განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2019
საქმის ნომერი
010100118002666501
ინსტანცია
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100118002666501

საქმე №1/ბ-441-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

ვერა დოლიძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - გ--–- თ----ის

ადვოკატის - ნ-------- გ-----–--ის

მსჯავრდებულის - ი---–-- ტ-–------ს

 

თარჯიმნის - ტ------- ა---–---ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი---–-- ა-–----------ს ასული ტ-–------ს მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, ზ----------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, 2------------------------------------;

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი---–-- ტ-–------მ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ასევე აშკარა უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 02:40 საათზე, ქ. ბათუმში, თამარ მეფის გამზირისა და თბილისის ქუჩების კვეთაში, ი---–-- ტ-–------ მოძრაობდა მის მფლობელობაში არსებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით T--------, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დ----- შ-------–---–ისა და ნ------ შ-----–-ას მიერ პატრულირებისას გადამოწმების მიზნით იქნა შეჩერებული. პატრულ-ინსპექტორმა დ----- შ-------–---–მა სპეციალური ალკოტესტით შეამოწმა ი---–-- ტ-–------, რომელსაც დაუდგინდა ალკოჰოლის მოხმარების ფაქტი, რის შემდეგაც განუმარტა, რომ მის მიმართ შედგენილი იქნებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შედეგად ექვსი თვით შეუჩერდებოდა ავტომანქანის მართვის უფლება.

 

აღნიშნულით განაწყენებული ი---–-- ტ-–------ პოლიციის მუშაკების მიმართ მათი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის, ასევე აშკარა უკანონო ქმედებისთვის მათი იძულების მიზნით, მივიდა პატრულ-ინსპექტორ დ----- შ-------–---–თან, რომელსაც მოსთხოვა შეეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა. ხოლო დ----- შ-------–---–ის თანმხლები პოლიციელის ნ------ შ-----–-ას წინაშე იგივე მოთხოვნით მოახდინა დანის დემონსტრირება. ამდენად, ძალადობის მუქარით შეეცადა იძულებული გაეხადა პოლიციელები შეეწყვიტათ თავისი საქმიანობა, ჩაედინათ უკანონო ქმედება - არ დაეწერათ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისად, არ მოეხდინათ რეაგირება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის განაჩენით ი---–-- ტ-–------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორი გ--–- თ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის განაჩენში, ი---–-- ტ-–------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა და სრულყოფილად გამოიკვლია ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა, რომ ი---–-- ტ-–------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას.

 

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორს გ--–- თ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

მსჯავრდებულს ი---–-- ტ-–------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ-------- გ-----–--ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი---–-- ტ-–------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნ------ შ-----–-ას ჩვენებით ირკვევა, რომ არის შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და 2018 წლის აგვისტოს თვეში სამსახურებრივი მივლინებით უფლებამოსილებას ახორციელებდა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. პატრულ-ინსპექტორ დ----- შ-------–---–თან ერთად 27 აგვისტოს ღამეს პატრულირებდა სამოქმედო ტერიტორიაზე. დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე, ბათუმის შემოსასვლელთან გადამოწმების მიზნით გააჩერეს "მერსედესის" მარკის ავტომანქანა. შ-------–---–ი გადავიდა მანქანიდან, თან წაიღო სიმთვრალეზე შესამოსაწმებელი ტესტი, თვითონ კი დარჩა ავტომანქანაში მძღოლის გვერდით სავარძელზე. ცოტა ხანში უკან დაბრუნებულმა შ-------–---–მა განუცხადა, რომ გაჩერებული ავტომანქანის მძღოლი ქალბატონი ძალიან ნასვამი იყო, გადასცა მისი უკრაინული მართვის მოწმობა და საქართველოში ბინადრობის მოწმობა, რათა გადაემოწმებინა მონაცემთა ბაზაში, ხომ არ ფიქსირდებოდა მძღოლზე - ი---–-- ტ-–------ზე სხვა რაიმე დარღვევა. ასეთი ინფორმაცია ბაზაში დაფიქსირებული არ ყოფილა, რის შემდეგაც შ-------–---–მა მანქანის წინა ძარაზე, ე.წ. "კაპოტზე" დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ამ დროს ი. ტ-–------ გადმოვიდა თავისი მანქანიდან, მივიდა შ-------–---–თან და მოსთხოვა შეეწყვიტა ოქმის შედგენა, წინააღმდეგ შემთხვევში კი დაემუქრა - მოგკლავო. მოთხოვნაზე უარის შემდეგ, შ-----–-ასთან მივიდა, რომელიც ასევე გადასული იყო მანქანიდან და სიგარეტს ეწეოდა. დაიწყო ლაპარაკი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, თუმცა შ-----–-ას მისი არაადექვატური საუბარი არ გაკვირვებია, რადგან ტ-–------ ძალიან იყო ნასვამი და ეს ვიზუალურადაც ემჩნეოდა. ამის შემდეგ შ-----–-ა მანქანაში ჩაჯდა, თუმცა მანქანის კარი არ დაუხურავს. ტ-–------ მივიდა, დაიხარა მისკენ, წელის არედან დანა ამოიღო, რაც დაინახა დაზარალებულმა, დანაზე ხელი აურტყა და რადგან დანა ამ დროს მისი სახის პირისპირ იყო, უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო ტუჩზე და მარცხენა იღლიასთან. ხელი დაუჭირა ტ-–------ს, გადავიდა მანქანიდან, შ-------–---–მაც დაინახა რაც ხდებოდა, ორივემ ხელი გადაუგრიხეს ტ-–------ს, რა დროსაც მას დანა გაუვარდა ხელიდან და ბორკილები დაადეს. ტ-–------მ გარკვეული წინააღმდეგობა გასწია დაკავების მომენტში, მანამდე კი საერთოდ არ იყო აგრესიული, მისგან არანაირი საფრთხეს არ გრძნობდნენ პატრულ-ინსპექტორები, იყო ძალიან ნასვამი და მის ერთადერთ მოთხოვნას საჯარიმო ოქმის შედგენის შეწყვეტა წარმოადგენდა.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი მოწმის სახით დაკითხულ პატრულ-ინსპექტორ დ----- შ-------–---–ის ჩვენებით, კერძოდ, მან დაადასტურა, რომ ი---–-- ტ-–------ არ იქცეოდა აგრესიულად, მისგან არ იგრძნობოდა საფრთხე, მხოლოდ მოითხოვდა არ შეედგინათ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დაემუქრა შ-------–---–ს, თუ შეადგენდა ოქმს, მოკლავდა. მას აღნიშნული მუქარა სერიოზულად არ აღუქვამს, ძალიან მთვრალი ქალის არასერიოზულ ნათქვამად მიიღო. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს ტ-–------ს მიერ შ-----–-ასთვის დანის მოღერების მომენტი, რადგან ამ დროს ოქმს ავსებდა. მეწყვილის ხმაზე მიიხედა და დაინახა, რომ ეს უკანასკნელი ტ-–------ს დანიან ხელს უკავებდა, დაეხმარა, ხელბორკილი დაადეს ტ-–------ს და ავტომანქანის უკანა სავარძელზე მოათავსეს.

 

მსჯავრდებულმა ი---–-- ტ-–------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და განმარტა, რომ ახლობლის დაბადების დღიდან წამოსული ძალიან ნასვამი მართავდა საჭეს, ამიტომ გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შეამოწმეს იყო თუ არა ფხიზელი, დაუდგინდა სიმთვრალე, ამიტომ ერთ-ერთმა ინსპექტორმა დაიწყო საჯარიმო ოქმის შედგენა. სთხოვდა პატრულის თანამშრომლებს არ შეედგინა ოქმი და დახმარებოდნენ, მაგრამ ამაოდ. სიმთვრალის გამო ყველაფერს კარგად ვერ იხსენებს. ახსოვს, რომ მანქანაში მჯდარ პოლიციელთან დაიხარა, უნდოდა მისთვისაც ეთხოვა დახმარება, ამ დროს ჯიბიდან გადმოუვარდა დანა, რომელსაც ხილის საჭრელად იყენებს, პოლიციელმა ხელები გაუკავა და დააკავეს. არანაირი განზრახვა დაეზიანებინა პოლიციის თანამშრომელი, არ ჰქონია, მხოლოდ ის უნდოდა სამართალდარღვევის ოქმი არ შეედგინათ მისთვის, რაც ავტომატურად მართვის მოწმობის ჩამორთმევას გამოიწვევდა. ძალიან ნანობს მომხდარს და ითხოვს დასჯას არა ბრალდებით გათვალისწინებული, არამედ იმ ქმედებისთვის, რაც სიმთვრალის გამო რეალურად ჩაიდინა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გარდა დაზარალებულ ნ------ შ-----–-ას და მოწმე დ----- შ-------–---–ის ჩვენებებისა, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და ისინი საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად;

 

საქმეში წარმოდგენილია შემდეგი უდავო მტკიცებულებები: 2018 წლის 27 აგვისტოს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ბრალდებულის დაკავების ოქმი; სამართალდამრღვევისათვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტი; ალკო-ტესტით, რომლის თანახმად, შემოწმებისას ი. ტ-–------ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა - 2, 651 პრომილე; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 27 სექტემბრის სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, 2018 წლის 27 აგვისტოს პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ნ------ შ-----–-ას აღენიშნებოდა ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები-ნაკაწრები, ტუჩის და ქვედა ყბის მიდამოში, ასევე მარცხენა მხრის ქვემო მესამედში, რომლებიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას ი---–-- ტ-–------ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დაცვის ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა და მისი უსაფრთხოება. მოცემული მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ძალადობის მუქარა მოიცავს როგორც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშ, ისე ასეთი საშიშროების არმქონე მუქარას. მუქარა უნდა იყოს ისეთი, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს მისი განხორციელების რეალური შიშის საფუძველი გაუჩნდეს. მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და ის დამთავრებულად ითვლება მოქმედების ჩადენისთანავე, ე.ი. ძალადობით ან ძალადობის მუქარით პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევის ანდა მისი იძულების მომენტიდან.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე დაკითხულ დაზარალებულ ნ. შ-----–-ას ჩვენებას, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ პოლიციის მუშაკების მიერ შეჩერებული ი. ტ-–------ იყო ძალიან ნასვამი, იგი არ გამოირჩეოდა აგრესიით, სიმთვრალის გამო საუბრობდა არეულად და მოითხოვდა პოლიციის თანამშრომლებისაგან, რომ არ დაეწერათ სამართალდარღვევის ოქმი. მართალია, მას დაუნახა დანა, რომელიც წელის არედან ამოიღო, თუმცა ხელი აურტყა დანაზე და რადგან დანა ამ დროს მისი სახის პირისპირ იყო, უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო ტუჩზე და მარცხენა იღლიასთან, ამის შემდეგ ხელი დაუჭირა ტ-–------ს მან და მისმა მეწყვილემ გადაუგრიხეს ხელი, რა დროსაც ტ-–------ს დანა დაუვარდა და დაადეს ხელბორკილები. მოწმის სახით დაკითხულ დ. შ-------–---–ის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ შემოწმების მიზნით შეჩერებული ი. ტ-–------ იყო ნასვამ მდგომარეობაში, არ იყო აგრესიული, მისგან არ იგრძნობოდა საფრთხე, მხოლოდ მოითხოვდა, არ შეედგინათ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დაემუქრა მას, თუ შეადგენდა ოქმს, მოკლავდა, თუმცა მოწმეს აღნიშნული მუქარა სერიოზულად არ მიუღია, მსჯავრდებულის სიმთვრალის გამო. მოწმის განმარტებით ასევე ირკვევა, რომ მას ი. ტ-–------ს მიერ ნ. შ-----–-ასთვის დანის მოღერების მომენტი არ დაუნახავს. თვით მსჯავრდებულ ი. ტ-–------ს ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს მართლაც იყო ნასვამ მდგომარეობაში და მართავდა ავტომანქანას, იგი პატრულის თანამშრომლებს სთხოვდა არ დაეწერათ საჯარიმო ოქმი, დანა, რომელსაც ხილის დასაჭრელად იყენებს, შემთხვევით ამოუვარდა ჯიბიდან. მას არანაირი განზრახვა იმისა, რომ პოლიციელი დაეზიანებინა არ ჰქონია.

 

ამდენად, პალატას საქმეზე გამოკველული მტკიცებულებების ანალიზით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი. ტ-–------ს ქმედების მიზანი არ იყო პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, იგი პოლიციელებისაგან მოითხოვდა, რომ არ დაეწერათ ადმნისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ამასთან, დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებითაც არ დასტურდება, რომ ი. ტ-–------მ მას დანა მოუქნია. შესაბამისად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ი---–-- ტ-–------მ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ასევე აშკარა უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობის მუქარით (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი), რის გამოც ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ი---–-- ტ-–------ს მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

აჭარის ა.რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ--–- თ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ი---–-- ტ-–------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ი---–-- ტ-–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 29 აგვისტომდე პერიოდის) გათვალისწინებით შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ი---–-- ტ-–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, ნ-------- დ---–--ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთმტკიცებები - CD დისკები სამ ცალ პაკეტად, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით; „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო სანომრე ნიშნით T--------, რომელიც გაჩერებულია საჯარიმო ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო საოჯახო დანა, რომელიც ინახება გამომძიებელ მამუკა პაპუნაიშვილთან - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

 

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

 

ვერა დოლიძე