განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100119003023213
საქმე №1/ბ-623-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-------- შ-----ს ძე ხ-------ის მიმართ დაბადებული: 198- წლის 21 ო----------ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: სამტრედიის რაიონი სოფელი დიდი ჯ----ში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
რ-------- ხ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 04 იანვარს, სამტრედია, სოფელი დიდი ჯ----ში მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში რ-------- ხ-------ემ, გენდერული მოტივით გაბრაზებულმა იმით, რომ მეუღლე ხ------- ა---------ე არ მოქმედებდა მისი ნების შესაბამისად, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ხ------- ა---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2019 წლის 07 აპრილს, სამტრედია, სოფელი დიდი ჯ----ში მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში რ-------- ხ-------ემ, გენდერული მოტივით გაბრაზებულმა იმით, რომ მეუღლე ხ------- ა---------ე არ მოქმედებდა მისი ნების შესაბამისად, ხელი დაარტყა სახის არეში და ასევე ხელები მოუჭირა მარცხენა მაჯის არეში, ხ------- ა---------ემ აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯამრთელობის მოუშლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს განაჩენით:
რ-------- ხ-------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 04 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
რ-------- ხ-------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 07 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
რ-------- ხ-------ის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 03 მაისს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განემარტა გამართლებულ რ-------- ხ-------ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და რ-------- ხ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდით) დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითად განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მახარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რ-------- ხ-------ის ბრალდების სს საქმეზე დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვის მიღმა სტანდარტის შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ, მოწმე გ------- ც--------–---–ის ჩვენება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენება, შემაკავებელი ორდერის მასალები და სხვა მტკიცებულებები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რითაც არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე(დაზარალებული) ხ------- ა---------ემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - რ-------- ხ-------ის მიმართ.
მოწმის სახით დაკითხულ ს------- მ----–---–-ს ჩვენების თანახმად, ცხოვრობს სამტრედიაში, სოფელ დიდ ჯ----შში. 2019 წლის 4 იანვარს, მასთან მივიდა რ-------- ხ-------ე, უთხრა, რომ მეუღლე ყავდა ცუდად და ითხოვა წნევის აპარატი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მან რ. ხ-------ის ჭიშკართან დაინახა სასწრაფო და გადავიდა მათთან. ხ. ა---------ე იწვა საწოლზე და კანკალებდა. არც წნევა ჰქონდა და არც სიცხე. ექიმმა თქვა, რომ ეჩვენებინათ ნერვოპათოლოგისათვის. ხ. ა---------ე კითხვა თუ რა აწუხებდა პასუხს არავის სცემდა. იქ იყვნენ რ-------- ხ-------ის მშობლები, ძმა, შვილები და მეზობელი ზ------ ხ-------ე. მას ხ. ა---------ესა და რ. ხ-------ეს შორის კონფლიქტის თაობაზე არასდროს გაუგია.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ხ-------ემ.
მოწმის სახით დაკითხულ გ------- ც--------–--–ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობდა სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოს დიდი ჯ----შის პოლიციის განყოფილების გამომძიებლად. მუშაობის პერიოდში გამოძიება დაიწყო არასრულწლოვანი შ----- და დ----- ხ-------ეების ცემის ფაქტზე. გამოძიების პროცესში მოწმის სახით გამოკითხვისას ხ------- ა---------ემ განუცხადა, რომ იგი ცხოვრობდა მეუღლესთან და 2 მცირწლოვან შვილთან ერთად. 2017 წლის 4 იანვარს, სახლში ყოფნისას სრულიად უმიზეზოდ მეუღლემ ხელი გაარტყა სახის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. იგი გახდა ცუდად და გამოიძახეს სასწრაფო.
2019 წლის 7 აპრილს ასევე სრულიად უმიზეზოდ ხელი გაარტყა ერთხელ სახეში და ხელი მოუჭირა მაჯაზე, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. უკმაყოფილება გამოწვეული იყო იმით რომ იგი არ მუშაობდა. ხ------- ა---------ის ჩვენებების საფუძველზე რ. ხ-------ეს წარედგინა ბრალდება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ხოლო საქმე ხ. ა---------ის მიმართ გამოიყო ცალკე წარმოებად. ამ მასქმეზე მან დანიშნა სასამართლო-სამედიცინო სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 26.05.19წ. 00:41-00:47 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ხ------- ა---------ეს მარცხენა წინა მხრის უკანა და წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მომწვანო ფერის, პერიფერიაზე მოყვითალო ელფერით თითო სისხლნაჟღენთი შესაბამისად ზომებით: 1,2X0,4 სმ და 1,3 X0,5 სმ. მითითებული დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთდ აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით რ-------- ხ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა ხ------- ა---------ემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რ-------- ხ-------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის. რაც შეეხება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულ საკითხს, რომ ხ------- ა---------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ხ------- ა---------ეს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რ-------- ხ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით რ-------- ხ-------ის მსჯავრდება, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
რ-------- ხ-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 04 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
რ-------- ხ-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 07 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
გაუქმდეს რ-------- ხ-------ის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 03 მაისს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 1000 (ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში (ბანკის კოდი B-------- აღსრულების ეროვნულ ბიუროს N----------------------- ანგარიშზე განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს რ-------- ხ-------ეს (პ/ნ. 3----------).
განემარტოს გამართლებულ რ-------- ხ-------ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე