განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020142219700095606
საქმე №1/აგ-78-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ი-----–--------–ის (დაბადებული: 1----–-–------------–ს, პირადი № 3----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ქ----------------------------) შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, ბრალდებული ი-----–--------–ი, ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი-----–--------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. ი-----–--------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. ი-----–--------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 23 დეკემბრიდან და შესახლებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 03 ივნისიდან - 2014 წლის 09 ივნისის ჩათვლით. დადგინდა, რომ ნივთიერი მტკიცებულება - 2014 წლის 03 ივნისს, ი-----–--------–ის სხეულის დათვალიერების შედეგად ამოღებული 01 (ერთ) ცალ ხვიაში მოთავსებული 04 (ოთხი) ცალი ტაბლეტი და ტაბლეტის მრავლობითი ნატეხები, საერთო წონით - 2.093 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს წონით - 0.04 გრამის ოდენობით და ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენით, ბრალდებული ი-----–--------–ი, ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგანაც მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინისა“ და ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“(მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 03 (სამი) წლით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 7(შვიდი) წლიდან, 8(რვა) თვიდან და 28(ოცდარვა) დღიდან, 6 (ექვსი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, ი-----–--------–ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. მასვე, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 03 (სამი) წლით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მსჯავრდებულ ი-----–--------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 20 მარტიდან - განაჩენის გამოტანის დღიდან. გაუქმდა ი-----–--------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ი-----–--------–მა, რომელიც ითხოვს გადაისინჯოს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა შუამდგომლობის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი შეიცავს იმ გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა გადაისინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს უნდა წარედგინოს ისეთი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც სამართალწარმოების განხორციელებისა და განაჩენის გამოტანისას არ იყო ცნობილი, ასევე, მხარემ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო სამართალწარმოების დროს ამ მტკიცებულების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ ი-----–--------–ს შუამდგომლობაში არ მიუთითებია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, ი-----–--------–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ”ბუპრენორფინის” უკანონოდ შეძენა-შენახვა, საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ”ბუპრენორფინის” უკანონოდ შემოტანა, ანუ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ზემოაღნიშნული განაჩენის გამოტანის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, შესაბამისად, დანაშაული მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 08 ივლისის კანონით შესული ცვლილებით, რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 31 ივლისს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე. შესაბამისად, შეიცვალა აღნიშნული დანაშაულის კატეგორია და ქმედება განეკუთვნება მძიმე კატეგორიათა დანაშაულს, რითაც შემსუბუქდა მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–--------–ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შესაბამისობაში უნდა მოვიდეს უფრო მსუბუქ, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის რედაქციასთან.
მსჯავრდებულ ი-----–--------–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ზომა უნდა შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი ზომის მაქსიმუმს. მსჯავრდებულ ი-----–--------–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, ამავე მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სანქციის ფარგლებშია.
ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 01 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადაოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენის და შენახვის გამო.
ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება მსჯავრდებულ ი-----–--------–ის მიერ ჩადენილ ამ ქმედებათა მიმართ, ვინაიდან, იგი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის, (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი); საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ უკანონოდ შემოტანისათვის (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლში რაიმე სახის ცვლილება, რაც მსჯავრდებულის პასუხისმგებლობას გააუმჯობესებდა, არ შესულა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენით, ი-----–--------–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალების - „ბუპრენორფინისა“ და „მარიხუანას“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია მარიხუანას მოხმარების სისხლის სამართლის წესით დასჯადობა და აღნიშნა, რომ მარიხუანის განმეორებითი მოხმარება არ ქმნის ისეთ საზოგადოებრივ საფრთხეებს, რომელთა დასაცავადაც პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა გამართლდებოდა, შესაბამისად, შეუსაბამოა პირისთვის კრიმინალის სტატუსის მინიჭება ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ პირის ჯანმრთელობას შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს და არ ქმნის სხვათა უფლებების დარღვევის მომეტებულ საფრთხეს.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, იმსჯელა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება მსჯავრდებულ ი-----–--------–ის მიმართ, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, იგი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია არა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა), არამედ, ერთად, ნარკოტიკული საშუალებების - ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) და ,,ბუპრენორფინის“- ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, აღნიშნული ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ (საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენებში შეტანილ უნდა იქნას ცვლილება იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ი-----–--------–ის ქმედება, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისის შემდეგ მოქმედი რედაქცია), სხვა ნაწილში (მათ შორის, სასჯელის ნაწილში) განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მსჯავრდებულ ი-----–--------–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენებში შეტანილ იქნას ცვლილება:
3.მსჯავრდებულ ი-----–--------–ის ქმედება, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისის შემდეგ მოქმედი რედაქცია).
4.დანარჩენ ნაწილში, მათ შორის სასჯელის ნაწილში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენი, ი-----–--------–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ.სვანიძე/