებით, საქმის მასალებით და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ცალსახად დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრმა შპს ,,ს--------+“-ის განცხადების გამო ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა დისკრეციული უფლების ფარგლებში და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, რადგან სადავო უძრავი ქონების პრივატიზაცია ეწინააღმდეგებოდა საჯარო ინტერესს და ამასთან არსებითად უარი კი არ განაცხადა შპს ,,ს--------+“ განცხადების დაკმაყოფილებაზე, არამედ ,,დაინტერესების შემთხვევაში სააგენტო განიხილავს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარის) უფლებით გადაცემის საკითხს“.
სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით შეარჩიოს ერთი, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ კერძო ინტერესების გათვალისწინებით იძულებული გახდეს გასხვისოს უძრავი ქონება, დათმოს საკუთრება, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენება. ამასთან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს; დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას; ე) გამოცემის დროსა და ადგილს; ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე- ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის N------- გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნებს (იხ.აღნიშნული აქტი), სახეზეა ინდივიდუალურ ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც მოყვა სამართლებრივი შედეგი, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება მისი ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება და მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ისეთი დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა/ან გამოიწვევდა სხვა გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის N------- გადაწყვეტილება შპს ,,ს-------- +“-ის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის N 1------ ბრძანებით შპს. ,,ს--------+“-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის N------- გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ს--------+“-ს უარი ეთქვა 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 6----------- აუქციონის წესით პრივატიზებას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის N1------ ბრძანება გამოცემულ იქნა საქართველოს კანონმდებლობათა მოთხოვნათა დაცვით, სახეზე არ არის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, შესაბამისად არ არსებობდა აღნიშნული აქტების ბათილობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
მესამე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, რაც ეხებოდა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწის ნაკვეთის (ს/კ 6-----------) ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნის თანმდევ შედეგს და ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, არ არსებობდა არც მოსარჩელის მესამე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შპს ,,ს--------+“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით ფლობს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს, შესაბამისად იგი წარმოადგენს ერთადაერთ კერძო მულტიპლექს ოპერატორს საქართველოში, რომელიც ეროვნულ დონეზე უფასოდ ავრცელებს თითქმის ყველა ქართულ მაუწყებელს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს ,,ს-------- +“-ს მიენიჭა არაკომერციული დანიშნულებით რადიო სიხშირეები, რომელთაგან ერთ-ერთი პუნქტი მდებარეობს სწორედ ასპინძის რაიონში. აღნიშნული ინფორმაცია სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის პრივატიზება კომპანიის მიზნიდან გამომდინარე ძირითადი საქმიანობის უკეთ განხორციელებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. აპელანტის მითითებით, ძირითად საქმიანობაში მოიაზრება მოსახლეობისათვის ციფრული მაუწყებლობის უზრუნველყოფა. ამ კონკრეტული პუნქტიდან კი უნდა მომხდარიყო ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობისათვის სამაუწყებლო სიგნალის მიწოდება.
აპელანტის მითითებით, ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლა წარმოადგენს ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებას, რომელიც შეასრულა შპს „ს-------- +“-მა. მოსახლეობას აქვს საშუალება უფასოდ, ე.წ. ,,სახლის ანტენით“ მიიღოს მაუწყებლობა და შესაბამისად მიიღოს ინფორმაცია. აპელანტის მითითებით, ეს საჯარო ინტერესი ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს რომ გაეთვალისწინებინათ შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანა.
აპელანტი განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 12 თებერვლის N------- გადაწყვეტილებით, შპს „ს-------- +“-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის პრივატიზაციაზე. აღნიშნული აქტი არ შეიცავდა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისთვის საჭირო არცერთ რეკვიზიტს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილებას არ ახლავს დასაბუთება, რაც ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც აღინიშნა, თუმცა სასამართლომ ეს უკანასკნელი შეაფასა როგორც გარემოება, რომელიც დამოუკიდებლად ვერ გახდებოდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. აპელანტის მითითებით, როდესაც სახეზე არის აქტი, რომელსაც არ აქვს დასაბუთება, წარმოების მხარეს არ შეიძლება ჰქონდეს წარმოდგენა თუნდაც იმ სამართლებრივ წანამძღვრებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზეც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაამყარა გადაწყვეტილება. ეს კი, თავის მხრივ, ამცირებს სანდოობას როგორც ორგანოს, ასევე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობის და კანონშესაბამისობის მიმართ. ეს ფაქტი, დამოუკიდებლადაც სულ მცირე იმის საფუძველს ქმნიდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახლა გამოკვლევა დაევალებინა. აპელანტის მითითებით, დასაბუთების არარსებობა არ არის ისეთი ტექნიკური დეტალი, რომლიც გავლენას ვერ მოახდენდა აქტის ბათილობაზე, არამედ იგი არის გადაწყვეტილების არსებითად შემადგენელი ნაწილი და 601 მუხლით გათვალისწინებული, გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა.
