განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.10.2019
საქმის ნომერი
330310017002007609
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002007609

საქმე №3ბ/2110-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ს--–-----–-- - კ------–----–-------------–--------“;

წარმომადგენელი (დირექტორი) - მ------ კ----–--ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;

წარმომადგენელი - ალ-----------------ა:

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის N9--- ბრძანება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აპრილის N1---- ბრძანება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აპრილის N0------ საგადასახადო მოთხოვნა;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება საჩივარზე N1---------.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს ,,ს--–-----–-- კ------–----–-------------–--------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1 სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,ს--–-----–-- კ------–----–-------------–--------ს“ საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2016 წლის 6 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2016 წლის 12 სექტემბრის N2---- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2016 წლის 13 სექტემბრის N0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა საფუძველზე შპს ,,ს--–-----–-- კ------–----– კ----------–-- ხ---ს“ გადასახდელად დაერიცხა 2 755 502,44 ლარი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის და 2016 წლის 13 სექტემბრის N0------ საგადასახადო მოთხოვნა შპს ,,ს--–-----–-- კ------–----–--------------–--------ა“ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 2 ნოემბრის N3---- ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გადაეანგარიშებინა დარიცხული თანხები. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 20-24; 49-52; 97-99; 100-146).

 

4.2. შპს ,,ს--–-----–-- კ------–----–--------------–--------ა“ წერილობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 2 ნოემბრის N3---- ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 15 თებერვლის N3--- ბრძანებით, ცვლილება შევიდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 2 ნოემბრის N3---- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში და შპს ,,ს--–-----–-- კ------–----– კ----------–-- ხ---ს“ დაევალა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენა 10 სამუშაო დღის განმავლობაში, რომლის ათვლაც დაიწყო ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან (ს.ფ. 44-45).

 

4.3. შპს ,,ს--–-----–-- კ------–----–--------------–--------ა“ კვლავ მიმართა წერილობით სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 2 ნოემბრის N3---- ბრძანებით დოკუმენტების წარსადგენად განსაზღვრული ვადის გაგრძელება დამატებით 45 დღით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის N9--- ბრძანებით, შპს ,,ს--–-----–-- კ------–----–-------------–--------ს“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 46-48).

 

4.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 31 მარტს გამოიცა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა, სადაც აღინიშნა, რომ მიუხედავად დამატებითი ვადების მიცემისა, გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა რაიმე სახის დოკუმენტაციის ან/და არგუმენტაციის წარდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 31 მარტს შედგა დასკვნა, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 2 ნოემბრის N3---- ბრძანებისა და საგადასახადო შემოწმების მთავარი სამმართველოს 2017 წლის 31 მარტის დასკვნის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 21 აპრილს გამოსცა N1---- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების არდარიცხვის შესახებ და 2017 წლის 21 აპრილის N0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა საფუძველზე შპს ,,ს--–-----–-- კ------–----– კ----------–-- ხ---ს“ გადასახდელად დაერიცხა 2 755 502,44 ლარი (ს.ფ. 36-39, 35, 32-33).

 

4.5. შპს ,,ს--–-----–-- კ------–----–მა კ----------–-- ხ---მა“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის N9--- ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აპრილის N1---- ბრძანება და 2017 წლის 21 აპრილის N0------ საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა (საჩივარი N1---------) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აპრილის N1---- ბრძანებისა და N0------ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კუთვნილებისამებრ გადააგზავნა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 ივნისის N1---- ბრძანებით, შპს ,,ს--–-----–-- კ------–----–-------------–--------ს“ საჩივარი დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ს--–-----–-- კ------–----–-------------–--------ს“ N1--------- საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის N9--- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „მომჩივანი აღნიშნული საჩივრითაც არ წარმოადგენს რაიმე დოკუმენტაციას ან არგუმენტაციას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დავალებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტების წარდგენა, რომლის არსებობის შემთხვევაში წარდგენა დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს“ (ს.ფ. 20-24; 76-78; 82).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანება დარიცხული თანხების კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია შემოსავლების სამსახურის იმ ბრძანების შესაბამისად, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ერთის მხრივ დაევალა პირველად სააღრიცხვო მტკიცებულებათა წარდგენა, ხოლო მეორეს მხრივ საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა (2016 წლის 2 ნოემბრის N3---- ბრძანება). სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, მისი კანონიერება სადავო არ გამხდარა. ამდენად, მიიჩნია, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანება შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის შესაბამისად. საქმის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებით, ეს გარემოება დაედო საფუძვლად მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივრის განუხილევლად დატოვებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის წარმოების არც ერთ ეპატზე, მათ შორის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისას, შპს ,,ს--–-----–-- კ------–----– კ----------–-- ხ---ს“ არ წარუდგენია ის პირველადი სააღრიცხვო მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლებოდა, გათვალისწინებული ყოფილიყო აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან დარიცხული თანხების გადაანგარიშებისას. აღნიშნული სახის დოკუმენტები მოსარჩელეს არც სასამართლოში წარუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილი მოთხოვნის, მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით 45 დღით ვადის გაგრძელების შესახებ, დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი გადასახადის გადამხდელი ვერ უზრუნველყოფდა მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზეც, რომ დავის სასამართლოში წარმოების ეტაპზე გასული იყო განცხადებით მოთხოვნილ 45-დღიან ვადაზე ბევრად მეტი დრო, თუმცა მხარემ მაინც ვერ უზრუნველყო საგადასახადო ორგანოს მიერ დავალებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მოპოვება/შეგროვება.

 

6. შპს „ს--–-----–-- - კომერიციული კ----------–-- ხ---ის“ სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილდება.

 

6.1. შპს „ს--–-----–-- - კომერიციული კ----------–-- ხ---ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ისე შედგა გადასახადების გაანგარიშების შესახებ დასკვნა, რომ კომპანიის - შპს „ს--–-----–-- - კომერიციული კ----------–-- ხ---ის“ მოთხოვნაზე დოკუმენტების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. აპელანტის მითითებით, სწორედ ზემოაღნიშნული დასკვნა დაედო საფუძვლად გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემას.

 

წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რამდენად ჩაითვლება დავის განხილვის ეტაპზე დოკუმენტების სასამართლოში წარუდგენლობა გადასახადის გადამხდელის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობად.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის N9--- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აპრილის N1---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აპრილის N1---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება N1--------- საჩივარზე.

 

7.2. პალატა დავის საგნიდან გამომდინარე მიუთითებს საგადასახადო კოდექსი 136-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ მასზედ კანონით დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულება და საგადასახადო ვალდებულების მოცულობის დადგენა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით - სააღრიცხვო დოკუმენტებით. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტებზე, ასევე 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები; მოითხოვონ და მიიღონ სააღრიცხვო დოკუმენტაციის ასლი (საჭიროების შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ დამოწმებული ასლი). გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები.

 

7.3. საქმის მასალებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა შპს ,,ს--–-----–-- კ------–----–-------------–--------ს“ საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დამატებით წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებელთათვის ვერ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა ხარჯის გაწევას და შეამცირებდა დასაბეგრ ბაზას. სწორედ აღნიშნული გარემოებები გახდა საგადასახადო ვალდებულების, 2 755 502,44 ლარის მოცულობით, წარმოშობის საფუძველი.

 

დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს ,,ს--–-----–-- კ------–----–--------------–--------ა“ საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, სადაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადასახადის გადამხდელს დაევალა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დარიცხული თანხების გადაანგარიშება. საჩივრის ავტორს დოკუმენტაციის წარდგენისათვის განესაზღვრა ვადა 15 დღის ხანგრძლივობით. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა.

 

შპს ,,ს--–-----–-- კ------–----–--------------–--------ა“ წერილობით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა დოკუმენტაციის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბრძანებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთვის დამატებით მიეცა ვადა 10 დღის ხანგრძლივობით. თუმცა, საჩივრის ავტორმა ვერც აღნიშნულ ვადაში შეძლო რაიმე სახის დოკუმენტური მტკიცებულების წარდგენა და კვლავ მოსთხოვა საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელება 45 დღის ხანგრძლივობით მტკიცებულებათა წარსადგენად. საგულისხმოა, რომ საჩივრის ავტორმა ვერ მიუთთა საპატიო მიზეზზე, თუ რატომ ვერ შეძლო შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში და როგორ შეძლებდა იგი აღნიშნულის შესრულებას მომდევნო 45 დღეში. სსიპ შემოსავლების სამსახურმა ეს უკანასკნელი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, გამოსცა 2017 წლის 31 მარტის დასკვნა დარიცხული თანხის კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ, 2017 წლის 21 აპრილის N1---- ბრძანება და ამავე თარიღის N0------ საგადასახადო მოთხოვნა 2 755 502,44 ლარის დარიცხვის შესახებ.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ბრძანება დარიცხული თანხის კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, ასევე შემოსავლებისა სამსახურის ბრძანება მტიცებულებათა წარდგენისათვის დამატებით 45 დღით ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭომ განიხილა საჩივარი, ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის N9--- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და საჩივარი არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება 2017 წლის 21 აპრილის დარიცხული თანხის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ N1---- ბრძანებას და N0------ საგადასახადო მოთხოვნას, სამინისტრომ საჩივარი კომპეტენციის ფარგლებში გადააგზავნა შემოსავლების სამსახურში, სადაც საჩივარი განუხილველი დარჩა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 7 ივნისის ბრძანებით.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანება დარიცხული თანხების კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულია შემოსავლების სამსახურის იმ ბრძანების შესაბამისად, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ერთის მხრივ დაევალა პირველად სააღრიცხვო მტკიცებულებათა წარდგენა, ხოლო მეორეს მხრივ საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა (2016 წლის 2 ნოემბრის N3---- ბრძანება). აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, მისი კანონიერება სადავო არ გამხდარა. ამდენად, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანება შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის შესაბამისად. ეს გარემოება დაედო საფუძვლად მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივრის განუხილევლად დატოვებას.

 

სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებული აპელანტის შპს „ს--–-----–-- - კომერიციული კ----------–-- ხ---ის“ დირექტორის ის განმარტება, რომ მტკიცებულებათა მოცულობიდან, ასევე სათანადო კადრების სიმცირიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სათანადო მტკიცებულებების შეგროვება და წარდგენა, პალატის მოსაზრებით ვერ გახდება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, მისი სამართლებრივად უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, რადგან, ამგვარი დასაბუთება ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ წარდგენილა და არც სასამართლოში წარმოდგენილა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, და ასევე, ინფორმაციის/დოკუმენტაციის შეგროვება არ საჭიროებს მრავალრიცხოვან საკადრო რესურსს; როგორც წესი, ამდაგვარი სამუშაოს შესრულება ერთ თანამშრომელსაც შეუძლია.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის წარმოების არც ერთ ეპატზე, მათ შორის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისას, შპს ,,ს--–-----–-- კ------–----– კ----------–-- ხ---ს“ არ წარუდგენია ის პირველადი სააღრიცხვო მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლებოდა, გათვალისწინებული ყოფილიყო აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან დარიცხული თანხების გადაანგარიშებისას. აღნიშნული სახის დოკუმენტები მოსარჩელეს არც სასამართლოში წარუდგენია. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილი მოთხოვნის, მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით 45 დღის ოდენობით ხანგრძლივობით ვადის გაგრძელების შესახებ, დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი გადასახადის გადამხდელი ვერ უზრუნველყოფდა მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. დავის სასამართლოში წარმოების ეტაპზე გასული იყო განცხადებით მოთხოვნილ 45-დღიან ვადაზე ბევრად მეტი დრო, თუმცა მხარემ მაინც ვერ უზრუნველყო საგადასახადო ორგანოს მიერ დავალებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მოპოვება/შეგროვება.

 

ამდენად უდაოა, რომ აპელანტის მიერ ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო აქტების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია მათი მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სააპელაციო საჩივრისათვის დავის საგნის ღირებულების - 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ - 150 ლარისა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის 5000 ლარს, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში 7000 ლარს.

 

განსახილველ საქმეზე, პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით აპელანტს - შპს ,,ს--–-----–-- - კ------–----–ი კ----------–-- ხ---ს“ გადაუვადდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე და 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის დასრულების შემდეგ, აპელანტს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „ს--–-----–-- - კ------–----–-------------–--------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. შპს „ს--–-----–-- - კომერიციულ კ----------–-- ხ---ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდა.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -