განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.10.2019
საქმის ნომერი
010210019001800641
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
21.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210019001800641

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-504-19 21 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდონმარე (მომხსენებელი): მოსამართლეები: ლაურა მიქავა თამარ სვანიძე ინდირა მაშანეიშვილი

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე/შეგებ.მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე/შეგებებული მოსარჩელე) წარმომადგენელი - - სს ,,სა---------–---------“ - და--------------- - მი------------- - და----–--------- -

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტების მოთხოვნები:

1.1. აპელანტ სს ,,სა---------–---------ს“ მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

1.2. აპელანტ მი-------------- მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

_ სს ,,სა---------–---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად;

_ მი-------------ს, სს ,,სა---------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2875,60 აშშ დოლარის გადახდა;

_ მი-------------ს, სს ,,სა---------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 227,75 ლარის ანაზღაურება;

_ მი-------------- შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად;

_ სს ,,სა---------–---------“, მი-------------- სასარგებლოდ დაეკისრა 6650 აშშ დოლარის გადახდა;

_ სს ,,სა---------–---------“, მი-------------- სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 539 ლარის ანაზღაურება.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2013 წლის 8 იანვარს სს ,,სა---------–---------ა“ და მი-------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,სა---------–----------” სარგებელის სახით წლიური 15.0%-ის დარიცხვის პირობით მი-------------ს 60 თვის ვადით ასესხა 17 440 აშშ დოლარი. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით;

 

2.2. სს ,,სა---------–---------“ და მი------------- ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მასზედ, რომ სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, დავალიანებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა სესხის 0.5 %;

 

2.3. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,KIA SPORTAGE” სახ. ნომერი DIA-555;

 

2.4. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით, 2013 წლის 8 იანვარს სს ,,სა---------–---------ა“ და მი-------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მი-------------ს უნდა გადაეხადა დაზღვევის თანხები. დაზღვევისათვის კრედიტის მაქსიმალური ოდენობაა 1468.95 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 18%-ით;

 

2.5. მი-------------მ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და გრაფიკის მიხედვით თანხა ვერ გადაიხდა;

 

2.6. სს ,,სა---------–----------“ მი-------------ს 2016 წლის 26 მარტს მიმართვით აცნობა, რომ სესხი აღარ იფარებოდა გრაფიკის მიხედვით და მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო. ბანკმა მას აცნობა, რომ საერთო ჯამში გადასახდელი ჰქონდა 9626.06 აშშ დოლარი. მის დასაფარად ბანკმა მი-------------ს დაუნიშნა დამატებითი ვადა 14 დღე და მოსთხოვა ამ ვადაში სრულად დაეფარა დავალიანება, ან გირავნობის საგანი გადაეცა ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. გაფრთხილების მიღებას მი------------- არ უარყოფდა;

 

2.7. უდაოა გარემოებაა, რომ მი-------------მ დამატებით ვადაში სესხი არ დაფარა. აღნიშნულის გამო ბანკმა გირავნობის საგანი გადაიყვანა ავტოსადგომზე და შეაფასა 10 000 აშშ დოლარად. 2016 წლის 22 ივნისის მი-------------ს მიმართვით აცნობა, რომ თუ 2016 წლის 27 ივნისამდე გადაიხდიდა 10 000 აშშ დოლარს, მაშინ ავტომანქანას გაათავისუფლებდა გირავნობისაგან და დაუბრუნებდა მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანას დაისაკუთრებდა ბანკი. მისი ღირებულებით კი შემცირდებოდა დავალიანება. მიმართვა მი-------------ს ჩაბარდა 2016 წლის 22 ივნისს;

 

2.8. სადაო არაა ის ფაქტი, რომ სს ,,სა---------–----------“ გირავნობის საგანი 10 000 აშშ დოლარის ღირებულებით მიიღო საკუთრებაში. ამ თანხის მოცულობის ვალი ჩაუთვალა გადახდილად. ბანკმა თანხა გადაანაწილა შემდეგნაირად: - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დაიფარა ძირი თანხა - 6388.73 აშშ დოლარი, სარგებელი - 650.92 აშშ დოლარი, 1359.20 აშშ დოლარით დაიფარა პირგასამტეხლო. სულ დაიფარა 8398.85 აშშ დოლარის ვალი. დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაიფარა ძირი თანხა 1151.72 აშშ დოლარი, სარგებელი 92.39 აშშ დოლარი, ხოლო 357.04 აშშ დოლარით დაიფარა პირგასამტეხლო;

 

2.9. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ 2016 წლის 12 ოქტომბერს სს ,,სა---------–----------“ გირავნობის საგანი გაყიდა 10 500 აშშ დოლარად;

 

2.10. სასამართლომ მხარეთა შორის ძირითად სადაო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია: გირავნობის საგნის რეალური ღირებულება; დავალიანების მოცულობა. სასამართლოს მითითებით ავტომანქანის ღირებულების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილებულიყო თანაბრად. სს ,,სა---------–---------“ უნდა დაკისრებოდა 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ავტომანქანა ,,KIA SPORTAGE”“ სახ. ნომერი DIA-555 10 000 აშშ დოლარის ღირებულების მტკიცების ტვირთი. თავის მხრივ მი-------------მ უნდა დაემტკიცებინა, რომ ავტომანქანის ფასი შეადგენდა 16660 აშშ დოლარს. სს ,,სა---------–---------“ უნდა დაემტკიცებინა, რომ სესხზე დაგროვილ ვალზე 10 000 აშშ დოლარის გაკლების შემდეგ, მი-------------ს გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 2561.87 აშშ დოლარი, სარგებელი 209.64 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 104.09 აშშ დოლარი;

 

2.11. სს ,,სა---------–----------“ ავტომანქანის 10 000 აშშ დოლარად ღირებულების დადასტურების მიზნით, წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება. გარდა ზეპირი განმარტებისა, სს ,,სა---------–----------“ ავტომანქანის 10 000 აშშ დოლარად ღირებულების დამტკიცების მიზნით წარმოადგინა სატრანსპორტო საშუალების შეფასების აქტი №7382. დასახელებული დოკუმენტი შედგენილია გირავნობით დატვირთული ავტომანქანის ღირებულების განსაზღვრისათვის. იგი შეადგინა შემფასებელმა - საკრედიტო ექსპერტმა. სს ,,სა---------–---------ს“ წარმომადგენელმა სხდომაზე განმარტა, რომ ის ბანკის მიერ დაქირავებული შემფასებელია. აქტში ავტომანქანის მახასიათებლად მითითებულია:

- გარბენი - 57 000 კვ.მ.

- საწვავი - ბენზინი;

- ტიპი - მაღალი გამავლობის;

- ტიპ-ტრონიკი;

- თვლები - 4X4;

- ავტომობილის მდგომარეობა - საშუალო;

- ასევე მითითებულია ტექნიკური მახასიათებლები (მაგ. სალონი, ჰიდრავლიკა, საკეტები და ა.შ.)

- დაზიანება - მცირე ჭყლეტვა და ნაკაწრები.

საერთო ჯამში აქტში აღწერილია ავტომანქანის მდგომარეობა და გამოყვანილია მისი ფასი. აქტის მიხედვით ავტომანქანის ღირებულება შეადგენს 10 000 აშშ დოლარს.

 

2.12. მი-------------მ შეფასების აქტში სადაო გახადა შემფასებლის კომპეტენცია. ამტკიცებდა, რომ ბანკის შემფასებელი არ იყო ის პირი, ვისაც ავტომანქანის საბაზრო ღირებულების შეფასების კომპეტენცია გააჩნდა. სს ,,სა---------–----------“ შემფასებლის კომპეტენციის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მი-------------მ სადაო გახადა ავტომანქანის მცირე ჭყლეტვა და ნაკაწრები. სს ,,სა---------–---------“ ავტომანქანის მცირე ჭყლეტვისა და ნაკაწრების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია;

 

2.13. მი-------------მ მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით წარმოადგინა ავტო სატრანსპორტო საშუალება ,,KIA SPORTAGE” სახ. ნომერი DIA-555 შეფასების ანგარიში. ავტომანქანის ღირებულება შეაფასა მოძრავი ქონების შემფასებლის სერთიფიკატის მქონე პირმა, ემზარ ქათამაძემ. შეფასების აქტში მითითებულია, რომ სადაო ავტო სატრანსპორტო საშუალება ,,KIA SPORTAGE”-ს საბაზრო ღირებულება შეადგენს 16650 აშშ დოლარს. შემფასებელისათვის ავტომანქანა არ წარუდგენიათ. მან ავტომანქანა შეაფასა მი-------------- მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ეს ინფორმაციაა:

- ავტომანქანის გამოშვების დრო - 2012 წელი;

- ფერი - შავი;

- ტიპი - მსუბუქი, მაღალი გამავლობის;

- გარბენი - 45 000 კმ;

- მდგომარეობა - დაზიანებათა გარეშე, ესთეტიკური და ტექნიკური ხარვეზის გარეშე;

- შეძენის ადგილი - ავტოსალონი.

მოცემულობები, ექსპერტმა შეადარა იმავე პერიოდში მსგავსი სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებებს და ამ მეთოდით მის ფასად განსაზღვრა 16650 აშშ დოლარი.

 

2.14. სასამართლომ განმარტა, რომ სს ,,სა---------–----------“ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება მასზედ, რომ შემფასებელი კომპეტნტური პირია. მი-------------მ კი წარმოადგინა შემფასებლის სერთიფიკატი, სადაც მითითებულია, რომ შემფასებელი მოძრავი ნივთების შეფასებაში კომპეტენტური პირია. შესაძლებელია ბანკის შემფასებელიც კომპეტენტური პირია, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება მისი კომპეტენციის დამადასტურებელი მტკიცებულება, სწორედ ამიტომ ამ საკითხს უნდა მიენიჭებოდა გარკეული მნიშვნელობა. გარდა ამისა, მხარეთა-განმარტებებით სასამართლომ დაადგინა, რომ გირავნობის საგანი 2013 წელში მი-------------მ ავტო სალონში შეიძინა 24 000 აშშ დოლარად. 2016 წელში მისი ჩვეულებრივი ცვეთის გათვალისწინებით ავტომანქანის ფასის 10 000 აშშ დოლარამდე შემცირება არ შეესაბამება ლოგიკურ ახსნას. თუ მისი ფასის შემცირება დაკავშირებულია დაზიანებასთან, ვალუტის ცვლილებასთან, ახალ ტექნილოგიებთან ან სხვა ობიექტურ გარემოებასთან, მაშინ შემფასებელს ეს ახსნილი უნდა ჰქონდეს თავის აქტში. ან კიდე სს ,,სა---------–----------“ უნდა დაასაბუთოს საქმის განხილვისას. ასეთი დასაბუთება მას არ აქვს. მაშინ როცა: ავტომანქანის საწყისი ღირებულებაა - 24000 აშშ დოლარი; ავტომაქანას აქვს ნორმალური ცვეთა; მისი მდგომარეობა საშუალოა; რომელიმე ტექნიკური ნაწილი არ შეიცავს დეფექტს; არ არის გარედან ან შიგნიდან დაზიანებული. ასეთ სიტუაციაში, 2016 წელში მისი ღირებულება ვერ იქნება 10 000 აშშ დოლარი. ლოგიკასთან უფრო მიახლოებულია მი-------------- მიერ წარმოდგენილი შეფასების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 24000 აშშ დოლარად შეძენილი ავტომანქანის ღირებულება ნორმალური ცვეთის პირობებში 2016 წელში იქნება 16 650 აშშ დოლარი. ამასთან მის მიერ წამოდგენილი შეფასების დოკუმენტი უფრო სრულყოფილია. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაიზიარა მის მიერ წარმოდგენილი შეფასების აქტი და მიიჩნია, რომ 2016 წლის 30 ივნისს მისი ღირებულება შეადგნდა 16 650 აშშ დოლარს;

 

2.15. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაწილია მი-------------- ვალის საკითხი. უდაო გარემოებაა, რომ 2013 წლის 8 იანვარს სს ,,სა---------–----------” მი-------------ს სესხად გადასცა 17 440 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, სარგებელის სახით წლიური 15.0%-ის დარიცხვით. სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, დავალიანებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა სესხის 0.5%. ასევე სადაო არ იყო ის გარემოება, რომ მი------------- გარკვეული პერიოდის განმავლობაში იხდიდა შეთანხმებულ შენატანს, მაგრამ შემდეგში მან შეწყვიტა სესხის დაფარვა. საქმეში წარმოდგენილი სესხის გეგმიური გრაფიკის, სს ,,სა---------–---------ს“ ინფორმაციის“ და პირადი ანგარიშიდან ამონაწერის საერთო ანალიზით დადგინდა, რომ №1375639 სესხზე 2016 წლის 26 მარტის მდგომარეობით გადასახდელი იყო შემდეგი თანხები:

- ძირი თანხა - 8950.60 აშშ დოლარი;

- პროცენტი - 348.95 აშშ დოლარი;

- პირგასამტეხლო - 326,51 აშშ დოლარი; სულ - 9626.06 აშშ დოლარი.

№1375641 სესხზე (დაზღვევის) 2016 წლის 26 მარტის მდგომარეობით გადასახდელი იყო შემდეგი თანხები:

- ძირი თანხა - 1151,72 აშშ დოლარი;

- პროცენტი - 39 აშშ დოლარი;

- პირგასამტეხლო - 116,15 აშშ დოლარი; სულ - 1306,87 აშშ დოლარი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.16. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით;

 

2.17. სს ,,სა---------–---------ა“ და მი-------------ს შორის ვალდებულება წარმოიშვა 2013 წლის 8 იანვრის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის საფუძველზეც ბანკმა მოპასუხეს ასესხა 17440 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა წლიურად სესხად გაცემული თანხის 15%-ს. მი------------- ვალდებული იყო გრაფიკის მიხედვით დაეფარა სესხის ძირიცა და სარგებელიც;

 

2.18. დადგენილი იქნა, რომ მი-------------მ კრედიტის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. სესხის დაფარვის ვადის გადაცილების გამო მოსარჩელემ, მასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა;

 

2.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ;

 

2.20. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა;

 

2.21. სასამართლომ განმარტა, რომ მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებები. დავალიანების დარჩენილი თანხა მი-------------მ არ გადაიხადა დამატებით ვადაშიც და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე მეტჯერ, რაც მოსარჩელეს ანიჭებდა უფლებას გასულიყო ხელშეკრულებიდან და დაუყოვნებლივ მოეთხოვა ვალი;

 

2.22. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელე თანხის გადახდას მოითხოვდა მას შემდეგ, რაც დაისაკუთრა გირავნობის საგანი. სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლით, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. საქ. სკ-ის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

 

2.23. მხარეთა შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულების 8.4 პუნქტით, თუ გირავნობის საგნზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული გირავნობის საგანი ან გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავდა უზრუნველყოფილ მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიექცია მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. ხელშეკრულების 8.4 პუნქტზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ მასზედ, რომ დამსესხებელს ვალდებულებები უნდა შეესრულებინა გირავნობის საგნის რეალიზაციის ან დასაკუთრების შემდეგაც. ანუ შეთანხმდენ მასზედ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით ან დასაკუთრებით მიღებული თანხით ვერ დაიფარებოდა დაგროვილი დავალიანება, მაშინ მი------------- გადაიხდიდა დარჩენილ ნაშთს. აღნიშნული გულისმხობს, მას რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის ან დასაკუთრების შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს დარჩენილი თანხის გადახდა. მოპასუხეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 2561,87 აშშ დოლარი. სახელშეკრულებო პირობების შესრულების მიზნით მისი გადახდა უნდა დაეკისრებოდა მოპასუხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, სარჩელი საფუძვლიანი იყო;

 

2.24. დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის 2013 წლის 8 იანვარს დადებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულება შეიცავდა დათქმას სესხის ძირ თანხაზე სარგებელის დარიცხვის თაობაზე. მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ, წლიურად 15 %-ის დარიცხვაზე. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სარგებელი არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს 209.64 აშშ დოლარი. შესაბამისად ამ ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანი იყო;

 

2.25. პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. დასახელებულ ნორმებში განმარტებულია პირგასამტეხლოს შინაარსი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

 

2.26. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით იყო შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევდა. სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, დავალიანებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა სესხის 0.5%. მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ მოვალემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც მას პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი ჰქონდა 104.09 აშშ დოლარი. პირგასამტეხლოს ოდენობა გაანგარიშებული იქნა გონივრულად ამ ნაწილში არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი;

 

2.27. მი-------------- მოთხოვნა იყო მოპასუხეს დაებრუნებინა ის თანხა, რაც ავტომანქანის რეალურ ღირებულებასა და ავტომანქანის დასაკუთრებისას სს ,,სა---------–---------ს“ მიერ განსაზღვრულ ფასებს შორის არსებობდა. სს ,,სა---------–----------“ ავტომანქანის ფასად განსაზღვრა 10 000 აშშ დოლარი, სასამართლომ კი გაიზიარა მი-------------- არგუმენტები და მის ღირებულებად დაადგინა 16 650 აშშ დოლარი;

 

2.28. სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს ენიჭება მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სს ,,სა---------–----------“ ავტომანქანის დასაკუთრებისას ისარგებლა დასახელებული ნორმით და ვალდებულებს შეუსრულებლობის გამო გირავნობის საგანი მიიღო საკუთრებაში. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოგირავნის დაკმაყოფილება განხორციელდეს გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

 

2.29. სასამართლომ განმარტა, რომ კანონი ადგენს მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების ორ ფორმას - გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემასა და გირავნობის საგნის რეალიზაციას. გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებაში პირდაპირაა მითითებული გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა რეგისტრირებული გირავნობა და მის საფუძველზე სს ,,საქართველოს ბანკს“ უფლება ჰქონდა გირავნობის საგანი აღერიცხა თავის საკუთრებაში. სწორედ ასე მოიქცა ბანკიც. გირავნობის საგნის საკუთრებაში აღრიცხვას აქვს გარკვეული ხარვეზები. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში არაა მითითებული ის მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა. აღნიშნულისაგან განსხვავებული წესია გირავობის საგნის რეალიზაციისას. გირავნობის საგნის რეალიზაციისას მოგირავნე ვალდებულია ქონება აუქციონზე გაიტანოს ან სხვა წესით გაასხვისოს სამართლიან, გონივრულ ფასად. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის პირობიდან;

 

2.30. დასახელებული ნორმით მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის. ასევე ამავე მუხლის მესამე ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც თუ დაგირავებული მოთხოვნის რეალიზაცია ხორციელდება მოვალის მიერ მოგირავნის სასარგებლოდ შესრულებით, მოგირავნე ვალდებულია წარუდგინოს დამგირავებელს ანგარიში მოვალის მიერ თავის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების შესახებ. ამ წესების დაცვით გირავნობის საგნის რეალიზაცია დამგირავებელს აარიდებს გირავნობის საგნის იაფად გასხვისებას. ასევე მოგირავნეს აკისრებს პასუხისმგებლობას უსამართლო და არაგონივრულ ფასად ქონების რეალიზაციისას. კანონში ზუსტად არაა გაწერილი ანალოგიური წესის დაცვა გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღებისას, ამიტომ ვალდებულების შესრულების დასახელებული წესი ხარვეზიანია და ხშირად არღვევს უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და საგნის ღირებულების თანაფარდობას. კანონში არაა მითითებული მასზედ, რომ ქონების საკუთრებაში მიღებისას შეფასდეს ქონება და დამგირავებელის ვალს დააკლდეს ის რეალური ღირებულება, რაც ქონება რეალურად ღირს;

 

2.31. მიუხედავად ამისა სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონების საკუთრებაში მიღების დროსაც იგივე პრინციპი უნდა იქნას დაცული, რაც გირავნობის საგნის რეალიზაციისას. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს გირავნობის საგანი საკუთრებაში მიღებული იქნეს გონივრულ და სამართლიან ფასად. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილის ანალოგიის საფუძელზე. შესაბამისად, სს ,,სა---------–---------“ ვალდებული იყო გირავნობის საგანი საკუთრებაში მიეღო იმ ფასად, რა ფასიც მას გააჩნდა საკუთრებაში აყვანის დროს. აღნიშნულის შემდეგ მას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდქსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალოგიიდან, რომლის მიხედვითაც, გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება რეალიზაციის ხარჯები და დაკმაყოფილდება რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა. ასევე ამავე მუხლის მესამე ნაწილით, გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს;

 

2.32. ამდენად, დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სს ,,სა---------–---------“ ვალდებული იყო გირავნობის საგანი შეეფასებინა რეალურად და საკუთრებაში მიეღო იმ ფასად, რაც მისი საბაზრო ღირებულება იყო. თუ მას არ სურდა გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულებით საკუთრებაში მიღება, მაშინ მას ჰქონდა უფრო გამჭვირვალე და გონივრული ღონისძიების გამოყენების საშუალება. ეს იყო გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლება. გირავნობის საგნის საკუთრებაში აყვანა გარკვეულწილად გამჭვირვალობას მოკლებულია. შეუძლებელია იმის წინასწარ განჭვრეტა თუ რა ფასად გაიყიდება გირავნობის საგანი, ამიტომაც საკუთრებაში აყვანისას აუცილებელია მისი საბაზრო ღირებულების დადგენა. მხოლოდ ეს გზაა ყველაზე გამჭვირვალე და სრული. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,სა---------–----------“ 16 650 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა საკუთრებაში მიიღო 10 000 აშშ დოლარად. ამ გზით მან საკუთრებაში მიიღო 6650 აშშ დოლარით მეტი სარგებელი. სწორედ ამ თანხის დაბრუნებას მოითხოვდა მი-------------;

 

2.33. მი-------------- მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”. ამავე კოდექსის 987-ე მუხლის მეორე ნაწილით, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს;

 

2.34. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ სს ,,სა---------–----------“ მი--------------აგან ჩაიბარა 16 650 აშშ დოლარად ღირებული გირავნობის საგანი და საკუთრებაში აღრიცხა 10 000 აშშ დოლარად. შესაბამისად, მი-------------- ვალს გააკლო 10 000 აშშ დოლარი. მისი ვალდებულება იყო ავტომანქანა შეეფასებინა რეალურ ღირებულებად, საკუთრებაში აღერიცხა რეალური ღირებულებით და ამ გზით ეწარმოებინა ანგარიშსწორება. ამ წესის დაუცველობით მან გირავნობის საგანი საკუთრებაში მიიღო არაგონივრულ და უსამართლო ფასით. ფაქტიურად ის გამდიდრდა მინდია სამნიძის კუთვნილი 6650 აშშ დოლარით. შესაბამისად ის ვალდებული იყო მი--------------ათვის გადაეხადა საფუძვლის გარეშე მიღებული 6650 აშშ დოლარი.

 

გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

3.1. სს ,,სა---------–---------“-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო მიუთითებს, რომ გირავნობის საგანი 2013 წელს მი-------------მ ავტოსალონში შეიძინა 24 000 აშშ დოლარად, 2016 წელს მისი ჩვეულებრივი ცვეთის გათვალისწინებით კი ავტომანქანის ფასის 10 000 აშშ დოლარამდე შემცირება არ შეესაბამება ლოგიკურ ახსნას. სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით, ყოველგვარი მტკიცებულებისა და კანონიერი საფუძვლის გარეშე მიუთითებს გარიგების ბათილობაზე;

 

3.1.2. 2013 წლის 8 იანვრის გირავნობის ხელშეკრულებით, რომელიც შედგენილია კანონით დადგენილი წესით, მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება მასზედ, რომ გირავნობის საგანი ბანკს საკუთრებაში გადაეცემოდა იმ ფასად, რაც შეესაბამება უზრუნველყოფილი მოთხოვნის საკუთრების უფლების გადაცემის ხარჯების ჯამურ ოდენობასა და გირავნობის საგნის შეთანხმებულ ღირებულებას შორის უმცირესს. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ბანკის შეფასებით გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულება ნაკლები იქნებოდა გირავნობის შეთანხმებულ ღირებულებაზე მაშინ ამ მუხლის შესაბამისად გირავნობის საგნის სარეალიზაციო ფასი განისაზღვრებოდა დამოუკიდებელი ექსპერტის ან ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულებით. ამდენად, მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ აღნიშნულზე;

 

3.1.3. 2016 წლის 22 ივნისს ბანკმა მი-------------ს წერილობით აცნობა, რომ ავტომობილი ბანკის მიერ შეფასებული იქნა 10 000 აშშ დოლარით და თუ 27 ივნისამდე გადაიხდიდა აღნიშნულ თანხას მაშინ ავტომანქანას გირავნობისაგან გაათავისუფლებდა და დაუბრუნებდა მას. აღნიშნული შეფასება მი-------------ს სადავოდ არ გაუხდია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გირავნობის საგანი ბანკის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გაიყიდა 10 500 აშშ დოლარად. რატომ მოახდენდა ბანკი დასაკუთრებული ავტომანქანის 10 500 აშშ დოლარად რეალიზაციას თუ მისი ფასი იმ მომენტისათვის იყო 16 650 აშშ დოლარი;

 

3.1.4. საყურადღებოა სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობის შეფასებისას, კერძოდ, საკითხი ეხება მოძრავი ნივთის შეფასების საკითხს. საქმეში არსებული მასალებით ავტოსატრანსპორტო საშუალება შეფასებული იქნა ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ და მათ მიერ შემოთავაზებული შეფასების შედეგები ერთმანეთის საწინააღმდეგოა. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ უპირატესბოა აქვს ე.წ. სერტიფიცირებული შემფასებლის დასკვნას.

 

3.2. მი-------------- სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.2.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადაო არ იყო ის ფაქტი, რომ სს ,,სა---------–----------“ გირავნობის საგანი 10 000 აშშ დოლარის ღირებულებით მიიღო საკუთრებაში. ამ თანხის მოცულობის ვალი ჩაუთვალა გადახდილად. ბანკმა თანხა გადაანაწილა შემდეგნაირად: - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დაიფარა ძირი თანხა - 6388.73 აშშ დოლარი, სარგებელი - 650.92 აშშ დოლარი, 1359.20 აშშ დოლარით დაიფარა პირგასამტეხლო. სულ დაიფარა 8398.85 აშშ დოლარის ვალი. დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაიფარა ძირი თანხა 1151.72 აშშ დოლარი, სარგებელი 92.39 აშშ დოლარი, ხოლო 357.04 აშშ დოლარით დაიფარა პირგასამტეხლო. მხარეთა შორის სადავოა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტების ოდენობა, მისი დარიცხვისა და დაფარვის საკითხი, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი დარიცხვისა და დაფარვის საკითხი, მათ შესაგებელში მიუთითეს, რომ ხელშეკრულებები გაფორმებულია მსესხებლისთვის კაბალური პირობებით, კერძოდ უკანონოა სესხის პროცენტის ოდენობა წლიური 15 პროცენტი, რეალურად პროცენტი არის გაცილებით მაღალი 35,7% (ე.წ. ეფექტური), ასევე პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,5 %, რომელიც არის აშკარად შეუსაბამოდ მაღალი. მოსარჩელემ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად წაართვა და გადაიფორმა მოპასუხის კუთვნილი დაგირავებული ავტომობილი, შესაბამისად მოსარჩელემ არასწორად მოახდინა სესხებზე გადახდილი თანხების გადანაწილება. ასევე მის მიერ გადახდილი თანხებით დაიფარა პირგასამტეხლო, რაც არასწორია, რადგან გადახდილი თანხები სრულად უნდა მოხმარდეს სესხის ძირი თანხების დაფარვას და არა პირგასამტეხლოებს, რომელიც არის შეუსაბამოდ მაღალი;

 

3.2.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სს ,,სა---------–---------ს“ ინფორმაციის“ და პირადი ანგარიშიდან ამონაწერის საერთო ანალიზით დგინდება, რომ №1375639 სესხზე 2016 წლის 26 მარტის მდგომარეობით გადასახდელი იყო შემდეგი თანხები: - ძირი თანხა - 8950.60 აშშ დოლარი; - პროცენტი - 348.95 აშშ დოლარი; - პირგასამტეხლო - 326,51 აშშ დოლარი; სულ - 9626.06 აშშ დოლარი. №1375641 სესხზე (დაზღვევის) 2016 წლის 26 მარტის მდგომარეობით გადასახდელი იყო შემდეგი თანხები: - ძირი თანხა - 1151,72 აშშ დოლარი; - პროცენტი - 39 აშშ დოლარი; - პირგასამტეხლო - 116,15 აშშ დოლარი; სულ - 1306,87 აშშ დოლარი. რა თქმა უნდა, აპელანტი აღნიშნულს არ ეთანხმება, ვინაიდან მხარეთა შორის სადავოა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტების ოდენობა, მისი დარიცხვისა და დაფარვის საკითხი, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი დარიცხვისა და დაფარვის საკითხი. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა თითოეულ სესხზე ძირი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობა, მოსარჩელის მიერ ცნობის გაცემა (მასში მითითებულია მხოლოდ საბოლოო ციფრები) ვერ შეცვლის სასესხო გაანგარიშებას, აღნიშნული ცნობა თავისი შინაარსით უტოლდება მხარის ახსნა-განმარტებას და მას არანაირი უპირატესი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების, შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი;

 

4.6. დადგენილია, რომ 2013 წლის 8 იანვარს სს ,,სა---------–---------ა“ და მი-------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,სა---------–----------” სარგებელის სახით წლიური 15.0%-ის დარიცხვის პირობით მი-------------ს 60 თვის ვადით ასესხა 17 440 აშშ დოლარი. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. სს ,,სა---------–---------“ და მი------------- ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მასზედ, რომ სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, დავალიანებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა სესხის 0.5%. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,KIA SPORTAGE” სახ. ნომერი DIA-555. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით, 2013 წლის 8 იანვარს სს ,,სა---------–---------ა“ და მი-------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მი-------------ს უნდა გადაეხადა დაზღვევის თანხები. დაზღვევისათვის კრედიტის მაქსიმალური ოდენობაა 1468.95 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 18%-ით. დადგენილია, რომ მი-------------მ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და გრაფიკის მიხედვით თანხა ვერ გადაიხადა;

 

4.7. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა;

 

4.8. სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია;

 

4.9. დადგენილია, რომ სესხი გაიცა პროცენტით. მხარეები შეთანხმდნენ მყარ საპროცენტო განაკვეთზე. ამდენად, პროცენტის განსაზღვრის ნაწილში მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების საფუძვლები;

 

4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას;

 

4.11. დადგენილია, რომ სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულდა. მან დაარღვია სესხის ხელშეკრულებით დადგენილი თანხის გადახდის პირობები და დავალიანება არ გადაიხადა. შესაბამისად, მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რაც პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველია;

 

4.12. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევისთვის მხარეთა მიერ წერილობით იქნა გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.5% ლარის ოდენობით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვდა პირგასამტეხლოს 104.09 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრებას, რაც გონივრულია და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო უკვე გადახდილად ჩათვლილი პირგასამტეხლოს ოდენობა მსესხებელს სასარჩელო წესით სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სარჩელი პირგასამტეხლოს 104.09 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია;

 

4.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში;

 

4.14. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს წარმოეშობა გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება;

 

4.15. სამოქალაქო კოდექსისი 256-ე და 276-ე მუხლები დისპოზიციური შინაარსის ნორმებია. ამ ნორმამ მხარეებს მიანიჭა უფლება თავად განსაზღვრონ გირავნობის საგნის რეალიზაციისას ამონაგები თანხის არასაკმარისად მიჩნევის შემთხვევაში, ჩაითვალოს თუ არა მოთხოვნა დაკმაყოფილებულად. თუ მხარეები ხელშეკრულებით ამ საკითხზე არ შეთანხმდებიან, მაშინ ამოქმედდება ზემოაღნიშნული მუხლები (ს.კ.-ის 256 მ. და 276 მ.) და გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მიიჩნევა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუნდაც თანხა საკმარისი არ იყოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად;

 

4.16. მოცემულ მხარეთა შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულების 8.4 პუნქტით ,,თუ გირავნობის საგნზე გადახდევინების მიქცევით მიღებულისარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული გირავნობის საგანი ან გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავდა უზრუნველყოფილ მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიექცია მოვალის ნებისმიერ ქონებაზე“;

 

4.17. ამდენად, კრედიტორმა ისარგებლა სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებით და შეუთანხმდა მოვალეს, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან/და გირავნობის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლებოდა და კრედიტორს რჩებოდა უფლება დარჩენილი ვალი ამოეღო მოვალის სხვა ქონებიდან. ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლებოდა სრულად დაკმაყოფილებულად, მოთხოვნა ჩაითვლებოდა მხოლოდ იმ ნაწილში დაკმაყოფილებულად, რასაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება დაფარავდა;

 

4.18. უდაოა გარემოებაა, რომ მი-------------მ დამატებით ვადაში სესხი არ დაფარა. აღნიშნულის გამო ბანკმა გირავნობის საგანი გადაიყვანა ავტოსადგომზე და შეაფასა 10 000 აშშ დოლარად. 2016 წლის 22 ივნისის მი-------------ს მიმართვით აცნობა, რომ თუ 2016 წლის 27 ივნისამდე გადაიხდიდა 10 000 აშშ დოლარს, მაშინ ავტომანქანას გაათავისუფლებდა გირავნობისაგან და დაუბრუნებდა მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანას დაისაკუთრებდა ბანკი. მისი ღირებულებით კი შემცირდებოდა დავალიანება. მიმართვა მი-------------ს ჩაბარდა 2016 წლის 22 ივნისს. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ 2016 წლის 12 ოქტომბერს სს ,,სა---------–----------“ გირავნობის საგანი გაყიდა 10 500 აშშ დოლარად. სს ,,სა---------–----------“ გირავნობის საგანი 10 000 აშშ დოლარის ღირებულებით მიიღო საკუთრებაში. ამ თანხის მოცულობის ვალი ჩაუთვალა გადახდილად. ბანკმა თანხა გადაანაწილა შემდეგნაირად: - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დაიფარა ძირი თანხა - 6388.73 აშშ დოლარი, სარგებელი - 650.92 აშშ დოლარი, 1359.20 აშშ დოლარით დაიფარა პირგასამტეხლო. სულ დაიფარა 8398.85 აშშ დოლარის ვალი. დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაიფარა ძირი თანხა 1151.72 აშშ დოლარი, სარგებელი 92.39 აშშ დოლარი, ხოლო 357.04 აშშ დოლარით დაიფარა პირგასამტეხლო;

 

4.19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

 

4.20. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა დარჩენილი ძირი თანხის 2561.87 აშშ დოლარის, სარგებლის 209.64 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს 104.09 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. მსესხებელს/მოვალეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ აღნიშნული თანხები გადახდილი იქნა მის მიერ;

 

4.21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ;

 

4.22. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, ავტომანქანის ღირებულების თაობაზე და სარწმუნოდ მიაჩნია სერტიფიცირებული შემფასებლის მქონე სპეციალისტის შეფასება, რომლის თანახმადაც სადაო ავტო სატრანსპორტო საშუალება ,,KIA SPORTAGE”-ს საბაზრო ღირებულება შეადგენს 16650 აშშ დოლარს. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე, სს ,,სა---------–---------“ მი-------------- სასარგებლოდ დაეკისრა სხვაობის - 6 650 აშშ დოლარის გადახდა საფუძლიანია და სწორად იქნა დაკმაყოფილებული;

 

4.23. პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს დასკვნები სწორია. აპელანტებმა ვერ მიუთითეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსაფუძვლობაზე დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით;

 

4.24. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრები დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოა და ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი კანონიერია და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული;

 

4.25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.26. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - ძირითადი და შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სს ,,სა---------–---------“-ს და მი-------------- სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,სა---------–---------“-ს და მი-------------- სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები: ლაურა მიქავა (თავმჯდომარე)

 

თამარ სვანიძე

 

ინდირა მაშანეიშვილი