აპელანტის მითითებით, სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და შეეფასებინა: 1) რა სიკეთეს მოუტანდა სამცხე-ჯავახეთის, კერძოდ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას მიწის პრივატიზება; 2) ემსახურებოდა თუ არა მიწის პრივატიზაცია უპირატესად კერძო ინტერესს.
აპელანტის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არალოგიკურობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 12 თებერვლის N------- აქტის გამოცემამდე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არაერთი ნაბიჯი გადადგა, რათა ქონება მოემზადებინა ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზაციისთვის. მხარეებს შორის მიდიოდა მოლაპარაკება, რის შედეგადაც მიწას შეეცვალა მიზნობრივი დანიშნულება და სააგენტომაც, არაერთხელ (მაგ: 2017 წლის 25 ოქტომბრის სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის წერილი) დაადასტურა, რომ ხდებოდა საპრივატიზაციო დოკუმენტების მომზადება, ასევე საყურადღებოა, სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის 16.08.2017 წლის N440/1 წერილი, სადაც გუბერნატორი თანხმობას აცხადებს მიწის განკარგვაზე. საქმეში არსებობს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000374918 დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა პრივატიზების საფასური. აპელანტის მითითებით, ამდენი პროცედურის შემდგომ, ძალიან დიდ ეჭვს ბადებს სააგენტოს ქმედება, როდესაც ისინი სრულიად დაუსაბუთებლად, ყოველგვარი კანონისმიერი დანაწესის დაცვით, უარს ამბობენ პრივატიზაციაზე და მხოლოდ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მიუთითებენ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „ს--------+“-ის სააპელაციო საჩივარი;
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასნახილველ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მითითებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; ბ.გ) იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვა; გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის მიხედვით ქონების მმართველი განმარტებულია შემდეგნაირად: სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი − მის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით.
საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ასპინძის რაიონის სოფ. დ----–-–ი მდებარე 500 კვ.მ. (ს/კ 6-----------) მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად, ამ უკანასკნელის განკარგვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილებას, რომელსაც ეს უფლებამოსილება დელეგირებული აქვს საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით და ახორციელებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გზით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ პუნქტზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების − მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების − განთავსების მიზნით განკარგვას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ამ მიზნით განკარგვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების − მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების − განთავსების მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 16 მაისის N1-1/193 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ წესის შესაბამისად განკარგვას ექვემდებარება უძრავი ნივთი, რომლის საერთო ფართობი არ აღემატება 500 კვ.მ-ს. ამავე მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად, უძრავი ნივთის განკარგვა ხორციელდება პრივატიზების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის გზით. უძრავი ნივთის პრივატიზება ხორციელდება ელექტრონული ან საჯარო აუქციონის, ასევე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, უძრავი ნივთის განკარგვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების − მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების − განთავსების პირობით. აღნიშნული პირობის შესრულების ვადები განისაზღვრება უძრავი ნივთის განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ შპს „ს--------+“-ს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია. შესაბამისად, იგი წარმოადგენს კერძო მულტიპლექს ოპერატორს, რომელიც ეროვნულ დონეზე უფასოდ ავრცელებს მაუწყებლობას. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ს--------+“-ს მიენიჭა არაკომერციული დანიშნულების რადიო სარელეო სიხშირეები, რომელთაგან ერთ-ერთი პუნქტი მდებარეობს სწორედ ასპინძის რაიონში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოდ დადასტურებულია ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზება შპს „ს--------+“-ის მხრიდან ძირითადი საქმიანობის (ტელე და რადიო მაუწყებლობის ორგანიზება და წარმოება, სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება და ციფრული მაუწყებლობის უზრუნველყოფა) უკეთ განხორციელების მიზანს ემსახურება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალები ცხადყოფს, რომ შპს „ს--------+“ აკმაყოფილებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების − მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების − განთავსების მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 16 მაისის N1-1/193 ბრძანებით უძრავი ნივთის პრივატიზების წესით მიღებისათვის დადგენილ ყველა პირობას, მოსარჩელე მხარის მიერ პრივატიზებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი წარდგენილ იქნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება არ ექცევა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იმ სახელმწიფო ქონების ჩამონათვალში, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 იანვრის N000374918 დასკვნის შესაბამისად, ასპინძის რაიონში, სახელმწიფო მარაგის მიწებზე 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 6-----------) მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის იანვრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 2500 ლარს (ს.ფ. 171).
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“.
სააპელაციო პალატის შეფასებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით.
კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“.
სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რადგან მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა - კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა არგუმენტს პრივატიზებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ქონების მმართველი გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შეზღუდულ რესურსს და სახელმწიფოს განსაკუთრებულ ვალდებულებას მიეკუთვნება მისი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება ეს არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ხოლო ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, „თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება“.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, „დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა“.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვას, რათა უსაფუძვლოდ არ მოხდეს კერძო ინტერესის დაცვა საჯარო ინტერესის ხარჯზე, ან პირიქით. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებს არ დაუსაბუთებიათ რა უპირატესი საჯარო ინტერესი არსებობდა მცირე ფართობის და დაბალი საბაზრო ღირებულების მქონე სახელმწიფო მიწის ნაკვეთის პრივატიზებაზე უარის თქმისათვის იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზება შპს ,,ს--------+“-ის მიერ მოთხოვნილ იქნა სატელეკომუნიკაციო ანძის მოსაწყობად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიებზე უფასო ქართულენოვანი სატელევიზიო სამაუწყებლო ციფრული სიგნალის მიწოდება. საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენს, რომ დღესდღეობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს უძნელდებათ საქართველოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირება, რაც განპირობებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის არქონით და სახელმწიფო ენის არცოდნით. სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს კი წარმოადგენს ინფორმაციული ვაკუუმის აღმოფხვრა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა სახელმწიფოს მიზანს, მიუთითებს, რომ აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, მათ შორის ტელე და რადიო პროგრამების ეთნიკური უმცირესობებისათვის ტრანსლირების ხელშეწყობის გარეშე. როგორც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დასტურდება, მითითებული გარემოებები სადავო აქტების გამოცემის დროს, ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა. გარდა ამისა, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სატელეკომუნიკაციო ანძის მოსაწყობად, შპს „ს--------+“-ს პრივატიზების წესით გადაცემული აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სახელმწიფო მიწის ნაკვეთები, განსახილველ შემთხვევაში კი გასაჩივრებული აქტებით დასაბუთებული არ არის თუ რა განსაკუთრებული გარემოებით იქნა განპირობებული იდენტურ შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება და რატომ აღემატება ამ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გაუსხვისებლობის ინტერესი ციფრული მაუწყებლობის გავრცელების ინტერესს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის აპელირებას დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს გადაწყვეტილების დასაბუთებისაგან. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელეს კანონიერი უფლება გააჩნია მოითხოვოს სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზება, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მისთვის პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და შესაბამისი მტკიცებულებებითა თუ არგუმენტებით გამყარებული, რასაც განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში, პალატის შეფასებით, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცეს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ნორმების უგულებელყოფით.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N------- გადაწყვეტილება და ამავე სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „ს--------+“-ის 2017 წლის 30 იანვრის N1------- განცხადებასთან დაკავშირებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----–-–ი არსებული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ს/კ 6-----------) პრივატიზების თაობაზე.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 04 ივლისის N1------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N------- გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, აღნიშნული ცხადყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 04 ივლისის N1------ ბრძანების უკანონობასაც. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იქნა ჯეროვნად განხორციელებული. შესაბამისად, არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 04 ივლისის N1------ ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ხარჯები
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის 5.1 მუხლის "ს" და „ს1“ ქვეპუნქტების თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე, სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
სსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხრეები "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის 5.1 მუხლის "ს" და „ს1“ ქვეპუნქტების საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, აღნიშნული არ გამორიცხავს მათი, როგორც მოწინააღმდეგე მხარეების, ვალდებულებას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას აანაზღაურონ სარჩელზე (საჩივარზე) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სსკ-ის 53-ე მუხლის, სასკ-ის 10.3 მუხლის საფუძველზე შპს „ს--------+“-ის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 389-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს--------+“ -ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ს--------+“ -ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N------- გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,ს--------+"-ის 2017 წლის 30 იანვრის N1------- განცხადებასთან დაკავშირებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----–-–ი არსებული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ს/კ.6-----------) პრივატიზების თაობაზე;
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 4 ივლისის N1------ ბრძანება;
6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ს--------+“-ის (ს/ნ 2--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე გელა ბადრიაშვილი
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე