განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001153742
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7427-17 16 ივლისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნათია გუჯაბიძე,მოსამართლეები – გოდერძი გიორგიშვილი, ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
I აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - ნაირა გუმბერიძე
წარმომადგენელი - შალვა ქურდაძე, ნათელა ჩერქეზია
II აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - ალექსანდრე აბზიანიძე
წარმომადგენელი - ირაკლი დარსალია
მოწინააღმდეგე მხარეები - მიხეილ ხუციშვილი, რომან აბულაძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქირის გადახდევინება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაირა გუმბერიძის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხე ამხანაგობა „გოგებაშვილი 34“-ის წევრებისთვის მოსარჩელე ალექსანდრე აბზიანიძის სასარგებლოდ ქირის დავალიანების - 32 190 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ალექსანდრე აბზიანიძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს ამხანაგობა „გოგებაშვილის 34“-ის წევრებს - მიხეილ ხუციშვილს, ნაირა გუმბერიძესა და რომან აბულაძეს -მოსარჩელე ალექსანდრე აბზიანიძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13 320 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა;
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, მე-400, 930-ე, 935-ე, 937-ე, 319-ე, 463-ე, 464-ე, 144-ე მუხლების საფუძველზე.
4.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნაირა გუმბერიძემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნაირა გუმბერიძის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4.2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მოსარჩელე ალექსანდრე აბზიანიძემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებ მოითხოვა.
ნაირა გუმბერიძის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია ნაირა გუმბერიძის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი 2008 წლის 08 ივლისიდან ამხანაგობიდან გასულია და ამხანაგობის წევრი არ არის. შესაბამისად, იგი განსახილველ საქმეში არასათანადო მოპასუხეა. აღნიშნულ გარემოებაზე ნაირა გუმბერიძემ მიუთითა თავის შესაგებელში, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოადგინა სანოტარო წესით დადასტურებული განცხადება ამხანაგობიდან გასვლის თაობაზე და მოითხოვა აღნიშნული მტკიცებულების საქმეზე დართვა, თუმცა სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მითითებულ შუამდგომლობაზე.
5.2. სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელე თავადვე აღიარებს, რომ ბინის ქირა 2008 წლიდან აღარ მიუღია.
ალექსანდრე აბზიანიძის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
5.3. აპელანტი ალექსანდრე აბზიანიძე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ სადავო მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობებისათვის გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ბინის ქირა გადაიხადოს იქამდე, ვიდრე აპელანტს არ გადაეცემა ბინა შეთანხმებულ მდგომარეობაში, მოსარჩელეს ქირის თანხის მოთხოვნა ბინის გადაცემამდე ნებისმიერ დროს შეუძლია. ამდენად, მისი მითხოვნა უნდა დაკმყოფილებულოყო ქირის დაკისრების თაობაზე სრული მოცულობით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ფაქტობრივი დასაბუთება
8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. 2005 წლის 23 მაისს დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გოგებაშვილის 34“. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები გახდნენ: მაია ბოდოკია (მესაკუთრე), ნარგიზი მიქაბერიძე (მესაკუთრე), ვლადიმერ ბოკერია (მესაკუთრე), ოთარ მათიაშვილი (მესაკუთრე), აკაკი აღნიაშვილი (მესაკუთრე), ნათელა აღნიაშვილი (მესაკუთრე), თამარ თეიმურაზოვა (მესაკუთრე), იულია ოსიპოვა (მესაკუთრე), სუსანა ოსიპოვა (მესაკუთრე), მაყვალა ბაკუსი (წევრი), ანტონ კირაკოზაშვილი (წევრი), რობერტ სუქიასოვი (წევრი), მიხეილ ხუციშვილი (წევრი), ნაირა გუმბერიძე (წევრი), რომან აბულაძე (წევრი).
8.2. ამხანაგობის დაფუძნების აქტში 2005 წლის 5 ოქტომბერს შეტანილი იქნა ცვლილებები და დამატებები, რომლის თანახმად, ცვლილება შევიდა ამხანაგობის წევრთა სიაში და მას სხვა წევრებთან ერთად დაემატა მოსარჩელე ალექსანდრე აბზიანიძე. ამხანაგობაში მოსარჩელის შენატანი განისაზღვრა კუთვნილი მიწის ნაკვეთით, შესაბამისად, მშენებლობის დასრულების შემდგომ მას უნდა მიეღო 100 კვ.მ. ფართობის ბინა და 54 კვ.მ. ფართობის ავტოსადგომი. მოგვიანებით, 2009 წლის 25 ნოემბერს ამხანაგობა „გოგებაშვილის 34“-ის თავმჯდომარესა და ალექსანდრე აბზიანიძეს შორის დადებული შეთანხმებით, ალექსანდრე აბზიანიძისათვის, მის მიერ ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის სანაცვლოდ ამხანაგობას უნდა გადაეცა ასაშენებელ მრავალსართულიან სახლში საკუთრებაში წილის უფლება, 126 კვ.მ. საცხოვრებელ ბინა და 30 კვ.მ. ავტოსადგომი.
8.3. 2006 წლის 15 იანვარს ამხანაგობა „გოგებაშვილის 34“-ის თავმჯდომარეს - მიხეილ ხუციშვილსა და მოსარჩელე ალექსანდრე აბზიანიძეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობამ აიღო პასუხისმგებლობა, გადაუხადოს მოსარჩელეს ბინის ქირა ბინების განაწილებამდე. ქირის თანხის გადახდა ხდებოდა 2008 წლის 12 მაისის ჩათვლით, ხოლო ქირის ოდენობა შეადგენდა თვეში 370 აშშ დოლარს.
8.4. ამხანაგობაში მიხეილ ხუციშვილი, ნაირა გუმბერიძე და რომან აბულაძე წარმოადგენდნენ დამფუძნებელ წევრებს, რომელთა შენატანი წარმოადგენდა შემდეგი ვალდებულებების შესრულებას: სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება, მშენებლობისთვის საჭირო ყველა ნებართვის მიღება შესაბამისი უწყებებიდან; მშენებლობის დაფინანსება ხარჯთაღრიცხვის მიხედვით იმ მიმართებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში - 12 თვის განმავლობაში მოხდეს ამხანაგობის მიერ გათვალისწინებული სახლის მშენებლობის სრულად დამთავრება, გალესვა, დახურვა, შემინვა, გარე კომუნიკაციები; ინვესტიციების მოზიდვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად; მშენებლობის ორგანიზება და წარმართვა დამტკიცებული პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში, შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხი; ამხანაგობის საფინანსო საქმის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და პასუხისმგებლობა.
ამავე აქტის თანახმად, ფართების ამხანაგობის მესაკუთრე წევრებს შორის განაწილების შემდეგი, აღნიშნული სამი წევრი მიიღებდა: ნაირა გუმბერიძე - დარჩენილი ფართის 40%- ს, მიხეილ ხუციშვილი - დარჩენილი ფართის - 30%-ს და რომან აბულაძე - დარჩენილი ფართის 30%-ს.
8.5. ამხანაგობა „გოგებაშვილის 34“-მა მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ გადასცა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში საცხოვრებელი ფართი.
9. 2015 წლის 13 ნოემბერს ალექსანდრე აბზიანიძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და ამხანაგობა „გოგებაშვილი 34“-ისათვის ქირის დავალიანების დაკისრება მოითხოვა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამხანაგობა „გოგებაშვილის 34“-ის წევრებს - მიხეილ ხუციშვილს, ნაირა გუმბერიძესა და რომან აბულაძეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრათ სარჩელის აღძვრამდე სამი წლის პერიოდში გადასახდელი ბინის ქირა (18 870 აშშ დოლარის ოდენობით), რასაც არ ეთანხმება აპელანტი ნაირა გუმბერიძე და მიაჩნია, რომ იგი მოცემულ საქმეში არასათანადო მოპასუხეა.
10. საქმის მასალების შესწავლისა და ანალიზის, ასევე, მიღებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საპროცესო-სამართლებრივ წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:
10.1. პალატა ყურადღებას მიაქცევს სარჩელზე წარდგენილი შესაგებელის მე-5 ფაქტობრივი გარემოების შინაარსს, სადაც მოპასუხის წარმომადგენელი ნაირა გუმბერიძის, როგორც მოპასუხის, არასათანადოობაზე მიუთითებს.
10.2. სააპელაციო პალატას პირველი ინსტანციის 2017 წლის 27 ოქტომბრის სხდომის ოქმის გამოკვლევის საფუძველზე (11:09:40) დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნაირა გუმბერიძე 2----–-–--------–------- გასულია ამხანაგობიდან. ამავე სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა, იშუამდგომლა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების - ამხანაგობიდან გასვლის შესახებ სანოტარო წესით დადასტურებული განცხადების საქმეზე დართვა (11:10:59). პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს განჩინება, რომლითაც სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობის შესახებ იმსჯელა. შესაბამისად, სააპელაციო პალატისათვის უცნობია, რა სამართლებრივი საფუძველი უდევს საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი მტკიცებულების (ნაირა გუმბერიძის ამხანაგობიდან გასვლის შესახებ განცხადების) საქმეზე დაურთველობას, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას შეუძლებელს ხდის.
10.3. ნაირა გუმბერიძის ამხანაგობიდან გასვლის შესახებ განცხადების მტკიცებულებითი ღირებულების და მისი საქმეზე მტკიცებულების სახით დაშვება/არ დაშვების სამართლებრივი შედეგების გაანალიზების მიზნებისათვის, პალატა მიუთითებს შემდეგს:
10.4. სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთ-ერთი მონაწილის გასვლას ერთობლივი საქმიანობის შეუწყვეტლად. ასეთ შემთხვევაში გამსვლელი მონაწილის წილი ნაწილდება სხვა მონაწილეებს შორის. გამსვლელ მონაწილეს წილის კომპენსაცია მიეცემა ფულადი სახით. ამასთან, მხედველობაში მიიღება გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები. თუ გასვლის მომენტისათვის საერთო ქონება ვეღარ ფარავს საერთო ვალებს, გამსვლელი ვალდებულია დანარჩენ მონაწილეებს გადაუხადოს თავისი წილის შესაბამისი თანხა. გამსვლელის ვალდებულება გასვლის მომენტში არსებული კრედიტორების წინაშე უცვლელია.
10.5. პალატა განმარტავს, რომ ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის, რომელიც მიმართულია საზოგადოებიდან ამხანაგობის წევრის გასვლაზე, კანონმდებელი, ჩვეულებრივ, რაიმე ფორმის დაცვას არ მოითხოვს. შესაბამისად, იგი შესაძლებელია, ჩვეულებრივ, როგორც ზეპირად, ასევე წერილობითი ფორმით განხორციელდეს. (თუმცა შესაძლებელია, ამხანაგობის ხელშეკრულება შეიცავდეს მოთხოვნებს ამხანაგობის ფორმასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია ამგვარი ფორმის მოთხოვნათა დაცვა.) მთავარია, რომ ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდეს ამხანაგობის წევრის ნება ამხანაგობიდან გასვლის შესახებ. ამასთან, ამხანაგობის წევრის ამხანაგობიდან გასვლა არ განაპირობებს ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებას. ამხანაგობიდან გასული ამხანაგობის წევრი ისევეა პასუხისმგებელი ამხანაგობის გასვლის მომენტში არსებული ამხანაგობის ვალდებულებებისათვის, როგორც ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობაში წევრად დარჩენილი წევრები. თუმცა სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, ამხანაგობიდან გასული წევრის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ამხანაგობიდან გასვლის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებზე.
10.6. მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა (ბინის ქირის გადახდევინების შესახებ) ემყარება მხარეთა შორის 2006 წლის 15 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებას. ამასთან, მოსარჩელის მიერ დადასტურებულია ვალდებულების შესრულება 2008 წლის 12 მაისამდე პერიოდისათვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სარჩელით სადავოა 2008 წლის 12 მაისის შემდგომი პერიოდი. პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ ნაირა გუმბერიძე ამხანაგობიდან 2008 წლის 08 ივლისიდან გავიდა, ეს შედეგობრივად განაპირობებს იმას, რომ ამ უკანასკნელის მიმართ მოთხოვნა შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ 2----–-–---------–------ე მდგომარეობით არსებული ვალდებულებების მიმართ, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის თანახმად, ვალდებულებები, რომელიც გამსვლელს გასვლის მომენტისათვის გააჩნია კრედიტორების წინაშე, უცვლელი რჩება.
10.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაირა გუმბერიძის ამხანაგობიდან გასვლის შესახებ მტკიცებულება, რომლის დასაშვებად ცნობის თაობაზეც სასამართლოს მსჯელობა (მტკიცებულების მთავარ სხდომაზე წარმოდგენის სააპატიოობა/არსაპატიოობის საკითხი) საქმეში არ მოიპოვება, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთი მსჯელობის არარსებობა, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას გამორიცხავს, რაც პალატის მოსაზრებით, წარმოადგენს საპროცესო სამართლის ნორმების იმგვარ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება გამოსულიყო (მტკიცებულების დაშვების ან/და ნაირა გუმბერიძის ამხანაგობიდან გასვლის შესახებ ფაქტის დადგენილად მიჩნევის შემთხვევაში, ნაირა გუმბერიძის ვალდებულება განისაზღვრებოდა მხოლოდ 2008 წლის 12 მაისიდან 2----–-–---------–------ე პერიოდისათვის).
10.8. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავდროულად იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად: „..მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე # ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).
10.9. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე. აღნიშნულით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულია არასრული (შეზღუდული) აპელაციის სახე, რა დროსაც სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. საქმის წარმოების ამ ეტაპზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენას კანონი მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას უშვებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი), შესაბამისად, კანონის ეს დანაწესი განაპირობებს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, რაც არ მოიცავს გადაწყვეტილი დავის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას.
10.10. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პასუხი უნდა გაეცეს მოპასუხე მხარის შუამდგომლობას საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების (ნაირა გუმბერიძის ამხანაგობიდან გასვლის შესახებ განცხადების) დართვის შესახებ, რომლის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მოსამართლის წინაშე გასარკვევი საკითხი იქნება რა სამართალურთიერთობაში არის მოპასუხე მოსარჩელესთან, რამაც შესაძლოა არსებითად შეცვალოს საქმის სამართლებრივი შედეგი. აღნიშნული გარემოება კი მიზანშეწონილს ხდის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად დაბრუნებას, რათა გათვალისწინებული იქნას მხარეთა მატერიალურ სამართლებრივი პოზიცია, რადგან მხარეებს არ შეეზღუდოთ შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა. ამ კონტექსტში მნიშვენლოვანია ის გარემოება, რომ ამხანაგობიდან გასვლის ფაქტისა და მისი შესაბამისი მტკიცებულების თაობაზე მოპასუხე მხარეს შესაგებელში იმთავითვე გაცხადებული ჰქონდა.
10.11. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული საპროცესო-სამართლებრივი კატეგორიების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში არამართებულია, ვინაიდან ამ გზით სამართალწარმოების მხარეებს ერთი ინსტანციით საქმის განხილვის შესაძლებლობა ეზღუდებათ, მხარეთა უფლებების ჯეროვანი დაცვის მიზნით აუცილებელია საქმის სამი ინსტანციით განხილვის უფლების უზრუნველყოფა.
11. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ საქმე უნდა დაბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად, რათა გამოკვლეულ იქნას მოპასუხე ნაირა გუმბერიძის ზემოაღნიშნული შუამდგომლობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამ შედეგის გათვალისწინებით, კი გამოირიცხება ა-–------------- სააპელაციო საჩივარზე მსჯელობის სამართლებრივი შესაძლებლობა.
12. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაგებლის მე-5 ფაქტობრივი გარემოების მიმართ (ნაირა გუმბერიძის ამხანაგობიდან გასვლასთან დაკავშირებით) საპირისპირო შედავება არ განუხორციელებია, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ასევე უნდა შეფასდეს დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
13. სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საპროცესო ხარჯები
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნაირა გუმბერიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ალექსანდრე აბზიანიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები: ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი