განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2019
საქმის ნომერი
340210018002260972
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340210018002260972

N2ბ/8186-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ივლისი, 2019 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ლევან გვარამია, დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ინგა მდივანი

წარმომადგენელი - სოსო კორკელია

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს ,,კორპორაცია ქინძმარაული’’

წარმომადგენელი - ვახტანგ ლომიტაშვილი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების დავალდებულება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ინგა მდივანის სარჩელი მოპასუხე სს ,,კორპორაცია ქინძმარაულის’’ მიმართ ხელშეშლის აღკვეთისა და ქმედების დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ქალაქ ყვარელში, ერეკლე II-ს ქუჩა №10-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №57.06.61.338, მოსარჩელე ინგა მდივანის საკუთრებას წარმოადგენს. საკუთრების უფლება 2016 წლის 13 ოქტომბრიდან აღრიცხულია საჯარო რეესტრში. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ამონაწერში მითითებულია 10.10.2016 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

2.2. ,,სს ,,კორპორაცია ქინძმარაულის“ საკუთრებაშია ,,ჩალა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურიდან გამომავალი 10 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი. ხაზის მშენებლობა 1993-1999 წლებში განხორციელდა, ხოლო, 2000 წლიდან ელექტროგადამცემი ხაზი შესულია ექსპუატაციაში;

 

2.3. სს ,,კორპორაცია ქინძმარაულის“ კუთვნილი 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს მოსარჩელე ინგა მდივანის კუთვნილ მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით №57.06.61.338.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო–სამართლებრივი საშუალებები სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებია. ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა და მხოლოდ საკუთრების უფლება აქვს შერჩენილი. როდესაც მესაკუთრის ნების გარეშე გამოდის ქონება მისი ხელიდან, ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს ეს ქონება, მისგან ნივთის გამოთხოვა გარდაუვალია. საკუთრების დაცვის მეორე საშუალება ნეგატორული სარჩელია. ამ შემთხვევაში საკუთრების ხელყოფაან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე. ნეგატორული სარჩელი აღიძვრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ნივთთან დაკავშირებული სხვათა უფლებიდან გამომდინარე უფლების დაცვის ერთადერთსაშუალებას წარმოადგენს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხელყოფის აკრძალვის მართლზომიერებისათვის სახეზე უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კანონით დაცული უფლების უკანონო ხელყოფა. ამის განსაზღვრისთვის კი აუცილებელია დადგინდეს არის თუ არა მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი; ხელყოფს თუ არა მოპასუხე მოსარჩელის საკუთრების ან მფლობელობის უფლებას და აქვს თუ არამოპასუხის მოქმედებას მართლზომიერი საფუძველი. იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილება, ზემოაღნიშნული სამივე პირობის არსებობა აუცილებელია.

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომლის თანახმად, (1) საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება; (2) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი; (3) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციითა და შიდა საკანონმდებლო აქტებით დაცული უფლებაა, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და პირობების მიხედვით. ამავე დროს, საკუთრების უფლების შეზღუდვა მკაცრად დაცული წინაპირობების არსებობის შემთხვევებშია შესაძლებელი და ამისათვის მართლზომიერი საფუძველი უნდა არსებობდეს. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ [...] საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. მაგრამ ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიცარ თავსდებაამავე მუხლის მე-2 დამე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/1-370).

 

ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საკუთრების უფლების სოციალური დატვირთვის გათვალისწინებით, „მესაკუთრე“ საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. საკუთრება არის კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია საკუთრების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის # 2/1-370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება, II. პ.8).

 

სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლება ექვემდებარება შეზღუდვას მისი სოციალური ფუნქციის გათვალისწინებით და აღნიშნულ უფლებაში ზომიერი ჩარევა დადგენილია მოქმედი სამართლებრივი ნორმებით. იმ შემთხვევაში კი თუ საკუთრების უფლების შეზღუდვის მართლზომიერი საფუძველი არ არსებობს, მაშინ ხელმყოფისგან მესაკუთრის უფლების დაცვა გარდაუვალია.

 

2.6. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლებასწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით დადასტურებული იყო, რომ ქალაქ ყვარელში, ერეკლე II-ს ქუჩა №10-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №57.06.61.338, მოსარჩელე ინგა მდივანის საკუთრებას წარმოადგენდა. საკუთრების უფლება 13.10.2016 წლიდან აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში. აგრეთვე დადგენილი იყო, რომ მოპასუხე სს ,,კორპორაცია ქინძმარაულის“ საკუთრებაში იყო ,,ჩალა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურიდან გამომავალი 10 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც მოპასუხეს ელექტროენერგია მიეწოდებოდა. გადამცემი ხაზი 2000 წლიდან შესული იყო ექსპუატაციაში და იგი მოსარჩელე ინგა მდივანის კუთვნილ მიწის ნაკვეთს კვეთდა.

 

შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უდავოდ დადასტურებული იყო, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც მოპასუხის კუთვნილი 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი კვეთდა. სწორედ ამ ხაზის ექსპლუატაციიდან გამომდინარე ხელშეშლის აღკვეთას მოითხოვდა მოსარჩელე და უთითებდა, რომ მას, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, უძრავი ქონების შეხედულებისამებრ განკარგვაში ეშლებოდა ხელი.

 

2.7. სასამართლომ კვლავ აღნიშნა, რომ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელის წარმატებულობისთვის მხოლოდ მესაკუთრედ ყოფნის დადასტურება საკმარისი არ იყო. მნიშვნელოვანი იყო იმის დადასტურება, რომ მესაკუთრისათვის ხელშეშლა მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედებიდან მომდინარეობდა. ანუ, არამარტო ხელშეშლის ფაქტი უნდა დადასტურებულიყო, არამედ, უნდა შეფასებულიყო ხელშეშლის მართლზომიერება.

 

სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონება 2016 წლის ოქტომბერში შეიძინა, გადამცემი ხაზი კი, რომელიც უძრავ ქონებას კვეთდა აშენდა 1993-1999 წლებში და 2000 წლიდან ექსპლუატაციაში იმყოფება. შესაბამისად, მოსარჩელე გახდა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც უკვე გადიოდა მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელემ საკუთრებაში მიიღო ამგვარი უძრავი ქონება, მიუთითებდა იმაზე, რომ ქონების შეძენის მომენტისთვის მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის განმარტება, რომ ნასყიდობის მომენტისთვის ქონება უფლებრივად უნაკლო იყო, სასამართლომ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია.

 

ამავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც გადამცემი ხაზის მშენებლობა განხორციელდა მანამ, სანამ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლება დარეგისტრირდებოდა, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და მესაკუთრის შეცვლა გადამცემი ხაზის გადატანის ვალდებულებას არ წარმოშობდა.

 

2.8. მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის №366 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“ (შემდგომში - წესი), რომელიც მიღებულია ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და რომელიც ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. იგი გამოიყენება ელექტრული ქსელების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების მახლობლად სამუშაოთა წარმოებისას.

 

მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით ელექტრული ქსელი განიმარტება, როგორც ქვესადგურების, გამანაწილებელი მოწყობილობების და მათი შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება. ამავე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი არის ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა; ხოლო ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით მიწათმოსარგებლე არის პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება.

 

მოცემული ნორმატიული აქტით დარეგულირებულია ელექტრული ქსელის მფლობელსა და მიწათმოსარგებლეს შორის ურთიერთობები. იგი ამ უკანასკნელს გადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონებით სარგებლობისათვის გარკვეული სახის შეზღუდვებს უწესებს და იმავდროულად ავალდებულებს, რომ ხელი არ შეუშალოს ელექტრული ქსელის ხაზობრივ ნაგებობებთან მომსახურე პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ მისვლას (იხ. წესის მე-4 მუხლი მე-17 პუნქტი). სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან ელექტრული ქსელის მფლობელ პირს გაუწიონ დახმარება ამ წესის მოთხოვნათ ადაცვის უზრუნველყოფაში.

 

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტით იზღუდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებები მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც გადამცემი ხაზის დაცვის ზონაშია მოხვედრილი და შეზღუდვის ფარგლები დამოკიდებულია ელექტრული ქსელის სახეობაზე. ამ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გადის 10 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.ე" ქვეპუნქტის მიხედვით დაცვის ზონა შეადგენს 10 მეტრს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი განაპირა სადენებიდან. ამავე წესის მე-4 მუხლში ჩამოთვლილია ის შეზღუდვები, რომლებიც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს უწესდებათ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონის და საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის №366 დადგენილებით დამტკიცებული წესი ერთობლიობაში ქმნის იმ ნორმატიულ საფუძველს, რომლის მიხედვითაც იზღუდება იმ უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებები, რომელი უძრავი ქონებაც ელექტრული ქსელის დაცვის ზონაშია მოხვედრილი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სწორედ ამ გარემოებასთან იყო საქმე და შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მესაკუთრის უფლება კანონმდებლობით იყო შეზღუდული, არ შეიძლება მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით გამოწვეული ხელშეშლა არამართლზომიერ ქმედებად მიჩნეულიყო.

 

გამომდინარე აქედან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლებები შეზღუდული იყო რა შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მოპასუხის მხრიდან ადგილი ვერ ექნებოდა არამართლზომიერ ქმედებას, ეს უკანასკნელი კი ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

 

2.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეორე მოთხოვნა - ხაზის გადატანის დავალდებულების შესახებ, გამომდინარეობდა პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან. იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხის მხრიდან არამართლზომიერი ხელშეშლა, მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებიც ვერ იარსებებდა. ამავდროულად, სასამართლომ მიუთითა წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადებაზე, რომლის მიხედვით ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად. ამდენად, მითითებული წესი გადამცემი ხაზის გადატანის ხარჯის გაღების ვალდებულებას დაინტერესებულ პირს აკისრებს.

 

მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე, რომელიც დაინტერესებული პირი იყო, ითხოვდა რომ მოპასუხეს ხაზი თავისი ხარჯით გადაეტანა, რისი ვალდებულებაც მოპასუხე მხარეს არ ეკისრებოდა. ამავდროულად, გარდა იმისა, რომ ხაზის გადატანის ხარჯის გაღება მოსარჩელის ვალდებულება იყო, მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადამცემი ხაზის გადატანა ტექნიკურად შესაძლებელი იყო.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების არამართლზომიერ შეზღუდვას ადგილი არ ჰქონდა და არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც მოპასუხეს გადამცემი ხაზის საკუთარი ხარჯით გადატანის ვალდებულებას დააკისრებდა. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სს ,,კორპორაცია ქინძმარაულის’’ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლატაციაშია 2000 წლიდან. აპელანტის განმარტებით, სადაო ელექტროგადამცემი ხაზი კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტირებული და ის წარმოადგენს უკანონო ხაზობრივ ნაგებობას;

 

3.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ინგა მდივანმა შეიძინა უფლებრივად ნაკლიანი ნივთი. აპელანტის განმარტებით, ნივთის უფლებრივი მდგომარეობა, ვლინდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიხედვით, სადავო ნივთი არ წარმოადგენდა ნაკლის მქონეს;

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისას დაეყრდნო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებას. აღნიშნული დადგენილება აწესრიგებს კანონმდებლობით დადგენილ და რეგისტრირებულ ელექტრო-გადამცემი ხაზების განლაგებას. სს ,,კორპორაცია ქინძმარაულის’’ ელექტროგადამცემი ხაზი თუნდაც კანონიერი იყოს, დაუშვებელია და უკანონოა მთავრობის დადგენილებაზე აპელირება, რადგან ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსს უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია მთავრობის დადგენილებასთან მიმართებაში. ამდენად, სასამართლოს უნდა ემოქმედა საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან გამომდინარე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. 13.10.2016 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ყვარელში, ქუჩა ერეკლე II, N10, ს/კ N57.06.61.338 (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1929.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საერთო ფართით N1-280 კვ.მ.), წარმოადგენს ინგა მდივანის საკუთრებას.

უფლების წარმოშობის საფუძველია: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 10.10.2016, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია - 13/10/2016 წ. (ტომი 1; ს/ფ 16-17; საჯარო რეესტრის ამონაწერი);

 

4.2. 01.09.2016 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ყვარელში, ქუჩა ერეკლე II, N10, ს/კ N57.06.61.338 (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1929.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საერთო ფართით N1-280 კვ.მ., წარმოადგენდა გოჩა მაისურაძის საკუთრებას.

უფლების წარმოშობის საფუძველია: მიღება-ჩაბარების აქტი N1781; დამოწმების თარიღი: 01.09.2016 (იხ. ტომი 1; ს/ფ 48; საჯარო რეესტრის ამონაწერი);

 

ამდენად, 2016 წლის 01 სექტემბრის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ყვარელში, ქუჩა ერეკლე II, N10, ს/კ N57.06.61.338, იმყოფებოდა კერძო პირის საკუთრებაში.

 

4.3. ყვარლის რაიონის გამგეობის 1998 წლის 11 მარტის N50 დადგენილებით, შუამდგომლობა მიეცა სს ,,ქინძმარაულს’’ ყვარლის სატყეო მეურნეობისა და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე, რათა გრძელვადიანი იჯარით გადაცემოდა მას ყვარლის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული წყალსაცავი ,,ჩალის ზღვა’’, მიზნობრივი ელექტროენერგიის წარმოებისათვის და შესაბამისი მიწის ფართი უშუალოდ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა-ექსპლოატაციის მიზნით.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს დადგენილების შესავალ ნაწილზე, რომლშიც აღნიშნულია, რომ სს ,,ქინძმარაულს’’ განზრახული აქვს ყვარლის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავზე ააშენოს 1800 კვ.მ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, რომლის პროექტი დამუშავებულია. პროექტის შესაბამისად, უკვე შემოტანილია ტურბინა-გენერატორები და სხვა მასალები, ნაწილობრივ დამონტაჟებულია საჰაერო ელექტრო ხაზის საყრდენი მასალები, გაყვანილია შესაბამისი წყალგამშვები არხი (ტომი 1; ს/ფ 69);

 

ამდენად, ყვარლის რაიონის გამგეობის 1998 წლის 11 მარტის N50 დადგენილებით ირკვევა, რომ 1998 წლამდე, ყვარლის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავზე 1800 კვ.მ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენების მიზნით, პროექტის შესაბამისად, უკვე შემოტანილი იყო ტურბინა-გენერატორები და სხვა მასალები, ნაწილობრივ დამონტაჟებული იყო საჰაერო ელექტრო ხაზის საყრდენი მასალები, გაყვანილი იყო შესაბამისი წყალგამშვები არხი.

 

4.4. დადგენილია, რომ მოპასუხე ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფლობს „ჩალა ჰესს“, რომელიც განკუთვნილია როგორც გაერთიანებულ ენერგოსისტემაში სამუშაოდ, ისე ქ. ყვარლის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის. ჰესი ორი საფიდერო უჯრედით უერთდება ყვარელი-ახალსოფელს შორის გამავალ 10 კვ. ელეტროგადამცემ ხაზს, ხოლო მესამე უჯრედით 9 კმ. სიგრძის 10 კვ გადამცემ ხაზს (1993 წელს დამტკიცებული იქნა ჩალის ჰესის გარე მიერთების მუშა პროექტი და ლოკალური ხარჯთაღრიცხვის განმარტებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩალის ჰესი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში ქ. ყვარლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მისგან 8 კვ.მ.-ის დაშორებით და განკუთვნილია, როგორც გაერთიანებული ენერგოსისტემაში სამუშაოდ, ისე, ქ. ყვარლის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის. ჩალის ჰესის მოსაწყობად გამოყენებულია ჩალის წყალსაცავის ბაზაზე არსებული ირიგაციული სისტემის 740 მ სიგრძის მონაკვეთი წყალსაცავიდან ყვარელი-ლაგოდეხის ტრასამდე 495.0 და 288.0 მ ნიშნულების შორის. ჰიდროელექტროსადგურის ენერგოსისტემაზე მიერთება ხდება შემდეგი პირობებით: ჰესი 2 ფიდერი უჯრედით უერთდება ყვარელი ახალსოფელს შორის გამავალ 10 კვ.მ. ელექტროგადამცემ ხაზს, ხოლო, მესამე, უჯრედით დასაპროექტებელი 9 კვ.მ. სიგრძის 10 კვ.მ. გადამცემი ხაზით ქ. ყვარლის 35/10 კვ.მ. ქვესადგურს, საიდანაც დაკმაყოფილებული იქნება უშუალოდ ქ. ყვარლის მომხმარებლები. საპროექტო ჰესის ქსელში ჩართვის ამგვარი სქემა საშუალებას იძლევა ენერგოსისტემის მუშაობის შესაბამისად დარეგულირდეს ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გაცემა ან ქ. ყვარლიოს ქვესადგურში ან საერთო ქსელში).

 

4.5. აღნიშნული ჰესი ჩართულია საქართველოს ელექტროსისტემაში, მთელი თავისი სიმძლავრით შემდეგი ტექნიკური პირობების დაცვით: „...4. 10 კვ. ფ. „ქინძმარაულიდან“ გამომავალი 9,5 კმ.-ის სიგრძის ელექტროგადაცემის ხაზით, რომელიც სს „კორპორაცია ქინძმარაულის“ ბალანსზეა, „ჩალა ჰესი“ დაკავშირებულია 35/10 კვ. ქს „ყვარელის“ 10 კვ. გამანაწილებელი მოწყობილობის ფ. „ჩალა ჰესთან“.“ (ტომი 1; ს/ფ 82-83; ტექნიკური პირობა);

 

4.6. სსიპ ,,ენერგოგენერაციის’’ 21.12.2000 წლის 07-04/899 ცნობის თანახმად, სს ,,ქინძმარაულის’’ კუთვნილი ,,ჩალაჰესი’’ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია და მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ თანამდებობებს. ,,ჩალაჰესი’’ მზადაა საექსპლუატაციოდ (ტომი 1; ს/ფ 74);

 

4.7. ტომი 1. ს.ფ. 91-93-ზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, კი 1. ჩალის ჰესის ჰიდროაგრეგატების სამონტაჟო-გაშვების სამუშაოების მიღება-ჩაბარების 28.10.2000 წლის აქტით, კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს 24.10.2005 წლის ცნობით, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 1998 წლის 07 მაისის წერილით, ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის 2000 წლის 22 სექტემბრის N21N00002 აქტით, დასტურდება, რომ ელექტროგადამცემი ხაზი შესულია ექსპუატაციაში 2000 წლიდან;

 

4.8. სადავო არ არის ის გარემოება, რომ სს ,,კორპორაცია ქინძმარაულის“ კუთვნილი 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს მოსარჩელე ინგა მდივანის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით №57.06.61.338.

 

4.9. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ხაზის მშენებლობა 1993-1999 წლებში განხორციელდა, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზი შესულია ექსპუატაციაში 2000 წლიდან. ამ გარემოებას ასევე ადასტურებს ტომი 1; ს/ფ 96-ზე წარმოდგენილი მიმართვა, საიდანაც იკვეთება გარემოება მასზედ, რომ ჩალის წყალსაცავზე ჰესის მშენებლობა დაიწყო 1993 წლის 20 აგვისტოს საქართველოს გარემოესა და ბუნებრის რესურსების დაცვის სამინისტროს Nეე-2/39 „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის“ დასკვნის საფუძველზე.

 

4.10. როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ მოპასუხე სს ,,კორპორაცია ქინძმარაულის“ საკუთრებაშია ,,ჩალა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურიდან გამომავალი 10 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც მოპასუხეს ელექტროენერგია მიეწოდება. გადამცემი ხაზი 2000 წლიდან შესულია ექსპუატაციაში და იგი მოსარჩელე ინგა მდივანის კუთვნილ მიწის ნაკვეთს კვეთს. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც მოპასუხის კუთვნილი 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს. სწორედ ამ ხაზის ექსპლუატაციიდან გამომდინარე ხელშეშლის აღკვეთას მოითხოვს მოსარჩელე და უთითებს, რომ მას, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, უძრავი ქონების შეხედულებისამებრ განკარგვაში ეშლება ხელი. ამდენად, მოსარჩელე მოითხოვს: ა) აღიკვეთოს სს ,,კორპორაცია ქინძმარაულის“ მხრიდან ინგა მდივანის საკუთრებით სარგებლობაში უკანონოდ ხელის შეშლა; ბ) სს ,,კორპორაცია ქინძმარაულს“ დაევალოს ინგა მდივანის მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი №57.06.61.338) მისი კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა.

 

4.11. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა (ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა, ხელშეკშლის აღკვეთა) მოპასუხე სს ,,კორპორაცია ქინძმარაულის’’ მიმართ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებს ეფუძნება.

 

4.12. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი ასახულია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია.

 

4.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სარჩელის შინაარსის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეში სასამართლოს შეფასების საგანია ხდება თუ არა მოპასუხის მიერ მოსარჩელის, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრის უფლების ხელყოფა.

 

4.14. პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები). მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

 

მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

აღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე ხელს უშლის მას საკუთრებით სარგებლობაში, ამასთან, ხელშეშლით ზიანი ადგება მას.

 

4.15. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელე მხარის აპელირებაზე, ხაზობრივი ნაგებობის უკანონობის თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლუატაციაშია შესული 2000 წლიდან, თუმცა, იგი კანონით დადგენილი წესით, არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და შესაბამისად, წარმოადგენს უკანონო ნაგებობას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) განმარტავს, რომ 2015 წლიდან სს ,,კორპორაცია ქინძმარაულმა’’ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოთხოვნით, მოეხდინათ ხაზოვანი ნაგებობის რეგისტრაცია, რაზედაც, მარეგისტრირებელმა ორგანომ უარი განაცხადა. ამ საკითხზე, დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს დავა სასამართლოში. მოპასუხის განმარტებით, საჯარო რეესტრში, მის მიერ წარდგენილი იყო როგორც პროექტი, ასევე, საკუთრების სხვადასხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია აღნიშნულ ხაზოვან ნაგებობაზე. ამასთან. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე, პირველადი რეგისტრაცია განხორციელებულია 2016 წლის 01 სექტემბერს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოებაში მითითებულია საკადასტრო გეგმა, სადაც ნათლად ჩანს, ხაზობრივი ნაგებობის არსებობა.

 

4.16. ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: (დ) ხაზობრივი ნაგებობა – „... ელექტროგადამცემი ხაზი...“; (თ) რეგისტრაცია - „ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების [...] რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით“;

კანონის მე-11 მუხლის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: საკუთრება.

კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: (ა) გირავნობა (გარდა ფინანსური გირაოსი, რომლის რეგისტრაცია რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად); (ბ) ლიზინგი; (გ) საბანკო გარანტია;

კანონის 23-ე მუხლს „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: უფლების [...] წარმოშობა, [...] ცვლილება და [...] შეწყვეტა [...] არ ექვემდებარება რეგისტრაციას.

 

4.17. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები;

 

ამავე ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე მისი არსებითი შემადგენელი ნაწილების (შენობა-ნაგებობის) არსებობა დგინდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით. რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავ ნივთად (მის არსებით შემადგენელ ნაწილებად) არ მიიჩნევა წიაღისეული, მცენარეები, მცირე არქიტექტურული ფორმები, დროებითი, არაკაპიტალური ან/და ისეთი ხაზობრივი ნაგებობები/ობიექტები, რომლებზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, გარდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #375 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა;

 

4.18. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ მე-15 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 1-20 კვ.-მდე სიმძლავრის ელეტროგადამცემი ხაზი განეკუთნება IV კატეგორიის ნაგებობას;

დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს, ხოლო 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ხაზობრივი ნაგებობები – „[...] IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზები“;

 

ამდენად, კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარე არა ყველა უფლება, არამედ ისეთი, რომლის რეგისტრაციასაც ითვალისწინებს კანონი. ეს არის ე.წ. „რეგისტრაციაუნარიანი“ ან „რეგისტრაციასავალდებულო“ უფლება, რომელიც რეგისტრაციით წარმოიშობა და აგრძელებს არსებობას მანამ, სანამ არსებობს მისი რეგისტრაცია. ასეთ უფლებას მიეკუთვნება, მაგალითად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ან მოძრავ ნივთზე გირავნობა-ლიზინგი; დაუშვებელია, რეესტრს დაევალოს იმ უფლების რეგისტრაცია, რომელსაც არ გააჩნია ე.წ. „რეგისტრაციაუნარიანი“ ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს, რეესტრს დაევალოს მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისეთ ხაზოვან ნაგებობაზე, როგორიცაა ელექტროგადამცემი ხაზი, სიმძლავრით 10 კვტ. მოქმედი კანონმდებლობით ასეთ ხაზოვან ნაგებობას მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება. შესაბამისად, იგი არც უძრავ ნივთად განიხილება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, ასეთ ხაზოვან ნაგებობას არ გააჩნია „რეგისტრაციასავალდებულო“ ხასიათი.

 

ამდენად, პალატა იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, არ საჭიროებდა რეგისტრაციას.

 

4.19. აპელანტი ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ელექტროგადამცემი ხაზი 1993-1999 წლებში არ აშენებულა, რაც სააპალეციო პალატის მიერ წინამდებარე განჩინების 4.10. პუნქტით არ იქნა გაზიარებული. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მიჩნეული იქნებოდა, რომ ხაზი 2000 წელს აშენდა და შევიდა ექსპლუატაციაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2016 წლის მდგომარეობით, მოსარჩელე მხარის საკუთრებაში რიცხული ქონება უფლებრივად უნაკლო იყო და მესაკუთრისათვის ხელშეშლა მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედებიდან მომდინარეობდეს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონება 2016 წლის ოქტომბერში შეიძინა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მიჩნეული იქნება, რომ გადამცემი ხაზი, რომელიც უძრავ ქონებას კვეთს აშენდა 2000 წელს და ამ წლიდან იმყოფება ექსპლუატაციაში, 2016 წელს მოსარჩელე გახდა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც უკვე გადიოდა მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი. პალატას მიაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელემ საკუთრებაში მიიღო ამგვარი უძრავი ქონება, მიუთითებს იმაზე, რომ ქონების შეძენის მომენტისთვის მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის განმარტება, რომ ნასყიდობის მომენტისთვის ქონება უფლებრივად უნაკლო იყო, საფუძველს მოკლებულია. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც გადამცემი ხაზის მშენებლობა განხორციელდა მანამ, სანამ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლება დარეგისტრირდებოდა, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და მესაკუთრის შეცვლა გადამცემი ხაზის გადატანის ვალდებულებას არ წარმოშობს.

 

მსგავს საქმეზე საკასაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მილი მოსარჩელის მიერ შეძენილ მიწაზე განთავსებული იყო ქონების შეძენამდე და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მხარემ შეიძინა უფლებრივად დატვირთული ქონება. პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 487-ე და 489-ე მუხლების შესაბამისად, შემძენი მესამე პირთან მიმართებაში იმ უფლებრივი ტვირთის მატარებელია, რაც ნივთის შეძენამდე არსებობდა და უფლებრივი ნაკლის თაობაზე ვალდებულებითი სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, მყიდველს - კრედიტორს პრეტენზია, მხოლოდ გამყიდველის - მოვალის მიმართ შეიძლება გააჩნდეს. მითითებულ საქმეში უდავოს წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ მაგისტრალური მილი გადიოდა ზუსტად მიწის ნაკვეთის შუაში და მისი არსებობა ტექნიკური თვალსაზრისით ხელს შეუშლიდა თვითმმართველი ერთეულის მიერ დამტკიცებული პროექტისა და გაცემული ნებართვის შესაბამისად მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით ობიექტის მშენებლობას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებით მესაკუთრეს ქონების თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება ეზღუდება, თუმცა პალატამ დაასკვნა, რომ: „სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი ამგვარ შეზღუდვას უშვებს, თუკი იგი კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შემოჭვის ფარგლებშია. მოცემულ შემთხვევაში, ნივთზე უფლების კანონისმიერ შეზღუდვასთან გვაქვს საქმე, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მყიდველმა უფლებრივად დატვირთული ნივთი შეიძინა და მესამე პირთან მიმართებით იგი ისეთივე უფლება-მოვალეობების მატარებელია, როგორც მისი წინამორბედი მესაკუთრე. სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებული არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. ამდენად, კასატორის არგუმენტის საწინააღმდეგოდ მოცემულ ნივთთან დაკავშირებული დავა სწორედ სამეზობლო სამართლის ნორმებით უნდა იქნეს განხილული. მოპასუხის მიერ სხვისი მიწის ნაკვეთით სარგებლობა სწორედ ამ სამართლებრივი ინსტიტუტის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული. პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო მილის მოპასუხის ხარჯით სხვა ადგილზე გადატანა და მიწის ნაკვეთის განთავისუფლება, რაზედაც მოპასუხე თანახმა არ იყო. ამ შემთხვევაში მოპასუხე იღებდა პასუხისმგელობას იმ იურიდიულ შედეგებზე (თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე), რომელიც სხვისი ნივთით, კონკრეტულ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის სარგებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, თუმცა, რადგანაც ამგვარი პასუხისმგებლობის დაკისრება დავის საგანს არ წარმოადგენა პალატა არ იმსჯელებდა მასზე. საკასაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მესაკუთრის პრეტენზია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, ხაზობრივ ნაგებობაზე აუცილებელი იყო რეგისტრაციის, არსებობა, რადგანაც საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სადავო მილის განთავსება განხორციელებული იყო მითითებული კანონით დადგენილ რეგულაციამდე, ხოლო მისი ამ ეტაპზე საჯარო რეესტრში აღურიცხაობა განთავსების უკანონობაზე არ მეტყველებდა (იხ. სუსგ №ას-1185-1205-2011, 5 მარტი 2012 წელი).

 

4.20. სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის №366 დადგენილება, რომლითაც დამტკიცებულია ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“.

 

მოცემული ნორმატიული აქტით დარეგულირებულია ელექტრული ქსელის მფლობელსა და მიწათმოსარგებლეს შორის ურთიერთობები. იგი ამ უკანასკნელს გადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონებით სარგებლობისათვის გარკვეული სახის შეზღუდვებს უწესებს და იმავდროულად ავალდებულებს, რომ ხელი არ შეუშალოს ელექტრული ქსელის ხაზობრივ ნაგებობებთან მომსახურე პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ მისვლას. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან ელექტრული ქსელის მფლობელ პირს გაუწიონ დახმარება ამ წესის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფაში.

 

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტით იზღუდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებები მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც გადამცემი ხაზის დაცვის ზონაშია მოხვედრილი და შეზღუდვის ფარგლები დამოკიდებულია ელექტრული ქსელის სახეობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გადის 10 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.ე" ქვეპუნქტის მიხედვით დაცვის ზონა შეადგენს 10 მეტრს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი განაპირა სადენებიდან. ამავე წესის მე-4 მუხლში ჩამოთვლილია ის შეზღუდვები, რომლებიც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს უწესდებათ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლით, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონის და საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის №366 დადგენილებით დამტკიცებული წესი ერთობლიობაში ქმნის იმ ნორმატიულ საფუძველს, რომლის მიხედვითაც იზღუდება იმ უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებები, რომელი უძრავი ქონებაც ელექტრული ქსელის დაცვის ზონაშია მოხვედრილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მესაკუთრის უფლება კანონმდებლობითაა შეზღუდული, არ შეიძლება მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით გამოწვეული ხელშეშლა არამართლზომიერ ქმედებად ჩაითვალოს.

 

4.21. პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხის მხრიდან არამართლზომიერი ხელშეშლა, მეორე სასარჩელო მოთხოვნის (ხაზის გადატანის დავალდებულების შესახებ) დაკმაყოფილების წინაპირობებიც ვერ იარსებებს.

 

ამასთან, წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი (მოსარჩელე), რომელიც დაინტერესებული პირია, ითხოვს რომ მოპასუხემ ხაზი თავისი ხარჯით გადაიტანოს, რისი ვალდებულებაც მოპასუხე მხარეს არ ეკისრება. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადამცემი ხაზის გადატანა ტექნიკურად შესაძლებელია.

 

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების არამართლზომიერ შეზღუდვას ადგილი არ ჰქონდა და არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც მოპასუხეს გადამცემი ხაზის საკუთარი ხარჯით გადატანის ვალდებულებას დააკისრებდა.

 

4.22. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ინგა მდივანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

დავით ახალბედაშვილი