განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
330210118002378317
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002378317

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

საქმე №2ბ/2226-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, მიხეილ გოგიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი _ შპს ”ტრ------ი”

წარმომადგენელი - ნა------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ სა---------–-----------–------------რო

წარმომადგენელი - ნი-----------–---–ი

 

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 30 მარტს სარჩელით მომართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მოპასუხე შპს ”ტრ------ის”-ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2017 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მიზნით შპს ,,ტრ------''-ს შოროს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N606, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა შემსყიდველისთვის საქონელი 30 დღის განმავლობაში 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით, რომლის საერთო ღირებულებაა 75528.26 ლარი. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიაწოდა ვადაგადაცილებით, 35 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო შეადგენს საქონლის ღირებულების 0,02%-ს, რაც საერთო ჯამში შეადგენს 4 945.60 ლარს. მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინებები პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით ანაზღაურების მიზნით, თუმცა პირგასამტეხლო არ აუნაზღაურებია.

 

აღნიშნულის საფუძველზე სა---------–-----------–------------რომ ითხოვა მოპასუხისთვის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში - 4945.60 ლარის (პირგასამტეხელოს სახით) დაკისრება.

 

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი სასამართლომ მიიღო განსახილველად და მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, რაც 2018 წლის 23 აპრილს ჩაიბარა შპს ,,ტრ------ი''-ს გაყიდვების მენეჯერმა მა----------–---–მა. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა (შესაბამისად 2018 წლის 03 მაისის ჩათვლით), მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი შპს ,,ტრ------ი''-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს ,,ტრ------ს'', საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 4945.60 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს ,,ტრ------ს'', სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ ჯამში - 198.36 ლარის გადახდა;

 

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას. სარჩელი და თანდართული საბუთები შპს ”ტრ------ის”-თვის ჩაბარებულად ჩაითვალა 2018 წლის 23 აპრილს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (2018 წლის 03 მაისის ჩათვლით), მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოვალის მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2018 წლის 08 ნოემბერს საჩივრით გაასაჩივრა შპს ”ტრ------ის” დირექტორმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და მათი განხილვის მიზნით დაინიშნა სხდომა 2019 წლის 18 თებერვალს.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელისა და თანდართული მასალების მიმღები პირი მა----------–---–ი არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს. მოპასუხისათვის უცნობი იყო მის წინააღმდეგ სასამართლოში არსებული სარჩელების თაობაზე. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მხარემ ითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განჩინებით მოპასუხე შპს "ტრ------ი"-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა შპს "ტრ------ი"-ს წარმომადგენლის მიერ.

 

8. შპს "ტრ------ი"-ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

8.1. აპელანტის განმარტებით, სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაბარდა საამისოდ არაუფლებამოსილ პირს, რომელმაც მასალა არ გადასცა ორგანიზაციის დირექტორს, თუმცა როგორც კი ცნობილი გახდა დავის არსებობის შესახებ, აპელანტს უყურადღებოდ არ დაუტოვებია საკითხი და სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციას დავის მიმართ გააჩნია იურიდიული ინტერესი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ დავაში პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დიდია და შესაგებლის წარმოუდგენლობით, პირდაპირ რეჟიმში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რათა მიეცეთ შესაძლებლობა წარადგინონ შესაგებელი, ასევე შესაძლებელია მორიგებაც. ამასთან, გასათვალისწინებელია ვადაგადაცილებით მოწინააღმდეგე მხარეს რა ზიანი მიადგა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

 

11. აპელანტის განმარტებით, სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაბარდა საამისოდ არაუფლებამოსილ პირს, რომელმაც მასალა არ გადასცა ორგანიზაციის დირექტორს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნებს იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები. კერძოდ, მოპასუხეს შეტყობინება სხდომის შესახებ გაეგზავნა მის იურიდიულ მისამართზე - თბილისი, ა. წე------–-------------, აღნიშნული მისამართი თავად მოპასუხის მიერაა მითითებული მოსარჩელესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში და ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (20/06/2018 წლის მდგომარეობით). საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი კომპანიის მისამართის სისწორე და ნამდვილობა. მხარის მითითება თითქოს უწყების მიღება მოხდა არაუფლებამოსილი პირის მიერ და შეტყობინება მხარეს არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საგულისხმოა რომ იგივე წესების დაცვით გაგზავნილი სასამართლო უწყება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ გაეგზავნა მოპასუხე შპს "ტრ------ს" მის მიერ საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, აკ-------–--–---–ის ქუჩა #2), რომელიც კვლავ ორგანიზაციის წარმომადგენელ მა----------–---–ს ჩაბარდა 22.01.2019 წელს. (ტ.1, ს.ფ.82) საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა მითითებული და შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე საპატიო გარემოება სარჩელისა და თანდართული მასალების არასათანადოდ ჩაბარების შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ როგორც სარჩელი, ისე სასამართლო უწყება (საჩივრის განხილვა) ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელს მა----------–---–ს (სასამართლო უწყება მა----------–---–ს ჩაბარდა როგორც ორგანიზაციის თანამშრომელს, სარჩელი და თანდართული მასალები მა----------–---–მა ჩაიბარა როგორც ,თანამშრომელმა).

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულია ორგანიზაციისათვის შეტყობინების ჩაბარების წესი. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების გაგზავნისას, როდესაც შეტყობინება უშუალოდ ორგანიზაციას ეგზავნება, შეტყობინება უნდა ჩაბარდეს: ა) კანცელარიას, ბ) ასეთი დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან პირს, გ) ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც შეტყობინებას ადრესატს გადასცემს, დ) მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. კანონით განსაზღვრული სუბიექტებიდან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების გადაცემას კანონი მის ნამდვილობას უკავშირებს, რასაც შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვება (სუსგ №ას-1072-992-2017)

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს და საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო პრეტენზია (შედავება) იმასთან დაკავშირებით, რომ გზავნილის მიმღები პირი იყო ორგანიზაციის გაყიდვების მენეჯერი, რომელიც, იბარებდა კომპანიაში შესულ კორესპონდეციას, თუმცა აღნიშნული კონვერტი მან არ გადასცა კომპანიის ხელმძღვანელობას. პალატა აღნიშნულ მოსაზრებას ვერ მიიჩნევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზეპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. დასახელებული ნორმის ანალიზით ჩანს, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩააბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან. (სუსგ ას-697-668-2016)

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მსჯელობა, რომ სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირი, მა----------–---–ი – არ წარმოადგენდა გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს, ვერ იქნება გაზიარებული, საჩივრის ავტორმა სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებით ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ პირი, რომელმაც ჩაიბარა გზავნილი, არ არის ამ ორგანიზაციის თანამშრომელი. (იხ. სუსგ საქმე ას-1007-968-2016) მით უფრო იმ პირობებში რომ საჩივრის ავტორის მიერ გზავნილზე ჩამბარებელი უფლებამოსილი პირის თაობაზე მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა მისთვის რელევანტური მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საფოსტო გზავნილის ჩამბარებელი წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს.

 

13. ის გარემოება, რომ გზავნილი არ იქნა გადაცემული კომპანიის დირექტორისთვის, არ წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება და ასეთი შეუსრულებლობის მიზეზი საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ის გარემოება, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. როგორც საქმის მასალებით დგინდება აღნიშნულს მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.

 

14. გარდა ამისა საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც განსახილველი დავისადმი იურიდიულ ინტერესს შეეხება, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ აპელანტმა თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა.

 

15. გარდა აღნიშნულისა, მოთხოვნის იურიდიული მართებულობის თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებულია. პალატა უპირველესად ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ სარჩელის იურიდიული საფუძვლიანობის გამორკვევა სამართლის საკითხს წარმოადგენს და მიუხედავად მხარის მოთხოვნისა, სასამართლო ყოველთვის ვალდებულია ამ კუთხით წარმართოს შესაბამისი კვლევა, თუმცა პალატა დამატებით მიუთითებს, რომ აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ:

 

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოვალის მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა.

 

გარდა აღნიშნულისა, სარჩელის თანახმად, მხარეთა შორის დადებული 10.10.2017 წლის #606 ხელშეკრულების 16.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრებოდა შემდეგი ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ, 16.1.1. პუნქტით, საქონლის მიუწოდებლობის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.02 % ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია რომ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400-ე, 417-ე მუხლების თანახმად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატა.

 

16. გარდა აღნიშნულისა პალატა მოიხმობს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას საქმეზე ას-373-373-2018, სადაც აღნიშნულია, რომ კასატორის იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო, დიდი პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილების მოხმობით დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნას ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე, ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს, რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

აღნიშნულის შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოსაზრება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებს მოთხოვნას, იურიდიულად დაუსაბუთებელია.

 

17. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ დიდ ოდენობად მიჩნევისა და იმ საკითხის გარკვევას თუ მოწინააღმდეგე მხარეს რა ზიანი მიადგა, აღნიშნულზე პალატა განმარტავს:

 

პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე №.ას 848-814-16, №ას-816-767-15, №ას-953-918). ას-708-678-2016.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. (სუსგას-1755-2018)

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ 35 დღის დაგვიანებით მიაწოდა საქონელი, დაკისრებილ პირგასამტეხლოს 0,02%-ის ოდენობით - 4945.60 ლარს, პალატა გონივრულად და თანაზომიერად მიიჩნევს.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

18. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს "ტრ------ი"-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

 

მიხეილ გოგიშვილი