განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.10.2019
საქმის ნომერი
130210119002866383
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210119002866383

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/ 5291-19 07 ოქტომბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - ზ---- ტ----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ------------ი“

 

წარმომადგენელი - გ------------–--–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სს „კ------------ის“ წარმომადგენელმა გ------------–--–მა ხაშურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ზ---- ტ----–---–ისთვის 2017 წლის 12 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1 228.47 ლარის, 2018 წლის 16 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1904.81 ლარის, ხოლო, 2018 წლის 14 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 227.25 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 2017 წლის 12 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 228.47 ლარის, 2018 წლის 16 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1904.81 ლარის, ხოლო 2018 წლის 14 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 227.25 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ზ---- ტ----–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ზ---- ტ----–---–ს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით, 18 თვის ვადით, 1 400 ლარი გაიცა (ტომი I, ს.ფ. 24-28, მხარეთა ახსნა-განმარტებები).

 

6. 2018 წლის 16 იანვარს მოსარჩელესა და ზ---- ტ----–---–ს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით, 16 თვით 2 000 ლარი მიიღო, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 42.40% შეადგენდა (ტომი I, ს.ფ. 34-39, მხარეთა ახსნა-განმარტებები).

 

7. 2018 წლის 14 მაისს მოსარჩელესა და ზ---- ტ----–---–ს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით, 9 თვის ვადით, 300 ლარი მიიღო. სესხის კლებადმა საპროცენტო განაკვეთმა 55% შეადგინა (ტომი I, ს.ფ. 43-48, მხარეთა ახსნა-განმარტებები).

 

8. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა (ტომი I, ს.ფ. 50-52).

 

9. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2017 წლის 12 დეკემბრის, 2018 წლის 16 იანვრისა და 2018 წლის 14 მაისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, აპელანტისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირდეს.

 

კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს. სასამართლოსთვის აღნიშნული უფლების მინიჭების მნიშვნელობაზე სააპელაციო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს, მანამდე კი პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებასა და მისი მოვალისთვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებზე გაამახვილებს ყურადღებას.

 

სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. გარდა აღნიშნულისა, კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას, სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. შესაბამისად, ნათელია, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიც, მხარეთა მიერ კეთილსინდისიერად უნდა იქნეს გამოყენებული.

 

10. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა -გამოსახული (ტომი I, ს.ფ. 1-66).

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა სადავოდ არ არის გამხდარი.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება შეთანხმებული იყო. კერძოდ, სამივე სადავო ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა, რომ გრაფიკით გაწერილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს ჯარიმა დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაეკისრებოდა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს და განმარტავს, რომ იგი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

 

პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

 

პალატა განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატამ მხედველობაში მიიღო რა, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, ასევე მხედველობაში მიიღო აპელანტისთვის დაკისრებული ძირითად თანხასა და პირგასამტეხლოს ოდენობას შორის მცირედი სხვაობა, მივიდა დასკვნამდე, რომ საკრედიტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, სამივე ხელშეკრულებასთან მიმართებით არაგონივრულია და იგი ათჯერ უნდა შემცირდეს, კერძოდ: ზ---- ტ----–---–ს პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის 12 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 42 ლარი, 2018 წლის 16 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 50 ლარი და 2018 წლის 14 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 5 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

11. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ საკრედიტო კომპანიას უნდა ემტკიცებინა მსესხებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულობა, რაც არ განხორციელებულა. სს „კ------------ის“ წარმომადგენელმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმგვარი დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, რომელიც ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მსესხებელისთვის პირგასამტეხლოს სრული თანხის ოდენობიდან გამოთვლის კეთილსინდისიერებას დაადასტურებდა და ამასთან, გაამართლებდა თუ რატომ წარმოადგენდა დაკისრებული ძირითადი თანხის თითქმის მესამედს ჯარიმა/პირგასამტეხლო.

 

ზემოთ თქმულის საწინააღმდეგოდ, აპელანტებმა დასაბუთებული შედავების წარმოდგენის გზით, შეძლო სასამართლოსთვის შეექმნა ვარაუდი მასზედ, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და მის გადახდისუნარიანობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი დასძლია რაც სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი უნდა გახდეს.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სს „კ------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, იმ სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა და პირიქით, რომელიც ზ---- ტ----–---–ის სასარგებლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა, საბოლოო გამოთვლის შედეგად, ზ---- ტ----–---–ს სს „კ------------ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 30 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ---- ტ----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სს „კ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. მოპასუხე ზ---- ტ----–---–ს (პ/ნ 5----------) სს „კ------------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს:

 

ა) 2017 წლის 12 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 847,5 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის - 787.50 ლარი, 18 ლარი - სიცოცხლის დაზღვევა, ხოლო 42 ლარი - დარიცხული ჯარიმა.

 

ბ) 2018 წლის 16 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1452,18 ლარი, საიდანაც 1167.54 ლარი არის - ძირი თანხა, 194 ლარი დარიცხული პროცენტი, 40.64 ლარი - სიცოცხლის დაზღვევა, ხოლო 50 ლარი დარიცხული ჯარიმა.

 

გ) 2018 წლის 14 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 176,22 ლარი, საიდანაც 150.18 ლარი არის -მსესხებლისთვის ძირითადი თანხა, 18 ლარი - დარიცხული პროცენტი, 3.04 ლარი სიცოცხლის დაზღვევა, ხოლო 5 ლარი - დარიცხული ჯარიმა.

 

5. ზ---- ტ----–---–ს სს „კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის 107.41 ლარის გადახდა, საიდანაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 25 ლარი, საქმის განხილვისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30 ლარი, უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების საფასური 11 ლარი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადახდილი საფასური - 21 ლარი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი