განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.09.2019
საქმის ნომერი
330210116001582578
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001582578

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/1079-17 24 სექტემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - გ-------------- (მოპასუხე)

წარმომადგენელი - თ----- გ-----–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ---------------“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ლ---------------–--

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 10.01.2019წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება

 

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღდგენა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სასარჩელო მოთხოვნა:

1. 12.04.2016წ. გ--------------სა და ნ---- მ------ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღდგენა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. საქართველოს მ------------------------ არბიტრაჟის 21.01.2016წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ჯ--------–--------------“ საარბიტრაჟო სარჩელი და შპს „ბ------------ -ს“ ა---------– ს--------–----, გ--------------ს და სხვებს დაეკისრათ დავალიანების ძირითადი თანხა 358 938 ლარის და 68 თეთრი, პირგასამტეხლო - სარჩელის შემოტანამდე პერიოდზე 21218 ლარის და 24 თეთრის ოდენობით, აგრეთვე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,05 პროცენტის ოდენობით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან მის აღსრულებამდე რაც შეადგენს დღეში 179 ლარს და 46 თეთრს.

 

თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.07.2016წ. განჩინებით განცხადება მ------------------------ არბიტრაჟის 21.01.2016წ. გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა სრულად, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც სხვა მოვალეებთან ერთად სოლიდარულ მოვალედ მითითებულ იქნა მოპასუხე გ--------------.

 

09.08.2016წ. შპს „ჯ--------–-------------“, შპს „ ვ---------------ს“ და ზ---- ს--------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.09.2016წ. განჩინებით ამავე სასამართლოს 25.07.2016წ. განჩინებით დადგენილ სამართალ ურთიერთობაში განმცხადებელ შპს „ჯ--------–-------------“-ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ვ---------------ი".

 

არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გ--------------მ მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ვ-–----–----–-- გ--------------------–- კ------------ უკან სახლი N1-ის 1/2/ნაწილი 12.04.2016წ. ხელშეკრულებით თვალთმაქცურად გადააფორმა ნ---- მ-----ის სახელზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 12 აპრილს გ--------------სა და ნ---- მ------ს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, შესაბამისად, აღდგა გ---- მ-------ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისში, ვ-–----–----–-- გ--------------------------––-, კორპუსი N----------- სახლი N1 -ის ½ წილზე.

 

3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, პირველი და მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

 

ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხე მხარე მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა მის მიერ წარმოდგენილ განცხადებას, პროცესის გადადების თაობაზე, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე არ ერთვოდა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება რის საფუძველზეც ითხოვდა სასამართლო სხდომის გადადებას.

 

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებულ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.01.2019წ. განჩინებით გ---- მ-------ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე - არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრულია ის შემთხვევები, როცა დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ასეთი შემთხვევებია შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სატელეფონო აქტებით დასტურდება ის ფაქტი რომ, მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ 2018 წლის 31 მაისს გასამართ მოსამზადებელი სხდომის თაობაზე და ასევე შედეგებზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სხდომაზე არ გამოცხადდებოდნენ. შესაბამისად, გამოუცხადებელი მხარისათვის ცნობილი იყო ის ფაქტი რომ, მის გამოუცხადებლობას შესაძლოა გამოეწვია სასამართლოს მხრიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს კანონით დადგენილ ოთხ საფუძველს რა დროსაც არ შეიძლება სასამართლოს მეირ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო უკვე მიღებული გადაწყვეტილება კი უნდა გაუქმდეს, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს საპატიო მიზეზის არსებობას, რის გამოც შესაძლებელი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ბუნებრივია, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი, ან ისეთი გაუარესება, რომელმაც შესაძლოა მხარეს ხელი შეუშალოს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში, ან უკვე გამოცხადებულს - საკუთარი უფლებების ჯეროვნად დაცვაში, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით წარმოადგენს საპატიო მიზეზს, თუმცა ამავე მხარეს ეკისრება ტვირთი ამტკიცოს საკუთარი გამოუცხადებლობის საპატიოობა, რომლის დასადასტურებლადაც საჩივრის ავტორი საჩივარში უთითებდა შესაბამის წერილობით დოკუმენტებსა და მოწმეთა ჩვენებაზე. აღნიშნული სახის დოკუმენტაცია სასამართლოსთვის ამ ეტაპზე მხარეს არ მიუწოდებია. შესაბამისად, მხოლოდ მხარის განმარტება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ვერ ჩაითვლება დადასტურებულ საპატიო მიზეზად.

საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სარჩელი. სასამართლოს განმარტებით, საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებული გარემოებები იყო ის გარემოებები, რომლებიც თუკი საქმე არსებითად იქნებოდა განხილული, უნდა შეფასებულიყო სასამართლოს მიერ მხოლოდ არსებითად. განსახილველ შემთხვევაში კი საჩივრის განხილვის დროს აღნიშნული გარემოებების შეფასება არ ხდება, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ ყოფილა მეორე მოპასუხის ნ---- მ-----ის მიერ, ვის საკუთრებაშიც გადავიდა უძრავი ქონება და ბოლოს, საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი ამომწურავად უთითებს იმ საფუძვლებზე, რომლის არსებობის შემთხვევაშიც უნდა გაუქმდეს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება წარმოადგენილი მტკიცებულებებით, რაც კიდევე ერთი საფუძველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისა.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 10.01.2019წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ--------------მ და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება.

 

აპელანტის განმარტებით, მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება იმის გამო, რომ სამედიცინო დახმარება ოჯახში გაუწიეს და სასწრაფო დამხარება გამოძახებული არ ყოფილა, თუმცა ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. კერძოდ, მოსარჩელემ არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხაზე მოთხოვნის უფლება შეიძინა 09.08.2016წ., ხოლო უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა 07.09.2016წ. განჩინებით. ამდენად, სადავო ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა 12.04.2016წ., ანუ მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე მოთხოვნის მფლობელი არ იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელეზე არ გადასულა უფლება, ედავა 12.04.2016წ. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

6. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

7. 03.11.2016წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ვ---------------მა“ მოპასუხე გ---- მ-------ის და ნ---- მ-----ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავ ნივთზე გ---- მ-------ის საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით (ტ. I, ს.ფ. 1-15). სარჩელი ეფუძნება გარემოებებს მასზედ, რომ მოპასუხემ, რომელსაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით სხვა მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა თანხა, არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებისგან თავის არიდების მიზნით უძრავი ქონება თვალთმაქცურად აჩუქა მოპასუხე ნ---- მ------ს.

 

8. მხარეთა შორის სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დგინდება, რომ მოპასუხე გ-------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. სასამართლო სხდომაზე მიწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 31.05.2018წ. 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე სატელეფონო შეტყობინების გზით პირადად ეცნობა მოპასუხე გ---- მ-------ეს (ტ.1, ს.ფ. 136). სასამართლო უწყება პირადად ჩაბარდა ასევე მოპასუხე ნ---- მ------ს (ტ.1, ს.ფ. 138).

 

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე გ---- მ-------ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მართალია, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მისი შეუძლოდ ყოფნის ფაქტი დასტურდებოდა როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე სამედიცინო დოკუმენტაციით, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რაც სხდომის გამართვის დღეს აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებდა, საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი არ ყოფილა. პალატა ყურადღებას ამახვილებ იმ გარემოებაზეც, რომ საჩივრის განხილვის ეტაპზე არაერთხელ გადადო საქმის განხილვა (სხდომები გადაიდო მათ შორის მხარეთა მორიგების მიზნით) და ამდენად, საჩივრის ავტორს საკმარის დრო ჰქონდა მტკიცებულებების წარსადგენად.

 

გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო საჩივარში აპელანტი თავადვე ადასტურებს, რომ მის მიერ საჩივარში მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა ვერ მოხერხდა (ს.ფ. 235) და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

როგორც მითითებული ნორმის შინაარსიდან ირკვევა, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა. ამდენად, თუ მოპასუხეს სურს შეჯიბრებითობის ფარგლებში დავის არსებით განხილვაში, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობის მიღება, იგი (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები მიიჩნევა დადასტურებულად. იმისათვის, რომ სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საკმარისია სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოთხოვნას. შესაბამისად, მოპასუხის გამოუცხადებლობის დროს გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, თანაც ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54–ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). პალატა განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.

 

სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (სუსგ. Nას-921-861-2017, 28.11.2017წ., Nას- 220-2019, 27.05.2019წ. ).

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული და სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები მასზედ, რომ გ--------------მ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებისგან თავის არიდების მიზნით უძრავი ქონება მოჩვენებითად აჩუქა ნ---- მ------ს, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავ ნივთზე გ---- მ-------ის საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას მასზედ, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდა მანამდე, ვიდრე მოსარჩელე მოთხოვნის მფლობელი გახდებოდა, პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლით, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.

 

პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის დათმობის გარიგებით მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამ დროს ხდება კრედიტორის მდგომარეობის გადაცემა სხვა პირზე. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მოთხოვნის დათმობის გარიგების საფუძველზე ჩაენაცვლა თავდაპირველ კრედიტორს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მოვალის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენის მიზნებისათვის სამართლებრივად უმნიშვნელოა, უძრავი ნივთის ჩუქება განხორციელდა მოთხოვნის დათმობის შემდეგ თუ მანამდე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას და სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარის უფლებები. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობა.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.

 

12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ს.ფ. 246, 257).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 10.01.2019წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე