განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160100119002900135
საქმე № 1ბ/1185-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზ---- ც---------ა.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ჯ------ ჯ---------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 2----------, ნასამართლობის არმქონე, არასრული საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------------------------.
ადვოკატი: გ--------- ქ--------------.
თარჯიმანი: ა---- ს---–---------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ---- ც---------ამ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ჯ------ ჯ---------ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.“ მოცემულ შემთხვევაში ჯ------ ჯ---------ი ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც ამოღებული იქნა მისი ჩხრეკის შედეგად. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ჯ------ ჯ---------ის გაქარწყლებული ნასამართლობა და ის ფაქტი, რომ იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, პროკურორმა ზ---- ც---------ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულ ჯ------ ჯ---------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ჯ------ ჯ---------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------- ქ--------------მ მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ჯ------ ჯ---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა,ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ჯ------ ჯ---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 2,8395 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 12 მარტს 21:40 საათზე ქ----------––--------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ჯ------ ჯ---------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ჯ------ ჯ---------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით კერძოდ: მოწმე დ------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, ბრალდებულ ჯ------ ჯ---------ის, მოწმეების: ნ----------–----ს, ა-----------------ს, ვ----–-----–---ს, ს------------–----- გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 12 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 13 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით, 2019 წლის 13 მარტის ნარკოლოგიური გამოკვლევის N------ დასკვნით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ჯ------ ჯ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჯ------ ჯ---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჯ------ ჯ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
ჯ------ ჯ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
პალატა თვლის, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი ხასიათდება ინდივიდუალურობით, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი შეურიგდეს დაზარალებულს“. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, ჯ------ ჯ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის ზომის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ნასამართლობა, რომელიც გაქარწყლებული აქვს, შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ჯ------ ჯ---------ს მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დადგენილი ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კი ,,გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას“.
პალატა თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას, ამასთან, იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, უკეთ გააცნობიეროს საკუთარი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნის მიღწევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ ზ---- ც---------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ---- ც---------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ჯ------ ჯ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ჯ------ ჯ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 მარტიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჯ------ ჯ---------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის თაობაზე ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა ჯ------ ჯ---------ს დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ჯ------ ჯ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვახტანგ მრელაშვილი