განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100119003055322
საქმე №1/ბ-588-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-–- მ-–-ს ძე მ--–---ის მიმართ დაბადებული: 198- წლის 09 ი------ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ქ. სამტრედია, 9-------–-ს ქ. N84, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
მ-–- მ--–---ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯამრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია დასიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 ივლისს, მ-–- მ--–---ემ ქ. სამტრედია, 9-------–-ს ქუჩა N84-ში, მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე ფიზიკურად იძალადა მამაზე მ-–- მ--–---ეზე. კერძოდ ამ უკანასკნელს თავის არეში დაარტყა ნარდი, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
2019 წლის 06 აპრილს, დაახლოებით 11 საათზე მ-–- მ--–---ე იმყოფებოდა ქ. სამტრედია 9--------–ის ქუჩა N84-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას მ-–- მ--–---ეს ესროლა ქვა (რაც ამ უკანასკნელს არ მოხვედრია) და წალდის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის შედეგად მ-–- მ--–---ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით:
მ-–- მ--–---ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ-–- მ--–---ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ-–- მ--–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განემარტა გამართლებულ მ-–- მ--–---ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ-–- მ--–---ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითად განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მახარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ მ-–- მ--–---ის ბრალდების სს საქმეზე დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვის მიღმა სტანდარტის შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ, მოწმე ზ--------------ის ჩვენება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და სხვა მტკიცებულებები. ჩამოთვლილი მტკიცებულებების ანალიზით უტყუარად დგინდება, რომ მ-–- მ--–---ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და მუქარა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რითაც არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
გამართლებულ მ-–- მ--–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------ ჟ----ას მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმეებმა მ-–- მ--–---ემ (დაზარალებული) და მ----- მ--–---ემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მ-–- მ--–---ის მიმართ.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. მ--–---ის სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებელ ზ. თ------ის დადგენილების საფუძველზე და წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტის (შპს „ჯ--------------–-ი“-ს სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N---- ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 0---------წ)) -მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქ: მ-–- მ--–---ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 0---------წ-ს 22:25სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 23:55სთ-ზე დიაგნოზით: ნახეთქი ჭრილობა ნიკაპის ქვედა ზედაპირზე. ნაფლეთოვანი ჭრილობა მარჯვენა მტევნის არეში.
- მარჯვენა მტევნის არეში არსებული დაზიანების - ნაფლეთოვანი ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მისი (ჭრილობის) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი.
- ნიკაპის ქვედა ზედაპირზე არსებული ნახეთქი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით.
მოწმის სახით დაკითხულ სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელის ზ--------------ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 6 აპრილს დაიწყო გამოძიება მ-–- მ--–---ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტზე. მან გამოკითხა ბრალდებული, დაზარალებული, მოწმეები, ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. ასევე დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.
მოწმის სახით დაკითხულმა შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ--- მ------–---–ის განმარტებით, აღნიშნულ სს საქმეზე, მ-–- მ--–---ეს წარუდგინა დაზუსტებული ბრალი და დაცვის მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები.
2019 წლის 07 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედია 9-------–-ს ქ. N84-ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
ბრალდებულმა მ-–- მ--–---ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით მ-–- მ--–---ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა მ-–- მ--–---ემ და მოწმემ მ----- მ--–---ემ გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ-–- მ--–---ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის. რაც შეეხება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულ საკითხს, რომ მ-–- მ--–---ეს მარჯვენა მტევნის არეში და ნიკაპის ქვედა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანებები, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება მ-–- მ--–---ეს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, მ-–- მ--–---ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით მ-–- მ--–---ის მსჯავრდება, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ-–- მ--–---ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მ-–- მ--–---ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მ-–- მ--–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გამართლებულ მ-–- მ--–---ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე