განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003138637
საქმე N1ბ/1601-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანმა
მსჯავრდებულ ი---- ს-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ----- კ-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ი---- ს-----------ის (დაბადებულის 1----–-–---------–---------------------------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ----------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–--------------------------ში) მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მაისის და 2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი---- ს-----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი). მან ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ი---- ს-----------ემ ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ი---- ს-----------ეს თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლესთან ე---------–---–თან ხშირად ჰქონდა კონფლიქტი. 2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ---–--–--------------------ში, ი---- ს-----------ე საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში, გაღიზიანებული, მეუღლეს - ე---------–---–ს ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში. ძალადობის შედეგად ე---------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ---–--–--------------------ში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ი---- ს-----------ე მეუღლეს ე---------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, განხორციელებული მუქარა ე---------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 00:10 საათზე, თ---–--–--------------------ში ი---- ს-----------ემ ე---------–---–ს ძლიერად დაარტყა ხელი ფეხის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენით ი---- ს-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
ი---- ს-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
ი---- ს-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) სრულად შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი---- ს-----------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019წლის 30 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი---- ს-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----- კ-----ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას ი---- ს-----------ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. კერძოდ, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირებას, შემდეგ გარემოებათა გამო: 2019 წლის 6 აგვისტოს დაზარალებულმა ე---------–---–მა გააკეთა ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, სადაც აცხადებს, რომ შეურიგდა ი---- ს-----------ეს და ითხოვა მის მიმართ კანონით გათვლასიწნებული ყველაზე მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, რაც არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ. ი---- ს-----------ემ აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალი, არ გახადა სადავოდ მტკიცებულებები, ხელი შეუწო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის შემდგომ, ე---------–---–ი და მსჯავრდებულის დედა-მ---- ს-----------ე შემოვიდნენ სასამართლოს სხდომის დარბაზში. მათ გარეთ ელოდებოდათ ი---- ს-----------ის შვილი, 5 წლის აუტიზმის სინდრომით დავადებული გ------- ს-----------ე. დაზარალებულის ქცევა მოწმობს, რომ მისი თხოვნა გულწრფელი იყო სასამართლოს წინაშე. ი---- ს-----------ე არის 31 წლის, არ არის ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი. აპელანტს მიაჩნია, რომ ი---- ს-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, ადეკვატური, სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს შემამსუბუქებელ გარემოებად მხოლოდ ბრალდებულის აღიარება გაითვალისწინა და არ გაითვალისწინა ისეთი გარემოებები, როგორიცაა დაზარალებულთან შერიგება, დაზარალებულის თხოვნა მსუბუქ სასჯელთან მიმართებაში, ოჯახური მდგომარეობა (ი---- ს-----------ეს ჰყავს 5 წლის აუტიზმის სინდრომით დავადებული ბავშვი) და მსჯავრდებულის პიროვნული მახასითებლები.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი---- ს-----------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ი---- ს-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ----- კ-----ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ი---- ს-----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი---- ს-----------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: დაზარალებულ ე---------–---–ის, მოწმეების - გი-------------–---–------------------------------------------------------–---------–---–ის გამოკითხვის ოქმების, შემაკავებელ ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი---- ს-----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი). მან ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მან ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) .
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. ასევე, იმ გარემოებას, რომ ი---- ს-----------ემ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოადგენს დამაძიმებელ გარემობას.
საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით სასჯელის დანიშვნისას ი---- ს-----------ის მიმართ დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი.
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.
სააპელაციო პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ი---- ს-----------ის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და მუქარას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, კერძოდ, დაზარალებულ ე---------–---–ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ არ გახდა სადავოდ) დადგინდა, რომ იგი 2012 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა ი---- ს-----------ესთან. ქორწინებიდან რამდენიმე კვირაში ი---- ს-----------ემ გამოავლინა აგრესიული ხასიათი, სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და ე---------–---–ს უსაფუძვლოდ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ი---- ს-----------ის ძალადობის ქვეშ იცხოვრა დაახლოებით 4 წელი, ისე რომ მომხდარი ფაქტების შესახებ არავისთვის მოუყოლია. მეუღლესთან გაუსაძლისი ცხოვრების გამო ე. ს-----–---–მა მიიღო დაშორების გადაწყვეტილება (ოფიციალურად განქორწინებული არ არის) და საცხოვრებლად გადავიდა თ---–--–--------------------ში, სადაც ყოველდღე შვილის ნახვის საბაბით მიდიოდა ი.ს-----------ე და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2019 წლის 9 მაისს, საღამოს, თ---–--–--------------------ში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი.ს-----------ემ ე. ს-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ძლიერად გაარტყა ხელი სახის არეში. დარტყმისგან დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,...ი---- ნასვამი მოვიდა სახლში..., ჩხუბის საბაბს ეძებდა და პასუხი არ გამიცია მისთვის..., უცებ აფეთქდა, დამიწყო უწმაწური სიტყვებით გინება, მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, იგი უეცრად მომმვარდა და სახეში ძლიერად გამარტყა ხელი..., მე და დედამისი ორივენი ჩუმად ვიჯექით, რადგან ადგომის უფლებაც არ გვქონდა, რომ ავმდგარიყავი, იგი აუცილებლად გააგრძელებდა ჩემს ცემას“. როგორც თანაცხოვრების, ისე თანაცხოვრების შემდეგ ი.ს-----------ე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თან ეუბნებოდა, რომ მის სისხლში ხელს არ გაისვრიდა და ე. ს-----–---–ს უბიძგებდა თვითმკვლელობისკენ. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,..მიბიძგებდა თვითმკვლელობისკენ, მეუბნება, რომ თავი უნდა მოვიკლა და მხოლოდ თვითმკვლელობით გავთავისუფლდები მისგან“. 2019 წლის 9 მაისს, ღამის საათებში, ი.ს-----------ე ნასვამი დაბრუნდა სახლში თ---------------ში, უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ე---------–---–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ნასვამ მდგომარეობაში ი---- ს-----------ე არაადეკვატურია, თავს ვერ აკონტროლებს. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან ,,ვცხოვრობ მუდმივი შიშს ქვეშ, რომ არ შეასრულოს და არ მომკლას, მისი მუქარა რეალურია, რადგან ნასვამ მდგომარეობაში შეიძლება მართლაც მომისპოს სიცოცხლე...’’ 2019 წლის 30 ივნისს, გვიან ღამით, დაახლოებით 00:10 საათზე, გააღვიძა მარჯვენა ფეხზე დარტყმის შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა ტკივილმა. გაღვიძებისთანავე ი.ს-----------ემ თავში ესროლა ბავშვის სათამაშო. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,დაახლოებით 22:00 საათზე დავწექი დასაძინებლად..., უეცრად მარჯვენა ფეხზე ვიგრძენი ძლიერი დარტყმა და ტკივილი, რამაც გამაღვიძა და დავინახე ჩემი მეუღლე, რომელიც თავზე მედგა და გაღვიძებისთანავე მან თავში მესროლა ბავშვის სათამაშო, მე გაოგნებული ვიყავი რადგან არ ვიცოდი, თუ რას მერჩოდა ი----, იგი მეუბნებოდა ,,აეგდეო’’ მე ავდექი მის ბრძანებაზე“.
ამ ფონზე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, რომლის თანახმად იგი შეურიგრდა და პრეტენზია არ გააჩნია ი.ს-----------ის მიმართ, სახელმწიფოს ვალდებულებაა იმოქმედოს მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსხვერპლის პოზიციის მიღმა არსებული მოტივების მიუხედავად.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, მანამ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან თავდაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობა, შეცოდება, ნათესავების მხრიდან ზეწოლა, მოძალადიდან მომდინარე შიში და სხვა. ძალადობის მსხვერპლები ზოგჯერ ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის საჯაროდ და გაბედულად დაფიქსირებას, რის შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე განიცდიან, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის უსაფრთხოებას კი ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხეც, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთის მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორეს მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში ,,OPUZ V. TURKEY „- ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მხრიდან ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეულ იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მსგავსი ტიპის დანაშაულებში, კერძოდ, საქმეზე „ცივეკი თურქეთის წინააღმდეგ“ (Civek v. Turkey, განაცხადი №55354/11, 23/02/2016), რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს განმცხადებლის ქმარი, თუმცა სასამართლოს ბრძანებით მას დაევალა თავი შეეკავებინა მეუღლის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივი ან მუქარის შემცველი ქმედებისაგან, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცივეკი მოკლა მისმა ქმარმა. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოძალადე მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფომ არ მიიღო ზომები აღნიშნული მკვლელობის თავიდან ასარიდებლად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ იცოდა აშკარა და სერიოზული საფრთხის წინაშე ცივეკის ყოფნის შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ“ (Halime Kilic v. Turkey, განაცხადი №63034/11, 28/06/2016), რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის შვილმა მისი მეუღლის წინააღმდეგ რამდენიმე დამცავი ორდერი აიღო, თუმცა სახელმწიფომ აღნიშნული ორდერების დარღვევისათვის არ დასაჯა ის პირი და შედეგად მან თავისი მეუღლე მოკლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების დარღვევა და დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მომჩივნის ქალიშვილი ქმრის ძალადობრივი ქმედებების პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. სასამართლოს შეფასებით, განმეორებით ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე თვალის დახუჭვით, ეროვნულმა ხელისუფლებამ შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ოჯახში ძალადობას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით (ოჯახური) ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. მართალია, ი---- ს-----------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასმართლომ მსჯავრდებულ ი---- ს-----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა როგორც დამამძიმებელი, ასვე შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ი---- ს-----------ის აღიარება, გულწრფელი მონანიება და მისი ოჯახური მდგომარეობა. ის, გარემოება, რომ ი---- ს-----------ე წარსულში არ არის ნასამართლევი ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენისათვის მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: უდავო მტკიცებულებით - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ უკანასკნელი ეპიზოდის ჩადენამდე მსჯავრდებული არაერთხელ ძალადობდა მსხვერპლზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა, თუმცა ყველა ეს დანაშაულებრივი ფაქტი რჩებოდა ლატენტური, რაც იწვევდა დამნაშავე პირის დაუსჯელობის განცდას და დროის მცირე პერიოდში ახალი განზრახი ეპიზოდების ჩადენას.
მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებაზე, კერძოდ, დანაშაულის მოტივზე (ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის, მეუღლის მიმართ), ქმედების ინტენსივობაზე და ხასიათზე, ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა მრავალჯერადი ხასიათი, რასაც ადასტურებს უდავო მტკიცებულება, მსხვერპლის გამოკითხვის ოქმი, ჩადენილია დანაშაულის 3 ეპიზოდი დროის მცირე მონაკვეთში, მოძალადის დამოკიდებულება ალკოჰოლზე, არაფხიზელი მდგომარეობა ხდება მსხვერპლზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის დამუქარის ჩადენის მაპროვოცირებელი ფაქტორი, ძალადობის სახიფათო ხერხი - 2019 წლის 30 ივნისს, ი---- ს-----------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მძინარე პირზე, ი---- ს-----------ის განზრახვა, მსხვერპლს ოჯახში შეუქმნას ისეთი პირობები, რომ აიძულოს იგი მიიღოს თვითმკვლელობის გადაწყვეტილება წარმოადგენს მეტად სახიფათო და ყურადსაღებ მოვლენას, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ი---- ს-----------ის ქმედებები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს, მიუთითებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ი---- ს-----------ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ი---- ს-----------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ ი---- ს-----------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ამასთან, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენი ი---- ს-----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი---- ს-----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი---- ს-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ----- კ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ი---- ს-----------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
ი---- ს-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი---- ს-----------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ ი---- ს-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 ივნისიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ი---- ს-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი