განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2019
საქმის ნომერი
330210117002170644
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210117002170644

საქმე №2ბ/7914-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე – ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - შპს ,,ს-----------------–-------------------–--ი“

წარმომადგენლები - ნ---- გ--------ე

 

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს ,,გ----------------ია“

წარმომადგენელი - გ------- გ-----, დ----- ხ---–---ია

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე შპს ,,გ----------------იამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს ,,ს-----------------–-------------------–--ის“ მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე, შპს ,,ს-----------------–-------------------–--ი“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელე, შპს ,,გ----------------იის“ საკუთრებაში არსებული 1515 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ე----ი მ----–--ის ქ. N9ა (ს.კ.0---------------) და ის თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს; მოპაუსხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის სახით დაეკისროს ზიანის ანაზრაურება, რაც სარჩელის შეტანის დროისათვის შეადგენს 149530.5 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში), ხოლო სარჩელის შეტანიდან ყოველთვიურად 2136.15 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის მიტაცებას მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ამ ნაკვეთზე სამუშაოები განხორციელდა 5 წლის წინ, რაზედაც არსებობდა წინა მესაკუთრეების თანხმობა, ამიტომ მოსარჩელეს დღემდე არ გაუპროტესტებია ეს ფაქტი. შესაბამისად, ამით დასტურდება, რომ სადავო ნაკვეთზე სამუშაოები წარმოებდა მხარეთა შეთანხმებით.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე, შპს ,,ს-----------------–-------------------–--ის“ (ს.ნ.2--------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელე, შპს ,,გ----------------იის“ (ს.ნ. 2--------) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისი, ე----ი მ----–--ის ქ. N9ა-ში მდებარე 1515 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ.0---------------) (მოპასუხის საკუთრებაში არსებული ამავე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ.0---------------) მომიჯნავედ) და ის თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე, შპს ,,გ----------------იას“ (ს.ნ. 2--------). მოპასუხე, შპს ,,,ს-----------------–-------------------–--ს“ (ს.ნ.2--------) მოსარჩელე, შპს ,,გ----------------იის“ (ს.ნ. 2--------) სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის სახით, დაეკისრა 149 530.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბრიდან ყოველთვიურად 2136.15 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე. გადაწყვეტილება, სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ნაწილში, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,ს-----------------–-------------------–--მა “სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

5. სააპელაციო საჩვარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:

 

5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებას და მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

5.2. აპელანტმა ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

 

აპელანტი განმარტავს რომ თბილისი საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვისას უხეშად დაარღვია სამოქალაქო კოდექსი და მისი ფუნდამენტური პრინციპები - მხარეთა შეჯობრებითობი და თანასწორობის პრინციპი, ვინაიდან, სარჩელის შეტანისთვის მოსარჩელეს გააჩნია წლები, აღნიშნულიდან გამომდინარე, 10 დღე მოპასუხის პოზიციების სათანადოდ ჩამოყალიბებისთვის და თავდაცვის ყველაზე საუკეთესო სტრატეგიის შესარჩევად არის არაგონივრული. სასამართლომ ასევე, არ დააკმაყლფილდა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე და არავითარი საშუალება არ დაუტოვა მოპასუხეს თავის დაცვისთვის.

 

5.3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ აპელანტს არ ჰქონდა სადავო ქონების ფლობის უფლება და ადგილი არ ჰქონია მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების და მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ს-----------------–-------------------–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, განსახილველ შემთხვევაში უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

7. სადავო სამართალურთიერთობა ეხება მესაკუთრის პრეტენზიას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის აღიარებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად კუმულაციურად, სამი წინაპირობა უნდა არსებობდეს: მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე უნდა იყოს, მოპასუხე სადავო ქონებას უნდა ფლობდეს და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე ას-707-677-2016). იმ შემთხვევაში თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა სარჩელი საფუძვლიანია, შესაბამისად, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დასახელებული ელემენტების ცალ-ცალკე გამოკვლევას.

 

8. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ჩანაწერით დასტურდება. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია არსებობს, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე მათი უზუსტობა არ დამტკიცდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრში მოსარჩელე შპს ,,გ----------------იის“ საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული.

 

მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ არის და აღნიშნულ ეტაპზე, ამ მიმართებით, არც ადმინისტრაციული, თუ სხვა სახის წარმოება მიმდინარეობს, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია შედავებული არ არის.

 

9. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს ,,გ----------------იას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ქ. თბილისი, ე----ი მ----–--ის ქ. N9ა-ში მდებარე 1515 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ.0---------------) (მოპასუხის საკუთრებაში არსებული ამავე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ.0---------------) მომიჯნავედ) აპელანტს - შპს ,,ს-----------------–-------------------–--ს“ არამართლზომიერად აქვს დაკავებული. მოპასუხეს წარდგენილ შესაგებელში სადავო ქონების ფლობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება უფლების ბოროტად გამოყენებას არ წარმოადგენს. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ამ ნივთის ფლობის უფლება ჰქონდა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საჭირო სამი წინაპირობიდან ორი, კერძოდ, მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა აპელანტი კი მის უძრავ ქონებას ფლობს, გადადის მესამე ელემენტის დადგენაზე და გამოიკვლევს აპელანტ მხარეს გააჩნდა თუ არა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება და არც მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება მოპასუხესთან მიმართებაში შეზღუდულიყო. ამასთან, არც უფლებრივი შებოჭვისთვის აუცილებელი კანონისმიერი საფუძველია სახეზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, გარემოებას მასზედ, რომ აპელანტი უძრავ ქონებას მართლზომიერი საფუძვლის გარეშე ფლობს.

 

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს დასაბუთებულ პრეტენზიას წაუყენებს. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, დადგინდა, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, სადავო ქონების მისთვის გადაცემა მოეთხოვა.

 

11. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

 

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.

 

12. საქართველოს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ამონაწერი წარადგინა, რომლითაც მისი საკუთრების უფლებაა გარანტირებული. რაც შეეხება მესამე ელემენტს - ნივთის ფლობას, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის მისი ფლობის ნამდვილი უფლების დადასტურება (მართლზომიერი მფლობელი, მესაკუთრე). საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ უფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლები), თავისუფლად წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, მისი პოზიციის მართებულობას ადასტურებენ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინება საქმეზე ას-453-435-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მას მართლზომიერად ჰქონდა დაკავებული.

 

სააპელაციო საჩივარში მოპასუხე მხარემ ქონების მართლზომიერად ფლობის სამტკიცებლად სადავოდ გახადა ის რომ მოსარჩელეს არასდროს გამოუხატავს პრეტენზია მოპასუხის მიერ სადავო ქონები ფლობას, სარგებლობასა და მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით. სასამართლო მიუთითებს, რომ მითითებულ საფუძველს განსახილველი დავის ფარგლებში სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რადგან მისი გაზიარების შემთხვევაშიც კი, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრშია აღრიცხული, მოპასუხის მიერ სადავო ქონების ფლობას მართლზომიერს ვერ გახდის. სააპელაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების სამივე საფუძველი სახეზეა და საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უძრავი ქონების მესაკუთრის სახელზე აღრიცხვის წინაპირობები და საფუძვლები გამოიკვლიოს, შესაბამისად, მხარის მიერ წარდგენილი ამგვარი შესაგებელი კვალიფიციურ შედავებად ვერ იქნება მიჩნეული.

 

13. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნა, რომ აპელანტი კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს და სადავოდ არ გაუხდია, რომ ამ ქონებას იყენებს საკუთარი ეკონომიკური ინტერსებისათვის. ასევე, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ქირავნობის სარჩელში მითითებული საბაზრო ფასი - ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ თვეში 1.41 აშშ დოლარი, რაც სარჩელის შეტანამდე შეადგენს 149 530.5 აშშ დოლარს, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბრიდან ყოველთვიურად 2136.15 აშშ დოლარს. ზემოაღნიშNულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შპს ,,ს-----------------–-------------------–--ს“ შპს ,,გ----------------იის“ სასარგებლოდ, მართებულად დაეკისრა, მიყენებული ზიანის სახით, 149 530.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო 2017 წლის 13 ნოემბრიდან ყოველთვიურად 2136.15 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულებამდე, (სსკ-ს 982-ე მუხლის შესაბამისად).

 

14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 7000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,ს-----------------–-------------------–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები ოთარ სიჭინავა

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი