განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210019002701738
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2\ბ-242-2019
23 სექტემბერი 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი _ ბექა გიორგაძე
აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე: ე-- ხ-----–---ი
წარმომადგენელი: თ---------- მ---ი
აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,გ--–--–---“
წარმომადგენელი: რ--------- ხ----–--–---
დავის საგანი: სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტ ე-- ხ-----–---ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
აპელანტის შპს ,,გ--–--–---ს“ მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
ე-- ხ-----–---მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე შპს ,,გ--–--–---ს“ მიმართ სახელფასო დავალიანებისა და მისი დაყოვნებისათვის 0.07%-ის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, მასსა და შპს ,,გ--–--–---ს“ შორის 2016 წელს დაიდო ზეპირი შრომითი ხელშეკრულება. ამავე წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში იგი მუშაობდა გ------- გ--–-–---–ის, თ-------- გ--–-–---–ისა და დ----- გ--–-–---–ის ფიტნეს კლუბში, ხოლო 16 სექტემბრიდან, შპს ,,გ--–--–---დ“ რეგისტრაციის შემდეგ, იგი ოფიციალურად გახდა შპს ,,გ--–--–---ს“ ინსტრუქტორი. მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციას ეწოდებოდა „ფიტნეს ინსტრუქტორი/ტრენერი”, მის ფუნქციებს შეადგენდა - 1. კლიენტების მოზიდვა და მონიტორინგი; 2. აბონიმენტებისა და კლიენტების აღრიცხვა; 3. პიარი; 4. აბონიმენტის ფასების განსაზღვრა; 5. დარბაზში გოგონებისათვის საჭირო ინვენტარის სიის შედგენა და კონტროლი; 6. კლიენტის ვარჯიში, კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სარეაბილიტაციო ვარჯიშების პერსონალური კონტროლი.
2016 წლის სექტემბრის შეთანხმების თანახმად, თუ სამუშაოდ გადავიდოდა შპს ,,გ--–--–---ში“ იგი მიიღებდა აერობიკიდან შემოსული თანხების 33%-ს, რაც დამოკიდებული იყო გოგონების რაოდენობასა და აღებული აბონემენტის ფასზე. აერობიკის ვარჯიშები განკუთვნილი იყო მხოლოდ გოგონებისათვის და მისი ფასები შემდეგნაირად იყო განსაზღვრული: 13 ვარჯიშისათვის-აბონენტი იღებდა 60-ლარიან აბონემენტს; ულიმიტოდ ვარჯიშისათვის -80 ლარიან აბონომენტს, ხოლო ერთჯერადი ვარჯიშისთვის-განკუთვნილი იყო 6 ლარიანი პაკეტი.
შეთანხმების თანახმად თითოეული ამ აბონემენტიდან/პაკეტიდან შემოსული საერთო თანხის 33% იქნებოდა ე-- ხ-----–---ის ხელფასი. ამასთან, მოსარჩელესთან არ მომხდარა რაიმე ვადის დაზუსტება ხელშეკრულების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, შესაბამისად დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მოხდა შეთანხმება 2 ძირითად პირობაზე: ხელფასი - აერობიკაზე შემოსული თანხის 33% და ვადა - განუსაზღვრელი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს „გ--–--–---ს“ დღემდე არ აქვს მისთვის გადახდილი ხელფასი: 2016 წლის ოქტომბრის თვის 300 ლარი (გადახდილი აქვს 390 ლარი), ნოემბრის თვის - 953,7 ლარი, 2017 წლის თებერვლის თვის 943.8 ლარი, მარტის თვის 1584 ლარი, ივნისის თვის - 1399.2 ლარი, ივლისის თვის - 739.2 ლარი, აგვისტო თვის - 699.6 ლარი, ოქტომბრის თვის - 818.4 ლარი, ნოემბრის თვის - 778.8 ლარი. 2018 წლის იანვრის თვის - 778.8 ლარი, მარტის თვის - 1729.2 ლარი, მაისის თვის - 1161.6 ლარი და ივნისის თვის - 1069.2 ლარი.
მოსარჩელემ არაერთხელ სცადა ზეპირსიტყვიერად თუ წერილობითი მიმართვით დამატებითი ვადის მიცემით მიუღებელი ხელფასის მოპასუხისგან მიღება, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ 2018 წლის 04 ოქტომბერს იგი გაათავისუფლეს დაკავებული პოზიციიდან, გათავისუფლების საფუძველი გახდა ის, რომ მოსარჩელე არ დაეთანხმა დადგენილი ხელფასის ოდენობის 33%-ის 20%-მდე შემცირებას, აღნიშნული მიზეზით დამსაქმებელმა იგი გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან.
მოპასუხე შპს ,,გ--–--–---მ“ სარჩელი არ ცნო და დაადასტურა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუმცა ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით პროცენტის შესაბამისად გადახდაზე შეთანხმება არ ყოფილა. ე-- ხ-----–---ი შპს ,,გ--–--–---ში“ დასაქმებული იყო გარკვეული ვადით და აღნიშნული ვადის გასვლაც იყო ერთგვარად გათავისუფლების საფუძველი, ხოლო ახალი ვადით დანიშვნაზე ვერ მოხდა შეთანხმება ანაზღაურებაზე შეუთანხმებლობის გამო.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის გათავისუფლება განხორციელდა კანონიერად. გაურკვეველია საიდან ანგარიშობს მოსარჩელე მხარე მიღებულ და მისაღებ თანხებს, არ მიუთითებს რამდენი უნდა მიეღო, რამდენი მიიღო და რამდენი დარჩა მისაღები ყოველთვიურად. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელე ე-- ხ-----–---ი ხელფასს იღებდა წინასწარ. შესაბამისად, შპს ,,გ--–--–---ს“ მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით: ე-- ხ-----–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „გ--–--–---“-ს - მოსარჩელე ე-- ხ-----–---ის სასარგებლოდ დაეკისრა 5850 ლარის გადახდა; შპს „გ--–--–---“-ს - მოსარჩელე ე-- ხ-----–---ის სასარგებლოდ დაეკისრა დაყოვნებული თანხის (შესაბამისი თვეების მიხედვით) დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის 1559,33 ლარის გადახდა; ე-- ხ-----–---ის სარჩელი მოთხოვნის სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა; შპს გ--–--–---ს - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 222,28 ლარის გადახდა.
სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
_ ე-- ხ-----–---ი 2016 წლის ივლისიდან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო გ------- გ--–-–---–თან, დ----- გ--–-–---–თან და თ-------- გ--–-–---–თან ფიტნეს კლუბში, ხოლო 2016 წლის 01 აგვისტოდან დასაქმებული იყო შპს „გ--–--–---“-ში აერობიკის ინსტრუქტორის პოზიციაზე, მხარეთა შორის გაფორმებული ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
_ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-- ხ-----–---ის თანამდებობრივი სარგო შპს „გ--–--–---“-ში შეადგენდა 600 ლარს, მათ შორის ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 480 ლარს.
_ ე-- ხ-----–---ის ბოლო სამი თვის ხელფასის ოდენობამ დანამატთან ერთად შეადგინა 2018 წლის სექტემბრის თვეში 900 ლარი (300 ლარი წარმოადგენს დანამატს), 2018 წლის აგვისტოს თვეში 650 ლარი (150 ლარი წარმოადგენს დანამატს), 2018 წლის ივლისის თვეში 800 ლარი (200 ლარი წარმოადგენს დანამატს).
_ 2018 წლის 04 ოქტომბრიდან ე-- ხ-----–---ი გათავისუფლდა შპს „გ--–--–---“-ს აერობიკის ინსტრუქტორის პოზიციიდან სახელშეკრულებო ვადის გასვლის გამო.
_ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,გ--–--–---ს“ ე-- ხ-----–---ის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება 2016 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვის, 2017 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, ოქტომბრის, ნოემბრის თვის. 2018 წლის იანვრის თვის, მარტის თვის, მაისის თვის და ივნისის თვის.
სარჩელის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო არ იყო ე-- ხ-----–---ის მუშაობის პერიოდში დამსაქმებლისგან შრომის ანაზღაურება, იმ თვეების შესაბამისად, რომელზეც იგი არ დავობდა, თუმცა მოსარჩელეს არ ახსოვდა ამ თვეებში რა ოდენობის ხელფასს უხდიდა დამსაქმებელი. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენდა, ე-- ხ-----–---ის ხელფასის ოდენობა და მისი ანაზღაურება მოთხოვნილი თვეების შესაბამისად.
სასამართლომ დადგენლად მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს „გ--–--–---“-მ მოსარჩელე ე-- ხ-----–---ის მიერ, შესრულებული სამუშაოსათვის შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა. მოპასუხეს ე-- ხ-----–---ის მიმართ სახელფასო დავალიანების სახით გადასახდელი ჰქონდა 2016 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვის, 2017 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, ოქტომბრის, ნოემბრის თვის; 2018 წლის იანვრის, მარტის, მაისის და ივნისის თვის ყოველთვიურად ხელზე ასაღები თანხის 480 ლარი, ჯამში 5850 ლარის ოდენობით.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარემ შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, ე-- ხ-----–---ის მიმართ შრომითი ანაზღაურების ვალდებულების შესრულების ფაქტი. მოპასუხის არგუმენტი, რომ დამსაქმებელს ე-- ხ-----–---ის მიმართ შრომის ანაზღაურების დავალიანება არ გააჩნდა, ანუ მოსარჩელისთვის გადახდილი ჰქონდა ნამუშევარი თვეების შრომის ანაზღაურება, სასამართლომ დაუდასტურებულად მიიჩნია, სასამართლოს მითითებით დამსაქმებელი მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა და თავისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება.
სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის შპს „გ--–--–---“-ს მიერ ე-- ხ-----–---ის მიმართ ხელფასის ანაზღაურების შესახებ მტკიცებულება, აღნიშნული კი მოპასუხის მტკიცების ტვირთია. რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადგენდა ხელფასის გაცემას, საქმეში არ მოიპოვება; საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თვეების შესაბამისად შრომის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება.
სასამართლომ დაადგინა, რომ დამსაქმებელმა დააყოვნა, ყოფილი დასაქმებულის _ ე-- ხ-----–---ისათის, შრომის ანაზღაურების სრულად გადახდა. მოსარჩელე შრომის ანაზღაურების გადახდის დაყოვნებისთვის ითხოვდა, კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს, რის გამოც მოპასუხე შპს ,,გ--–--–---ს“ დაეკისრა ე-- ხ-----–---ის სასარგებლოდ, ზემოაღნიშნულ პერიოდში შრომის ანაზღაურების _ დაყოვნების ყოველი დღისათვის, 0,07 პროცენტის გადახდა ჯამში - 1559,33 ლარის ოდენობით.
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფლების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა: საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები; შრომის კოდექსის მე-2 და 31-ე მუხლები.
სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ. აპელანტმა ე-- ხ-----–---მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შპს ,,გ--–--–---მ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ე-- ხ-----–---ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტ ე-- ხ-----–---ის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 480 ლარს. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. სასამართლო დაეყრდნო დამსაქმებლის მიერ გამოცემულ და მოგვიანებით წარმოდგენილ ბრძანებას, სადაც მითითებულია ხელფასის აღნიშნული ოდენობა, თუმცა მას ეს ბრძანება აქამდე არასოდეს უნახავს. ამასთან, ბრძანება დათარიღებულია 2016 წლის 01 აგვისტოთი, როდესაც კომპანია ჯერ კიდევ არ იყო რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში.
საქმეში, წარმოდგენილი თვით მოპასუხის მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეზე ხელფასი გაიცემოდა არა ფიქსირებული სახით, არამედ გამომუშავებით. ამასთან, იგი სამსახურიდან წავიდა სწორედ იმის გამო, რომ ვერ შეთანხმდა დამსაქმებელთან შემცირებულ ხელფასზე აბონიმენტის ღირებულების 20%-ზე.
საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებით დასტურდება ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ხელფასზე შეთანხმება იყო გამომუშავებით, 33%-ზე.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ 450 ლარს ზემოთ მისთვის ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა დანამატს, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო არა ხელშეკრულების ვადის გასვლა, არამედ ხელფასზე, რომელიც მოპასუხემ აბონიმენტის ღირებულების 20%-ით -განსაზღვრა ვერ შეთანხმება, რასაც ადასტურებს დამსაქმებლის მიერვე წარმოდგენილი ცნობა.
სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
შპს ,,გ--–--–---ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა მიღებული ნაწილი თვეების ხელფასი და შესაბამისად, არასწორად დაარიცხა მასზე საურავი. მტკიცებულებას წარმოადგენს არა მარტო საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, არამედ ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ მოსარჩელე წინასწარ იღებდა ხელზე თანხებს, შემდეგ ხდებოდა წლის ბოლოს მისი დათვლა და ხელფასის შესაბამისად გადაცემა.
მოსარჩელე მხარე თავადვე მიუთითებდა რომ იგი ღებულობდა სხვა მიუღებელ თვეებში შემოსავლის 33%-ს, რაც წარმოადგენდა არა მის ყოველთვიურ თანხას, არამედ მის მიერ წინასწარ აღებულ თანხას. ის ფაქტი რომ ის იღებდა ზედმეტ თანხას ვიდრე მისი ხელფასი იყო დადასტურებულია მისივე აღიარებით, რაც 131-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებას წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ შპს ,,გ--–--–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ე-- ხ-----–---ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება; ე-- ხ-----–---ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს; დაეკისროს შპს ,,გ--–--–---ს“ ე-- ხ-----–---ის სასარგებლოდ 13 064 ლარი (ხელფასის ძირი თანხა) და პირგასამტეხლო მიუღებელი ხელფასის ძირი თანხისათვის, რაც 2019 წლის 20 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 5 762 ლარს; პირგასამტეხლოს დაკისრება გაგრძელდეს 2019 წლის 20 ივნისიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და განისაზღვროს ძირი თანხის 13 064 ლარის 0,07%-ის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დაეკისროს შპს ,,გ--–--–---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1317,82 ლარი.
ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა
პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
_ მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ე-- ხ-----–---ი 2016 წლის სექტემბრის თვიდან მუშაობდა შპს ,,გ--–--–---ში“ ტრენერად. მხარეებს შორის წერილობითი შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა. ისინი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.
_ შპს ,,გ--–--–---ს“ დირექტორ გ.გ--–-–---–ის მიერ 04.10.2018წ. გაცემული ცნობით დგინდება, რომ ე-- ხ-----–---ი გათავისუფლებული იქნა იმის გამო, რომ ისინი ვერ შეთანხმდნენ აბონიმენტის ღირებულების 20%-ზე.
(იხ. ცნობა, ტომი 1, ს/ფ 82).
_ შპს ,,გ--–--–---ს“ დირექტორის გ.გ--–-–---–ის მიერ 04.10.2018წ. გაცემული ცნობით დგინდება, რომ ე-- ხ-----–---ი შპს ,,გ--–--–---ში“ მუშაობდა ინსტრუქტორად და მისი ბოლო სამი თვის ხელფასი შეადგენდა ჯამში 2 350 ლარს: მათ შორის სექტემბერი 2018წ. – 900 ლ., აგვისტო 2018წ. – 650 ლარი, ივლისი 2018წ. – 800 ლარი.
(იხ. ცნობა, ტომი 1, ს/ფ 83).
_ დადგენილია, რომ 10.09.2018წ. ე-- ხ-----–---ის წარმომადგენელმა ა.კუჭავამ წერილი გაუგზავნა შპს ,,გ--–--–---ს“, სადაც მიუთითა, რომ შპს ,,გ--–--–---სა“ და ე-- ხ-----–---ს შორის 2016 წლის ზეპირი შეთანხმების თანახმად, გაყიდულ აბონიმენტზე (60 ლარიანი და 80 ლარიანი) და ერთჯერად მომხმარებელზე (6 ლარიანი პაკეტი) ე-- ხ-----–---ის ხელფასი იყო შემოსული თანხების 33%. წერილის მიხედვით ე-- ხ-----–---ი არ დათანხმდა მოპასუხის შეცვლილ პირობას იგივე პოზიციაზე მუშაობა გაეგრძელებინა ნაცვლად 33%-ისა, 20%-ად, რის გამოც იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამ გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვდა დამსაქმებლისაგან წერილობით დასაბუთებას, სადაც მითითებული იქნებოდა მისი გათავისუფლების საფუძველი. ასევე ითხოვდა სახელფასო დავალიანებას: 2016 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის ნაწილს 300 ლარს და ნოემბრის ხელფასს - 1000 ლარს; 2017 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის, ჯამში 7 020 ლარს; 2018 წლის იანვრის, მარტის, მაისის და ივნისის თვეების, ჯამში 5 383 ლარს. ასევე მათი დაყოვნებისათვის ყოველდღიურ 0,07%-ს.
(იხ. წერილი და საფოსტო გზავნილი, ტომი 1, ს/ფ 74-82).
_ საქმეში ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია კონკრეტულ პიროვნებებზე გაცემული აბინემენტის ოდენობების და ღირებულების ცხრილი, შესაბამისი თარიღებით.
(იხ. აღრიცხვა, ტომი 1, ს/ფ 24-74).
სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის ე-- ხ-----–---ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების, სადაც აღრიცხულია ყველა აბონენტი, რომელსაც ე-- ხ-----–---ი ავარჯიშებდა. ღირებულებისა და ვარჯიშის ოდენობის მითითებით)) შეფასების მიზნით მიიჩნია რომ მას არ გააჩნდა სპეციალური ცოდნა წარმოდგენილი მტკიცებულების შესაფასებლად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა.(ს.ფ. 119-იდან)
ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დაისვა შემდეგი საკითხები:
ა) საქმეში განთავსებული 2016-2018 წლების ჟურნალის მიხედვით: იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულად იქნება მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ე-- ხ-----–---ის ხელფასი იყო აერობიკის თანხებიდან შემოსული თანხების ოდენობის 33%, რამდენს შეადგენს ე-- ხ-----–---ის მიერ ასაღები ხელფასი შემდეგი წლებისა და თვეების მიხედვით
2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის,2017 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, ოქტომბრის, ნოემბრის,2018 ს იანვრის, მარტის, მაისისა და ივნისის მიხედვით
ბ) თუ ჩავთვლით რომ ხელფასი არ არის გადახდილი და ე.ი. ანაგარიშსწორება დაყოვნებულია რამდენს შეადგენს ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის თანხის ოდენობა განჩინების 1-ელ პუნქტში მითითებული თვეებისა და შემოსული თანხმების 33%-ის გათვალისწინებით (და იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%=) ა)2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ბ)2019 წლის 20 ივნისის გათვალისწინებით?
გ) რამდენს შეადგენს ე-- ხ-----–---ის მიერ ასაღები და მიუღებელი ხელფასი განჩინების პირველ პუნქტში მითითებული თვეების მიხედვით, თუ ჩავთვლით, რომ მისი ხელზე ასაღები ხელფასი იყო 480 ლარი.
დ) რამდენს შეადგენს ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის თანხის ოდენობა განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ხელფასის ოდენობის 480 ლარის და იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%=) ა)2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით; ბ)2019 წლის 20 ივნისის მდგომარეობით?
_ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული და საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 31.07.2019წ. დასკვნის თანახმად:
1) იმ შემთხვევაში, თუ ე-- ხ-----–---ის ხელფასი იყო შპს ,,გ--–--–---ს“ მიერ აერიბიკის თანხებიდან შემოსული თანხების ოდენობის 33%, ასეთ შემთხვევაში ე-- ხ-----–---ის ხელფასის 33%-ის ოდენობის განსაზღვრისათვის, ექსპერტიზით მოხდა ჯერ განჩინებაში მითითებული წლების და თვეების, კერძოდ: 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის; 2017 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, ოქტომბრის, ნოემბრის; 2018 წლის იანვრის, მარტის, მაისისა და ივნისის თვეებში აბინემენტების (ერთჯერადი აბონემენტების გარდა) გაყიდვით თანხების დაანგარიშება და შემდგომ დაანგარიშებული თანხები გამრავლებული იქნა 33%-ზე და განსაზღვრული იქნა ე-- ხ-----–---ის მისაღები ხელფასები, რამაც შეადგინა სულ 13064,40 ლარი (აღსანიშნავია, რომ დანართი №1-ის ცხრილში 2016 წლის ოქტომბრის თვის ასაღებ ხელფასში გამოკლებულია სარჩელში დაფიქსირებული მიღებული ხელფასი 390 ლარი). ამასთან, წარმოდგენილ ჟურნალში ზოგიერთ თვეში შემოსავლები გაურკვეველია, რის გამოც შესაბამისი მონაცემების დაზუსტების მიზნით ექსპერტიზით გამოყენებული იქნა სარჩელში დაფიქსირებული შემოსავლების მონაცემები;
2) 33%-ით გაანგარიშებული მისაღები ხელფასების დაყოვნებისათვის დარიცხული საურავი 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ა) 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 3643,28 ლარს და ბ) 2019 წლის 20 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 5764,94 ლარს;
_ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე მოსარჩელემ დააზუსტა/შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 31.07.2019წ. დასკვნაში მითითებული დავალიანება - 13 064,40 ლარის ოდენობით და მასზე დარიცხული ყოველდღიური 0,07% აღსრულებამდე.
სამართლებრივი დასაბუთება:
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შრომითი დავა. შრომით ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
შრომით უფლებებს იცავს და განამტკიცებს ისეთი საერთაშორისო აქტები, როგორიცაა 1996 წლის 03 მაისის ,,ევროპის სოციალური ქარტია“ და 1950 წლის 04 ნოემბერის ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“. მათი ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის საქართველოცაა და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს პასუხისმგებლობა მასში გაწერილი მოვალეობების შესრულებაზე. აღნიშნული სამართლებრივი აქტებით დაცულია დასაქმებულის მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებულია და დაცულია არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
დადგენილია, რომ ე-- ხ-----–---ი 2016 წლის სექტემბრის თვიდან მუშაობდა შპს ,,გ--–--–---ში“ ტრენერად. მხარეებს შორის წერილობითი შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა. ისინი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა დასაქმებულის ხელფასის ოდენობა და დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია;
ნიშანდობლივია, რომ შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს, რაც მტკიცების ტვირთს დამსაქმებელს უბრუნებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირეული პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს შპს ,,გ--–--–---ს“ იმ მოსაზრებას, რომ ე-- ხ-----–---ის ხელფასი შეადგენდა 600 ლარს (ხელზე ასაღები 450 ლარი) შემდეგ გარემოებათ გამო:
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს ,,გ--–--–---ს“ დირექტორ გ.გ--–-–---–ის მიერ 01.08.2016წ. დათარიღებული და ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ე-- ხ-----–---ი 2018 წლის 04 ოქტომბრამდე შპს ,,გ--–--–---ში“ დაინიშნა აერობიკის ინტრუქტორად და მისი ხელფასი განისაზღვრა 600 ლარის ოდენობით (იხ. ცნობა, ტომი 1, ს/ფ 130).
ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს ,,გ--–--–---ს“ დირექტორ გ.გ--–-–---–ის მიერ 04.10.2018წ. ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ე-- ხ-----–---ი 2016 წლის 01 აგვისტოდან დაინიშნა შპს ,,გ--–--–---ში“ აერობიკის ინსტრუქტორად 2018 წლის 04 ოქტომბრამდე და მისი ხელფასი იყო თვეში 600 ლარი. იგი დანიშნული იყო ვადით. ხოლო ახალი ვადით დანიშვნაზე ვერ მოხეხდა შეთანხმება ხელფასზე შეუთანხმებლობის გამო (იხ. ცნობა, ტომი 1, ს/ფ 129).
მოსარჩელე მხარის მითითებით შპს ,,გ--–--–---“ 2016 წლის 01 აგვისტოსათვის რეგისტრირებული არ იყო მეწარმეთა რეესტრში, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ამ დროისათვის ვერ შევიდოდა ე-- ხ-----–---თან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერი, რომლითაც შპს ,,გ--–--–---“ რეგისტრირებული იქნა 13.09.2016წ., თუმცა აღნიშნული მტკიცებულება არ იქნა საქმეზე დართული სააპელაციო სასამართლოს მიერ, რის გამოც პალატა ვერ იმსჯელებს მის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატას სარწმუნოდ მიაჩნია ე-- ხ-----–---ის მტკიცება, რომ იგი ხელფასს იღებდა გამომუშავებით.
აღნიშნული გარემოებები დასტურდება: შპს ,,გ--–--–---ს“ დირექტორ გ.გ--–-–---–ის მიერ 04.10.2018წ. გაცემული ცნობით, სადაც დაფიქსირებულია რომ ე-- ხ-----–---ი გათავისუფლებული იქნა იმის გამო, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ აბონიმენტის ღირებულების 20%-ზე;
საქმეში წარმოდგენილია შპს ,,გ--–--–---ს“ დირექტორ გ.გ--–-–---–ის მიერ 04.10.2018წ. გაცემული ცნობა, რომ ე-- ხ-----–---ი შპს ,,გ--–--–---ში“ მუშაობდა ინსტრუქტორად და მისი ბოლო სამი თვის ხელფასი შეადგენდა ჯამში 2 350 ლარს: სექტემბერი 2018წ. – 900 ლ., აგვისტო 2018წ. – 650 ლარი, ივლისი 2018წ. – 800 ლარი. მოპასუხის განმარტებით, არაიგივეობრივი ციფრები მაგ: აგვისტოში 650 ლარი, ივლისში 800 ლარი, სექტემბერში -900 ლარი, გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნულ თვეებში ე-- ხ-----–---ი იღებდა პრემიებსაც, პალატა არ ეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან ცნობაში არსადაა მითითებული რომ მაგ: 650 ლარი შეადგინა ხელფასმა და პრემიამ ერთად, არამედ ნათლად მითითებულია რომ ე-- ხ-----–---ის ბოლო სამი თვის ხელფასი შეადგენს ჯამში 2350 ლარს;
გარდა ამისა მოპასუხე არის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც გააჩნია (უნდა გააჩნდეს) თავისი ბუღალტერია, საფინანსო დოკუმენტაცია, სადაც ზედმიწევნით უნდა აისახოს შპს-ს ყველა შემოსავალ-გასავალი, მათ შორის ხელფასის, პრემიის თუ ნებისმიერი დანამატის ოდენობა, რასაც საწარმო გასცემს მასში დასაქმებულ პირებზე.
არა თუ შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში (სადაც შეფასებისა და მტკიცების სტანდარტი განსაკუთრებით მაღალია დამსაქმებლის მიერ მოხმობილი ფაქტების მიმართ) არამედ ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში ზემოთმოხმობილი სადაო ფაქტის დამტკიცება (ანუ იმ ფაქტის, თუ რამდენს შეადგენს საწარმოში დასაქმებულის ხელფასი) დამსაქმებლის მტკიცების ტვირთია და მხოლოდ ე.წ. ,,ცნობის“ საფუძველზე სადაც 3 თვის განმავლობაში მისაღებ ხელფასზე არაიგივეობრივი ციფრებია დაფიქსირებული, ცხადია სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ე. ხ-----–---ის ხელფასი მართლაც იყო 600 ლარი.
სხვა რაიმე მტკიცებულება მაგ: სახელფასო უწყისი და ა.შ. რაც ზემოაღნიშნულს დაადასტურებდა მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
საპირისპიროდ ამისა, საქმეში ე-- ხ-----–---ის მიერ წარმოდგენილი იქნა ე.წ. ჟურნალი, ჩანაწერები, აბონენტებისა და მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების ოდენობის მითითებით....აღნიშნულ ჩანაწერს მოსარჩელის განმარტებით ის აკეთებდა დამსაქმებლის დავალებითაც რადგან სწორედ ჟურნალში არსებული მონაცემიდან ხდებოდა მისთვის მისაცემი ხელფასის დათვლა, რაც შემოსული თანხების 33%-ს შეადგენდა.
მოსარჩელის განმარტებით, ჟურნალში ასახული მონაცემები ზუსტად ემთხვეოდა კომპანიაში არსებულ იმ მონაცემებს, რომელიც მოპასუხესთნ ინახებოდა, ნიშანდობლივია, რომ წარდგენილი სარჩელით მოსარჩელე სწორედ ამ მტკიცებულების ,,ე.წ. ლეპტოპის” უზრუნველყოფას ითხოვდა, სთხოვდა რა სასამართლოს მის ამოღებას, მანამ, სანამ ეს ადამიანები გაიგებენ პროცესების შესახებ, გვსურს აღსრულების ეროვნულ სააგენტოს დაავალოთ, შპს ,,გ--–--–---ში“ შესასვლელში არსებული ლეპტოპის ამოღება, საიდანაც ამოვიღებთ მტკიცებულებას“.(იხ. სარჩელი)
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა საერთოდ არ გამხდარა სასამართლოს მსჯელობის საგანი...
საქმეში წარმოდგენილია ე-- ხ-----–---ის წარმომადგენლის წერილი, სადაც იგი მიუთითებს, რომ შპს ,,გ--–--–---სა“ და ე-- ხ-----–---ს შორის 2016 წლის ზეპირი შეთანხმების თანახმად, გაყიდულ აბონიმენტზე (60 ლარიანი და 80 ლარიანი) და ერთჯერად მომხმარებელზე (6 ლარიანი პაკეტი) ე-- ხ-----–---ის მისაღები ხელფასი იყო შემოსული თანხების 33%. მოპასუხის წერილის მიხედვით ე-- ხ-----–---ი არ დათანხმდა მათ შეცვლილ პირობაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ იგივე პოზიციაზე მუშაობა გაეგრძელებინა 20%-ად, რის გამოც იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამ გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვდა დამსაქმებლისაგან წერილობით დასაბუთებას. ასევე ითხოვდა სახელფასო დავალიენებას: 2016 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის ნაწილს 300 ლარს და ნოემბრის ხელფასს - 1000 ლარს; 2017 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის, ჯამში 7 020 ლარს; 2018 წლის იანვრის, მარტის, მაისის და ივნისის თვეების, ჯამში 5 383 ლარს. ასევე მათი დაყოვნებისათვის ყოველდღიურ 0,07%-ს.
აღნიშნულ წერილზე რაიმე რეაგირება ან დასაბუთება-მოპასუხეს არ მოუხდენია.
პალატას გარკვეულ რწმენას უქმნის ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილი შესაგებლით (ს.ფ. 90) მოპასუხემ ზოგადი შედავება განახორციელა მასზედ, რომ პროცენტებზე შეთანხმებ არა ყოფილა მოსარჩელესთან (აქ მას არ მიუთითებია თუ პროცენტებზე არ იყო შეთანხმება მაშინ რამდენი იყო ხელფასი) ამ გარემოებაზე მითითებას ხომ არ სჭირდება ბევრი ფიქრი ან დრო განსაკუთრებული მტკიცებულების მოსაძიებლად)
...მხოლოდ გარკვეული დროის შემდგომ, რაც პროცესში ჩაერთო კვალიფიციური ადვოკატი, მოხდა მოპასუხის მიერ ფაქტების დაზუსტება.... და მტიცებულებათა (ბრძანებათა) წარდგენა მოსარჩელის დანიშვნის, პრემიების, ხელფასისა და გათავისუფლების თაობაზე რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმმა.
პალატა არ ეთანხმება მოპასუხის მოსაზრებას მოსარჩელის აღიარების თაობაზე (სსკ 131 მ.) ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით.
სახელდობრ: მოსარჩელის მიერ გაკეთებული აღიარების დასტურად მოპასუხეს მოხმობილი აქვს 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებული აღიარება.
მსგავსი გარემოება 1-ლი ინსტანციის სხდომის ოქმიდან არ დგინდება.
პირიქით სხდომის ოქმიდან დგინდება რომ ე. ხ-----–---ს ხელზე უხდიდნენ ხელფასის სახით შემოსული თანხების 33%-ს, მაგრამ საგადასახადოში თურმე აჩვენებდნენ 600 ლარს, ხან კი 480 ლარს.
როცა ე-- ხ-----–---მა ბუღალტერს სთხოვა ცნობა მისი რეალური ხელფასის მითითებით-პრობლემები შეგვექნებაო-უპასუხეს და არ მისცეს ცნობა... რამაც მისი შვილი დააყოვნა კიდეც (რადგან ცნობა ესაჭიროებოდა საზღვარგარეთ შვილის გასამგზავრებლად). იხ სხომის ოქმი 25 დეკემბერი, 16.06.45 წთ-იდან...) ე. ხ-----–---ის პასუხები.
ზემოთმოხმობილი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ე-- ხ-----–---ის ხელფასი შეადგენდა შემოსული აბონიმენტის ღირებულების 33%-ს. და არა 600 ლარს.
პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს ,,გ--–--–---მ“ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილება, მან ვერ წარმოადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი სათანადო სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს მისი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობას;
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ე-- ხ-----–---ს არ მიუღია მის მიერ მოთხოვნილი და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ხელფასის თანხები, რაც საბოლოო ჯამში შეადგენს 13064 ლარს.
სრულიად დაუდასტურებელია აპელანტის შპს ,,გ--–--–---ს“ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას არანაირი დავალიანება არ გააჩნია მოსარჩელისა. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხეზეა, რადგან სწორედ ის წარმოადგენდა დამსაქმებელს სწორედ ის უხდიდა ხელფასს მოსარჩელეს, და მას უნდა გააჩნეს მტკიცებულება რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებს. ცხადია, მოპასუხეს სახელფასო დავალიანების არ არსებობის დამადასტურებელი რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით დამსაქმებლის მიერ მოსარჩელისათვის დაყოვნებული სახელფასო დავალიანება ანაზღაურებული არ არის. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე ითხოვს ანგარიშწორების დაყოვნებისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მოპასუხისათვის 0.07 პროცენტის დაკისრებას, აღსრულებამდე, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული 2019 წლის 20 ივნისის მდგომარეობით აღნიშნული თანხის ოდენობა 5764,94 ლარს შეადგენს და შემდგომში მის აღსრულებამდე ამგვარი პროპორციით დაკისრების საფუძველია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე-- ხ-----–---ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,გ--–--–---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1317,82 ლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ე-- ხ-----–---ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,გ--–--–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. ე-- ხ-----–---ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. დაეკისროს შპს ,,გ--–--–---ს“ ე-- ხ-----–---ის სასარგებლოდ 13 064 ლარი (ხელფასის ძირი თანხა) და პირგასამტეხლო მიუღებელი ხელფასის ძირი თანხისათვის, რაც 2019 წლის 20 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 5 762 ლარს; პირგასამტეხლოს დაკისრება გაგრძელდეს 2019 წლის 20 ივნისიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის განისაზღვროს ძირი თანხის 13 064 ლარის 0,07%-ის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
5. დაეკისროს შპს ,,გ--–--–---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1317,82 ლარი.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე