განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.09.2019
საქმის ნომერი
330210018002430211
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
17.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2ბ/469-19 17 სექტემბერი, 2019 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

 

მოსამართლეები: გელა ქირია

ვლადიმერ კაკაბაძე

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი - ი----- ი-------;

წარმომადგენელი - გ--------–-------–---–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ-------------------–--------------“;

წარმომადგენელი - მ-----–--–---------–---–-;

 

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის დაკისრების ნაწილში);

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ი----- ი------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრი-- არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შპს „დ-------------–----- გ------ისათვის“ ი----- ი------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 22 700 (ოცდაორი ათას შვიდასი) ლარის ანაზღაურების შესახებ.

 

მოპასუხე შპს „დ-------------–----- გ------ს“ დაევალა მოახდინოს მის მფლობელობაში არსებულ ფართში მდებარე ქ. თბილისი, ნ----–---–-ს ქ. N8-ში ტექნოაკუსტიკური და ორთქლის ბარიერების, ლითონის პროფილის, თაბაშირ-მუყაოს პროფილის გამოყენებით და მონტაჟით, სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რის შედეგადაც დაცული იქნება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება მოპასუხის მიერ გამოწვეული ხმაურისაგან.

 

აეკრძალა მოპასუხეს ღამის კლუბ „D-------“-ში ღამის 23 საათიდან დილის 08 საათამდე დასაშვებ დონეზე არაუმეტეს 30 დბ-ისა, ხმამაღალი მუსიკის გამოყენება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ი-- ჯ-----–---–-, N47, შენობა N2 (ლიტ „დ“) საერთო ფართით 322.53 კვ.მ. (მათ შორის I სართ .159.57 კვ.მ, II სართ. 162.96 კვ.მ.), საკადასტრო კოდით N0--------------- - რეგისტრირებულია ი----- ი------ის საკუთრებად.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 18-19)

 

2.3. ი----- ი------ის მეზობლად მდებარე ღამის კლუბი „D--- B--“, მისამართზე: თბილისი, ნ----–---–-ს ქ. N8 ფუნქციონირებს შპს „დ-------------–----- გ------ის“ მიერ, რომელსაც გააჩნია საერთო გამყოფი კედელი ი----- ი------ის საცხოვრებელ ბინასთან.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რეაგირების ოქმები, მხარეთა ახსნა-განმარტება - სარჩელი, შესაგებელი, 2018 წლის 21 ნოემბრის

სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 20-22, 23-32, 96-111, 118-127, 133-154)

 

2.4. საპატრულო პოლიციის მიერ 2017 წლის 01 დეკემბერს, 2018 წლის 28 იანვარს, 2018 წლის 17 თებერვალს და 2018 წლის 31 მარტს შედგენილი რეაგირების ოქმებით დადგენილია, რომ ოთხივე შემთხვევაში, ქ. თბილისში, ნ----–---–-ს ქ. N8-ში მდებარე ბარიდან მომდინარე ხმაურის დონე აღემატებოდა დასაშვებ ნორმებს, რაც შემოწმებულ იქნა საპატრულო პოლიციის მიერ ხმაურის საზომი აპარატით. კერძოდ, ი----- ი------ის საცხოვრებელ ბინაში შემოსული ხმაურის დონე 2017 წლის 01 დეკემბერს შედგენილი რეაგირების ოქმის თანახმად შეადგენდა 44.5 დეციბალს, 2018 წლის 28 იანვარს შედგენილი რეაგირების ოქმის თანახმად - 63.2 დეციბალს, 2018 წლის 17 თებერვლის რეაგირების ოქმის თანახმად - 45.6 დეციბალს, ხოლო 2018 წლის 31 მარტის რეაგირების ოქმის თანახმად კი - 41 დეციბალს.

 

(მტკიცებულება: რეაგირების ოქმები, ს.ფ. 23-28, 30-31)

 

2.5. საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრების მიხედვით, შპს „დ-------------–----- გ------ი“ (ს/ნ 404513077) და მისი მენეჯერი - N----- I----- დაჯარიმებულ იქნა 1000-1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გამოიხატა ღამის ბარიდან მომდინარე ხმაურის დასაშვები დონის გადაჭარბებაში.

 

(მტკიცებულება: საჯარიმო ქვითრები, ს.ფ. 29, 32)

 

2.6. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვექტორის“ მიერ 2018 წლის 06 აგვისტოს გაცემული საექსპერტო დასკვნის თანახმად, იმისათვის, რომ ი----- ი------ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში, მდებარე: თბილისი, ი-- ჯ-----–---–-ს ქ. N47, შპს „დ-------------–----- გ------ის“ კუთვნილი ბარიდან შემოსული ხმაურის დონემ არ გადააჭარბოს საქართველოში დასაშვებ ნორმას, საჭიროა ბარში ჩატარდეს სპეციალური მასალების გამოყენებით სარეკონსტრუქციო სამუშაოები თანდართული დანართის შესაბამისად. კერძოდ, სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ტექნოაკუსტიკური და ორთქლის ბარიერების, ლითონის პროფილის, თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით, რაც დაახშობს ბარიდან მომდინარე ხმაურის დონეს.

 

(მტკიცებულება: ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 73-80)

 

2.7. შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს“ მიერ 2018 წლის 27 აპრილს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, ი----- ი------ის მოკლე ანამნეზის მიხედვით პაციენტს აღენიშნება ცუდი ძილი, შფოთვა, გუნება განწყობის დაქვეითება ხმაურის გამო და უჩივის ტკივილს ხერხემლის გასწვრი-- პაციენტს ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია, დაენიშნა პრეპარატები და ფსიქო-ნევროლოგის კონსულტაცია, მაგრამ ექიმისთვის კონსულტაციის მისაღებად არ მიუმართავს.

 

(მტკიცებულება: ცნობა, ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ს.ფ. 33, 117)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობა არ უნდა იყოს ამ ადგილებში მყოფი პირების ჯანმრთელობისათვის საზიანო და არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.

 

„გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N297/ნ ბრძანების ცხრილი 3-ის შესაბამისად (ბგერის წნევის დასაშვები დონეები, ბგერის დონეები, შეღმწევი ხმაურის ბგერის ეკვივალენტური და მაქსიმალური დონეები საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და ხმაურის დასაშვები დონეები საცხოვრებელ განაშენიანების ტერიტორიაზე), ბინების საცხოვრებელ ოთახებში, დასასვენებელ სახლებში, პანსიონატების, მოხუცთა და ინვალიდთა სახლ-ინტერნატების საცხოვრებელ სათავსებში, საძინებლებში, სათავსებში ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლა ინტერნატებში ხმაურის დასაშვები დონე 07:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე შეადგენს 40 დბ-ს, ხოლო 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე

30 დბ-ს.

 

„საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს N398 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის თანახმად, „Lღამე“ წარმოადგენს ღამის ხმაურის მაჩვენებელს 23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე. ამავე რეგლამენტის N1 დანართის თანახმად, საცხოვრებელი და საძილე სათავსებში დასაშვები ნორმები „Lღამით“ (დბA) შეადგენს 30 დბ-ს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმებისა და საჯარიმო ქვითრებით მოპასუხე შპს „დ-------------–----- გ------ის“ სარგებლობაში არსებული ღამის ბარიდან ი----- ი------ის საცხოვრებელ სახლში შემავალი ხმაურის დონე აღემატებოდა ზემოაღნიშნული

 

ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ზღვრულ დონეებს, რის გათვალისწინებითაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის დავალდებულებას სათანადო სარეკონსტრუქციო საშუალებებით მოაწყოს მის სარგებლობაში არსებული ფართი, ასევე აეკრძალოს ღამის საათებში ხმამაღალი მუსიკის გამოყენება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებული არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებული სამეზობლო ურთიერთპატივისცემის ვალდებულება გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვის საკუთრებასა და სხვა სამოქალაქო უფლებებს. აღნიშნული ნორმა ავალდებულებს მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს თავისი უფლებები გამოიყენოს ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენოს სხვათა უფლებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლით კი დაშვებულია მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობა, თუმცა აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ კანონით დასაშვებ ფარგლებში, ვინაიდან ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც გულისხმობს მეზობელთა ურთიერთპატივისცემის მოვალეობას.

 

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ ი----- ი------ის საკუთრებაში არსებული ქონების მომიჯნავედ არსებულ შენობაში, შპს „დ-------------–----- გ------ის“ მიერ მოწყობილია ღამის ბარი, რომლის ფუნქციონირების შედეგად მისგან მომდინარე ზემოქმედება - ხმაური, არსებითია და არ გამომდინარეობს უძრავი ნივთით ჩვეულებრივი სარგებლობიდან. აღნიშნულით კი დაუშვებლად ილახება მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის უფლება. საქმეში წარმოდგენილი საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმებითა და საჯარიმო ქვითრებით დადასტურებულია, რომ მოპასუხის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთიდან მომდინარე ხმაურის დონე არაერთხელ აღემატებოდა დასაშვებ ზღვრულ დონეს. აღნიშნულის გათვალისწინებით,სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოთხოვნა მოპასუხის მფლობელობაში არსებული ფართში იმგვარი სარემონტო სამუშაოების ჩატარების დავალების შესახებ, რომლითაც დაცული იქნება მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის უფლება მოპასუხის მოქმედებით გამოწვეული ხმაურისაგან.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა წარმოადგენს საკუთრების საწინააღმდეგოდ მესაკუთრის საკუთრების უფლებაში ჩარევას. იმავდროულად ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ხელშემშლელს არ უნდა გააჩნდეს ამის უფლებამოსილება რაიმე საფუძვლით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე, მომთხოვნი მხარის მიერ უნდა დადასტურდეს მისი ინტერესი და მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელყოფს და აზიანებს მესაკუთრის საკუთრების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ადგილი აქვს მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის ხელყოფას, რაც გამოიხატება ღამის საათებში, მოპასუხის მიერ მოწყობილი ღამის ბარიდან ხმამახალი მუსიკის გამოყენებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია მოთხოვნა მოპასუხისათვის ღამის საათებში ნორმატიული აქტებით დადგენილ დასაშვებ დონეზე ხმამაღალი მუსიკის გამოყენების აკრძალვის დაწესების შესახებ.

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანი გულისხმობს ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ, სულიერ ტანჯვაში. მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნისას, მსგავსად მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა, მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეზეა, რომელიც უთითებს, რომ მოპასუხის მოქმედებით მას ადგება ზიანი. სწორედ მომჩივანმა მხარემ უნდა დაადასტუროს მოვალის მოქმედებით მისთვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტის არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად მას მიადგა მორალური ზიანი. აღნიშნული კი გამოიხატა მისი ჯანმრთელობის დაზიანებაში, ვინაიდან მოპასუხის სარგებლობაში არსებული ფართიდან მომდინარე ხმაურის შედეგად აღენიშნება შფოთვა, ცუდი ძილი, გუნება-განწყობის დაქვეითება და საჭიროებს მკურნალობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ დადასტურდა მოპასუხის მოქმედებით გამოწვეული მისი ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვეული არის უშუალოდ მოპასუხის მოქმედებით. მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც გამორიცხავს მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ არ დადასტურებულა მისი ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტი მოვალის მოქმედებით, რის შედეგადაც იგი განიცდის სულიერ ტანჯვას, ფსიქიკურ სტრესს, რომლის დამტკიცების ვალდებულებაც მას ეკისრება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ი----- ი------ის მოთხოვნა მორალური ზიანის სახით 22 700 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებლად უნდა იქნეს ცნობილი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, ამცირებს სასარჩელო მოთხოვნას და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოითხოვს მოპასუხისათვის 5 000 ლარის დაკისრებას (იხ. სააპელაციო საჩივარი ტ. 1, ს.ფ. 178)

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლის მოთხოვნები, არასრულყოფილად შეაფასა არსებითი სახის სხვა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

 

3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, რომლის თანახმად „1. არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. 2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც." სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.“ მოსარჩელის განმარტებით, იგი განიცდის ფსიქოლოგიურ და სულიერ ტანჯვას, რადგანც ხმაური გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში, რის გამოც მოსარჩელეს ნორმალურად არც კი უძინია უკვე რამდენიმე თვეა, რის გამოც შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და საჭიროებს მკურნალობას

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს დავის საგნის ფარგლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შპს „დ-------------–----- გ------ისათვის“ ი----- ი------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 22 700 (ოცდაორი ათას შვიდასი) ლარის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, შესულია კანონიერ ძალაში (იხ. საქმის მასალები).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე შპს „დ-------------–----- გ------ისათვის“ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოითხოვს - 5 000 ლარის დაკისრებას (იხ. ტ.1, ს.ფ. 178);

 

4.2. დადგენილ გარემოებას წარმოადეგენს ის ფაქტი, რომ მოპასუხე შპს „დ-------------–----- გ------ის“ სარგებლობაში არსებული ღამის ბარიდან ი----- ი------ის საცხოვრებელ სახლში შემავალი ხმაურის დონე აღემატებოდა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ზღვრულ დონეებს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ღამის საათებში ხმამაღალი მუსიკის გამოყენების აკრძალვა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის ქონებიდან მომდინარე ხმაურის დონე ხშირად აჭარბებდა დასაშვებ ნორმას, მას უწევდა საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება, რაც პერმანენტულ ხასიათს ატარებდა. ამ ყველაფრის გამო კი იგი განიცდიდა ფსიქოლოგიურ და სულიერ ტანჯვას, რადანაც ხმაური გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში. აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, რამდენიმე თვე არ უძინია, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და საჭიროებს მკურნალობას.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ამ ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. სამართლის მიერ დაცული ერთ-ერთი სიკეთე, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა, კერძოდ, განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის.

 

განსახილველი ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს ადამიანის სხეულს ან ადამიანის ორგანიზმის შინაგან პროცესებს.

 

პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი – დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე – ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე – თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი.

 

ზემოაღნიშნული მოსაზრების სრულყოფის მიზნით პალატა მიუთითებს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, „ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა), აგრეთვე სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. მორალური ზიანი სახეზეა, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ აღნიშნულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა. სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში (იხ., სუსგ №ას-660-660-2018, 20 ივლისი, 2018 წელი, პ-62, 64, 65).

 

პალატის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება სადავო გარემოება იმის შესახებ, რომ ზიანი, რომელზედაც მიუთითებს მოსარჩელე გამოწვეულია სწორედ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, რომლითაც ხელყოფილ იქნა მოსარჩელის ჯანმრთელობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად აუცილებელია ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობა:

1.უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება;

2. სახეზე უნდა იყოს ზიანი;

3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის;

4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა, გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ქმედების შედეგად მოპასუხეს მოადგა ზიან, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოა და იგი მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

4.4. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი----- ი------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლევან გვარამია

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

ვლადიმერ კაკაბაძე