განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.10.2019
საქმის ნომერი
330210018002332882
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002332882

საქმე № 2ბ/292-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე– ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - ლევან მიქაბერიძე, გელა ქირია

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

I აპელანტი - სს ,,ნ---------“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - დ----- ა-–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ--–- პ----–---–ი, მ--–---- კ-–--–---–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ა-- გ------------ი

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

II აპელანტი - ლ--–- პ----–---–ი, მ--–---- კ-–--–---–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ა-- გ------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ნ---------“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - დ----- ა-–----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მ--–---- კ-–--–---–მა ლ--–- ლ--–- პ----–---–მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს “ნ---------ს“ წინააღმდეგ. ლ--–- პ----–---–მა და მ--–---- კ-–--–---–მა მოითხოვეს მოპასუხეს, სს ,,ნ---------’’-ს ლ--–- პ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასის სახით ყოველთვიურად 8750 ლარის (დაუბეგრავი) გადახდა 2015 წლის აგვისტოს თვიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხეს, სს ,,ნ--------ი’’-ს მ--–---- კ-–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასის სახით ყოველთვიურად 15 000 ლარის (დაუბეგრავი) გადახდა 2015 წლის აგვისტოს თვიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხეს, სს ,,ნ--------ი’’-ს ლ--–- პ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გადახდის ვალდებულება 1030 ლარის ოდენობით; ასევე, მოპასუხეს, სს ,,ნ---------’’-ს მ--–---- კ-–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გადახდის ვალდებულება 6058 ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხემ სს ,,ნ--------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეები სადავო პერიოდში მათ საქმიანობას ახორციელებდნენ იმგვარად, რომ არ სრულდებოდა შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები. შესაბამისად, დამსაქმებელს არ გააჩნდა ვალდებულება აენაზღაურებინა მოსარჩელეთათვის ხელფასი.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ლ--–- პ----–---–ისა და მ--–---- კ-–--–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს ,,ნ---------’’-ს მ--–---- კ-–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის სახით 39 000 ლარის ანაზღაურება (დაუბეგრავი); მოპასუხე სს ,,ნ---------’’-ს ლ--–- პ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის სახით 22 750 ლარის ანაზღაურება (დაუბეგრავი); მოსარჩელეებს სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი; მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 1850,5 ლარის გადახდა; მოსარჩელეს დაუბრუნდა მის მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟი 50 ლარის ოდენობით; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელეთა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება 2470 ლარის ოდენობით;

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება სს ,,ნ--------მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ასევე, გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ--–- პ----–---–მა და მ--–---- კ-–--–---–მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე განხორციელებული სამართალშეფარდების პროცესის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,ნ---------ს“, ლ--–- პ----–---–ისა და მ--–---- კ-–--–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. უდავოა, რომ 2015 წლის 1 ივნისს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება სს ,,ნ---------“-ს და მ--–---- კ-–--–---–ს შორის. ასევე, უდავოა, რომ 2015 წლის 1 ივნისს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება სს ,,ნ---------“-ს და ლ--–- პ----–---–ს შორის (იხ. ტომი I, ს.ფ 16-19);

 

6. 01.06.2015 წლის შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე მ--–---- კ-–--–---–ი მოპასუხე კომპანიაში დაინიშნა რეანიმაციული დეპარტამენტის სამედიცინო ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო ლ--–- პ----–---–ი რეანიმაციული დეპარტამენტის ადმინისტრაციული ხელმძღვანელის პოზიციაზე (იხ. ტომი I ,ს.ფ 16-19);

 

7. დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულებებით განისაზღვრა, რომ რეანიმაციული დეპარტამენტის შექმნიდან და მისი ამუშავებიდან დასაქმებულებს ეძლეოდათ შრომის ანაზღაურება კლინიკის შიდა სტანდარტის მიხედვით გამომუშავების შესაბამისად, მაგრამ თვეში არაუმეტეს 8750 ლარისა ლ--–- პ----–---–ის შემთხვევაში და ასევე, თვეში არაუმეტეს 15000 ლარისა მ--–---- კ-–--–---–ის შემთხვევაში.

 

8. უდავოა, რომ რეანიმაციული დეპარტამენტი შეიქმნა 2015 წლის 15 აგვისტოდან. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელეებს, 2015 წლის 2 ნოემბრის შემდგომ აღარ უმუშავიათ მოპასუხე დაწესებულებაში;

 

9. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დასაქმებულთათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სამართლებრივი წინამძღვრები არსებობს. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 34-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ვინაიდან მოსარჩელეებს სხვა დაწესებულებებში საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალ სამსახურში წასულიყვნენ სამუშაოდ თუნდაც 1000 ლარზე.

 

შესაბამისად, სასამართლომ დაიანგარიშა სადავო პერიოდისათვის მისაღები ხელფასის საერთო რაოდენობა. ამ მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელეების შრომის ანაზღაურება შეადგენდა სწორედ 15000 და 8750 ლარს. მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მოსარჩელეთათვის 2015 წლის 15 აგვისტოდან - 2015 წლის 2 ნოემბრის პერიოდის ჩათვლით ხელფასი. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის სახელფასო დავალიანება ლ--–- პ----–---–ის მიმართ შეადგენს 22 750 ლარს, ხოლო მ--–---- კ-–--–---–ის მიმართ 39 000 ლარს. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტს მოსარჩელეთა მოთხოვნის მიუხედავად, არ გადაუცია ცნობა სახელფასო დავალიანების შესახებ, სასამართლოში დავის განხილვის დროსაც არ წარმოუდგენია მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოსარჩელეების შრომის საშუალო ანაზღაურების ოდენობისა და სახელფასო დავალიანების თაობაზე, რისი შესაძლებლობაც მას ობიექტურად გააჩნდა.

 

პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასმართლო მოსაზრებას, რომ ერთობლივი საქმიანობის თაობაზე მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებაც მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიუთითებს, რომ მოსარჩელეებზე უნდა გაიცეს შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი სარგო (იხ. მუხლი 2.1.5. ს.ფ. 38).

 

სააპელაციო საჩივრით სადავოა მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა. აპელანტი წარმოდგენილ საჩივარში ძირითადად ეყრდნობა იმ გარემოებას, ხელფასის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო და გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო კლინიკის შიდა სტანდარტის შესაბამისად, რაზედაც მითითებული იყო ხელშეკრულებებში. თუმცა, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ აპელანტს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

 

10. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

13. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

14. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის. მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა. ამ მოცემულობაში კი, გასათვალისწინებელია შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. (იხ. სუსგ-ები Nას-483-457-2015, 07.10.2015, №ას-110-2019, 5 ივლისი, 2019 წელი, პ-25. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დასაქმებულები სამსახურებრივ უფლებამოსილებებს არ ასრულებდნენ (მოსარჩელეები) თუმცა, როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი დამსაქმებელი შემოიფარგლა მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების არარელევანტურობაზე მითითებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ--–- პ----–---–ს სს „ნ--------ში“, ხელფასის სახით, 2015 წლის 15 აგვისტოდან 2015 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 22 750 (თვეში 8750) ლარი უნდა მიეღო. ხოლო მ--–---- კ-–--–---–ს სს „ნ--------ში“, ხელფასის სახით, 2015 წლის 15 აგვისტოდან 2015 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 39 000 (თვეში 15 000) ლარი უნდა მიეღო. პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ--–- პ----–---–ის სარჩელი 22 750 ლარის და ხოლო მ--–---- კ-–--–---–ის სარჩელი 39 000 ლარის ოდენობით დააკმაყოფილა. შესაბამისად, სს ნ---------“, და ლ--–- პ----–---–ისა და მ--–---- კ-–--–---–ის სააპელაციო საჩივრები გასაჩივრებულ ნაწილში არ არის საფუძვლიანი.

 

15. შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს - 48 საათს. სპეციფიური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო.

 

შრომის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, 1. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო: ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ანაზღაურების გარეშე; ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – სათანადო ანაზღაურებით. 2. აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. 3. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს. 4. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. 5. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მხრიდან არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათი მხრიდან ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა აპელანტების მოთხოვნა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

16. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ გარემოებები, რომელზედაც ამყარებენ თავიანთ მოთხოვნას გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით და გაებათილებინა მტკიცებულებები რომელსაც ეყრდნობა გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ,,ნ---------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ლ--–- პ----–---–ისა და მ--–---- კ-–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

4. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტებს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები ლევან მიქაბერიძე

 

გელა ქირია