განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
330210019002866644
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210019002866644

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2019 წ. ქ.თბილისი

საქმე №2ბ/4050-19

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - ნუ-------–------ძე, გი-----------ძე

წარმომადგენელი - გი------------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ლი------------ი”

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სს „ლი------------სა“ და ნუ-------–------ძეს (მსესხებელი) შორის 2017 წლის 28 თებერვალს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 5 000 ლარი, წლიური 38%, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა კრედიტის თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2. 2017 წლის 28 თებერვალს ბანკსა და გი-----------ძეს (თავდები) შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5150 ლარით.

 

3. სს „ლი------------ის“ მიერ N1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, გაცემული კრედიტის თანხები მსესხებელმა აითვისა.

 

4. მსესხებელმა ზედიზედ სულ მცირე ორჯერ დაარღვია საკრედიტო ვალდებულებებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი და 2017 წლის 12 სექტემბრის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია. 2019 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება სს „ლი------------ის “ მიმართ შეადგენს 8 056.90 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 679.44 ლარი, პროცენტი - 2 701.90 ლარი და ჯარიმა - 675.56 ლარი.

 

5. 2019 წლის 14 თებერვალსა და 18 თებერვალს მოპასუხეებს არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები ბანკისათვის ცნობილ მისამართზე და განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის. წერილები ნუ-------–------ძეს და გი-----------ძეს არ ჩაბარდა.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სარჩელით მიმართა სს „ლი------------მა“ და მოითხოვა ნუ-------–------ძესა და გი-----------ძეს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8 056.90 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 4 679.44 ლარი, პროცენტი - 2 701.90 ლარი და ჯარიმა - 675.56 ლარი.

 

7. სარჩელის საფუძვლები:

 

7.1. მოსარჩელის განმარტებით, სს „ლი------------სა“ და ნუ-------–------ძეს შორის 2017 წლის 28 თებერვალს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 5 000 ლარი, წლიური 38%, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე. 12.09.2017 წლიდან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაფარვა. მოპასუხის დავალიანება სს „ლი------------ის“ მიერ დაანგარიშებულია 2019 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი). საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გი-----------ძესთან გაფორმებული იქნა სოლიდარული თავდებობა. თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 5 150 ლარით. ბანკმა 2019 წელს მიმართ მოპასუხეებს 5 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველეყოთ გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა. მოპასუხეთა დავალიანება 2019 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 8 056.90 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 679.44 ლარი, პროცენტი - 2 701.90 ლარი და ჯარიმა - 675.56 ლარი.

 

8. მოპასუხის შესაგებელი:

 

8.1. მოპასუხეებმა ნუ-------–------ძემ და გი-----------ძემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელის მოთხოვნები და აღნიშნეს, რომ მოპასუხეებს არ აქვთ ჩაბარებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინებები და არ აქვთ განსაზღვრული დამატებითი ორკვირიანი ვადა. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვნოს მხოლოდ ის დავალიანება, რაც ამ მომენტისათვის გააჩნია მოპასუხეს მის მიმართ.

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,ლი------------ის" სარჩელი მოპასუხე ნუ-------–------ძის მიმართ დაკმაყოფილდა. სს ,,ლი------------ის" სარჩელი მოპასუხე გი-----------ძის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნუ-------–------ძეს და გი-----------ძეს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების 5150 ლარის გადახდა; ნუ-------–------ძეს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის" სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 2906,90 ლარის გადახდა; (იხ. გადაწყვეტილება)

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ნუ--------–--------მ და გი-----------ძემ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

10.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.5. პუნქტით დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინებები ბანკისთვის ცნობილ მისამართებზე და მხარეებს ისინი არ ჩაბარდათ, თუმცა საერთოდ არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ ბანკისთვის სხვა საკონტაქტო ინფორმაცია იყო ცნობილი. კანონი ავალდებულებს საკრედიტო დაწესებულებას, რომ შეატყობინოს მოვალეს იმ დროისათვის არსებული დავალიანების დაფარვის შესახებ და მისცეს მას ორკვირიანი დამატებითი ვადა. გარდა ამისა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 11 პუნქტი დეტალურად განიხილავს იმ პირობებს, თუ როგორ უნდა ჩაბარდეთ მხარეებს შეტყობინებები, რა ითვლება ჩაბარებად და ა.შ. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ბანკის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა პასუხობდა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მოთხოვნებს. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნუ-------–------ძე უარს აცხადებდა დავალიანების გადახდაზე. მოპასუხე მხარეები დაობენ ბანკის მხრიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს, რაც ასევე წინააღმდეგობაშია სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლთან.

 

10.2. აპელანტების განმარტებით, ბანკის მხრიდან მსესხებლისათვის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით გაფრთხილებისა და ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის განსაზღვრის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. საქმეში არ მოიპოვება შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც ბანკის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებულ ნების გამოვლენად არ ჩაითვლება. ბანკმა მოვალეს გაფრთხილების წერილები გაუგზავნა 14.02.2019 და 19.02.2019-ში, ხოლო სარჩელი შეტანილია 20.02.2019-ში, რაც მოვალე მხარეს არათუ კანონით დადგენილ ორკირიან ვადას არ აძლევდა, არამედ მათივე გაფრთხილების წერილში გაცემული 5 დღიანი ვადაც კი უსრულდება ბოლო წერილის გაგზავნიდან სარჩელის სასამართლოში შეტანამდე.

10.3. აპელანტების განმარტებით, მოპასუხეები არ აცხადებენ უარს დავალიანების დაფარვაზე, დავა წარმოშვა ბანკის მხრიდან მოპასუხეების ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტმა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მხარეები უარს აცხადებენ დავალიანების გადახდაზე. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევები მოითხოვს მოსარჩელე მხარის მხრიდან დადასტურებას და მტკიცებულების წარმოდგენას. განსახილველ შემთხვევაში, არათუ რაიმე სახის მტკიცებულების წარმოდგენას არ ჰქონია ადგილი, არამედ მოსარჩელე მხარე არც სარჩელში და არც სასამართლო პროცესზე არ აპელირებდა 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით ხელშეკრულების შეწყვეტაზე. ამის საპირისპიროდ, ბანკმა მოვალეს გაიგზავნა გაფრთხილებები მისამართზე, რაც უკვე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე არ მიიჩნევდა, რომ დამატებითი ვადის გამოყენებას შედეგი არ მოჰყვებოდა. სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მივიდა ამგვარ დასკვნამდე, რაც ასევე არ შეესაბამება მოსარჩელის მოთხოვნას და ნებას. სასამართლოს მიერ მითითებული ნორმა არის ზოგადი ხასიათის ნორმა, რომელიც ვრცელდება მოვალის მიერ დავალიანების დარღვევას იმ შემთხვევაში, თუ კანონი კონკრეტული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად არ ითვალისწინებს რაიმე სპეციალურ წესს, სწორედ ისეთს როგორიცაა 873-ე მუხლი. ამდენად, სახეზეა დამატებითი ვადის დაწესების, როგორც უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნის, ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორის მიერ, რაც კრედიტორს ართმევდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის, არსებული დავალიანებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას.

სამოტივაციო ნაწილი

 

11. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

12. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტი) და სასამართლოს დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

13. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი /საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით/,სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილი /მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი/, 873-ე მუხლი /კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა./ 417-ე მუხლი /პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის/

 

14. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების განმარტებას იმის თაობაზე, რომ სახეზეა დამატებითი ვადის დაწესების, როგორც უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნის, ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორის მიერ, რაც კრედიტორს ართმევდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის, არსებული დავალიანებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მოიხმოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებას საქმეზე ას-145-135-2015, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით განსაზღვრულ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას, რომლის დაბრუნებაც გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, როგორც სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობა, მოწესრიგებულია სპეციალური ნორმებით, ამ ნორმათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია, რომ კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული.

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება, სს „ლი------------სა“ და ნუ-------–------ძეს (მსესხებელი) შორის 2017 წლის 28 თებერვალს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 5 000 ლარი, წლიური 38%, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა კრედიტის თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი. მსესხებელს ძირითადი თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების თანდართული გარფიკის შესაბამისად, რომელიც ხელშეკრულების 5.1. პუქნტის თანახმად წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სს „ლი------------ის“ მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 12.09.17-დან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაფარვა.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მსესხებელმა ზედიზედ სულ მცირე ორჯერ დაარღვია საკრედიტო ვალდებულებებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი და 2017 წლის 12 სექტემბრის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია. 2019 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება სს „ლი------------ის “ მიმართ შეადგენს 8 056.90 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 679.44 ლარი, პროცენტი - 2 701.90 ლარი და ჯარიმა - 675.56 ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. განსახილველი მუხლი ეხება საბანკო-საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას კრედიტის არა მიმღების, არამედ გამცემის მიერ. ეს შესაძლებელია კანონიერი საფუძვლის არსებობისას. ასეთ საფუძვლად კი მიჩნეულია კრედიტის ამღების მხრივ კრედიტის ნაწილის, სულ ცოტა, ორი ვადით გადახდის გადაცილება მაშინ, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნება განსაზღვრულ ვადაში. დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტის გამცემს უფლება აქვს მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი კრედიტის ამღები ზედიზედ ორჯერ არ შეასრულებს კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნების ვალდებულებას. ხელშეკრულების დადების უფლება, ისევე როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, თავისუფალი კონტრაგირების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი თავად წყვეტს, მიუხედავად კონტრაგენტის მიერ ვალდებულებების დარღვევისა, დარჩეს ხელშეკრულებაში, თუ შეწყვიტოს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობა. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებას და არა მის ვალდებულებას. ხელშეკრულება შესრულების ზედიზედ ორჯერ ვადის გადაცილებით ავტომატურად არ წყდება. მხარეებმა უნდა გამოხატონ ნება ხელშეკრულების შეწყვეტაზე. კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი წარმოადგენს კრედიტორის უფლებას და არა ვალდებულებას, და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული.

 

ამდენად, აპელანტების მიერ მითითებული გარემოება, რომ საქმეში არ მოიპოვება შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება და ბანკის მხრიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი რაც წინააღმდეგობაშია სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლთან, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

15. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნუ--------–-------ის და გი-----------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი