განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100118002626376
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002626376

საქმე №1ბ/622-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

პროკურორების - ბე---------–---ას, მი-------------–-–---–ის

ადვოკატ - ეკ-------------–-–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ - მი------------–---ის მონაწილეობის გარეშე

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ბე---------–---ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

მი------------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 23 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ. სოხუმი, ა-----------------–- და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ვ-–----–----–------------------------------–-----------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით (2017 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილებით მი------------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.

მი------------–---ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 01 დეკემბერს, თბილისში, ხ-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის დროს ლე-------------–---–სა და და-----------–--ეს დანის გამოყენებით მიაყენეს მრავლობითი ჭრილობა, რის გამოც ორივე მათგანი გარდაიცვალა. ჩხუბში მონაწილე მი----–----–-----ა დაუკავშირდა მის ძმას ლუ------–-----ას, უთხრა, რომ მისმა მეგობარმა გი------------–-ამ დაჭრა ერთი პირი და სთხოვა, მათთან მისულიყო დასახმარებლად. რამდენიმე წუთის შემდეგ, მი----–----–-----ა და გი------------–-ა გი---------------ას ავტომობილით, თე---------–-----ასთან და ლუ------–-----ასთან ერთად მივიდნენ თბილისში, პ----------------–- მდებარე თე---------–-----ას საცხოვრებელ სახლში, სადაც მცირე დროის შემდეგ მივიდა თე---------–-----ას ნათესავი მი------------–---ი. მისვლის შემდეგ მი------------–---მა თე---------–-----ასგან გაიგო, რომ ხ-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გი------------–-ამ დანით დაჭრა ჩხუბში მონაწილე პირი. მი------------–---მა ასევე გაიგო, რომ დაჭრილი პირი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მი------------–---ისთვის ცნობილი გახდა, გი------------–-ას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მან ამის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

აღნიშნული ქმედებისათვის მი------------–---ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2017 წლის 01 დეკემბრისათვის მოქმედი რედაქცია).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის განაჩენით მი------------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 375-ე მუხლზე და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 1 (ერთი) თვის ვადით.

 

მი------------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით (2017 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქცია).

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მი------------–---ის ქცევა ვერ შეფასდებოდა უმოქმედობად, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ბე---------–---ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და მი------------–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითებული იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დაადგინა. მითითებულია მხოლოდ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გაუგებარია სასამართლოს პოზიცია, თუ რომელ გარემოებებს იზიარებს ან არ იზიარებს დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, რომელი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირებულიყო შეუტყობინებლობიდან დანაშაულის დაფარვაზე. გარდა ამისა, აპელანტის აზრით, არ არის დასაბუთებული სასჯელი, რომელიც სასამართლომ გამოიყენა მსჯავრდებულის მიმართ.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების - ალ-----------------–---ის, თე----------ას, მი----–----–-----ას, გი------------–-ას, თე---------–-----ას, ლუ------–-----ას, ელ-------–-----ას, მი------------–---ის, მი----–-–-----–-–---–ის, გი----------------ის ჩვენებების ანალიზის შედეგად, აპელანტმა მიუთითა, ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს მსჯავრდებულმა გი------------–-ამ და-----------–--ეს სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა ჭრილობები, რაზეც მის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი მკვლელობის მცდელობის ნაწილში, იგი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში იმყოფებოდა კ--–----------- სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა მი------------–---ი. მი------------–---მა პირადად ნახა გი------------–-ა და თე---------–-----ასაგან შეიტყო გი------------–-ას მხრიდან ჩადენილი დანაშაულის თაობაზე, კერძოდ გაიგო, რომ გი------------–-ამ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთ პირს დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობები და ხ-------- ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, მას სამართალდამცავი ორგანოსთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირადად ჰყავდა ნანახი მკვლელობაში მონაწილე გი------------–-ა და ასევე ჰქონდა ინფორმაცია გი------------–-ას მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ. კ--–--------- სახლში ყოფნის შემდგომ, მი------------–---ი იმყოფებოდა თბილისის პროკურორთან - მი----–-–-----–-–---–თან, რომელსაც ჰკითხა რჩევა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, რაზეც მი----–-–-----–-–---–მა უპასუხა, რომ შვილი უნდა მიეყვანა პოლიციაში. მი----–-–-----–-–---–ის შეკითხვაზე, იცოდა თუ არა მი------------–---მა, თუ ვინ გამოიყენა დანა, მი------------–---მა არ გაამხილა გი------------–-ას ვინაობა და არ განუცხადა, რომ მან ცოტა ხნის წინა კ--–--------- სახლში ყოფნისას პირადად ნახა გი------------–-ა და შეიტყო, რომ სწორედ გი------------–-ა იყო ის პირი, რომელმაც დაჭრა ერთ-ერთი მოზარდი. მოგვიანებით, მი------------–---ს, საგამოძიებო ორგანოში ყოფნისას, როდესაც ესწრებოდა მისი შვილის გამოკითხვას, ჰქონდა შესაძლებლობა გამოძიებისათვის ეცნობებინა მის ხელთ არსებული ინფორმაციის თაობაზე, რაც დაკავშირებული იყო გი------------–-ას პიროვნებასთან და ამ უკანასკნელის მხრიდან დანის გამოყენებით სხვა პირის დაჭრასთან, რაც არ განახორციელა.

დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობას შორის განსხვავებაზე მსჯელობისას, ბრალდების მხარე განმარტავს, რომ საქმეში არსებული პირდაპირი მტკიცებულებებით, მათ შორის, მსჯავრდებულ მი------------–---ის აღიარებითი ჩვენებით დადასტურებულია, მას ნამდვილად ჰქონდა ინფორმაცია, რომ გი------------–-ამ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, რასთან მიმართებაშიც მან გამოიჩინა პასიურობა და სამართალდამცავ ორგანოებს არ მიაწოდა ინფორმაცია დანაშაულის ჩამდენი სუბიექტის თაობაზე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის 2017 წლის 01 დეკემბერს, პირველ ეტაპზე არ იყო ცნობილი გი------------–-ას მონაწილეობა, მისი როლის და ვინაობის შესახებ ხ-------- ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში. აღნიშნულის შესახებ, საგამოძიებო ორგანომ მოგვიანებით 2017 წლის 02 დეკემბერს მიიღო ინფორმაცია ოპერატიული წესით.

აპელანტმა განმარტა, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობა ნამდვილად უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს, თუმცა უმოქმედობა ფასდება იმასთან მიმართებით, თუ რა მოქმედების განხორციელება ევალებოდა დანაშაულის სუბიექტს და გამოიჩინა თუ არა დანაშაულებრივი უმოქმედობა სწორედ იმ ვალდებულებაში, რომლის შეუსრულებლობამაც შექმნა კონკრეტული ან აბსტრაქტული საფრთხე. როგორც პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაშია ასახული, მი------------–---მა შეიტყო, რომ დანაშაული - ხ-------- ქუჩა №--–- მომხდარი მკვლელობის მცდელობა ჩადენილი იყო კონკრეტული პირის, გი------------–-ას მიერ. მას ევალებოდა სამართალდამცავი ორგანოებისათვის ეცნობებინა დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ, თუმცა, მან აღნიშნულ ვალდებულებასთან მიმართებით გამოიჩინა უმოქმედობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მი------------–---ის ქცევა ვერ შეფასდებოდა უმოქმედობად, რამდენადაც დანაშაულის ჩამდენი პირის - გი------------–-ას შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის ნაწილში, მი------------–---ის მხრიდან უმოქმედობას ჰქონდა ადგილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა მი------------–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2017 წლის 01 დეკემბრისთვის მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა, აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში ამჟამად დანიშნულ სასჯელზე უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო მსჯავრდებულ მი------------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მი------------–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ მი------------–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში აპელანტს არ დაუსახელებია რაიმე წონადი არგუმენტი, რაც გახდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამ მიმართებით, პალატა სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მი------------–---ის ქცევა ვერ შეფასდება უმოქმედობად და მიაჩნია, რომ მი------------–---ის მხრიდან ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას. დანაშაულის დაფარვა გულისხმობს დამნაშავის, აგრეთვე, დანაშაულის ჩადენის იარაღისა და საშუალების, დანაშაულის კვალის ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნების დაფარვას. დანაშაულის დაფარვის შემადგენლობისათვის საჭიროა რამდენიმე პირობის არსებობა: დამნაშავის, დანაშაულის კვალის, დანაშაულის ჩადენის იარაღისა და საშუალების ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნების დაფარვა; დაფარული დანაშაული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას უნდა მიეკუთვნებოდეს, ანდა სახელდებით იყოს მითითებული 375-ე მუხლში; დაფარვა ხდება წინასწარ შეუპირებლად (ე. ი. დაფარვას ადგილი უნდა ჰქონდეს დანაშაულის ჩადენის შემდეგ).

 

ბრალდების მხარე ვრცლად ჩამოთვლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ მი------------–---ის ქმედებაში იკვეთება უმოქმედობის ნიშნები, რის გამოც სახეზეა დანაშაულის შეუტყობინებლობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი. პალატა უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, შეფასების საგანს წარმოადგენს არა მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არამედ მათი სამართლებრივი გადაწყვეტა.

 

პალატა მოიხმობს ლიტერატურაში გავრცელებულ განმარტებას დანაშაულის შეუტყობინებლობის განსხვავებაზე დანაშაულის დაფარვისაგან და მიუთითებს, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ობიექტური ნიშნებით. დაფარვისაგან განსხვავებით, რომელიც გულისხმობს აქტიურ მოქმედებას დამნაშავის, დანაშაულის ჩადენის იარაღისა და საშუალების, დანაშაულის კვალის ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნის დასაფარავად, შეუტყობინებლობა ხასიათდება პასიური ქცევით, უმოქმედობით პირისა, ვინც დანამდვილებით იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და მოვალეა ამის შესახებ აცნობოს სათანადო პირს. ამასთან, დაფარვა ფორმალურ შემადგენლობათა კატეგორიას განეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება ერთ-ერთი მოქმედების ჩადენისთანავე.

 

აპელანტის მიერ განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ მი------------–---მა იცოდა ქ. თბილისში, ხ-------- ქუჩა №--–- მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, ევალებოდა სათანადო ორგანოებისათვის შეტყობინება და არ შეატყობინა მათ, წარმოადგენს მხოლოდ ერთი ფაქტობრივი გარემოების ირგვლივ მსჯელობას - დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის არ თქმასთან დაკავშირებით, რაც არ არის საკმარისი მი------------–---ის ქმედების დანაშაულის შეუტყობინებლობად მიჩნევისათვის. ასეთი მსჯელობა შეფასების მიღმა ტოვებს იმ ქმედებებს, რომელიც დანაშაულებრივი ფაქტის შეტყობის შემდეგ განახორციელა მი------------–---მა. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება ამ მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ სადავო ფაქტს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მი------------–---მა თე---------–-----ასაგან იცოდა კონფლიქტის დროს გი------------–-ას მხრიდან ერთ-ერთი მოზარდის დაჭრის ფაქტი. აღნიშნულს ადასტურებს თავად მი------------–---იც მის მიერ მიცემულ ჩვენებაში. ასევე უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომხდარი დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, მი------------–---ი ტელეფონით დაუკავშირდა მი----–-–-----–-–---–ს, მაშინდელ თბილისის პროკურორს და შემდეგ მოხდა მათი შეხვედრა. მი----–-–-----–-–---–ისაგან მი------------–---მა მიიღო რჩევა, რომ შვილი წაეყვანა პოლიციაში, რაც განახორციელა კიდეც 2017 წლის 01 დეკემბერს, თუმცა მი------------–---მა არ დაასახელა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა.

 

პალატა განმარტავს, რომ მი------------–---ის მიერ თბილისის პროკურორისათვის მომხდარი ფაქტის მყისიერად შეტყობინება, შვილის წარდგენა სამართალდამცავ ორგანოებში არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი მხრიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობად, რადგან მან განახორციელა აქტიური მოქმედებები, რათა სამართალდამცავ ორგანოებს შეეტყოთ მომხდარის შესახებ, თუმცა წინასწარ შეუპირებლად დაფარა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას წარმოადგენს.

 

პალატა ეხმიანება აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არ არის მითითებული, თუ რომელ გარემოებაზე დაყრდნობით მოხდა მი------------–---ისათვის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა. ამ მიმართებით პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მისცა მათ განსხვავებული სამართლებრივ შეფასება. ამასთან, გასათვალისწინებელია, იმ გარემოებას, რომ მი------------–---მა მომხდარი ფაქტის შესახებ მყისიერად შეატყობინა თბილისის პროკურორს, ხოლო, შემდეგ შვილიც წარადგინა სამართალდამცავ ორგანოებში, არც ბრალდების მხარე ხდის სადავოდ.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მი------------–---ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მი------------–---ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი და ის უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ბე---------–---ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

მი------------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 375-ე მუხლზე (2017 წლის 1 დეკემბერს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 1 (ერთი) თვის ვადით.

 

მი------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო, რომლის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 9 ივნისიდან. შესაბამისად განაჩენის გამოტანის მომენტისათვის დანიშნული სასჯელი მას უკვე მოხდილი აქვს.

 

საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს ამავე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხდებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე