განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002131512
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4475-18 15 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი
თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შპს „მ---------------“
წარმომადგენელი - გ------- თ----------
მოწინააღმდეგე მხარე - შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - თ----- ე–----–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.05.2018 წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შპს „მ----------------“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შპს „მ----------------თვის“ 22 500 ლარის და 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა; პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „მ----------------“ სასარჩელო მოთხოვნა :
24.01.2017წ. N6 და N7 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა (დაზუსტებული მოთხოვნა 2018 წლის 09 თებერვლის სხდომის ოქმი 12:14:25 წთ).
1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სასარჩელო მოთხოვნა:
- შპს „მ--------------ს“ დაეკისროს 24.01.2017წ. N6 ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პირგასამტეხლოს 400 ლარისა და 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჯარიმის 22 500 ლარის გადახდა;
- შპს „მ--------------ს“ დაეკისროს 24.01.2017წ. N7 ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჯარიმის 10 000 ლარის გადახდა;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.05.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. შპს „ მ----------------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული საჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შეეზღუდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 16 მაისის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე შპს ''მ----------------'' (ს/ნ 2--------) შავ სიაში შეყვანის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება.
3. შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა;
4. შს „მ--------------ს“ შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა: 2017 წლის 24 იანვრის N6 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 22 900 (400 + 22 500) ლარის და 2017 წლის 24 იანვრის N7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 10 000 ლარის გადახდა.
2.1. 2017 წლის 24 იანვარს შპს „მ--------------ს“ (მიმწოდებელი) და შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს (შემსყიდველი) შორის გაფორმდა N6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „მ--------------მა“ 2017 წლის 24 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აიღო ვალდებულება შსს შიდა ქართლის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „ტოიოტას“ და „ლექსუსის“ მარკის ა/მანქანების ტექნიკური მომსახურების გაწევის თაობაზე. დანართი N1, N2 და N3-ის შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 22 5000 ლარს.
2.2. 2017 წლის 24 იანვარს შპს „მ--------------ს“ (მიმწოდებელი) და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს (შემსყიდველი) შორის გაფორმდა N7 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტია შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „შკოდას“ მარკის ა/მანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი N1, N2 და N3-ის შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს.
2.3. ხელშეკრულებ(ებ)ის 4.1 პუნქტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განახორციელდეს ხელშეკრულების დანართი N1, N2 და N3-ის შესაბამისად. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისთვის საჭირო საქონლის/სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა.
2.4. ხელშეკრულებ(ებ)ის მე-5 მუხლი განსაზღვრას მხარეთა ვალდებულებებს. კერძოდ, 5.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია: გაუწიოს შემსყიდველს ხელშეკრულების დანართი N1, N2 და N3-ით გათვალისწინებული მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. ამასთან მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების და წესების მოთხოვნის დაცვით. ხელშეკრულების 5.1.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის ავტომანქანის მომსახურებას მიანიჭოს პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურებას.
12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს და მიმწოდებლის მიერ არ იქნება შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით.
2.5. მხარეები არ დავობენ, რომ მოპასუხის მხრიდან ირღვეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ა/მანქანების მომსახურებისთვის დადგენილი ვადები.
2.6. 2017 წლის 16 მაისის წერილის მიხედვით, ირკვევა რომ შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა წერილობით მიმწოდებლის, შპს „მ----------------“ შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით.
2.7. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 13 ივლისის N 2016 განკარგულებით 2017 წლის 24 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების N6 და N7 ხელშეკრულებების არაჯეროვანი შესრულების გამო შპს“მ---------------“ 2017 წლის
14ივლისს დარეგისტრირდა შავ სიაში.
2.8. 2017 წლის 15 მაისის M--------------- წერილის შესაბამისად, 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული N6 და N7 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, 2017 წლის 25 აპრილის N976616 წერილით შპს „მ--------------ს“ N6 ხელშეკრულების 12.3. პუნქტის“ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაევალა პირგასამტეხლოს 400 ლარის გადახდა, ამავე ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა შეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაეკისრა მოპასუხეს ჯარიმა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 22 500 ლარს. ასევე 2017 წლის 24 იანვრის ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა შეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაეკისრა მოპასუხეს ჯარიმა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 10 000 ლარს.
2.9. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან, შესრულებას. კერძოდ საქმეში არსებული მასალების მიხედვით იკვეთება, რომ დაზიანებული ავტომანქანები შპს
„მ----------------“ მიერ არ შეკეთდა ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში. შპს „მ--------------მა“ ვერ უზრუნველყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 24 იანვრის N6 და N7 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში შესრულება, რაც ცალსახად დგინდება საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 23 მარტის, 2017 წლის 18 აპრილის, 2017 წლის 25 აპრილის 2017 წლის 27 აპრილის წერილობითი გაფრთხილებებით.
2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, ამავე კოდექსის 131-ე და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ მოპასუხე შპს „მ--------------მა“ შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი ცნო 2017 წლის 24 იანვრის N6 ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოს 400 ლარის ნაწილში, დაეთანხმა რა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადების ვადაგადაცილების ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისა, სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილდა.
2.11. განსახილველ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს 2017 წლის 24 იანვრის N6 და N7 ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხელშეკრულებების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 24 იანვრის N6 და N7 ხელშეკრულებების 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს და მიმწოდებლის მიერ არ იქნება შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია მიწოდების ვადები.
ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია: გაუწიოს შემსყიდველს ხელშეკრულების დანართი N1, N2 და N3-ით გათვალისწინებული მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.ამასთან მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით. ამავე მუხლის 5.1.2. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის ავტომანქანის მომსახურებას მიანიჭოს პრიორიტატი, რაც გულისხმობს მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურებას.
შპს “მ--------------“ სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მისი მხრიდან დაირღვა მიწოდების ვადები. რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მას არ შეეთავაზა ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა და გაფრთხილების გარეშე შეწყვიტა მოპასუხემ ხელშეკრულება, სასამართლო მიუთითებს ასევე ამავე 12.3 პუნქტის“ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მითითებული დანაწესის თანახმად, ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობების შეუსრულებლობის ან/და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრებოდა ხარვეზის გამოსწორების შეთავაზების ვალდებულება და არა შემსყიდველს. მოსარჩელის (მიმწოდებლის) მიერ კი ასეთი შეთავაზების ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებას ადგილი არ ჰქონია და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია.
ამდენად, სასამართლომ ერთის მხრივ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობების შეუსრულებლობას და მეორეს მხრივ თვითონ ხელშეკრულების 12.3 „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი მიმწოდებლის მხრიდან ითვალისწინებდა შემსყიდველისათვის ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადის შეთავაზებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ასევე ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნული სახელშეკრულებო დათქმა წარმოადგენს სწორედ არსებით პირობაზე შეთანხმებას, რაც მხარეებს ავალდებულებდა შესაბამის ქცევის წესის შესრულებას, რაც მოსარჩელის მიერ არ იქნა დაცული და რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია როგორც ხელშეკრულების შეწყვეტა ასევე შესაბამისი პირგასამტეხლოს დაკისრებაც.
სასამართლოს მოსაზრებით, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულება შპს“მ--------------თან“ შეწყვეტილ იქნა 2017 წლის 24 იანვრის ხელშეკრულებების 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად არ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტის და დარიცხული პირგასამტეხლოს უკანონოდ ცნობის საფუძვლები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით. მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
2.12. რაც შეეხება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულების დარღვევის ფაქტს, რაც წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ--------------მა“ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით შპს „მ----------------“ სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე 22 500 ლარის და 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.1. N6 და №7 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო რამდენიმე ათეული ავტომანქანის მომსახურების შესყიდვა და ვადის დარღვევა მხოლოდ სარჩელში მითითებული 3 ავტომანქანის შემთხვევაში მოხდა. მხარემ სწორედ ეს გარემოება დაადასტურა და არა ზოგადად ვადების დარღვევა.
3.2. მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა 2017 წლის 24 იანვრის №6 და №7 ხელშეკრულებები. მითითებული ხელშეკრულების მე-12 მუხლის საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტა არ დაიშვება უპირობოდ. ხელშეკრულება ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად შეწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტების ანალიზით ცხადია, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა წინაპირობების გარეშე დაუშვებელია და ასეთი ქმედებისათვის (ხელშეკრულების ცალმხრივად შესწყვეტისათვის) უნდა არსებობდეს გარკვეული წინაპირობები. მოპასუხემ ცალმხრივად და კანონის მოთხოვნათა სრული უგულებელყოფით შეწყვიტა ორივე ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ ხელშეკრულებათა შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ მისი შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში (12.3 პუნქტის „ა" ქვეპუნქტი), მაგრამ ამ შემთხვევაშიც დაცული უნდა იქნეს კანონის მოთხოვნები ორმხრივი ხელშეკრულებების შეწყვეტის პროცედურების შესახებ. რაც შეეხება ცალკეულ დარღვევებს, ასეთი შემთხვევისათვის ხელშეკრულებით შესაბამისი პირგასამტეხლოა დაწესებული და ცალკეული შეუსრულებლობა არ ნიშნავს საერთოდ შესრულების შეუძლებლობას და ეს ფუნდამენტური განსხვავება მოპასუხეს არა აქვს გათვალისწინებული. შესაბამისად ნათელია, რომ მოპასუხის გადაწყვეტილება ორივე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც დაუშვებელია კონკრეტული სამართლებრივი ნორმების თანახმად.
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულებიდან გასვლა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსის 405-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათელია, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ უგულებელყო სამართლის მითითებული ნორმები. შემსყიდველმა ორგანიზაციამ ბოროტად გამოიყენა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტით მინიჭებული უფლებები, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულებები და სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში" წარდგენილი იქნა მოთხოვნა შპს „მ----------------" შავ სიაში შეყვანის შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამივე ავტომანქანა, რომლის შეკეთების შესახებ ჰქონდა პრეტენზია შემსყიდველს, თუმცა ვადის დარღვევით, მაგრამ შეკეთებული იყო. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულებათა ცალმხრივი შეწყვეტა დაუშვებელი იყო. შესაბამისად, დაუშვებელი იყო ხელშეკრულების საერთო თანხის 10% - ის დარიცხვა. ვადის გადაცილების შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, გათვალისწინებული იყო სხვა პირგასამტეხლო და შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მხოლოდ ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს დაკისრება მოეთხოვა და არა ხელშეკრულებათა საერთო თანხის 10%.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო მტკიცებულებით მნიშვნელობას ანიჭებს შპს „მ----------------" შავ სიაში შეყვანის შესახებ შემსყიდველის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ შეტყობინებას და ამ შეტყობინების საფუძველზე სააგენტოს მიერ განხორციელებულ ქმედებას, მაშინ როდესაც ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შპს „მ----------------" შავ სიაში შეყვანის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 13 ივლისის №2016 განკარგულების მოქმედება შეჩერებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით №3-------- საქმეზე. ამავე განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა შპს „მ----------------" არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრიდან (შავი სია) ამოღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების/უცვლელად დატოვების დასაბუთება
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
5. 24.01.2017წ. შპს „მ--------------ს“ (შემდგომში „მიმწოდებელი“, „აპელანტი“) და შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „შემსყიდველი“, „მოწინააღმდეგე მხარე“) შორის გაფორმდა N6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა 2017 წლის 24 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აიღო ვალდებულება შემსყიდველის ბალანსზე რიცხული „ტოიოტას“ და „ლექსუსის“ მარკის ა/მანქანების ტექნიკური მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 225 000 ლარით (ტ.1, ს.ფ. 16-27).
6. 24.01.2017წ. იმავე მხარეებს შორის გაფორმდა N7 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შემსყიდველის ბალანსზე რიცხული „შკოდას“ მარკის ა/მანქანების ტექნიკური მომსახურების თობაზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 100 000 ლარით (ტ.1, ს.ფ.95-99).
7. ხელშეკრულებ(ებ)ის 4.1 პუნქტის მიხედვით:
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დანართი N1, N2 და N3-ის შესაბამისად. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისთვის საჭირო საქონლის/სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა:
4.1.1. სავალი ნაწილებისათვის 2 კალენდარული დღე.
4.1.2. ელექტროობისთვის 3 კალენდარული დღე;
4.1.3. აგრეგატებისათვის 8 კალენდარული დღე;
4.1.4. სათუნუქე - სამღებრო სამუშაოებისთვის 10 კალენდარული დღე;
4.1.5. ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო 15 კალენდარული დღე;
4.1.6. დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას 20 კალენდარული დღე.
4.1.7. სხვა დანარჩენ შემთხვევებში მყიდველის მიერ მითითებული გონივრული ვადები (ტ.1, ს.ფ. 17; 30).
ამდენად, მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ე.წ დეფექტური აქტების შედგენა, რომლითაც შემსყიდველისათვის ცნობილი უნდა გამხდარიყო რა ვადა დაჭირდებოდა თითოეულ ავტომობილზე სამუშაოს შესრულებას.
ხელშეკრულებ(ებ)ის 5.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია: გაუწიოს შემსყიდველს ხელშეკრულების დანართი N1, N2 და N3-ით გათვალისწინებული მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. ამასთან მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების და წესების მოთხოვნის დაცვით. 5.1.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის ავტომანქანის მომსახურებას მიანიჭოს პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურებას.
8. საქმის მასალებით დგინდება, რომ 24.01.2017წ. გაფორმებულ N7 ხელშეკრულებასთან მიმართებაში შემსყიდველმა მიუთითა შემდეგ დარღვევებზე:
- შემსყიდველის მიერ ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ სახ # R------ მიმწოდებელთან მიყვანილ იქნა 20.03.2017წ. მანქანას ესაჭიროებოდა ყუმბარა გარე, ყუმბარა შიდა და წინა სტაბილიზატორის კრონშტეინის შეცვლა. მომსახურება უნდა გაწეულიყო 8 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა მომსახურების გაწევა დასრულდა 20 აპრილს (ვადაგადაცილება 22 დღე).
- შემსყიდველის მიერ ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ სახ.# C------ მიმწოდებელთან მიყვანილ იქნა 10.04.2017წ.. მანქანას ესაჭიროებოდა მორგვი უკანა, რედუქტორის ჩობალი, ბაბინა (სანთელზე) და გიტარის მილისა პატარის შეცვლა. მომსახურება უნდა გაწეულიყო 8 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა ავტომანქანაზე მომსახურების გაწევა დასრულდა 25.04.2017წ. (ვადაგადაცილება 6 დღე) (ტ.1, ს.ფ. 132,133; 134,135).
24.01.2017წ. გაფორმებულ N6 ხელშეკრულებასთან მიმართებაში შემსყიდველმა მიუთითა შემდეგ დარღვევებზე:
- შემსყიდველის მიერ ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ სახ. #V------ მიმწოდებელთან მიყვანილ იქნა 20.03.2017წ. მანქანას ესაჭიროებოდა გიდრო ქურო (მუფტა) (კომპ) და საჭის გამაძლიერებლის ტუმბოს შეცვლა. მომსახურება უნდა გაწეულიყო 8 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა ავტომანქანაზე მომსახურების გაწევა დასრულდა 24.04.2017წ. (ვადაგადაცილება 26 დღე) (ტ.1, ს.ფ. 132,133; 134,135).
- შემსყიდველის მიერ ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“ სახ. # H-----, მიმწოდებელთან მიყვანილ იქნა 14.03.2017წ. მანქანას ესაჭიროებოდა წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა. მომსახურება უნდა გაწეულიყო 2 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა ავტომანქანაზე მომსახურების გაწევა დასრულდა 20 მარტს (ვადაგადაცილება 4 დღე) (ტ.1, ს.ფ. 129,130; 134,135).
აპელანტი სადავოდ არ ხდის შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაგადაცილებებს და მათი გამოთვლის წესს, თუმცა განმარტავს, რომ სადავო შემთხვევებში ადგილი ჰქონდა დეფიციტური ნაწილების გამო მომსახურების შეფერხებას.
პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულებ(ებ)ის 4.1. პუნქტის თანახმად მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ე.წ დეფექტური აქტების შედგენა, რომლითაც შემსყიდველისათვის ცნობილი უნდა გამხდარიყო რა ვადა დაჭირდებოდა თითოეულ ავტომობილზე სამუშაოს შესრულებას. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ არც ერთ საქმეში წარმოდგენილ დეფექტურ აქტში არ არის მითითებული ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად მომსახურების გაწევის ვადა. შესაბამისად, გასაზიარებელია შემსყიდველის წარმომადგენლის პოზიცია მასზედ, რომ დეფიციტურ სათადარიგო ნაწილებზე სპეციალური მითითების გარეშე შემსყიდველი ვარაუდობდა, რომ დაფიქსირებული გასაწევი მომსახურების მიხედვით მიმწოდებელს სამუშაოს შესასრულებლად დასჭირდებოდა ხელშეკრულების 4.1.1-4.1.5 ქვეპუნქტით განსაზღვრული დროის მონაკვეთი. ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ საჭირო ნაწილები იყო დეფიციტური და სწორედ ამის გამო შეფერხდა მომსახურება, საქმეში წარმოდგენილი არ არის. სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოადგენლი არ არის (03.05.2019წ. სხდომის ოქმი, 11:34:19- 11:34:31).
აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მიმოწოდებელს ხელშეკრულებ(ებ)ის 12.3. პუნქტის შესაბამისად არ მოუთხოვია დამატებითი ვადა მომსახურების გასაწევად, თუმცა, აპელანტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამის საჭიროება არ იყო, ვინაიდან ვადის დარღვევით ყველა ავტომანქანა შეკეთდა (03.05.2019წ. სხდომის ოქმი, 11:35:14-11:35:28).
ამდენად, დგინდება, რომ მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულებული იყო ვადის დარღვევით.
9. შემსყიდველის 25.04.2017წ. წერილის თანახმად, მიმწოდებელს ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“ სახ. #H----- შეკეთებისთვის განსაზღვრული ვადის 4 დღით ვადაგადაცილებისთვის ხელშეკრულების 12.3 „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო თითოეულ დღეზე 100 ლარის, ჯამში - 400 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 129-130). 400 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო მიმწოდებელს დაეკისრა გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაც, თუმცა ამ ნაწილში გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის (იხ.: სააპელაციო მოთხოვნა, ტ.3, ს.ფ.4). ამდენად, წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლო არ მსჯელობს აღნიშნული პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებაზე.
შემსყიდველის 27.04.2017წ. წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ:
- მიმწოდებელს ავტომანქანა „შკოდა ოქტავიას“ სახ # R------ შეკეთებისთვის განსაზღვრული ვადის 22 დღით ვადაგადაცილებისთვის ხელშეკრულების 12.3 „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო თითოეულ დღეზე 100 ლარის, ჯამში - 2200 ლარის ოდენობით.
- მიმწოდებელს ავტომანქანა „შკოდა ოქტავიას“ სახ # C------ შეკეთებისთვის განსაზღვრული ვადის 6 დღით ვადაგადაცილებისთვის ხელშეკრულების 12.3 „ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო თითოეულ დღეზე 100 ლარის, ჯამში - 600 ლარის ოდენობით;
- მიმწოდებელს ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ სახ. # V------ შეკეთებისთვის განსაზღვრული ვადის 26 დღით ვადაგადაცილებისთვის ხელშეკრულების 12.3 „ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო თითოეულ დღეზე 100 ლარის, ჯამში - 2600 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 132,133).
10. 15.05.2017წ. წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ 24.01.2017წ. N6 და N7 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო შემსყიდველმა ხელშეკრულებების 12.3. „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყვიტა მიმწოდებელთან ხელშეკრულება და მიმწოდებელს დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით, რაც 24.01.2017წ. N6 ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენდა 22 500 ლარს, ხოლო N7 ხელშეკრულების შემთხვევაში 10 000 ლარს. ამავე წერილში აღინიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ გადახდილი არ იყო დაკისრებული პირგასამტეხლო 400 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც ეცნობა 25.04.2017წ. წერილით (ტ.1, ს.ფ.134-136).
ამდენად, წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლო მსჯელობს შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებების 12.3. „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს კანონიერებაზე, რომლის ოდენობაც 24.01.2017წ. N6 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 22 500 ლარს, ხოლო N7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
ხელშეკრულების მე-12 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები.
12.3 პუნქტის თანახმად:
თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 (სწორედ მე-4 მუხლი ადგენს მიწოდების ვადებს, რა საფუძვლითაც შეწყვიტა ხელშეკრულება შემსყიდველმა) და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს და მიმწოდებლის მიერ არ იქნება შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით,ან
ბ) ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების გადაცილების შემთხვევაში ან 6.3. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით.
12.4 პუნქტის თანახმად კი:
თუკი წინამდებარე ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევს საერთო ღირებულების 5% და იგი ვერ განახორციელებს მომსახურების გაწევას, და ან/არ გამოასწორებს აღმოჩენილ ხარვეზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და მიმწოდებლის მიერ არ იქნება შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველს უფლება აქვს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაჯარიმდება ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (ტ.1, ს.ფ.21; 98,99).
ამდენად, მხარეებმა დეტალურად გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი. პალატა მიუთითითებს, რომ 12.3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ასევე 12.4 პუნქტი, რომლებიც შინაარსობრივად უკავშირდება ერთმანეთს, განმარტებულ უნდა იქნეს სისტემურად, რადგან ასახავს იმ ეტაპებს, რა ეტაპებიც უნდა გაიაროს შემსყიდველმა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების და პირგასამტეხლოს სახით ამა თუ იმ ოდენობის თანხის დარიცხვისას.
მიმწოდებლის მიერ მე-4 მუხლით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს ჰქონდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება, მაგრამ თუ მისი ჯამური ოდენობა მიაღწევდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს და მიმწოდებელი ვერ განახორციელებდა მომსახურების გაწევას, და ან/არ გამოასწორებდა აღმოჩენილ ხარვეზს, ან/და მიმწოდებლის მიერ არ იქნებოდა შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველი იძენდა უფლებას მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაეჯარიმებინა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემსყიდველმა თავისი 25.04.2017წ. და 27.04.2017წ. წერილებით აცნობა მიმწოდებელს პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე. კერძოდ, ხელშეკრულების 12.3 „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად 24.01.2017წ. გაფორმებულ N6 ხელშეკრულებასთან მიმართებაში დაერიცხა 2600 ლარი და 400 ლარი, ანუ ჯამში 3000 ლარი, ხოლო N7 ხელშეკრულებასთან მიმართებაში - 2200 და 600 ლარი, ჯამში 2800 ლარი (იხ.: 25.04.2017წ. და 27.04.2017წ. წერილები, ტ.1, ს.ფ. 129,130; 132,133). შესაბამისად, დგინდება, რომ არცერთ შემთხვევაში 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას არ მიუღწევია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ისათვის, რომელიც N7 ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენს 5000 ლარს (100 000-ის 5%), ხოლო N 6 ხელშეკრულებისთვის - 12 500 ლარს (250 000-ის 5%). შესაბამისად, დგინდება, რომ არ არსებობდა მიმწოდებლის მიმართ ხელშეკრულების 12.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის - საერთო თანხის 10%-ის ოდენობით მხარის დაჯარიმების ამოქმედების წინაპირობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შემსყიდველის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო მართლზომიერია მხოლოდ ყოველდღიური პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში. შესაბამისად, საფუძვლიანია მიმწოდებლის სასარჩელო მოთხოვნა #6 ხელშეკრულების საფუძველზე პიგასამტეხლოს სახით 19 900 ლარის (22 500 – 2 600 = 19 900), ხოლო #7 ხელშეკრულების საფუძველზე 7200 ლარის (10 000 – 2 800 = 7 200) უკანონოდ ცნობის ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია მოპასუხისთვის #6 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს 2600 ლარის, ხოლო #7 ხელშეკრულების საფუძველზე 2800 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.
11. მიმწოდებლის (აპელანტის) სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 24.01.2017წ. N6 და N7 ხელშეკრულებების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველი დავა წარმოიშვა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც უკავშირდება იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ შემკვეთსა და მენარდეს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების ვადაგადაცილების გამო, შემკვეთმა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და მენარდესთან მოშალა ხელშეკრულება, რის თაობაზეც წერილობით აცნობა მას (ტ.1, ს.ფ.134,135).
სასამართლო მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს ნარდობის მომწესრიგებელ ნორმებზე, რომლებიც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, მხარეთათვის მხოლოდ ამგვარი ურთიერთობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ რეგულაციებს ადგენს. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესი სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება (იხ. სუსგ-ები: # 717-670-2017 26.04.2018წ.; # ას-697-663-2015, 15.12.2015წ; # ას- 901-851-2015, 05.02.2016წ).
ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას(იხ.:სუსგ. #697-663-2015, 15.12.2015წ.).
განსახილველ დავაში დადგენილია, რომ მენარდე ითხოვს უკანონოდ იქნეს ცნობილი დამკვეთის მიერ გამოვლენილი ნება მენარდესთან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე. მაშინ, როდესაც შემკვეთს მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის გარეშეც აქვს ხელშეკრულების მოშლის უფლება, მოცემულ შემთხვევაში კი უდავოდ დასტურდება მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, არ არსებობს ხელშეკრულების მოშლის თაობაზე შემკვეთის მიერ გამოვლენილი ნების უკანონოდ მიჩნევის წინაპირობა.
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ შემსყიდველი (შემკვეთი) მოცემულ საქმეში არის სპეციალური ფუნქციის მქონე სუბიექტი - შსს პოლიციის დეპარტამენტი, რომლის ბალანსზე რიცხული მანქანების ექსპლუატაციაც ხდება ამ ორგანოს ფუნქციების აღსრულების მიზნით, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულება. სწორედ ამიტომ იყო ვადები ასე დეტალურად გაწერილი მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში და განსაზღვრული პრიორიტეტი შემსყიდველის ავტომანქანების რიგგარეშე დაუყოვნებლივ მომსახურების შესახებ.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
12.1. წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება 27 100 ლარის (19 900 + 7 200) ნაწილში. შესაბამისად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის და ამავე კოდექსის 39-ე პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 1084 ლარის ოდენობით (27 100-ის 4%).
12.2. საქართველოს სამოქალაქო საპრიოცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა 5800 ლარის ნაწილში (2800+2600+400). შესაბამისად, შპს „მ--------------ს“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის და ამავე კოდექსის 39-ე პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 174 ლარის ოდენობით (5800-ის 3%).
12.3. მიმწოდებლის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 600 ლარს (ტ.2,ს.ფ.58). გათვალისწინებით იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ღირებულება შეადგენდა 32 900 ლარს და სარჩელი კმაყოფილდება 27 500 ლარის ნაწილში, დგინდება, რომ კმაყოფილდება მოთხოვნის 83.5%. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 501 ლარის (600-ის 83.5 %) ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „მ----------------“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.05.2018წ. გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში შეცვლით (ანუ სრულად შეცვლით გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის იმ ნაწილისა, რომლითაც შპს „მ--------------ს“ დაეკისრა შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ #6 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს გადახდა 400 ლარის ოდენობით) მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „მ----------------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3.1. უკანონოდ იქნეს ცნობილი შპს „მ----------------ათვის“ #6 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს სახით 19 900 ლარის მოთხოვნა.
3.2. უკანონოდ იქნეს ცნობილი შპს „მ----------------ათვის“ #7 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს სახით 7200 ლარის მოთხოვნა.
4. შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.1. შპს „მ--------------ს“ დაეკისროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ #6 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს გადახდა 2600 ლარის ოდენობით.
4.2. შპს „მ--------------ს“ დაეკისროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ #7 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს გადახდა 2800 ლარის ოდენობით.
5. შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს შპს „მ----------------“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 1084 ლარის ოდენობით.
6. შპს „მ--------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 174 ლარის ოდენობით.
7. შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს შპს „მ----------------“ სასარგებლოდ დაეკისროს შპს „მ----------------“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 501 ლარის ოდენობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი
თამარ ალანია