განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.07.2019
საქმის ნომერი
010310017002153353
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310017002153353 (3/ბ-166-2019 წ.)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი),ნანა კალანდაძე, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტები - მ-------------ე (მოსარჩელე), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

 

მოწინააღმდეგე მხარე (მ-------------ის სააპელაციო საჩივარზე) - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

 

მოწინააღმდეგე მხარე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარზე) - მ-------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტ მ-------------ის მოთხოვნა: სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ სარჩელის უარყოფის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და მ-------------ის სარჩელის დაკმაყოფილება.

 

1.1. აპელანტ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და მ-------------ის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 01 ნოემბერს მ-------------ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - უნივერსიტეტი) მიმართ და მოითხოვა: უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 1------------ის MES 6----------- წერილის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება მ-------------ის სასარგებლოდ გამოსცეს აქტი მერვე სემესტრის კუთვნილი სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე 600 ლარის ოდენობით; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 0------------ის №0------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება მ-------------ის სასარგებლოდ გამოსცეს აქტი სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული ფულადი ჯილდოს - 415 ლარის ოდენობით გაცემის თაობაზე.

ამავე სარჩელით მოითხოვა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება, 1 000 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 1------------ის MES 6----------- წერილით მოსარჩელე მ-------------ეს ეცნობა, რომ არ არსებობდა მასზე სტიპენდიის გაცემის საფუძველი, რადგანაც ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 2-----–--ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის დროს იგი აღარ იყო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მის შემთხვევაში არ დგინდება სტიპენდიის გაცემაზე უარის თქმის არცერთი გარემოება, ვინაიდან აკმაყოფილებდა სტიპენდიის გაცემის ყველა კრიტერიუმს. კერძოდ, მას არ გააჩნდა ფინანსური დავალიანება, მის მიერ სრულად იქნა ათვისებული მეოთხე სასწავლო წლის მეორე სემესტრის (ანუ საბაკალავრო პროგრამის მერვე სემეტრის) საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო კრედიტები, რაც დასტურდება ნიშნების ამონაწერითა და ცნობით, რომ სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში გააჩნდა 91 და მეტი ქულა. უნივერსიტეტის წერილობით კორესპოდენციაში სტიპენდიის გაცემაზე უარის საფუძველი, სტუდენტის სტატუსის არქონა საბაკალავრო პროგრამის დასრულების გამო, სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესში არ არის მითითებული და არც მისი შინაარსიდან გამომდინარეობს.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სტუდენტობის პერიოდში მოპოვებულ სტიპენდიაზე უარი სტუდენტის სტატუსის არქონის გამო, სრულიად უკანონოა და მოკლებულია დასაბუთებას. სტიპენდია მან დაიმსახურა წარჩინებული სწავლით. გარდა ამისა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ უნივერსიტეტის ქმედებაში იკვეთება დისკრიმინაციული მოპყრობა მის მიმართ, სტუდენტის სტატუსის ნიშნით. განსახილველ შემთხვევაში, არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან სამართალმცოდნეობის მერვე სემესტრის სტუდენტები და მათ შორის მოსარჩელეც, რომელიც ვერ მოხვდა სტიპენდიის მიმღებ პირთა შორის, მაშინ, როცა ისინი სტიპენდიის მიმღებ პირთა საერთო კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ, განსხვავებული მოპყრობის განმაპირობებელ ნიშანს კი სტუდენტის სტატუსი წარმოადგენს.

 

მოსარჩელის აღნიშვნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 0----.2017 წ. წერილობითი კორესპოდენციის თანახმად, კომისიის მიერ შესწავლილ იქნა მ-------------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რაც მათი აზრით არ შეესაბამებოდა პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ყველა საგანში 91 და მეტი ქულა), მაშინ როდესაც პროგრამაში არ ყოფილა დასახელებული, ყოველ საგანში 91 ქულის მოთხოვნა. მოსარჩელის მტკიცებით, მოხდა კომისიის მიერ პროგრამის კრიტერიუმების არასწორად განმარტება და პროგრამის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამაში არ არის დაკონკრეტებული 91 და მეტის ქულის მოთხოვნა ეხება ძირითად თუ დამატებით საგანს, მაღალი აკადემიური ქულა საშუალო არითმეტიკულით დაიანგარიშება თუ ყოველ სასწავლო კურსს მოიცავს.

 

მოსარჩელის აზრით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 სექტემბრის N0------ აქტი პირდაპირ ეწინააღმდეგება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება) და მე-12 (თავისუფალი განვითარების უფლება) მუხლებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლს, ამავე დროს, თავად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამას და ამავდროულად არღვევს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.

 

უნივერსიტეტის შესაგებლით, მ-------------ისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (სწავლების მერვე სემესტრი) სტიპენდიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან მას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 2-----–--ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის დროს იგი აღარ იყო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

 

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მ-------------ისათვის სტიპენდიის დანიშვნაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მას სტიპენდიის გაცემის პერიოდში (სტიპენდიის გაცემის პერიოდი დადგენილია წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით) აღარ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.

 

,,სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 29 სექტემბრის N04 გადაწყვეტილების მე-6 მუხლის თანახმად, სტიპენდიის გაცემის პერიოდია სასწავლო სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვე (წინა სემესტრის შედეგების მიხედვით). აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ პირს, რომელიც სრულად შეასრულებს საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებს, ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და უწყდება სტუდენტის სტატუსი, მერვე სემესტრის სტიპენდიის გაცემის სუბიექტი ვერ იქნება მომდევნო სემესტრიდან, რადგან ამ დროს მას უკვე აღარ აქვს სტუდენტის სტატუსი.

 

სტიპენდიის გაცემის წესით დადგენილია, რომ ,,ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის“ გაიცემა მე-2-მე-7 სემესტრის სტუდენტთათვის, ხოლო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ბოლო სემესტრის (მერვე სემესტრი) სტუდენტებისათვის ,,ჩვეულებრივი სტიპენდიის ფრიადოსნისათვის“ გაცემა არ ხდება.

 

მოპასუხე მხარე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მ-------------ის მტკიცებას დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესახებ, რის დასადგენადაც შედარება არ შეიძლება მოხდეს იმ სტუდენტებთან, რომლებიც მოსარჩელისგან განსხვავებით არიან მე-2 ან მე-3 კურსის სტუდენტები, რადგანაც სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესი მათ განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს. შედარება შესაძლებელია იმ პირებთან, რომლებიც იმყოფებიან მოსარჩელის მსგავს პირობებში, ანუ მეოთხე სასწავლო წლის, მეორე სემესტრის სტუდენტებთან.

 

სტიპენდიის გაცემის წესის იმ სახით არსებობა, რომელიც სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედებდა და მ-------------ის მოთხოვნის განხილვისას იქნა გამოყენებული, არ არღვევს მოსარჩელის არცერთ კონსტიტუციურ თუ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებას და ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა უნივერსიტეტის მიმართ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაგებლით, მოსარჩელე მ-------------ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი ცნობა არ შეესაბამებოდა „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ყველა საგანში 91 და მეტი ქულა). გარდა ამისა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა გამომვლენი კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება კოლეგიურად და არა ერთპიროვნულად. დოკუმენტების განხილვის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, მ-------------ეს უნივერსიტეტიდან წარდგენილი ჰქონდა ცნობა, რომ საგანი „ლოგიკა“ თავისი სურვილისამებრ აირჩია, ეს სტუდენტის სასწავლო ბარათში აისახება და შეფასება არის „B“ (81 ქულა), რაც სამომავლოდ ასახვას ჰპოვებს ასევე, დიპლომის დანართში. კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით მ-------------ე ვერ მოხვდა პროგრამით მოსარგებლე სტუდენტთა სიაში.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2017 წლის 2-----–--ს წარდგენილ განცხადებას, რომლითაც ის ითხოდა, რომ მხედველობაში არ მიღებულიყო „ლოგიკის“ საგნის შეფასება და A კატეგორიის არქონა, მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნა მაღალი აკადემიური ქულის არსებობის სავალდებულოობის შესახებ ყველა საგანში (ფრიადი, 91 და მეტი ქულა A კატეგორია). შესაბამისად, მისი მსჯელობა იმის თაობაზე, რომ პროგრამაში არ იყო დაზუსტებული შეფასება „ფრიადის“ მოთხოვნა ყოველ სასწავლო კურსში და გადაწყვეტილების მიღების სხვა მეთოდები - არის უსაფუძვლო და ბათილი.

 

იქედან გამომდინარე, რომ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამა“ (დამტკიცებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N88 განკარგულებით) უპირობოდ მოითხოვს მაღალი აკადემიური მოსწრების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების (ფრიადი, 91 და მეტი ქულა A კატეგორია) ერთჯერად დაჯილდოებას, მოსარჩელე მ-------------ემ კი ვერ დააკმაყოფილა პროგრამით გათვალისწინებული იმპერატიულ მოთხოვნა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე მას უნდა ეთქვა უარი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით მ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

 

ბათილად იქნა ცნობილი, სტუდენტური პროგრამით დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 0------------ის №0------ გადაწყვეტილება, მ-------------ისათვის სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების დანიშვნაზე უარის შესახებ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), მ-------------ის განცხადებაზე, სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების დანიშვნის შესახებ;

 

მ-------------ის სარჩელი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, არ დაკმაყოფილდა.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის, 50 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე მ-------------ე 2013-2017 წლებში სწავლობდა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე და ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 2-----–--ის N-- გადაწყვეტილებით მას მიენიჭა, სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

 

მოსარჩელე მ-------------ემ 2017 წლის 07 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და მოითხოვა, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის გაცემა;

 

უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 1------------ის MES 6----------- წერილით მოსარჩელე მ-------------ეს ეცნობა, რომ არ არსებობდა მასზე სტიპენდიის გაცემის საფუძველი, რადგანაც ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 2-----–--ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის დროს იგი აღარ იყო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

 

მოსარჩელე მ-------------ემ 2017 წლის 2-----–--ს N8------- განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, სტუდენტური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება;

 

მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 0------------ის N0------ წერილით მ-------------ეს უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი სასწავლო ბარათის მიხედვით მერვე სემესტრის შეფასებით საგანში „ლოგიკა“ მიღებული ჰქონდა 81 ქულა, ხოლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, დაფინანსების მისაღებად სტუდენტს ყველა საგანში უნდა ჰქონოდა შეფასება, 91 და მეტი ქულა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. მხარეები განსხვავებულად აფასებდნენ დავასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გარემოებებს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის (მოქმედი რედაქციით) მიხედვით, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მოითხოვს მისი თითოეული წევრის უფლების პატივისცემას, საზოგადოების წევრებისთვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.

 

საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“, 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები.

 

საქართველოში უმაღლესი განათლების მიზნების მისაღწევად სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია, რაც განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, რომელიც მიუთითებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლებაზე, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა, რაც თავის მხრივ სხვა მრავალ საკითხთა შორის გულისხმობს უნივერსიტეტის უფლებას და არა ვალდებულებას, დამოუკიდებლად დაადგინოს და განახორციელოს სტუდენტთა ისეთი ხელშემწყობი/წამახალისებელი ღონისძიებები, როგორიცაა სასტიპენდიო პოლიტიკა, შეღავათები სწავლის საფასურის გადახდისას და ა.შ. ამაზე მეტყველებს ისიც რომ კანონმდებლობაში არსად არ არის განსაზღვრული სტიპენდიის დანიშვნის არა თუ ვალდებულება, არამედ მისი გაცემის ზოგადი წესიც კი. შესაბამისად, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მისი დისკრეციული უფლებამოსილების და საგანმანათლებლო პროცესში სტუდენტთა ხელშემწყობი პოლიტიკის ფარგლებში დაწესებულია რამდენიმე სახის სტიპენდიის გაცემა, რომელიც სადავო აქტის გამოცემის პერიოდში განისაზღვრებოდა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 29 სექტემბრის N04 გადაწყვეტილებით და სტიპენდიის გაცემის მარეგულირებელი რაიმე წესები უნივერსიტეტის სხვა ნორმატიულ აქტებში და მათ შორის წესდებაშიც, გაწერილი არ არის.

 

სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის პროცედურებს არეგულირებდა ,,სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 29 სექტემბრის N04 გადაწყვეტილება (ძალადაკარგულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2018 წლის 7 ნოემბრის N01 გადაწყვეტილებით).

 

სასამართლომ განმარტა, რომ სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის 1-ლი მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის (ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით) – მიეცემა სწავლების მეორე სემესტრიდან, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან სწავლაში მიღწეული წარმატებით (ვისაც წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში აქვს შეფასება „ფრიადი“). ამ ნორმის მიხედვით, ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსან სტუდენტზე გაიცემა სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრიდან, წინა, გავლილი (შემოდგომის) სემესტრის შედეგების შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სტუდენტმა წინა, გასულ სემესტრში გავლილ ყველა სასწავლო კურსში/საგანში მიიღო შეფასება, 91 ქულა ან მეტი. მე-3 პუნქტის თანახმად, ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის, ჩვეულებრივი სტიპენდია კარგოსნისათვის, სახელობითი სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, ერთჯერადად ექვსი თვის (სექტემბერი-თებერვალი/მარტი-აგვისტო), ხოლო სტიპენდია პირველი სასწავლო წლის სტუდენტთათვის შესაბამისი წლის 01 ოქტომბრიდან, თებერვლის ჩათვლით პერიოდისა, ერთჯერადად 5 თვის.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ-------------ის 2017 წლის 07 სექტემბერის განცხადება 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის გაცემის შესახებ, _ სრულიად საფუძვლიანად იქნა უარყოფილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან, შესაბამისად, რექტორის 2017 წლის 1------------ის MES 6----------- წერილი იყო კანონიერი.

 

სასამართლომ უარი თქმის საფუძვლად მიუთითა ორი გარემოება - 1) ის, რომ ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 2-----–--ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით მ-------------ეს მინიჭებული ჰქონდა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის დროს იგი აღარ წარმოადგენდა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს; 2) საბაკალავრო პროგრამის შემადგენელი არჩევითი სასწავლო კურსის შეფასებაში მ-------------ეს მიღებული ჰქონდა 81 ქულა, ანუ ყოველ სასწავლო კურსში არ ჰქონდა „ფრიადი“ (საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარემ სტიპენდიის გაცემაზე უარის თქმის ეს საფუძველი თვითონვე უარჰყო, იმ განმარტებით, რომ ეს გარემოება სტიპენდიის გაცემას ხელს არ უშლიდა).

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებდა სარჩელით სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 29 სექტემბრის N04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის“ იმ ნაწილის ანალიზს, რომელიც შეეხებოდა ჩვეულებრივი სტიპენდიის გაცემას, რადგან მხარეები ამასთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებში განსხვავებულ შეფასებებს ემყარებოდნენ.

 

საქალაქო სასამართლომ პირველ ყოვლისა აღნიშნა, რომ სტიპენდიის გაცემა უკავშირდებოდა სტუდენტის სტატუსს.

 

კერძოდ, ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის, (ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით) რასაც მოითხოვდა მ-------------ე, სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიეცემოდათ სწავლების მეორე სემესტრიდან, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ სწავლაში მიღწეული წარმატებით (ვისაც წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში ჰქონდა შეფასება „ფრიადი“).

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, სტუდენტს სტატუსი უწყდებოდა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ე.ი. კვალიფიკაციის მინიჭებისთანავე. იმ პერიოდში, როდესაც მ-------------ე ითხოვდა მისთვის სტიპენდიის გაცემას, მას იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 2-----–--ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით უკვე მინიჭებული ჰქონდა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, რაც იმას ნიშნავდა, რომ აღარ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.

 

სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის მე-6 მუხლის თანახმად, სტიპენდიის გაცემის პერიოდია სასწავლო სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვე. შესაბამისი ფაკულტეტების დეკანების მიერ მოწოდებული მონაცემებისა (წინა სემესტრის შედეგების მიხედვით) და სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება, სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.

 

საქალაქო სასამართლოს მსჯელობით, აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობდა იმას, რომ სტიპენდიები უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით ინიშნებოდა, ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, რომელსაც რექტორს აწვდიდნენ შესაბამისი ფაკულტეტები. მაგალითის სახით, თუ სტუდენტმა 2017-2018 სასწავლო წელს (ივლისში) დაამთავრა (ჩააბარა დასკვნითი გამოცდა) მეორე კურსი (4 სემესტრი), მისთვის სტიპენდიის მინიჭების შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა ახალი, 2018-2019 სასწავლო წლის პირველი (შემოდგომის) სემესტრის დაწყებიდან, (2018 წლის 1 ოქტომბრიდან) ერთი თვის ვადაში (2018 წლის ნოემბრის თვის დაწყებამდე) და ამ ერთი თვის ვადაში ფაკულტეტებმა უნდა უზრუნველყონ გასული სემესტრის მონაცემების დამუშავება, სტიპენდიანტთა სიის შედგენა და რექტორისთვის გადაგზავნა.

 

შესაბამისად, თუ სტუდენტი მე-4 კურსს დაასრულებს, მას როგორც წესი, ივლისის თვეში უკვე ენიჭება ბაკალავრის ხარისხი, რაც უნივერსიტეტის წესდების 66-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მაშინვე იწვევს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას/გაუქმებას, რამდენადაც, წესდების მითითებული ნორმის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება, კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ბრძანების გამოცემით კი საგანმანათლებლო პროგრამა და სწავლა უკვე დასრულებულია, კვალიფიკაციის მინიჭებისთანავე. აქედან გამომდინარე, დამამთავრებელი (მეოთხე) კურსის სტუდენტისთვის ბოლო (მერვე) სემესტრის სასტიპენდიო თანხა ვეღარ გაიცემა, რადგან სტიპენდიის გაცემის წესის თანახმად (რომელიც გამომდინარეობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის დანაწესებიდან), სტიპენდია გაიცემა უნივერსიტეტის სტუდენტზე, ხოლო სტიპენდიის გაცემა კვალიფიკაციის მინიჭებიდან (სტუდენტის სტატუსის შეწყვეტიდან) სხვადასხვა აუცილებელი პროცედურებიდან გამომდინარე, ძირითადად ოქტომბრის თვიდან ხდება და ამ დროს უკვე სახეზე აღარ არის სტიპენდიის უფლების მიღების მქონე სუბიექტი - სტუდენტი.

 

ფაქტობრივად, სტიპენდიის გაცემის წესით დადგენილია, რომ ,,ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის“ გაიცემა მე-2 - მე-7 სემესტრის სტუდენტთათვის, ხოლო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ბოლო სემესტრის (მე-8 სემესტრი) სტუდენტებისათვის ,,ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისათვის“ გაცემა არ ხდება, _ პირველი სემესტრის სტუდენტებთან მიმართებით სტუდენტი ვერ აკმაყოფილებს წესით დადგენილ კრიტერიუმს ,,წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში აქვს შეფასება „ფრიადი“, ხოლო მე-8 სემესტრის (ბოლო სემესტრი) სტიპენდიის გაცემის დროს, აღარ არსებობს წესით განსაზღვრული სტიპენდიის მიმღები სუბიექტი - „სტუდენტი“. ამდენად, მითითებული ნორმების შინაარსით გამოირიცხება მერვე სემესტრის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემა.

 

პირს, რომელიც სრულად შეასრულებს საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებს, ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და უწყდება სტუდენტის სტატუსი, შესაბამისად, მერვე სემესტრის სტიპენდიის გაცემის სუბიექტი ვერ იქნება მომდევნო სემესტრიდან, ანუ ახალი სასწავლო წლიდან, რადგან ამ დროს მას უკვე აღარ აქვს სტუდენტის სტატუსი. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 2-----–--ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით მ-------------ეს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ამდენად, სტიპენდიის გაცემის დროს იგი აღარ იყო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

 

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მ-------------ისათვის სტიპენდიის დანიშვნაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი იყო სწორედ ის გარემოება, რომ მას სტიპენდიის გაცემის პერიოდში (სტიპენდიის გაცემის პერიოდი დადგენილია წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით) აღარ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ-------------ეზე სტიპენდიის თანხის გაცემაზე უარის თქმის შესახებ უნივერსიტეტის 2017 წლის 1------------ის MES 6----------- ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგებოდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის მოთხოვნებს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ აქტს არ გამოუწვევია მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. უნივერსიტეტის 2017 წლის 1------------ის MES 6----------- აქტი გამომდინარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს N04 გადაწყვეტილებიდან, წარმოადგენს კანონიერების პრინციპის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ამასთან, მისი მიზანშეწონილობა აიხსნება გონივრული საფუძვლით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტისთვის სტიპენდიის გაცემის ვალდებულება და კონკრეტული წესი არ არის განსაზღვრული, რამდენადაც იგი განეკუთვნება უნივერისტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებას და ამიტომ იგი უფლებამოსილია თვითონ დამოუკიდებლად განსაზღვროს სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები, სტიპენდიის მიმღები სუბიექტები, ოდენობა, ვადები და ა.შ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნივერსიტეტის მხრიდან მ-------------ის მიმართ რაიმე სახის (პირდაპირი, ან ირიბი) დისკრიმინაციული მოპყრობის გამოვლენას ადგილი არ ჰქონია, მითუმეტეს როდესაც მოსარჩელის მიერ დასახელებული პირი, კახა გურგენიძე ვერ გამოდგება კომპარატორად (ანალოგიურ მდგომარეობში მყოფი პირი), რამდენადაც არ არის იგივე მახასიათებლების მატარებელი, ის სხვა კურსის სტუდენტი იყო მე-5-6 სემესტრის სტიპენდიის მიღების დროს და შესაბამისად, იმყოფებოდა სხვა გარემოებებში. ამასთან, როგორც დადგენილია, მ-------------ის მსგავს შემთხვევაში, ანუ ბაკალავრის სტატუსის მქონე პირისთვის, უნივერსიტეტის მიერ სტუდენტის კუთვნილი სტიპენდიის გაცემას ადგილი არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა დისკრიმინაციის დადგენისათვის მოქმედ იმ მნიშვნელოვან პრინციპზე, რომ თუ არ არის კომპარატორი, არც განსხვავებულ მოპყრობაზე შეიძლება საუბარი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ორი სხვადასხვა პირის (ჯგუფის) მიმართ განსხვავებული მოპყრობის შედარებისათვის აუცილებელია დადგინდეს, წარმოადგენენ თუ არა ისინი არსებითად თანასწორებს, ანუ არიან თუ არა, შედარებადი კატეგორიები, ხვდებიან თუ არა ამა თუ იმ შინაარსით კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში არიან თუ არა არსებითად თანასწორნი, კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში.

 

მოსარჩელის მიერ მითითებული შესაძლო დისკრიმინაციის დადგენისათვის, მ-------------ის მიმართ არსებული მოპყრობის შედარება არ შეიძლება მოხდეს იმ სტუდენტებთან, რომლებიც ზოგადად აკმაყოფილებენ სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს, მოსარჩელისგან განსხვავებით არიან მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები და რომლებსაც მიეკუთვნათ სტიპენდია, რადგანაც თავად „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის“ აყენებს მათ განსხვავებულ მდგომარეობაში, სტიპენდიის გაცემის დადგენილი რეგულაციებით. სწორედ ამ რეგულაციების შედეგად არის განსხვავებული მოპყრობის სუბიექტი მე-8 სემესტრის ყველა სტუდენტი და მ-------------ეც, რაც არ შეიძლება აღქმული და შეფასებული იქნას იმ ნიშნით, რომ ისინი მოსარჩელესთან ერთად დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, სხვა სტიპენდიის მიმღებ ჯგუფთან შედარებით, როგორც ეს მოსარჩელეს მიაჩნია. შედარება შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო იმ პირებითან, რომლებიც იმყოფებიან მოსარჩელის მსგავს პირობებში, ანუ მეოთხე სასწავლო წლის, მეორე სემესტრის სტუდენტებთან.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ რომელიმე სახის სამართალდარღვევაზე საუბარი მ-------------ის მიმართ ამ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიის გაცემის წესის იმ სახით არსებობა, რომელიც სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედებდა და მ-------------ის მოთხოვნის განხილვისას იქნა გამოყენებული, არ არღვევს მოსარჩელის არცერთ კონსტიტუციურ თუ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებას და ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - უნივერსიტეტის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და სტუდენტთა აკადემიური მიღწევების წახალისებას, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, სტუდენტისათვის კვალიფიკაციის დროულად მინიჭების აუცილებლობის სახით, სტიპენდიის გაცემის გარდაუვალობის შესახებ წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით და ა.შ. ეს წესი დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით არის პროპორციული და თანაზომიერი მეოთხე კურსის ბოლო სემესტრის სტუდენტისთვის სტიპენდიის გაუცემლობაზე. ამ წესით განსაზღვრული რეგულაციები არ იწვევს მე-4 კურსის ბოლო სემესტრის სტუდენტისთვის გაუმართლებლად მძიმე ტვირთს, რადგან სტიპენდია აუცილებლად უნდა გაიცეს წინა სემესტრის შედეგების შესაბამისად, ხოლო სტიპენდიის გაცემა მისი პროცედურული ხასიათიდან გამომდინარე, სხვაგვარად ვერ მოხდება. უნივერსიტეტის მიერ დადგენილი რეგულაცია აკმაყოფილებს დისკრიმინაციის საერთაშორისოდ აღიარებულ ტესტს და არ არღვევს მას. შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის არსებული წესები კანონშესაბამისია და არსებული რეგულაციების ბათილობის საკითხი ვერ დადგება დისკრიმინაციის, თუ სხვა მიზეზების გამო. ამდენად, არ არსებობს არავითარი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოსარჩელე მ-------------ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის N88 განკარგულებით დამტკიცებულ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიზნობრივი პროგრამაში“ ასახულია დაფინანსების გაცემის სქემა და ასევე, პროგრამის მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი. პროგრამის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულია 2016-2017 წწ პირველ და მეორე სემესტრში არსებული შედეგების მიხედვით ერთჯერადი ჯილდოს გაცემა, რომელიც უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის - ბაკალავრიატის იმ სტუდენტებზე გაიცემა, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ (ფრიადი), 91 და მეტი ქულა, A კატეგორია).

 

პროგრამის მიხედვით, თანხა (ჯილდო) გაიცემა 2016-2017 წწ პირველ და მეორე სემესტრში მიღებული ქულების შესაბამისად, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ასევე, დაფინანსების გაცემის სქემაში ჩამოთვლილია ის დოკუმენტები, რაც უნდა წარმოედგინა სტუდენტს დაფინანსების მისაღებად. ერთ-ერთ სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტს წარმოადგენს „ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ“, რაც თავის მხრივ უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამით დადგენილ ზემოთ აღნიშნულ ქულათა მინიმალურ ზღვარს თითოეულ საგანში.

 

მოსარჩელე მ-------------ემ 2017 წლის 2-----–--ს N8------- განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, სტუდენტური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება. მან გამგეობაში წარადგინა სტუდენტის სასწავლო ბარათი, რომლის თანახმად მას მე-8 სემესტრში გავლილი ჰქონდა 6 საგანი და მათგან ლოგიკაში შეფასებული იყო 81 ქულით, ხოლო ყველა სხვა საგანში მიღებული ჰქონდა, 91 და მეტი ქულა.

 

მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 0------------ის N0------ წერილით მ-------------ეს უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი სასწავლო ბარათის მიხედვით მერვე სემესტრის შეფასებით საგან „ლოგიკაში“ მიღებული აქვს 81 ქულა, ხოლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, დაფინანსების მისაღებად სტუდენტს ყველა საგანში უნდა ჰქონდეს შეფასება 91 და მეტი ქულა.

 

კომისიამ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მ-------------ეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი აქვს ცნობა, რომ საგანი „ლოგიკა“ თავისი სურვილისამებრ აირჩია, იგი სტუდენტის სასწავლო ბარათში აისახება და შეფასება არის „B“ (81 ქულა), რაც სამომავლოდ ასახვას პოვებს ასევე დიპლომის დანართში. კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მ-------------ე ვერ მოხვდა პროგრამით მოსარგებლე სტუდენტთა სიაში.

 

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება, რომ მ-------------ის განცხადების განხილვისას მოხდა კომისიის მიერ პროგრამის კრიტერიუმების არასწორად განმარტება და პროგრამის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამაში არ არის დაკონკრეტებული, 91 და მეტის ქულის მოთხოვნა ეხება ძირითად თუ დამატებით საგანს, მაღალი აკადემიური ქულა საშუალო არითმეტიკულით დაიანგარიშება, თუ ყოველ სასწავლო კურსს მოიცავს.

 

მუნიციპალიტეტის კომისიას, მ-------------ის განცხადების განხილვისას უნდა გაემახვილებინა ყურადღება და გამოეკვლია ის გარემოება, რომ უარის თქმის საფუძველს - ლოგიკის საგანს არ ითვალისწინებს სამართალმცოდნეობის მეოთხე კურსის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და შესაბამისად, კომისიას არ უნდა გაეთვალისწინებინა იმ საგნის მონაცემი, რომელიც არ შედის მეოთხე კურსის მეორე სემესტრის საბაკალვრო პროგრამაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფულადი ჯილდოს მიზანია, წაახალისოს სტუდენტი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისთვის.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მითითება იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ სემესტრში დაბალი ქულის მიღების თაობაზე ინფორმაცია მაინც აისახება დიპლომის დანართში, ამ შემთხვევაში ვერ იქნება მნიშვნელოვანი გარემოება, ვინაიდან ლოგიკის საგანი ზოგადად აისახება დიპლომის დანართში, როგორც გავლილი სასწვლო კურსი, თუმცა რომელ სემესტრში მოხდა აღნიშნული საგნის სწავლება, ამის მითითება არ ხდება.

 

სასამართლოს აღნიშვნით, მართალია, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში წარჩინებული სტუდენტისატვის ჯილდოს გადაცემა განეკუთვნება მუნიციპალიტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრული წესზე, რომლის თანახმად, ამ უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მოქმედებდეს კანონის ფარგლებში: 1. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. 2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გამგეობის 2017 წლის 0------------ის №0------ გადაწყვეტილება, ამ მხრივ წინააღმდეგობაშია კანონის მითითებულ პრინციპებთან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნიია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 0------------ის №0------ გადაწყვეტილება, მ-------------ისთვის ჯილდოს გაცემაზე უარის შესახებ, ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის და თავად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის მოთხოვნებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში წარჩინებული სტუდენტისათვის ჯილდოს გადაცემის საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.

 

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად ეცნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 0------------ის №0------ გადაწყვეტილება, მ-------------ისთვის ჯილდოს გაცემაზე უარის შესახებ და მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაავალა გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ-------------ის მოთხოვნაზე, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში წარჩინებული სტუდენტისათვის ჯილდოს გადაცემის თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მ-------------ემ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ სარჩელის უარყოფის ნაწილში, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

 

აპელანტ მ-------------ის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან სასამართლომ არ შეაფასა სათანადოდ 2017 წლის 1------------ის MES 6----------- ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მართლზომიერება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს N4 გადაწყვეტილებაში, სტიპენდიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად ,,სტიპენდიის თაობაზე აქტის გამოცემის მომენტში სტუდენტის სტატუსის არქონა'' არ არის მითითებული და არც ნორმატიული აქტის სისტემური ანალიზიდან გამომდინარეობს ასეთი დასკვნა. სასამართლომ არასწორდ მოახდინა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შეფასება. უნივერსიტეტმა დისკრეციული უფლებამოსილებით ისარგებლა მაშინ როცა წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ განხორციელდა სტიპენდიის გაცემის წესის რეგლამენტირება N4 გადაწყვეტილებით, რომლითაც უნისვერსიტეტმა გაწერა სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები. აღნიშნულის შემდეგ კი, უშულოდ სტიპენდიის გაცემის ბრძანებების გამოცემა, დისკრეციულ უფლებამოსილებად არ უნდა შეფასდეს, ვინაიდან თუ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს სტუდენტი მას უნდა მიეცეს სტიპენდია, თუ არ აკმაყოფილებს _ არა. მოპასუხე შეზღუდულია თავის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით, მასში გაწერილი კრიტერიუმებით და დამატებით ფართო დისკრეცია მას არ გააჩნია.

 

აპელანტის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებათა გამო: ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მთელ მსჯელობას აგებს იმ გარემოებაზე, რომ სტიპენდიის გაცემის მომენტში მოსარჩელეს არ გააჩნდა სტუდენტის სტატუსი და რომ სტიპენდიის გაცემის მომენტში სტუდენტის სტატუსის არქონა სტიპენდიის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველია. აღნიშნული მსჯელობა, აპელანტის აზრით, დაუსაბუთებელია, არ არის სამართლიანი და არ გამომდინარეობს სამართლებრივი ნორმების სწორი განმარტებიდან. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს, მაშინ როცა სტუდენტი იყო და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება N4 მერვე სემესტრის სტუდენტებს არ გამორიცხავს სტიპენდიის მიღებისას (მსგავსი ჩანაწერი არ არის მომწესრიგებლ აქტში). რექტორის მიერ დაგვიანებით სტიპენდიების გაცემა, როგორც ეს პროცედურითაა გათვალისწინებული, არ უნდა გახდეს სტიპენდიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. მოწინააღმდეგე მხარის განმარტება სტატუსის არქონაზე არ შეესაბამება არცერთი ნორმის სწორ განმარტებას, ვინადან ის (მ.ბ--------ე) სტიპენდიას ითხოვდა სტუდენტობის პერიოდში განვლილი წარჩინებული სწავლის საფუძველზე (მე-8 სემესტრში მიღებული ნიშნების მიხედვით) და გაუმართლებელია როცა უარს მხოლოდ იმ საფუძლით ეუბნებიან, რომ სტიპენდიის გაცემის ბრძანების გამოცემას წინ უსწრებდა მ-------------ეზე ბაკალავრის ხარისხის მინიჭების ოქმის გამოცემა, რითაც შეუწყდა სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა და სტუდენტის სტატუსით აღარ სარგებლობს, აღნიშნული არ ათავისუფლებს სტუდენტობის პერიოდში აღებული ვალდებულებებისგან მაგალითად (დაუბრუნოს უნივერსიტეტს ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნები, დაფაროს სწავლის გადასახადი და ა.შ.) შესაბამისად, არც უნივერსიტეტი თავისუფლდება წარმომადგენლობითი საბჭოს N4 გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულებებისგან, გასცეს მერვე სემესტრის სტუდენტობის პერიოდში მოპოვებული სტიპენდია.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის უფლებაა და არა ვალდებულება, დამოუკიდებლად დაადგინოს და განახორციელოს სტუდენტთა ისეთი ხელშემწყობი/წამახალისებელი ღონისძიებები, როგორიცაა სასტიპენდიო პოლიტიკა, შეღავათები სწავლის საფასურის გადახდისას და ა.შ. ამაზე მეტყველებს ისიც რომ კანონმდებლობაში არსად არ არის განსაზღვრული სტიპენდიის დანიშვნის არა თუ ვალდებულება, არამედ მისი გაცემის ზოგადი წესიც კი, _ თუმცა ამ მსჯელობას ავითარებს დაუსაბუთებლად და ამბობს, რომ უნივერსიტეტმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა სტიპენდიაზე უარის თქმისას სტუდენტის სტატუსის არქონის დამატებით კრიტერიუმი და რომ ეს კანონიერია. აპელანტის აზრით, აღსანიშნავია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტმა დისკრეციული უფლებამოსილებით ისარგებლა მაშინ როცა წყვეტდა ზოგადად სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემის/არგაცემის საკითხს, რაც დადებითად გადაწყდა წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ და განხორციელდა კიდეც მისი რეგლამენტირება N04 გადაწყვეტილებით, რომლითაც გაიწერა სტიპენდიის გაცემის ზუსტად განსაზღვრული კრიტერიუმები. აღნიშნულის შემდეგ კი, უნისვერსიტეტმა თავის მიერ გამოცემული აქტით შეიზღუდა თავი, წარმოეშვა ვალდებულებები, კერძოდ, დასახელებული ნორმატიული აქტის შესაბამისად გასცეს სტიპენდიები.

 

განსახილველ შემთხვევაში უნივერსიტეტის 2017 წლის 1------------ის MES 6----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამომდინარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს N04 გადაწყვეტილებიდან, კერძოდ, უარის თქმა სტუდენტობის პერიოდში მოპოვებულ კუთვნილ სტიპენდიაზე სტუდენტის სტატუსის არქონის გამო, სრულიად გაუმართლებელია და არ შეესაბამება კანონიერების პრინციპს. ხსენებული გადაწყვეტილებას პირველი მუხლის ,,გ“ პუნქტის მიხედვით, სტიპენდია, კერძოდ, ,,ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისთვის (ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით)“ - ენიშნებათ სწავლების მეორე სემესტრიდან, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებს რომლებიც გამოირჩევიან სწავლაში მიღწეული წარმატებით (ვისაც წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში აქვს შეფასება „ფრიადი“). მოცემული დანაწესი აზუსტებს, რომ ჩვეულებრივი სტიპენდია გაიცემა სწავლების მეორე სემესტრიდან, (ვინაიდან პირველი სემესტრის სტუდენტებს სხვა სახის სტიპენდია მიეცემათ) და არ გამორიცხავს მერვე სემესტრის სტუდენტებისთვის სტიპენდიის მიცემის შესაძლებლობას დამსახურებული სწავლიდან გამომდინარე. თუ უნივერსიტეტის წარმომადგენლები განმარტავენ რომ კანონმდებლის ნება იყო მერვე სემესტრის სტუდენტის გამორიცხვა, _ მაშინ გაურკვეველია რატომ არ მოახდინა ამის რეგლამინტირება ნორმატიულ აქტში.

 

ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (უსგ(№ბს-1024-1019(კ-17)). ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ N3ბ/1668-15 საქმეზე განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი სრულყოფილი დასაბუთებით პირდაპირ უნდა აქარწყლებდეს შესაძლო ეჭვებს თანაბარ პირობებში თანაბარი წესების გამოუყენებლობის შემთხვევის შესახებ. ეჭვებს - გარკვეული ინტერსებიდან გამომდინარე შესაძლო დისკრიმანციული მოპყრობის გამო. პალატა მიუთითებს რომ ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, იგი აგებს პასუხს საკუთარი შეხედულებით მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურობის და მართებულობის უტყუარობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა მძაფრია, როგორც კერძო ინტერესის, ისე საჯარო ინტერსის მიმართ, რადგან ეს ორივე მოიაზრება სახელმწიფოებრივი კეთილდღეობის აღიარებული საშუალებების შეუფერხებლად ფუნქციონირების ჭრილში ერთობლივად. განსახილველ შემთხვევაშიც კი, უნივერისტეტის ქმედება არათანაზომიერად უნდა შეფასდეს.

 

აპელანტის განმარტებით, სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები გაწერილია წარმომადგენლობითი საბჭოს N04 გადაწყვეტილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტში, რომლის თანახმად სტიპენდიები არ ენიშნებათ მხოლოდ ორ შემთხვევაში: ა) უნივერსიტეტის მიმართ ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტს (პირს, რომელმაც დადგენილ ვადაში ვერ გაიარა ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ბ) სტუდენტს, რომელსაც სრულად არა აქვს ათვისებული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ეტაპისათვის გათვალისწინებული კრედიტები. რასაც ემატება მესამე კრიტერიუმი (ყოველ სასწავლო კურსში - შეფასება „ფრიადი“ მოთხოვნა), რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სტიპენდია არ გაიცემა.

 

აპელანტის შემთხვევაში კი ზემოხსენებული არცერთი გარემოება არ არსებობს, ვინაიდან აკმაყოფილებდა სტიპენდიის გაცემის ყველა კრიტერიუმს, შესაბამისად, წერილობით კორესპოდენციაში მითითებული სტიპენდიის გაცემაზე უარის საფუძველი - ,,სტუდენტის სტატუსის არქონა საბაკალავრო პროგრამის დასრულების გამო“ _ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს N04 გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული და არც მისი შინაარსიდან გამომდინარეობს.

 

ამდენად აპელანტის განმარტებით ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვა მოპასუხე უნივერსიტეტის მიმართ.

 

აპელანტ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, მოსარჩელე მ-------------ემ 2017 წლის 2-----–--ს №8------- განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, სტუდენტური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება. მან გამგეობაში წარადგინა სტუდენტის სასწავლო ბარათი, რომლის თანახმად, მას მერვე სემესტრში გავლილი ჰქონდა 6 საგანი და მათგან ლოგიკაში შეფასებული იყო 81 ქულით, ხოლო ყველა სხვა საგანში მიღებული ჰქონდა, 91 და მეტი ქულა.

 

მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 სექტემბრისN№0------ წერილით მ-------------ეს უარი ეთქვა დაფინანსების გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი სასწავლო ბარათის მიხედვით მერვე სემესტრის შეფასებით საგანში „ლოგიკა“ მიღებული ჰქონდა 81 ქულა, ხოლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, დაფინანსების მისაღებად სტუდენტს ყველა საგანში უნდა ჰქონოდა შეფასება 91 და მეტი ქულა.

 

კომისიის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მ-------------ეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი ჰქონდა ცნობა, რომ საგანი „ლოგიკა“ თავისი სურვილისამებრ აირჩია, იგი სტუდენტის სასწავლო ბარათში აისახა და შეფასდა „В“ (81 ქულა), რაც სამომავლოდ ასახვას ჰპოვებდა ასევე დიპლომის დანართში. შესაბამისად, კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მ-------------ე ვერ მოხვდა პროგრამით მოსარგებლე სტუდენტთა სიაში.

 

აპელანტის განმარტებით, იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 2-----–--ის №10 საოქმო გადაწყვეტილებით მ-------------ეს უკვე მინიჭებული ჰქონდა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. ამდენად, მოსარჩელე მ-------------ე 2017 წლის 2-----–--ს, იმ დროისათვის როდესაც მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, უკვე არ იყო სტუდენტი და ამ გარემოების გამოც მასზე აღარ ვრცელდებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №88 განკარგულებით დამტკიცებულ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიზნობრივი პროგრამით“ დაწესებული შეღავათები.

 

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ კანონიერი საფუძვლებისა და დასაბუთების გარეშე გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება, რომ მ-------------ის განცხადების განხილვისას მოხდა კომისიის მიერ პროგრამის კრიტერიუმების არასწორად განმარტება და პროგრამის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამაში არ არის დაკონკრეტებული, 91 და მეტის ქულის მოთხოვნა ეხება ძირითად თუ დამატებით საგანს, მაღალი აკადემიური ქულა საშუალო არითმეტიკულით დაიანგარიშება, თუ ყოველ სასწავლო კურსს მოიცავს.

 

აპელანტის განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 დეკემბრის №88 განკარგულებით დამტკიცებულ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიზნობრივი პროგრამის“ მე-7 მუხლში პირდაპირ და ნათლად მითითებულია პროგრამის მიზნებზე და სტუდენტების მიღწევის შეფასების კრიტერიუმებზე: - „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში მაღალი აკადემიური მოსწრების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის (ფრიადი, 91 და მეტი ქულა, A კატეგორია) ერთჯერადი ფულადი ჯილდოთ უზრუნველყოფა“. ხოლო მე-9 მუხლის 1-ლ ნაწილში დაზუსტებულია მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი: პროგრამით ისარგებლებენ ის სტუდენტები, რომლებმაც მიიღეს მაღალი აკადემიური ქულა (ფრიადი, 91 და მეტი ქულა, AA კატეგორია) 2016-2017 წწ პირველ და მეორე სემესტრში საბაკალავრო პროგრამით და არა მეშვიდე-მერვე სემესტრის შედეგების მიხედვით, თანაც სტუდენტის სატატუსის უკვე არ მქონე პირები.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში წარჩინებული სტუდენტისათვის ჯილდოს გადაცემის საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს და არა მოვალეობას, ეს უფლებამოსილება განხორციელდა კანონით დადგენილ ფარგლებში და მოთხოვნათა სრული დაცვით, ამდენად არ არსებობს სამართლებრივი ან ფაქტობრივი გარემოებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 0------------ის №0------ გადაწყვეტილების, მ-------------ისათვის სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებისათვის.

 

აღნიშნული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ 2019 წლის 01 მარტის განჩინების გამოტანისას. სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ის კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, როგორც დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უარი უნდა ეთქვას მ-------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ-------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

დადგენილია, რომ მეგი ბაკურაძემ სარჩელით მოითხოვა:

- სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-----2017 წლის MEშ 6----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და უნივერსიტეტის დავალდებულება მეგი ბაკურაძის სასარგებლოდ გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მერვე სემესტრის კუთვნილი სტიპენდიის 600 ლარის დანიშვნის შესახებ.

- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 0----.2017 წლის N0------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მერიის დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური აქტი სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული ფულადი ჯილდოს 415 ლარის ოდენობით გაცემის თაობაზე მ-------------ის სასარგებლოდ.

 

2019 წლის 09 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ-------------ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-----2017 წლის MES 6----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და უნივერსიტეტისთვის თანხის - 600 ლარის დაკისრება.

 

მ-------------ის სარჩელი აღძრულია იმ მიზეზით, რომ მოსარჩელე 2013-2017 წლებში სწავლობდა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით, ფაკულტეტის საბჭოს 25.07.2017 წლის N-- გადაწყვეტილებით მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 07.09.2017 წელს მან, როგორც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტმა, განცხადებით მიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას 2017-2018 წ. გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის გაცემის მოთხოვნით.

 

უნივერსიტეტის 1-----201 წლის წერილით - MEშ 6----------- - მ-------------ეს უარი ეთქვა სტიპენდიის გაცემაზე იმ დასაბუთებით, რომ უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს 25.07.2017 წლის N-- საოქმო გადაწყვეტილებით მას მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის დროისთვის ის აღარ იყო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, ამასთან 2017-2018 წლის გაზაფხულის სემესტრში არჩეული „ლოგიკის“ სასწავლო კურსში მას არ ჰქონდა შეფასება ,,ფრიადი“ - 91 და მეტი ქულა (ს.ფ. 23-24, ტ.1).

 

2-----2017 წლის N8------- მ-------------ემ ასევე განცხადებით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) სტუდენტურის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნით, რაზეც 09.06.2017 წლის N0------ წერილით უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი სასწავლო ბარათის მიხედვით მე-8 სემესტრის შეფასებით საგანში ,,ლოგიკა“ მიღებული ჰქონდა 81 ქულა, ხოლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად დაფინანსება გაიცემოდა ხელვაჩაურში რეგისტრირებულ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე, რაც გულისხმობდა ყველა საგანში 91 და მეტი ქულით შეფასებას (A კატეგორია).

 

სასამართლოს დასაბუთებით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 43.12 მუხლით სტუდენტს სტატუსი უწყდება საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, - ე.ი. კვალიფიკაციის მინიჭებისთანავე.

 

უდავოა, რომ როცა მ-------------ემ მოითხოვა სტიპენდიის გაცემა, მას სტუდენტის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა. სასამართლომ მიუთითა, რომ სტიპენდია ინიშნებოდა რექტორის ბრძანებით ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, წინა სემესტრის შედეგების მიხედვით, რომელსაც რექტორს აწვდიან შესაბამისი ფაკულტეტები. ამდენად, თუ სტუდენტი მე-4 კურსს (მერვე სემესტრს) დაამთავრებს, _ მას როგორც წესი, ივლისის თვეში უკვე ენიჭება ბაკალავრის ხარისხი, რაც უნივერსიტეტის წესდების 66.8 მუხლის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე იწვევს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას. აქედან გამომდინარე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ბოლო (მერვე) სემესტრის სასტიპენდიო თანხა ვეღარ გაიცემა, რადგან სტიპენდია გაიცემა სტუდენტზე, ხოლო მერვე სემესტრის შესაბამისი პროცედურის დასრულების მომენტისთვის, სახეზე აღარ არის სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირი - სტუდენტი (სტატუსის შეწყვეტის გამო).

 

სასამართლოს დასკვნით, ფაქტობრივად სტიპენდიის გაცემის წესით ,,ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნებისთვის’’ გაიცემა მეორე-მეშვიდე სემესტრებში, ხოლო პირველ და მერვე სემესტრებში სტიპენდია არ გაიცემა, რადგან პირველ შემესტრში - სტუდენტი ვერ აკმაყოფილებს წესით დადგენილ კრიტერიუმებს - ,,წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში შეფასების თვალსაზრისით’’, ხოლო მერვე სემესტრში - სტიპენდიის გაცემის დროს სახეზე არ არის სტუდენტის სტატუსის მქონე პირის (შესაბამის სუბიექტი, ვისზეც გაიცემა სტიპენდია).

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ 22.12.2016 წ. N88 განკარგულებით დამტკიცდა მუნიციპალური პროგრამა 2016-2017 სასწავლო წლისთვის. პროგრამის მიხედვით ფულადი თანხა გაიცემოდა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე, რომლებიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იყვნენ რეგისტრირებულნი. დაფინანსების მისაღებად სტუდენტებს უნდა წარმოედგინათ ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ, რაც თავის მხრივ უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამით დადგენილ ქულათა მინიმალურ ზღვარს თითოეულ საგანში. კომისიის მიერ მოხდა პროგრამის კრიტერიუმების არასწორი განმარტება და პროგრამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან პროგრამაში არ არის დაკონკრეტებული აკადემიური მოსწრების (შეფასების) მოთხოვნა ვრცელდება ძირითად თუ დამატებით (არჩევით) საგანზე, მაღალი აკადემიური ქულა საშუალო არითმეტიკულით დაიანგარიშება თუ თითოეულ სასწავლო კურსს (დისციპლინას) გულისხმობს. კომისიას უნდა გაეთვალისწინებია, რომ საგანს „ლოგიკა“ არ ითვალისწინებდა სამართალმცოდნეობის მეოთხე კურსის საბაკალავრო პროგრამა და შესაბამისად არ უნდა გაეთვალისწინებინა ამ საგნის მონაცემები (შეფასება). ფულადი ჯილდოს მიზანს წარმოადგენდა სტუდენტის წახალისება წარჩინებული სწავლისთვის, რაც გადამწყვეტი იყო პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიტით სარგებლობისთვის.

 

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მუნიციპალიტეტის პოზიცია, რომ კონკრეტულ სემესტრში დაბალი ქულის მიღება მაინც აისახებოდა დიპლომის დანართში, რის გამოც სტუდენტს არ მიეცა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი თანხა და მიუთითა, რომ ლოგიკის საგანი ზოგადად აისახებოდა, როგორც გავლილი კურსი, თუმცა არ ხდებოდა იმის მითითება, თუ რომელ კურსზე მოხდა აღნიშნული საგნის გავლა და ეს გავლენას ვერ მოახდენდა პროგრამით სარგებლობაში.

 

საქმეში დაცული შპს ,,კავკასიის უნივერსიტეტის“ 1-----2018წ. N-- ცნობით ირკვევა, რომ მ-------------ე კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტროს პროგრამის სტუდენტია, ანუ 2017 წლის ივლისში დაასრულა ბაკალავრიატი და იმავე წელს გახდა მაგისტრატურის სტუდენტი (ს.ფ. 186, ტ.1).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით, სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი. 43.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, სტუდენტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპებს. 16.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა. 11.1 მუხლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 11. 2 მუხლით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა, აგრეთვე სამხედრო და საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სამხედრო და საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი 2.1. მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ან/და უარი თქვას მის გამოცემაზე ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 1------------ის MEშ 6----------- წერილით მ-------------ეს ეცნობა, რომ არ არსებობდა მასზე სწავლების მერვე სემესტრის სტიპენდიის გაცემის საფუძველი, რადგანაც იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 2-----–--ის N-- საოქმო გადაწყვეტილებით მას მინიჭებული ჰქონდა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისად, სტიპენდიის გაცემის დროს იგი აღარ იყო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, მ-------------ეს იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 2-----–--ის N-- საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ბაკალავრის ხარისხის მინიჭებით შეუწყდა სტუდენტის სტატუსი და შესაბამისად, სტიპენდიის მოთხოვნით უნივერსიტეტისათვის მიმართვისა და სტიპენდიის გაცემის მომენტისათვის, მას სტუდენტის სტატუსი არ გააჩნდა, თუმცა, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ აპელანტს (მოსარჩელეს) როგორც სტუდენტს, სწავლების მერვე სემესტრში, აკადემიური მიღწევების მიხედვით, მოპოვებული ჰქონდა სტიპენდიის მიღების უფლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან ამ უფლების უგულებელყოფა (თანხის გაცემაზე უარი) ეწინააღმდეგება პირის საკუთრების პატივისცემის უფლებას, რაც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით.

 

სტიპენდია (???. stipendium — ხელფასი, ქირა) - ფულადი დახმარებაა, რომელიც ეძლევა მოსწავლეებს, ?????????? , ???????????? , სხვადასხვა ტიპის სასწავლებელთა მოსწავლეებს. სტიპენდია შეიძლება გადაეცეს სოციალური ნიშნით (სოციალურად დაუცველებსა და მატერიალურად შეჭირვებულებზე), ასევე კარგი სწავლისა და მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე (იხ. https://ka.wikipedia.org/wiki/????????? ).

 

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 29 სექტემბრის N04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის რსუ-ს სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის“ პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისთვის’’ (ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით) - სწავლების მე-2 სემესტრიდან, რსუ-ს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებს, რომლებიც გამოირცევიან სწავლაში მიღებული წარმატებით (ვისაც წინა სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ყოველ სასწავლო კურსში აქვს შეფასება ,,ფრიადი’’).

 

სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის მე-6 მუხლის თანახმად, სტიპენდიის გაცემის პერიოდია სასწავლო სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვე. შესაბამისი ფაკულტეტების დეკანების მიერ მოწოდებული მონაცემებისა (წინა სემესტრის შედეგების მიხედვით) და სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება, სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.

 

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის N01 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-2 მუხლის თანახმად, სტიპენდიები ენიშნებათ ბსუ-ს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს (შემდეგში ,,სტიპენდიანტი’’): ა) საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამა (არანაკლებ 240 კრედიტიანი - 8 სემესტრის განმავლობაში); დ) სამაგისტო პროგრამები (120 კრედიტი - 4 სემესტრის განმავლობაში). წესის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად ბსუ-ს სტუდენტებს ამ წესით დადგენილი პირობებით შესაძლებელია დაენიშნოთ შემდეგი სახის სტიპენდია - ,,პირველსემესტრელის სტიპენდია’’ (ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით) ენიშნება პირველი სასწავლო წლის პირველი სემესტრის იმ სტუდენტებს, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხება აბიტურიენტის განცხადებაში (სარეგისტრაციო ანკეტაში) მის მიერ პირველ ნომრად მითითებულ, წინამდებარე წესის მე-2 პუნქტის ,,ა, გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბსუ-ს რომელიმე პროგრამაზე და ამასთან, ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან მეოთხე (დამატებით) გამოცდაზე მიღებული აქვს ბსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტთა შორის ყველაზე მაღალი (სკალირებული) ქულა; ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,ჩვეულებრივი სტიპენდია ფრიადოსნისთვის’’ (ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით) - ენიშნება წინამდებარე წესის მე-2 პუნქტის ,,ა, გ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების იმ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის პერიოდში, შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ფარგლებში, წინა სემესტრში, პროგრამის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყოვველ სასწავლო კურსში (როგორც ძირითად ან/და დამატებით, ისე საკუთარი ინიციატივით დარეგისტრირებულ სასწავლო კურსში) მიღებული აქვს შეფასება ,,ფრიადი’’, აღნიშნული სტიპენდია ბსუ-ს სტუდენტს ენიშნება სწავლის მე-2 სემესტრიდან. დამამთავრებელი სემესტრის შეფასებების გათვალისწინებით სტიპენდიის დანიშვნა არ ხორციელდება;

 

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის N01 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,ბსუ-ს სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 29 სექტემბრის N04 გადაწყვეტილება და ,, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველისა და ხუსეინ ნაკაიძის სახელობით საუნივერსიტეტო სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 29 სექტემბრის N3 გადაწყვეტილება.

 

ამდენად, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის N01 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესით“ პირდაპირ იქნა გათვალისწინებული რომ დამამთავრებელი სემესტრის შეფასებების გათვალისწინებით სტიპენდიის დანიშვნა არ ხორციელდებოდა. ასეთ დათქმას მანამდე მოქმედი, 29.09.2011წ N04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბსუ-ს სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (რომლის მოქმედებაც სადავო სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება) არ ითვალისწინებდა.

 

სააპელაციო სასამართლო მოიხმობს ევროსასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში გამოთქმულ მსჯელობას (საქმე - ვიეცზორეკი პოლონეთის წინააღმდეგ (Wieczorek v. Poland, პარ. 57)), რომ „როცა სარგებლის მოცულობა მცირდება ან მისი გაცემა წყდება, ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ჩარევას საკუთრებაში, რაც გამართლებას საჭიროებს“.

 

საქმეში „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ „პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მოიცავს სამ წესს. პირველი წესი, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, აცხადებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს; ის გათვალისწინებულია პირველი ნაწილის პირველი წინადადებით. მეორე წესი მოიცავს ქონების ჩამორთმევას და ამ უკანასკნელს გარკვეულ პირობებს უქვემდებარებს; ის მოიპოვება იმავე ნაწილის მეორე წინადადებაში. მესამე წესი აღიარებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, სხვა ზომების გარდა, გააკონტროლოს ქონების გამოყენება ზოგადი ინტერესის შესაბამისად, ისეთი კანონების მიღებით, რომელთაც ის აუცილებლად ჩათვლის ამ მიზნით; ეს წესი გათვალისწინებულია პირველი მუხლის მეორე ნაწილით“.

 

ის, რომ მოსარჩელეს არ მიეცა მოპოვებული სტიპენდიის მიღების უფლების რეალიზების საშუალება, უნდა შეფასდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული ზოგადი ხასიათის პირველი წესის - საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის დარღვევად.

 

ახალგაზრდები (მოსწავლეები, სტუდენტები, პირები რომლებიც პირველად საქმდებიან სკოლის, პროფესიული თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების შემდეგ) სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებული ზრუნვის ადრესატები უნდა იყვენენ. ასეთი ზრუნვა, დამსახურების გამო (მაღალი აკადემიური მოსწრება მოსწავლის/სტუდენტის დამსახურების ერთერთი გამოხატულებაა) მათ მატერიალურ წახალისებაშიც გამოიხატება სხვა არაერთ შესაძლო პრივილეგიებთან თუ სოციალურ ბენეფიტებთან ერთად. სახელმწიფო მხრიდან ასეთი ზრუნვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ პროსიონალებად და სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში. ამდენად, სასამართლოს აზრით, სოციალური გარანტიების შეზღუდვით (რაც მოცემულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან წარჩინებული სწავლისთვის განსაზღვრული სტიპენდიის გაუცემლობაში გამოხატა) უკანონოდ მოხდა პირის სტიპენდიის მიღების უფლებაში გამოხატული საკუთრების უფლების ხელყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ-------------ის მოთხოვნა მოპასუხე უნივერსიტეტისათვის მერვე სემესტრის სტიპენდიის თანხის, 600 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო პრეტენზიას, სასამართლო კოლეგიას მიაჩნი, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საქალაქო სასამართლოს დასაბუთება სარჩელით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (2017 წლის 0------------ის №0------ წერილის) უკანონობასთან დაკავშირებით სრულიად გასაზიარებელია.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 22.12.2016 წ. N88 განკარგულებით დამტკიცდა მუნიციპალური პროგრამა 2016-2017 სასწავლო წლისთვის. პროგრამის მიხედვით, ფულადი თანხა გაიცემოდა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებზე, რომლებიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იყვნენ რეგისტრირებულნი. დაფინანსების მისაღებად სტუდენტებს უნდა წარედგინათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ, რაც თავის მხრივ უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამით დადგენილ ქულათა მინიმალურ ზღვარს თითოეულ საგანში.

 

მუნიციპალიტეტის კომისიის მიერ მოხდა პროგრამის კრიტერიუმების არასწორი განმარტება და მ-------------ის მიმართ პროგრამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან პროგრამაში არ ყოფილა დაკონკრეტებული აკადემიური მოსწრების (შეფასების) მოთხოვნა ვრცელდებოდა ძირითადი თუ დამატებითი (არჩევითი) საგნების მიმართ, მაღალი აკადემიური ქულა საშუალო არითმეტიკულით დაიანგარიშებოდა თუ თითოეულ სასწავლო კურსს (დისციპლინას) გულისხმობდა. კომისიას უნდა გაეთვალისწინებია, რომ საგანი „ლოგიკა“ არ შედიოდა სამართალმცოდნეობის მეოთხე კურსის საბაკალავრო პროგრამაში და შესაბამისად უნდა განესაზღვრათ რამდენად უნდა მიღებულიყო მხედველობაში აღნიშნული საგნის მონაცემები (შეფასება). სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პროგრამით სარგებლობისთვის გადამწყვეტია ფულადი ჯილდოს მიზნის გათვალისწინება, რასაც წარმოადგენს სტუდენტის წახალისება წარჩინებული სწავლისთვის.

 

პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მუნიციპალიტეტის პოზიცია, რომ კონკრეტულ სემესტრში დაბალი ქულის მიღება აისახებოდა მოსარჩელის დიპლომის დანართში, რაც შესაბამისი ბენეფიტით სარგებლობას გამორიცხავდა. დასაბუთებულია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ საგანი „ლოგიკა“ ზოგადად აისახებოდა, როგორც გავლილი კურსი და მისი შეფასება გავლენას ვერ მოახდენდა პროგრამით სარგებლობაში.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მ-------------ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში კანონიერია და მის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

მ-------------ის სასარჩელო მოთხოვნა - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის თანხის დაკისრების შესახებ გამომდინარეობს მოსარჩელის სახელმწიფო სოციალური დაცვის (განათლების უფლება) ურთიერთობიდან, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ, _ სოციალურ სფეროში მუნიციპალური პროგრამით სარგებლობაში, ამდენად, მხარეები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამდენად მ-------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 ლარი (100 ლარი პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილ სარჩელზე გადახდილი და 150 ლარი - სააპელაციო სასამართლოში გადახდილი);

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ-------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება _ მ-------------ის სარჩელზე, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. მ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, _ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის 1------------ის MES 6------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დაეკისროს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მ-------------ის სასარგებლოდ 600 (ექვსასი) ლარი;

 

4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მ-------------ის სასარგებლოდ 50 ლარის (სახელმწიფო ბაჟის) დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მ-------------ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება;

 

6. დაუბრუნდეს მ-------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი;

 

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

 

ნანა კალანდაძე

 

მურთაზ მეშველიანი