განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
140100119003124725
ინსტანცია
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100119003124725-1ბ/1610-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: მ-------------------------------- დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------- დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–----------------------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმათ, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სასჯელი: ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ-----------–------ და მოითხოვა მ------------------ განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა :

 

2019 წლის 28 ივნისს, შუადღის საათებში, გ------ რაიონის სოფელ დ---------------–- მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის სამზარაეულო ოთახში, მ------------------ სამზარეულოს დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას ე-–---------------- და შვილს თ-------------------- კერძოდ, ეძახდა მათ, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. მა----------------- ქმედების შედეგად ელ------------------------------------------ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მა----------------- მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თ------------------ შეტყობინებით, მოწმეების თ------------------, ე-–-------------------–----------------–-----–------------------------–-–----------- გამოკითხვის ოქმებით, მა----------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით (ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სამზარეულოს დანა), მა----------------- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით, შემაკავებელი ორდერების და ოქმების ასლებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის მა----------------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის დროს სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

 

დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მა----------------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-----------------მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მა----------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება, ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის მიმართ;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქ/პ თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ საჩივარი წარადგინა სასჯელის ნაწილში და მიუთითა რომ მ------------------ უნდა უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მა----------------- მიმართ სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ერთის მხრივ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას და განმარტავს, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს და გაითვალისწინოს, რომ მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა არის აღნიშნული დანაშაულის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის ერთ-ერთი გზა; ამასთან, ადეკვატური სასჯელი მოძალადეზე ზემოქმედების კარგი საშუალებაა, რათა მან შეიგნოს მართლწესრიგის დაცვის აუცილებლობა და განიმსჭვალოს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად შეაფასა ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა მამუკა სამხარაძემ უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ------------------ განესაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, დადგენილი სანქციის ფარგლებში. დანიშნული სასჯელის ჯარიმა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს და გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად: ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: მა----------------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული დანა განადგურდეს; საინფორმაციო ცენტრ„112“-დან გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერი „დვდ“ დისკით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორ რუ---------–---ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.გ------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3.მ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ------------------ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 28 ივნისიდან 2019 წლის 2 ივლისის ჩათვლით), შეუმცირდეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით, მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

4. მსჯავრდებულ მა----------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია, გირაოს შემტანს - ი----------------------------------- განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

5. მსჯავრდებულ მა----------------- მიმართ დამატებითი ვალდებულების სახით დაკისრებული აკრძალვა იმ ადგილებთან მიახლოების შესახებ, სადაც დაზარალებულები - ელენე და თემურ სამხარაძეები იმყოფებიან, გაუქმებულია;

 

6. მა----------------- მიმართ დამატებით დაწესებული ვალდებულება ყოველ ორშაბათ დღეს გამომძიებელთან გამოცხადებისა და ანგარიშგების შესახებ გაუქმებულია;

 

7. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: მა----------------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული დანა განადგურდეს; საინფორმაციო ცენტრ „112“-დან გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერი „დვდ“ დისკით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, განადგურდეს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი