განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002874645
საქმე №1ბ/910-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა---------ს
მსჯავრდებულის: გ--–---------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ--–---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): გ--–---------ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), უმაღლესი განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–---–------------------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------------–----------------------------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–---------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ-------–--–-------------------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--–---------ემ ყოფილი მეუღლის - ა-----------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, გ--–---------ემ ხელი ჰკრა ყოფილ მეუღლეს, რის შედეგადაც ა-----------ემ თავი დაარტყა კედელს და დაეცა იატაკზე, ხოლო შემდეგ მარჯვენა მკერდის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი. ძალადობის შედეგად ა-----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–---------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 16 იანვარს, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #0----- მოძალადე გ--–---------ის მიმართ, რომელსაც 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან - ა-----------ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. მიუხედავად აღნიშნულისა, გ--–---------ე 2019 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, გამოცხადდა მისი ყოფილი მეუღლის - ა-----------ის საცხოვრებელ სახლში (ქ-------–---------------------–----------------------------ში), მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა და ამასთანავე, წაართვა მობილური ტელეფონი. აღნიშნული ქმედებებით გ--–---------ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენით:
გ--–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ--–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ--–---------ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ--–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 იანვრიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--–---------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ--–---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი გ--–---------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა გ--–---------ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--–---------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად ვერ დასტურდება მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ზედმეტად მკაცრია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, არ ეთანხმება რა აპელანტის პოზიციას, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ--–---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ა-----------ემ განაცხადა, რომ 2009 წელს დაქორწინდა გ--–---------ეზე და ჰყავთ 6 შვილი. დაქორწინებიდან მალევე გ--–---------ემ სიმთვრალეში გამოავლინა პათოლოგიური ხასიათი და ოჯახის წევრების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, რასაც ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი და გაგრძელდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც, სადაც ოჯახი რამდენიმე წელი ცხოვრობდა. გერმანიაში გ--–---------ე გახდა ნარკოტიკზე დამოკიდებული, ოჯახის შემოსავალი იხარჯებოდა ნარკოტიკულ ნივთიერებებში. 2018 წელს დაბრუნდნენ საქართველოში. გ--–---------ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას ემატებოდა მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა. აღნიშნულის გამო იგი (ა-----------ე) დაშორდა გ--–---------ეს. 2018 წლის 24 აგვისტოს, ქ-------–--–-------------------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნარკოტიკების მოხმარების გამო დაწყებული კონფლიქტის დროს გ--–---------ემ მას (ანა რ------ეს) მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, თუმცა დაუმალა ფიზიკური ძალადობის ფაქტი და მიუთითა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. საპატრულო პოლიციამ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის დეკემბერში გ--–---------ე წავიდა გერმანიაში, საიდანაც დაბრუნდა 2019 წლის იანვარში. 2019 წლის 16 იანვარს, გ--–---------ის მიმართ კვლავ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. ამის მიუხედავად, 2019 წლის 26 იანვარს, გ--–---------ე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მასთან (დაზარალებულთან) სახლში. იგი (ა-----------ე) შვილებთან - ლ---------------ესა და ნ------------ესთან ერთად შიგნიდან ძალით იჭერდა კარებს, რათა გ--–---------ე არ შემოსულიყო, თუმცა ამ უკანასკნელმა მათი წინააღმდეგობა დაძლია და შევიდა ბინაში. ურთიერთშელაპარაკების დროს, გ--–---------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მას (დაზარალებულს) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ძლიერად ჰკრა ხელი, შედეგად მან (ა-----------ემ) თავი მიარტყა კარებს და კედელს, დარტყმის სიძლიერის გამო დაეცა იატაკზე და ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ გ--–---------ემ მკერდის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი და ძალის გამოყენებით შეათრია სამზარეულოში, რა დროსაც მან (დაზარალებულმა) ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ--–---------ის ძალადობრივი ქმედებების გამო ბავშვები ძალიან შეშინდნენ, ნერვიულობდნენ და მამას სთხოვდნენ, რომ წასულიყო. გ--–---------ე გაიქცა სახლიდან, ხოლო მან (ა-----------ემ) დარეკა ,,112-ში“.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ლ---------------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 26 იანვარს, სახლში იმყოფებოდა დედასთან და და-ძმებთან ერთად, რა დროსაც სახლში მივიდა მთვრალი გ--–---------ე. იგი (ლ---------------ე) დედასთან და დასთან ნ------------ესთან ერთად იჭერდა კარებს, მამა რომ არ შემოსულიყო სახლში, თუმცა გ--–---------ე მაინც შევიდა და ბავშვების თანდასწრებით ა-----------ეს ხელი ჰკრა და წააქცია. ა-----------ემ თავი მიარტყა კედელს. მამა არის მოძალადე, ხშირად სცემდა დედას, ხოლო ბავშვებს აგდებდა ქუჩაში. ეს ფაქტები ძირითად ხდებოდა გერმანიაში. ლ---------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას ასევე გაიხსენა შემთხვევა, როდესაც გ--–---------ემ ა-----------ეს ყელზე დანა მიადო და ვიდეო გადაუღო.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა არასრუწლოვანმა ნ------------ემ, რომ 2019 წლის 26 იანვარს, სახლში იმყოფებოდა დედასთან და და-ძმებთან ერთად. სახლში მივიდა მამა - გ--–---------ე. იგი (ნ------------ე) დედასთან და ძმასთან - ლ---------------ესთან ერთად აწვებოდა კარებს, მამა რომ არ შესულიყო სახლში, თუმცა, წინააღმდეგობის მიუხედავად, გ--–---------ე მაინც შევიდა სახლში, მათი თანდასწრებით ა-----------ეს უყვირა, შემდეგ ხელი ჰკრა და წააქცია.
პაციენტ ა-----------ის №6-- სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ 2019 წლის 26 იანვარს, პოლიციის განყოფილებაში ა-----------ეს გაეწია სამედიცინო დახმარება. დაუდგინდა კლინიკური დიაგნოზი: თავის და მკერდის ზედაპირული ტრავმა. პაციენტის გადმოცემით, ქმარმა ნასვამ მდგომარეობაში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი უბიძგა, რის შედეგადაც თავი დაარტყა კედელს. აღნიშნულის გამო თავზე აღენიშნებოდა მცირე ზომის ჰემატომა. ასევე მარჯვენა მკერდზე აღენიშნებოდა სიწითლე და ექსკორიაციები და მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამოში ჰქონდა ტკივილის შეგრძნება.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ა-----------ეს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების და სისხლნაჟღენთების სახით. ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--–---------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა გ--–---------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს გ--–---------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისთვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, გ--–---------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ოჯახში ძალადობას, ჩადენილს არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. ამას გარდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის მითითებულია, რომ დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის კონტექსტში).
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს გ--–---------ის მიერ ჩადენილი ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან გ--–---------ეს ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ეს უკანასკნელი სახლში მიუვარდა ყოფილ მეუღლეს, ფიზიკური ძალის გამოყენებით დაძლია მცირეწლოვანი შვილებისა და მეუღლის წინააღმდეგობა, რომლებიც აწვებოდნენ შიგნიდან კარს და ცდილობდნენ არ შეეშვათ სახლში გ--–---------ე, შეუვარდა სახლში და ყოფილ მეუღლეს მიაყენა სხეულის მრავლობითი სახის დაზიანებები. ამ ყველაფერს შეესწრნენ მსჯავრდებულის მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც შეშინებულები ეხვეწებოდნენ მამას, წასულიყო სახლიდან. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზი ცხადჰყოფს, რაოდენ მყარი იყო მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ნება, ძალადობრივი ქმედებები განეხორციელებინა მეუღლის მიმართ. ამასთან, დადგენილია, რომ გ--–---------ეს ადრეც განუხორციელებია ძალადობრივი ქმდებები მეუღლის მიმართ. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ძალადობის მსხვერპლნი ასევე არიან ბავშვები, როგორც მათზე ძალადობის უშუალო, პირდაპირი მოქმედებით, ასევე არაპირდაპირი - დედაზე, ან ოჯახის სხვა წევრზე განხორციელებული ძალადობის მოწმედ ყოფნით, რაც მათში იწვევს შიშს, წარმოშობს დაუცველობისა და უკონტროლობის შეგრძნებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ--–---------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. გ--–---------ისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ გ--–---------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ--–---------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ--–---------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ გ--–---------ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ--–---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--–---------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--–---------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი გ--–---------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ--–---------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
გ--–---------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ--–---------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ გ--–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 იანვრიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ--–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე