განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N330210019002855831
N2ბ/5160-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები (მოპასუხეები) - ე----------------–----–--ე, და---------–---–---–-
წარმომადგენელი - ნანა მურადაშვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ---–------ია
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ლ---–------იას სარჩელი დაკმაყოფილდა; ე----------------–----–--ის და და---------–---–---–-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ვაზისუბნის მე-4 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპუსი #11, ბინა #91, ს/კ #01.17.07.026.002.01.0--; ე----------------–----–--ეს და დავით გაბიცინაშვილს სოლიდარულად დაეკისრათ ლ---–------იას სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, ლ---–------იას სარჩელზე მოპასუხეების ე----------------–----–--ის და და---------–---–---–-ს მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იყო 2019 წლის 16 აპრილს. მოპასუხეებს სხდომის თარიღის და დროის შესახებ ეცნობათ სასამართლო უწყების გზით, რომელიც ჩაბარდა პირადად დავით გაბიცინაშვილს (მათ შორის როგორც მოპასუხე ე----------------–----–--ის მეუღლეს) 2019 წლის 29 მარტს.
2019 წლის 16 აპრილის სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები ე----------------–----–--ე და და---------–---–---–-, რომლებსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსარჩელის წარმომადგენელმა ნინო ამირანაშვილმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო და სარჩელის დაკმაყოფილება.
2019 წლის 16 აპრილს ე----------------–----–--ემ და დავით გაბიცინაშვილმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს სასამართლოს და განმარტეს, რომ ე----------------–----–--ე ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხოლო მისი მეუღლე და---------–---–---–- ე----------------–----–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი იყო სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი, რომელიც გაცემული იყო 2019 წლის 16 აპრილს 07:00 საათზე. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდებოდა, რომ ე----------------–----–--ის მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა ამავე დოკუმენტში არ იყო მითითებული, რომ მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობას. სასამართლომ მიუთითა, რომ პაციენტის სამედიცინო ბარათში მოცემული სიმპტომები (გულისრევა, ღებინება და ა. შ) მხოლოდ პაციენტის განმარტებას მოიცავდა და თავად მედ-პერსონალის მიერ დადგენილი გარემოებებით ეკატერინე მურცხვალიძეს რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ე----------------–----–--ე იყო 29 კვირის ორსული (წარმოდგენილია ფორმა №100) და მის მიერ გაცხადებული ჩივილების მიუხედავად სამედიცინო პერსონალმა არ ჩათვალა საჭიროდ მისი ჰოსპიტალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება (საპატიო მიზეზი, რის გამოც მოპასუხეებს არ შეეძლოთ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება) და მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, იყო საფუძვლიანი და მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლ---–------იას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
2019 წლის 10 მაისს ე----------------–----–--ემ და დავით გაბიცინაშვილმა საჩივრით მიმართეს თბილისის საქალაო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვეს იმავე სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ არსებობდა სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი - ე----------------–----–--ის ავადმყოფობა, რაც დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებით და რის თაობაზეც, სასამართლო წინასწარ იყო ინფორმირებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით ე----------------–----–--ის და და---------–---–---–-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ასევე შეიძლება იყოს საპატიო მიზეზი, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისთვის განსაზღვრულია 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმადაც საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათით, რომელიც გაცემულია 2019 წლის 16 აპრილს 07:00 საათზე, დასტურდებოდა, რომ ე----------------–----–--ის მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა ამავე დოკუმენტში არ იყო მითითებული, რომ მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობას. სასამართლოს განმარტებით, პაციენტის სამედიცინო ბარათში მოცემული სიმპტომები (გულისრევა, ღებინება და ა. შ) მხოლოდ პაციენტის განმარტებას მოიცავდა და თავად მედ-პერსონალის მიერ დადგენილი გარემოებებით ეკატერინე მურცხვალიძეს რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. ამასთან, ე----------------–----–--ე იყო 29 კვირის ორსული (წარმოდგენილია ფორმა №100) და მის მიერ გაცხადებული ჩივილების მიუხედავად, სამედიცინო პერსონალმა არ ჩათვალა საჭიროდ მისი ჰოსპიტალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მიერ იყო წარმოდგენილი იმ სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ 2019 წლის 16 აპრილის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ე----------------–----–--ემ და დავით გაბიცინაშვილმა ვერ შეძლეს საპატიო მიზეზით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტების განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ---–------იას სარჩელი მოპასუხეების ე----------------–----–--ის და და---------–---–---–-ს მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება საფოსტო გზავნილის მეშვეობით აპელანტებს ჩაბარდათ 2019 წლის 30 აპრილს. კანონით დადგენილ ვადაში, მათ საჩივარი წარადგინეს და მოითხოვეს აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
აპელანტები აღნიშნავენ, რომ ე----------------–----–--ე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს იყო რვა თვის ორსული, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების დედანი საქმეში წარმოდგენილია. მან 2019 წლის 15 აპრილს საღამოს საათებში მიირთვა თევზი, რამაც გამოიწვია მისი მოწამვლა. 2019 წლის 16 აპრილს დილით ადრე, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. ე----------------–----–--ეს ჰქონდა დიარეა, რის გამოც შეუძლებელი გახდა მისი გარეთ გამოსვლა. იყო სუსტად, ფეხზე დგომა უჭირდა, ხოლო მისი მეუღლე და---------–---–---–-, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ე----------------–----–--ეს, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მარტოს ვერ დატოვებდა. სასწრაფო დახმარების ექიმმა შესთავაზა მათ პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ თავად ე----------------–----–--ემ უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოება რატომ არ იქნა დაფიქსირებული სამედიცინო ბარათში მათთვის უცნობია. ასევე გაურკვეველია, ის ფაქტი, თუ რატომ მიუთითა ექიმმა ავადმყოფობის მიზეზები მხოლოდ პაციენტების განმარტებაზე დაყრდნობით. ადამიანს, რომელსაც აქვს დიარეა და პირღებინება, ასეთ მდგომარეობაში მყოფი როგორ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ე----------------–----–--ის და და---------–---–---–-ს არგუმენტაცია იმ მოტივით, რომ ორსულ ქალს არცერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გააჩერებდა სახლშიო, მაგრამ თუ პაციენტმა უარი განაცხადა საავადმყოფოში გადაყვანაზე, ასეთ ვითარებაში იძულებით გადაყვანა ვერ მოხდებოდა.
3.2. აპელანტების განმარტებით, მათ დაკარგეს დაცვის უფლება. მათ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები: 2017 წლის 15 თებერვალს დაბადებული - ნიკოლოზ გაბიცინაშვილი და 2019 წლის 09 ივნისს დაბადებული სანდრო გაბიცინაშვილი. დაბადების მოწმობები საქმეში წარმოდგენილია. ლ---–------ია აყენებს აპელანტთა გამოსახლების საკითხს, საქმეში მოპასუხედ რთავს დავით გაბიცინაშვილს და ე----------------–----–--ეს, ხოლო მცირეწლოვნების საქმეში მოპასუხეებად ჩართვას არ ითხოვს. მსგავს დავებში მოპასუხედ უთითებენ ხოლმე მხოლოდ ძველ მესაკუთრეს, მაგრამ თუ საკითხი იმდაგვარად იქნა განხილული, რომ ჩართულია ძველი მესაკუთრე - ე----------------–----–--ე და მასთან ერთად მისი მეუღლე და---------–---–---–-ც, ასეთ ვითარებაში, ოჯახის ყველა წევრი უნდა ყოფილიყო ჩართული. აპელანტები აღნიშნავენ, რომ საქმეში მცირეწლოვნებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები კანონიერი წარმომადგენლების მითითებით და მოწვეული უნდა ყოფილიყო წარმომადგენელი სოციალური სააგენტოდან, როგორც მცირეწლოვნების ოფიციალური სახელმწიფო დამცველი, რომელიც ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე დადებდა შესაბამის დასკვნას.
აპელანტების განმარტებით, მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებს იცავს „ბავშვთა უფლებების კონვენცია“, რომლის თანახმად, არ შეიძლება არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) აღმოჩნდეს ღია ცის ქვეშ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბავშვები მშობლების გარეშე, მარტო ვერ იცხოვრებენ, არც აპელანტები არ უნდა გამოასახლოს სასამართლომ. ე----------------–----–--ეს და დავით გაბიცინაშვილს მიაჩნიათ, რომ ლ---–------იამ შეგნებულად დამალა, სარჩელის აღძვრის ეტაპზე ის ფაქტი, რომ სადავოდ ქცეულ ბინაში ცხოვრობდა და ცხოვრობს არასრულწლოვანი - ნიკოლოზ გაბიცინაშვილი. როგორც შესაგებლიდან, ისე საჩივრის განხილვის დროს, სასამართლოსათვის ცნობილი გახდა მცირეწლოვნების არსებობის შესახებ, მაგრამ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული და არ იქნა გაუქმებული არც მითითებული გარემოების და არც ე----------------–----–--ის ავადმყოფობის გამო. აპელანტების განმარტებით, მათი მხრიდან მოწინააღმდეგე მხარისათვის შეთავაზებული იქნა თანხა საცხოვრებელი ბინის სანაცვლოდ, მაგრამ ლ---–------ია კოლოსალურ თანხას აფასებს. აპელანტებს სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ, ხოლო აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილია.
4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების და საქმის განახლების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ე----------------–----–--ის და და---------–---–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახლველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული სასამართლო აქტები იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მათი გაუქმების საფუძველია.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კერძოდ: 1. საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა მოპასუხე; 2. მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა სასამართლოს სხდომის დანიშვნის თაობაზე; 3. მოპასუხე არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე და არ აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ; 4. მოპასუხის გამოუცხადებლობა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობა გამოწვეული არ იყო საპატიო მიზეზით; 5. მოსარჩელემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ---–------იას სარჩელთან დაკავშირებით მთავარი სხდომა დანიშნული იყო 2019 წლის 16 აპრილს 13:00 საათზე. ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ლ---–------იას სარჩელი მოპასუხეების ე----------------–----–--ის და და---------–---–---–-ს მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით, ე----------------–----–--ის და და---------–---–---–-ს საჩივარი ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების დასაბუთებისას მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, ასევე, ის ფაქტი, რომ სასამართლო სხომაზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე–3 ნაწილი).
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, აპელანტი მხარე არ აპელირებს საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული რომელიმე საფუძვლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე. აპელანტები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი ე----------------–----–--ის ავადმყოფობით.
4.3. იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს მის ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით.
საკასაციო სასამართლომ 16.03.2018 წლის განჩინებით, საქმეზე №ას-37-37-2018, განმარტა, რომ კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას (სუსგ 25.11.2017წ. საქმე №ას-1078-998-2017).
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ NIV-100/ა ცნობაზე და სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ პაციენტის სამედიცინო ბარათზე (ს.ფ. 49-50), რომელთა თანახმად დგინდება, რომ 2019 წლის 16 აპრილს დილის 7 საათზე, ე----------------–----–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მოკლე ანამნეზის მიხედვით, პაციენტი უჩიოდა გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს, აფორიაქებას უკავშირებდა საკვების მიღებას. პაციენტის გადმოცემით, აღნიშნული ჩივილები დაეწყო საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. წარმოდგენილი ცნობების თანახმად, პაციენტი იყო 29 კვირის ორსული და ასევე, უჩიოდა შეშუპებას ქვედა კიდურებში.
პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეების - ე----------------–----–--ის და და---------–---–---–-ს მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობები აკმაყოფილებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მოთხოვნებს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ე----------------–----–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოპასუხეებს 2019 წლის 16 აპრილს ობიექტურად არ შეეძლოთ საქმის განხილვაზე გამოცხადება, კერძოდ, პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცნობით დგინდება ის გარემოება, რომ ე----------------–----–--ე გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში და მისი ორსულობისა და ავადმყოფობის გამო 2019 წლის 16 აპრილს 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, ვერ შეძლებდა გამოცხადებას.
დადგენილია, რომ კონკრეტულად სასამართლო სხდომის დღეს, დილის საათებში გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საქმეში წარმოდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათი ასახავს სწორედ სადავო მომენტისათვის ე----------------–----–--ის ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სამედიცინო პერსონალმა არ ჩათვალა საჭიროდ ე----------------–----–--ის ჰოსპიტალიზაცია სახეზე არ იყო სსსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, რომ პაციენტმა თავად განაცხადა უარი ჰოსპიტალიზაციაზე და აღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენს უპირობოდ იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ე----------------–----–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და ის შეძლებდა 2019 წლის 16 აპრილს 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებასა და საქმის განხილვაში მონაწილეობას.
ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია ნიკოლოზ გაბიცინაშვილის დაბადების მოწმობა, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ ე----------------–----–--ეს და დავით გაბიცინაშვილს ჰყავთ არასრუწლოვანი შვილი და პალატა იზიარებს და---------–---–---–-ს პოზიციას იმის თაობაზე, რომ მეუღლეს - ეკატერინე გაბიცინაშვილს, რომელიც იყო სუსტად და ფეხზე დგომა არ შეეძლო, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მარტოს ვერ დატოვებდა.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით საჩივრის ავტორებმა დაადასტურეს ის გარემოება, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი ე----------------–----–--ის ავადმყოფობით, რაც დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
4.4. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის წინასწარ იყო ცნობილი მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე და გამოუცხადებლობის მიზეზი, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი განცხადებით, რომელიც თარიღდება 2019 წლის 16 აპრილით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი #2947593; 10:26 სთ; ს.ფ. 47-50) დასტურდება, რომ სასამართლო სხდომის დაწყებამდე, კერძოდ, 10:26 საათზე, სასამართლო ინფორმირებული იყო ე----------------–----–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, და ამ საფუძვლით, სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე შუამდგომლობის არსებობის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება.
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განეახლებინა საქმის განხილვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნულის განუხორციელება წარმოადგენს გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმებისა და საქმის განახლების საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ე----------------–----–--ის და და---------–---–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახლველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს (სსსკ-ის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად).
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე----------------–----–--ის და და---------–---–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახლველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე